ახალი რეგულაციები მძღოლებისთვის

ახალი რეგულაციები მძღოლებისთვის

რას მოუტანს მძღოლებს ახალი რეგულაციები, ამის შესახებ For.ge-ს პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე ესაუბრა.

ახალი წლიდან ავტომფლობელებისთვის დაგეგმილი ახალი რეგულაციები გაურთულებს თუ გაუიოლებს მძღოლებს ავტომანქანით გადაადგილებას? საუბარია უკონტაქტო პატრულირებაზე, მართვის მოწმობის საგამოცდო სისტემის შეცვლასა და მის ქუჩაში გადატანაზე და სხვა.

- შს სამინისტროს მიერ შეთავაზებული სიახლეები სხვადასხვა სეგმენტს გულისხმობს. ეს არის უკონტაქტო პატრულირება, ასქულიანი მართვის მოწმობის სისტემის დანერგვა, ასევე, მართვის მოწმობების საგამოცდო სისტემის შეცვლა და ქუჩაში გადატანა. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. ვფიქრობთ, აუცილებელია უკონტაქტო პატრულირების დანერგვა, რადგან უკვე წლებია, ჩვენს ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიტორინგი მოძველებული, არაეფექტური და განვითარებული ქვეყნებისთვის შეუსაბამოა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იძულებულნი არიან, დამრღვევი ავტომობილი გააჩერონ, მოახდინონ მძღოლის იდენტიფიცირება, გამოუწერონ საჯარიმო ქვითარი, რაც გარკვეულ პროცედურებთან, დროსთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით, რთულია ეს თბილისში, სადაც მოძრაობა ისედაც გადატვირთულია და პატრულის მხრიდან ავტომობილის გაჩერება ქუჩაში მოძრაობის პარალიზებას გამოიწვევს. რაც შეეხება უკონტაქტო პატრულირებას, ეს გულისხმობს მთლიანად საქართველოს საავტომობილო გზების  (როგორც ქალაქების, ასევე, საქალაქთაშორისო გზების), ასევე, მაგისტრალების ჭკვიანი ვიდეო და ფოტოფიქსატორებით აღჭურვას. ისინი აფიქსირებენ ისეთ დარღვევებს, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ღერძულა ხაზის გადაკვეთა და საპირისპირო ზოლში გადასვლა, გზაჯვარედინზე არდათმობა, ქვეითისთვის გზის არდათმობა და სხვა.

თავად ჭკვიანი კამერა, ფოტო და  ვიდეოფიქსატორი აფიქსირებს ამ დარღვევას, ვიდეოჩანაწერის შესაბამის მონაკვეთს აგზავნის მართვის ცენტრში, სადაც მყოფი ანალიტიკოსები დამრღვევი სატრანსპორტი საშუალების მფლობელს საკუთარ მისამართზე უგზავნიან საჯარიმო ოქმს. ანუ აღსრულება ხდება კონტაქტის გარეშე. პატრულმა შეიძლება დააფიქსიროს დარღვევა თავის ვიდეო რეგისტრატორზე, რომელიც პატრულის ავტომობილშია განთავსებული და ეს გახდეს დაჯარიმების საფუძველი. ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

მართვის მოწმობის გამოცდის ავტოდრომიდან ქალაქის ქუჩებში გადატანა რამდენად კომფორტული იქნება ავტოტრანსპორტით გადაჭედილი საქართველოს ქალაქებისთვის?

- მართვის მოწმობის გაცემის წესის პრობლემა მართლაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამას ადასტურებს საქართველოში ავტოსკოლების ფუნქციონირება. ინტერნეტში შეგვიძლია გადავაწყდეთ ისეთ განცხადებებს, როცა რომელიღაც ავტოსკოლა აცხადებს, რომ მართვის მოწმობის აღების კურსებს ხუთ საათში გაივლიან. ახალბედა მძღოლებს გარანტიას აძლევენ, რომ ხუთსაათიანი ინტენსიური მეცადინეობის შემდეგ ისინი მართვის მოწმობას აიღებენ. ცხადია, ასეთი სისტემა ძალზე მახინჯი, არასწორია და მართვის მოწმობის ამღებთა 99% რეალურად არ იღებს განათლებას, არ სწავლობს საგზაო მოძრაობის წესებს, საგზაო ნიშნებს, მძღოლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. უბრალოდ, იზეპირებს იმ ტექსტებს, რომლებიც საჭიროა გამოცდაზე, რაც დანაშაულებრივია. სამწუხაროდ, ამის კონტროლი არ ხორციელდება. გამოცდების პრაქტიკული ნაწილის ქალაქში გადატანა კი უკან გადადგმული ნაბიჯია. მართალია, ეს მეთოდი  განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულია, მათ შორის, ამერიკაში, ევროპაში, მაგრამ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ დაინერგა და უკვე განვითარებული ქვეყნებიც აღიარებენ, რომ  ძალზე მოძველებული მეთოდია.

უკეთეს მეთოდს იცნობენ განვითარებულ ქვეყნებში?

