ზურაბ ჟვანიას მეზობლებს „თელასი“ ჩაგრავს

ზურაბ ჟვანიას მეზობლებს „თელასი“ ჩაგრავს

მართალია, „თელასმა“ ელექტროენერგიის მოწოდების გრაფიკი შეადგინა, მაგრამ შესრულება უფალს მიანდო. უფალიც, ეტყობა, საქმის კურსში არ ჩააყენეს და „თელასმაც“ თვითნებობა დაიწყო - დენს უნდა მოგცემს, უნდა - არა...

უშუქობით გაწამებულმა ჟიული შარტავას (ყოფილი ანაგის) ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. 22 ნოემბერს, 17 საათისთვის, მოსახლეობამ ზედ პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ბინის წინ საბურავებით ქუჩის გადაკეტვა დაიწყო. მანქანები გაჩერდა და შეიქმნა ერთი წიოკი:

- ვის უკეტავთ გზას, თქვენ მათხოვრებო! - მიახალა აქციის მონაწილეებს ულვაშა მელოტმა კაცმა.

- ვინ არის შენი მათხოვარი... - გაიქაჩნენ მისკენ და იმ დროს მოსული პოლიციელი რომ არა, შეიძლებოდა ვიღაცას თვალები დალურჯებოდა კიდევაც. აქციის მონაწილეთა მეორე ჯგუფმა ბულაჩაური-შარტავას ქუჩის გზაჯვარედინი გადაკეტა. ამ დროს სამხედროებით სავსე „ურალი“ მთელი სისწრაფით ჯებირს მიასკდა, ცოტა შეყოვნდა, ზედ გადაუარა (კინაღამ ბავშვები გაიტანა), მეორე ჯებირსაც გადაევლო და გზა განაგრძო. რამდენიმე კაცი მანქანას გამოეკიდა, მაგრამ რას დააკლებდა. ახლა უკვე „ფორდ-სიერამ“ გადაწყვიტა ჯებირის გარღვევა. მას ხალხმა გზა გადაუღობა. იქიდან უკმაყოფილო ქალბატონმა გადმოსვლა დააპირა, მაგრამ კარი მიუხურეს და უკან გაბრუნდიო, უთხრეს. მაშინ მანდილოსანმა მანქანა ადგილიდან სწრაფად დაძრა და იქვე მდგარი „ალიას“ ფოტორეპორტიორი კაპოტზე ააგორავა, ბავშვებსაც კინაღამ გადაუარა და გაიქცა. „ალიას“ ფოტორეპორტიორმა მანქანის ნომრის დაფიქსირება და იქ მყოფი პოლიციელის დახმარებით, რაციით მანქანის დაკავებაზე გადაცემა მოასწრო. შემდეგ კი საავადმყოფოშიც მოუწია წასვლა (ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო). ამ გაწამაწიაში შუქიც მოვიდა. მას „თელასის“ მთავარი ინჟინერი, ბეჟან ხუციშვილი მოჰყვა.

- ნამდვილად არ მოველოდი, თუ ამას გააკეთებდით. ხომ შეგითანხმდით, ამ გრაფიკის (ხელში გრაფიკიანი ფურცელი აათამაშა) მიხედვით... - ვერ დაამთავრა სიტყვა ხუციშვილმა. „რა გრაფიკი, რის გრაფიკი! არა გრცხვენიათ, ერთი საათით გვაძლევთ დენს!“ - მიეჭრნენ მას აღშფოთებულნი და... შუქიც ჩაქრა.

- აი, თქვენი შუქი. ელექტროენერგიას ყიდით. ჯიბეები გაქვთ გასქელებული. ჟვანიას მეზობლები ხართ და იმიტომ არ გაძლევთ დენსო, გვეუბნებიან „თელასში“... - მიაყარა ბერეტიანმა ქალმა. ხუციშვილმა თავის მართლება და კვლავ გრაფიკის ტრიალი დაიწყო. გაუმართლა და შუქიც მოვიდა. კარგა ხანს იდავეს. ბოლოს, გრაფიკს შეგისრულებთო, დაპირდა იგი ხალხს და საღამოს რვის ნახევრისთვის გზაც გახსნეს. ხუციშვილის წასვლიდან ათ წუთში შუქი ისევ ჩაქრა.