„ელექტრომობილის შეძენისას დაახლოებით 80 %-იან ეკომონიას ვიღებთ“

„ელექტრომობილის შეძენისას დაახლოებით 80 %-იან ეკომონიას ვიღებთ“

2017 წელს საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილების დასამუხტი 100-მდე სადგურის განთავსება იგეგმება. მათი უმეტესობა თბილისში იქნება. აღნიშნული პროექტ „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ ფარგლებში ხორციელდება. პირველი სადგურები თბილისში ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან უკვე გაიხსნა. შემდეგ კი ვარდების მოედანზე სასტუმრო „რედისონთან“ განთავსდა. 2017 წლის ბოლომდე სადგურები მომხმარებელს უფასოდ მოემსახურება.

ელექტრომობილის დასამუხტი მოწყობილობები ავსტრიული წარმოებისაა. უკვე ცნობილია, რომ მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. გარდა ამისა, თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადასახადისგან გათავისუფლებას სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიან ავტომობილთა მესაკუთრეებმა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლი წარადგინონ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური აღნიშნულ მონაცემებს „სითი-პარკს“ გადასცემს და მძღოლები საფასურს აღარ გადაიხდიან. როგორც მერიაში მიიჩნევენ, ელექტრომობილთა პარკირების საფასურისგან გათავისუფლება ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის იმპორტს წაახალისებს.

მერიისავე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 50-მდე ელექტრომობილი მოძრაობს. მათ შემოყვანას ხელს უწყობს ისიც, რომ ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან საქართველოში თავისუფალია.

რამდენად მზარდია ელექტრომობილების შეძენა საქართველოში, ამის შესახებ პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორს ვასილ ურუშაძეს თავისებური პოზიცია აქვს. 

მისი თქმით, ჩვენში ელექტრომობილების განვითარების ხელშეწყობა საკმაოდ სუსტია. ეს არის პიარი თბილისის მერიის მხრიდან და რეალურად აღნიშნული ინიციატივა უფრო კერძო სექტორიდან მოდის. საუბარია იმაზე, რომ დასამუხტი ინფრასტრუქტურა, რომელიც თბილისში ინერგება, კერძო სექტორის ინიცირებულია. უბრალოდ, კარგია, რომ თბილისის მერია ხელს არ უშლის ამ პროცესს და ელექტროენერგიის დანახარჯებს საკუთარ თავზე იღებს; ანუ ელექტროენერგიის წყაროს უსასყიდლოდ მიაწვდის მძღოლებს, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკა აქვთ განვითარებულ ქვეყნებს ელექტრომობილების განვითარების კუთხით. მაგალითად, ლონდონის მერია ელექტრომობილის ღირებულების 5%-ს უკან ურიცხავს ბრიტანეთის იმ მოქალაქეს, რომელიც შეიძენს ელექტრომობილს და ეს ამ სატრანსპორტო საშუალების შეძენის წასახალისებლად კეთდება.

„ჩვენში რატომღაც ფიქრობენ, რომ ელექტრომობილების შესყიდვა იმდენად ძვირადღირებულია, რომ მისი შეძენა არ ღირს. შეცდომაა, როცა ავტომობილის შეძენისას ყურადღებას ვამახვილებთ ავტომობილის თვითღირებულებაზე. სამწუხაროდ, საქართველოში ძირითადი აქცენტი იმაზე კეთდება, რა ღირს ავტომობილი. ამ დროს რეალურად ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ, ჯამურად რა გვიჯდება ეს ავტომობილი ექსპლუატაციის განმავლობაში.

მაგალითად, ვყიდულობთ ათი ათას აშშ დოლარიან ავტომობილს, რომელიც გვსურს, სამი წლით გვემსახუროს და დღეში გარკვეული რაოდენობის კილომეტრით გადავაადგილდებით. ყოველ ას კილომეტრზე მას სჭირდება გარკვეული რაოდენობის ბენზინი, დამატებითი საწვავ-საპოხი მასალების შეცვლა, სხვა დანახარჯები. ამიტომ დავითვალოთ, სამ წელზე რა დაგვიჯდება ავტომობილის შენახვა. შემდეგ ავიღოთ ელექტრომობილი. მართალია, ბევრად მეტს ვიხდით ელექტრომობილის პირველადი შეძენის დროს, მაგრამ, როცა დავითვლით სამწლიან პერიოდზე, ვნახავთ, რომ დაახლოებით 80%-ის ეკომონიას ვიღებთ. თუ ათი ლიტრი ბენზინი ჭირდება საშუალო ავტომობილის სიმძლავრის გაწევას, ათი ლიტრი ბენზინი უკვე ოც ლარს აღემატება. ეს არის 20 ლარი ას კილომეტრზე, ამ დროს ელექტრომობილს სახლში ვმუხტავთ და სულ რაღაც სამი ლარის ელექტროენერგიით გავდივართ ას კილომეტრს. არც საზეთ-საპოხი მასალების შეძენა გვჭირდება, არც დამატებითი ხარჯები. ჩვენს ორგანიზაციას ამის შესახებ კვლევა აქვს ჩატარებული, რომლითაც ვასკვნით, რომ ჯამურად 80%-იან ეფექტს ვიღებთ. აღარაფერს ვამბობ ეკოლოგიასა და სხვა დადებით მახასიათებლებზე“, -აცხადებს ვასილ ურუშაძე For.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, ელექტრომობილის დამუხტვა შესაძლებელია  ელექტროენერგიის ნებისმიერ წყაროში, ეს იქნება ჩვენი ავტოფარეხი თუ სხვა ნებისმიერი ადგილი, სადაც კი არის შესაბამისი საშუალება. თუმცა ინფრასტრუქტურულად რთულია, რომ ხელმისაწვდომი იყოს პარკინგზე დასამუხტი საშუალება.

