პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში „უფლებადამცველთა გაერთიანების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ წინადადებით შევა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს. კონსტიტუციაში შესატან ინიციატივას თან ერთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც.
„როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ამ ინიციატივას წარვადგენ კომისიაში. საქმე ეხება კონსტიტუციის 21-ე მუხლს. კონსტიტუციის 21-ე მუხლს უნდა დაემატოს პირველი პრიმა პუნქტი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. დღეს არის აბსოლუტური განუკითხაობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების ნაწილში. ქართული მიწები უნდა დავიცვათ ჩვენ. ეს არის სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება და ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებაც სწორედ ამას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ინაშვილმა.
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ითხოვს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ გასხვისდეს უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.
მართალია, ორიოდე წლის წინ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოში მიწის შეძენაზე მორატორიუმი დაწესდა, მაგრამ შეზღუდვამ მხოლოდ ერთ წელიწადს გასტანა. 2016 წლის თებერვალში მორატორიუმი გაუქმდა და საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაძენად უცხოელებს გზა გაეხსნათ. სპეციალისტების აზრით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მიწის მიმართ ხელისუფლების გულგრილობას და საბოლოოდ ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ყველაფერი იყიდება. მთავარია, მიწა გასხვისდეს და არა აქვს მნიშვნელობა რა ფასად და ვინ ჩაიგდებს ხელში მას. ასეთ უპრეცედენტო შესაძლებლობას უცხოელებს ქვეყნის კანონმდებლობა ანიჭებს.
აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის განმარტებით, იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის იმისათვის, რომ უახლოეს მომავალში ქართული მიწების დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება. განსაკუთრებით აზიის ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი, არაბული სახელმწიფოები, ისრაელი) უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან უმწვავესი ჭარბმოსახლეობით და მცირემიწიანობით.
„ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე, პრაქტიკულად, ნიშნავს ერთ თაობაში ქვეყნის მიწის მთელი ფონდის გადასვლას უცხოელების ხელში. საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე დარჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად. ამის განჭვრეტას არ სჭირდება არც სპეციალური და არც ზოგადი განათლება.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ დღესდღეობით ქვეყნის მმართველ ინსტანციებში დასაქმებულთა შორის (მათ რიცხვში არიან ცოლშვილიანი მამაკაცები და ქმარშვილიანი ქალბატონები) ისეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც მზად არიან საქართველოს მთელი მიწა გაყიდვის საგნად აქციონ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათ შთამომავლობას (ძალიან მცირე გამონაკლისით) სამშობლოს გარეთ პერსპექტივა არ ელით, საქართველოში კი არანაირი წონისა და არანაირი გავლენის შენარჩუნების იმედი არ შეიძლება ჰქონდეთ“, - აცხადებს კოღუაშვილი.
ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში (ირლანდია, ჩეხეთი) სახელმწიფო დონეზე იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში. ირლანდიის კანონმდელობის მიხედვითაც, ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო იმისათვის, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების (ფრანგი ერის სიამაყის საგანი) და განსაკუთრებით დიდი ფართობის მიწის შეძენა.