ავანსის დღგ-თი დაბეგვრის თაობაზე ვნებათაღელვა არ წყდება. ბიზნესი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად დიდი პრობლემის წინაშე დადგებიან. შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი კი ამბობს, რომ კანონში ცვლილება უკვე განხორციელებულია, ამიტომ ავანსი დაიბეგრება დღგ-თი. მისი აზრით, ეს არის სწორი მიდგომა და აღნიშნული მიდგომა დანერგილია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც.
„როცა მყიდველი ფულს უხდის გამყიდველს, ამ თანხაში გათვალისწინებულია დღგ-ს წილი, ანუ ის ნაწილი, რომელიც ბიუჯეტთან უნდა იქნას გადამისამართებული. ამაში უცნაური არაფერია“, - განაცხადა თაბუაშვილმა.
რაც შეეხება ბიზნესის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ აღნიშნულთან დაკავშირებით და მხოლოდ წინასაახალწლოდ გაიგეს, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ზუსტად არ იცის და შეიძლება ზოგს მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ზოგს - ნაკლები.
„თუ ვინმეს დამატებითი კითხვები აქვს, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მათთან, გავიაროთ კითხვები და ჩამოვყალიბდეთ ურთიერთსასარგებლო მიდგომაზე“, - აღნიშნა გიორგი თაბუაშვილმა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრის ამოქმედებას ხარვეზები მოჰყვეს. ბიზნესის წარმომდგენლები აღნიშნულის გადავადებას ითხოვდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ამიტომ დეპუტატი ფიქრობს, რომ „პროცესს ნაჩქარეობა ცოტა ეტყობოდა“.
„ეს დაჩქარება არსებული სიტუაციითაც იყო განპირობებული და არა იმით, რომ ვიღაცას ჩქარა უნდოდა ვიღაცის ინტერესების იგნორირება. ცხადია, მთავარობა დადგა იმის წინაშე, რომ შემოსავლების მობილიზება უნდა მოეხდინა. მოკლედ, ამ შემთხვევაში მე არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ამ ცვლილებას არ ექნება ხარვეზები. ალბათ, ექნება, მაგრამ ჩვენ ამას გამოვასწორებთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ და დასძინა, რომ მთავრობას შეცდომების აღიარება უნდა შეეძლოს.
„თუ რაიმე ვერ გავთვალეთ ისე როგორც საჭირო იყო, მე მგონია, რომ მთავრობას ყოველთვის უნდა ჰქონდეს იმის უნარი და რესურსი, რომ აღიაროს თუ რამე შეცდომა დაუშვა და გამოასწოროს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ავანსის დღგ-თი დაბეგვრის შესახებ ცვლილებას მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიების წარმომადგენლები ნეგატიურად აფასებენ. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი კომპანიებს კიდევ უფრო უბიძგებს ბანკი წილში შემოიყვანოს. სამშენებლო კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ ფინანსური მენეჯერი ნათია წიფურია განმარტავს, რომ ეს ცვლილება საკმაოდ ნეგატიურ შედეგს მოიტანს. მისი თქმით, კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტი“ სახელმწიფო პროექტებზე მუშაობს, შედეგად, ტენდერის დროს მოსამზადებელი სამუშოებისთვის და მასალების შესაძენად გათვალისწინებულია ავანსი.
„ავანსი რომ მოგვცენ, ჩვენ წარვადგენთ ხოლმე საბანკო გარანტიას, რომელიც თავისთავნად ცალკე ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ დროს კომპანიას თუ არ აქვს ქონება, უკვე გარკვეული პროცენტით თანხის „გაყინვა“ ხდება. ამ შემთხევაში გამოდის, რომ თუ ავანსად გათვალიწინებულია 20 პროცენტი და აქედან მე ბიუჯეტს დღგ უნდა გადავუხადო, რეალურად მე 20 პროცენტის ნაცვლად ავიღებ დააახლოებით 16 პროცენტს. ამას გამოაკლდება საგარანტიო ხარჯი და რჩება ის თანხა, რომელიც სამუშოების გასაგრძელებლად საკმარისი აღარ იქნება“, - აცხადებს წიფურია „კომესანტთან“ საუბრისას.
კომპანია „ბურჯი 21-ის“ ფინანსური მენეჯერი გიორგი ქსოვრელიშვილი განმარტავს, რომ ავანსის დღგ-თი დაბეგვრა მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს. მისი თქმით, კომპანია ავანსს იმიტომ იღებს, რომ თანხაა საჭირო იმისთვის, რათა პროექტები დასრულდეს. შესაბამისად, ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის.
ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ბიზნესმენს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა თითქოს მან საგადასახადო ტვირთი აიკიდა „ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თურმე ბიზნესი ბედნიერია, როდესაც არარსებულ ოპერაციებზე გადასახადს იხდის. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ თვითონ ესტონური მოდელი კარგია ქვეყანაში კაპიტალის დასაგროვებლად, ამას ალტერნატივა არ აქვს. ამ კაპიტალის დაგროვება საიდანღაც ხომ უნდა დაგვეწყო, ძალიან კარგია, რომ ბიზნესში ფულს ვტოვებთ, მაგრამ ამ მოდელმა კიდევ დამატებითი მიმართულებები მოიტანა, ანუ „უარყოფითი მიმართულებები“, რომელიც ახსნადია იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტში ფული აღარ შევა. უფრო მეტი დაფიქრება მართებთ, სანამ ამდაგვარ განცხადებებს გააკეთებენ“, - განაცხადა ფინანსისტმა ეფრემ ურუმაშვილმა.