ჯაბა იოსელიანი შიმშილობას იწყებს

ჯაბა იოსელიანი შიმშილობას იწყებს

„მხედრიონელებს“ ნაწილ-ნაწილ ასამართლებენ. გასამართლებას ელოდება მათი მეთაური, ახლო წარსულში ხელისუფლების მეორე კაცი, ჯაბა იოსელიანი. საზოგადოებაში მათზე განსხვავებული აზრი არსებობს. უმრავლესობა „ყაჩაღებად“ მოიხსენიებს.

სულ ახლახან, ჯაბა იოსელიანს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრის მოთხოვნა შიმშილობის შედეგად დაუკმაყოფილეს. ამის შემდეგ მან თავისუფალ პრესას ვრცელი წერილით მიმართა. სათანადო ორგანოებზე გულაცრუებული იოსელიანი ჟურნალისტებს სთხოვს, გაარკვიონ, რატომ არ ათავისუფლებენ პატიმრობიდან, როდესაც ამის შესახებ არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1995 წლის 15 ნოემბრის ნომერი 100 დადგენილება. იოსელიანი ამტკიცებს, რომ ამ დადგენილების თანახმად, მისი, როგორც დეპუტატის, დაპატიმრება დანაშაულია და მისმა დამკავებლებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. გენერალური პროკურორის მოადგილე სოსო ყიფიანი იოსელიანის „მოწოდებას“ უარყოფითად შეხვდა: „ჯაბა იოსელიანის დაპატიმრების კანონიერება შეისწავლა როგორც გენერალურმა პროკურორმა, ისე უზენაესმა სასამართლომ. მათ მისი დაკავება კანონიერად ჩათვალეს.“

ჯაბა იოსელიანს 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის ორგანიზების გარდა, მრავალი ბრალდება აქვს წაყენებული. მისი პირველი მოადგილე დოდო გუგეშაშვილი და სხვა „მხედრიონელები“ მსგავსი დანაშაულისათვის სამართლდებიან. „იტყვი მხედრიონელს, იქ ტირე უნდა გაუსვა და თქვა „ყაჩაღი“. საზოგადოება ასეა მოწამლული“, - ამბობს მათი მოსამართლე ლენგერ ბოჭორიშვილი.

ივლიანე ხაინდრავას განსხვავებული აზრი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. „ნაკლებად თუ ეპარება ვინმეს ეჭვი (თუ კი საერთოდ ვინმეს ეპარება), რომ ამ ორგანიზაციის წევრების სინდისზე საკმარისზე მეტი დანაშაულია, ვიდრე ეს ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოსატანადაც კი არის საჭირო,“ - აცხადებს ის.

ხაინდრავას აზრით, „მხედრიონელების“ მიერ დანაშაულის ჩადენა სათანადოდ არ არის დამტკიცებული. ბრალდება მხოლოდ აღიარებებს ეყრდნობა. „საგამოძიებო ორგანოები კვლავინდებურად იცავენ საბჭოთა „მართლმსაჯულების“ იდეოლოგის, ვიშინსკის პრინციპს - „აღიარება მტკიცებულებათა დედოფალია“, - აღნიშნავს ხაინდრავა. ამ პრინციპით, იგი მომავალში „ყოფილად“ ქცეულ ხელისუფალთა ბედსაც წინასწარმეტყველებს და თვლის, რომ მათგან ხვალ შეიძლება ნებისმიერის ჯერი დადგეს.

ასეა თუ ისე, მათ, ვინც ახლო წარსულში სახელმწიფოს ბედს განაგებდა, დღეს ციხის კედლები, „ერთგულად“ იცავს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა მოსალოდნელ ბედისწერას კი გადაურჩა, მაგრამ სასამართლოების ქარ-ცეცხლში კვლავაც ტრიალებს. „მასთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ უფრო „სალაღობოა“, თითქმის მისი დაპატიმრება უხერხულიც კი არის - მაინც ინტელიგენტი კაცია“, - ხსნის ივლიანე ხაინდრავა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ სიგუა მისმა ინტელიგენტობამ იხსნა, ან იოსელიანი „მერსედესთან“ დაკავშირებულ საბედისწერო ხუმრობისთვის დააპატიმრეს, კიტოვანი კი აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ძალის გამოყენების მცდელობისათვის იხდიდეს სასჯელს.

ვინ იცის, მომავალში კიდევ ვინ აღარ მოუვა თვალში ხელისუფლებას. შესაძლოა, აღარც ხელისუფლება მოუვიდეს ვინმეს თვალში. მანამდე კი ბედს შეგუებული იოსელიანი სასამართლო პროცესის დაწყებას ითხოვს და მისი საქმის სხვა განსასჯელებთან ერთად კიდევ ერთი შიმშილობით იმუქრება. როგორც „რეზონანსისთვის“ გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესის თარიღის დადგენის მოთხოვნით, ისინი 22 სექტემბერს უვადო შიმშილს გამოაცხადებენ.