თუ რამდენად მსყიდველუნარიანია ჩვენი მოსახლეობა, რომ შეიძინოს ელექტრომობილი, ამასთან დაკავშირებით „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი სამი წლის წინანდელ პერიოდს იხსენებს, როცა საქართველოში ჰიბრიდულ ავტომობილს არავინ ყიდულობდა. ჩვენს ხალხში შიში არსებობდა, რომ ჰიბრიდული ავტომობილი შესაძლოა, მწყობრიდან გამოსულიყო და საქართველოში არ გვქონდა შესაბამისი ტექნიკური სერვისი მათი რემონტისთვის. თუმცა უკვე ყველა ვხედავთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული მანქანების იმპორტის 40-50 % უკვე ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოდის და ქალაქში ყოველი მეათე ავტომობილი შეიძლება იყოს ჰიბრიდული.

ეს ამ მანქანების პოპულარიზაციით აიხსნება. პირველად ჰიბრიდული ავტომობილი შეიძინა ერთმა, შემდეგ მის წარმატებაში დარწმუნდა, რაც ჯაჭვური რეაქციით გადასცა ახლობლებს. იგივე მოხდება ელექტრომობილების შემთხვევაშიც. თუ ხელისუფლება დაინტერესებული იქნება და ამ ავტომობილების პოპულარიზაციას მოახდენს, გაცილებით მეტ ეფექტს მივიღეთ.

„ეს პროცესი 2011 წელს დაიწყო. გვახსოვს, მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დადიოდა ელექტრომობილით. თუმცა შემდეგ ეს პროცესი რატომღაც შენელდა და მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით მესიჯები არ ყოფილა. ერთადერთი, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მუშაობს ბიზნესსექტორი. კერძო სექტორი უფრო უფრო მეტად არის დაინტერესებული ელექტრომობილების განვითარებით, ვიდრე სახელმწიფო. არადა, პირიქით უნდა ხდებოდეს. ეკოლოგიური თვალსაზრისით, სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს ასეთი ინტერესი, რომ საქართველოში განვითარდეს ელექტრომობილები. მათი განვადებით შეძენაც კი მომგებიანია, ნებისმიერ პირს შეუძლია ამის გათვლა. მაგალითად, შს სამინისტრომ პოლიციის ავტომობილებად ფორდის მარკის „ინტერსეპტორები“ ისე შეიძინა, რომ გათვლილი არ ჰქონდა მათი ექსპლუატაციის ხარჯები. საბოლოო ჯამში, ისეთი უკუეფექტი  მიიღო, რომ ახლა ჩანაცვლებაზე ფიქრობენ და ცდილობენ, „ფორდის“ ავტომობილები ისევ „შკოდებით“ ჩაანაცვლონ“.

ექსპერტის თქმით, ცხადია, შს სამინისტროს ელექტრომობილები არ გამოადგება. საპატრულო პოლიციისა და ექსტრემალური სამსახურებისთვის ცუდი იმიტომ არის ელექტრომობილი, რომ ამ ავტომობილებს არ აქვთ მოცდენის რეჟიმი. ანუ საპატრულო პოლიციის ავტომობილი არ ჩერდება, იცვლება მხოლოდ თანამშრომელი, ხდება ცვლის გადაბარება, მაგრამ ეს ავტომობილი მუდმივად ექსპლუატაციაშია. ელექტრომობილს კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამუხტვა სჭირდება. თანაც, დატენვის პერიოდი განსხვავებულია და ავტომობილის კატეგორიაზეა დამოკიდებული. ყველა ავტომობილს განსხვავებული ტექნიკური მახასიათებელი გააჩნია. სრულად დამუხტვა 1-დან 3 საათამდე გრძელდება, ნახევრად დამუხტვისთვის კი ნახევარი საათიც საკმარისია. ამდენად, თუკი ინფრასტრუქტურაც განვითარდება და სპეციალურ პარკირების ადგილებს გამოუყოფენ ელექტრომობილებს, ბევრად უფრო კომფორტული იქნება, მეტ ეკონომიას, მეტ კომფორტს მივიღებთ  და, ასევე, ვიზრუნებთ ჩვენს გარემოსა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.