- უცხოეთში თანდათანობით გადადიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. უკვე დანერგილია ავტოსიმულატორები, რომლებიც განთავსებულია ჩვეულებრივ შენობაში და ადაპტირებულია 7D გამოსახულებით. ასევე, ადაპტირებულია ავტომობილის იდენტური ტექნიკური მახასიათებლებით. ადამიანი ჯდება ამ სიმულატორში და  პროგრამულად გაშვებულ ნებისმიერ რეჟიმში სწავლობს ავტომობილის მართვას. ეუფლება ქალაქში მოძრაობის წესებს, უამინდობის, წვიმიან, თოვლიან ამინდში მოძრაობას, ექსტრემალურ ვითარებაში ავტომობილის მართვას. ოთახიდან გაუსვლელად შეიძლება ყველა ეს ფუნქცია შეასრულოს ადამიანმა. ეს მეთოდი პირველად დაინერგა ავიაციაში. წლები სჭირდებათ მფრინავებს, რომ ჯერ სიმულატორებზე ივარჯიშონ,  ჩააბარონ გამოცდები, შემდეგ გადასხდნენ ნამდვილ თვითმფრინავზე.

ჩვენთან რატომ იკავებენ თავს, ავტოსიმულატორები ძვირადღირებული ხომ არ არის?

- ეს შეკითხვა ლეგიტიმურია, მაგრამ რეალურად ავტოსიმულატორები ბევრად იაფი დაჯდება, ვიდრე ქალაქში გამოცდების ჩაბარება. ქალაქში გამოცდების ჩაბარებას სჭირდება დამატებითი სატრანსპორტო საშუალებები, დამატებითი ადამიანური რესურსი, ავტომობილისთვის საჭირო მომსახურება (საწვავი, საზეთ-საპოხი მასალები, ტექნიკური რემონტი). ასევე, გამორიცხული არ არის, გამოცდების ჩაბარების პროცესში მოხდეს მცირე საგზაო შემთხვევები და დაზიანებული ავტომობილების ანაზღაურება გახდეს საჭირო. ამდენად, ქალაქში გამოცდების ჩაბარება ბევრად უფრო მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული, ვიდრე სიმულატორის ერთჯერადი ღირებულებაა, რომელსაც რამდენიმეწლიანი ექსპლუატაციის ვადით შევიძენთ.

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან ავტოსიმულატორების შეძენისგან თავს იკავებენ. ვფიქრობ, ამაზე არც ფიქრობენ მთავრობაში, შს სამინისტროში. ჩვენმა ორგანიზაციამ ეს რეკომენდაცია მათ უკვე მიაწოდა, რაზეც დაგვიდასტურეს, რომ განიხილავენ. ახლა განხილვების რეჟიმში არიან. ეს ბევრად უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ქალაქში გამოცდის ჩაბარება.

რომელ ქალაქებში აპირებენ გამოცდების ჩატარებას?

- შს სამინისტრო ფიქრობს, რომ ეს იქნება ის ქალაქები, სადაც უკვე არის საგამოცდო ცენტრები. ასეთია რუსთავი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, გორი და სხვა.

რომელ ქალაქშია უფრო რთული ავტომობილის მართვა?

- ქუთაისში ძალიან რთულია, რადგან გადატვირთული ქალაქია. ბათუმში კიდევ უფრო რთულია, რადგან კიდევ უფრო გადატვირთულია. ავტომობილის მართვა ბევრად უფრო მარტივია გორში. შესაბამისად, ხომ არ მივიღებთ იმ უკუშედეგს, როცა ყველა ეცდება, გორში ჩააბაროს გამოცდები? გორში ქალაქის დაგეგმარება მარტივია, მოძრაობაც არ არის იმდენად დიდი. პრობლემა ის არის, რომ წინასაგამოცდო პერიოდი საქართველოში არ არის. ადამიანებს სურვილიც არ უჩნდებათ, ისწავლონ. ამიტომ ისეთი მექანიზმი უნდა შევქმნათ, რომ წინამოსამზადებელი პერიოდი უფრო მეტად შემეცნებითი იყოს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია სიმულატორების დანერგვა. ავტოსკოლები იძულებულნი იქნებიან სიმულატორები შეიძინონ და სიმულატორებზე ასწავლონ მომავალ მძღოლებს. საგამოცდო ტესტირების სისტემაც უნდა შეიცვალოს, რადგან დღესდღეობით  ყველამ იცის, რომ ათასი ტესტი შეიძლება დაიზეპიროს და მხოლოდ იმის ირგვლივ იტრიალოს.

მთავრობაში აცხადებენ, მარჯვენასაჭიანი მანქანებით გადაადგილება მსოფლიოს ორ ქვეყანაშია ნებადართული-ავღანეთსა და ბირმაში. თუ ჩვენ გვინდა, დავემსგავსოთ ავღანეთსა და ბირმას, შეგვიძლია, დავრჩეთ იმავე რეჟიმში და გავაგრძელოთ ამ ავტომანქანების იმპორტი, მაგრამ მაქსიმალური პროცენტი ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ია.

- მარჯვენასაჭიანებთან დაკავშირებით მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოახდინა ადამიანების დისკრიმინაცია და ვერ დაადასტურა, რა საფრთხეს წარმოადგენდა მარჯვენასაჭიანი მანქანა ან მოძრაობის უსაფრთხოების, ან საცობების წარმოქმნის, ან ეკოლოგიის კუთხით.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ მარჯვენასაჭიანები საავარიო სიტუაციას იწვევენ.

- არც ერთ საერთაშორისო კონვენციასა და კვლევაში არ დასტურდება, რომ ავტომობილში განმსაზღვრელი იყოს საჭის მდებარეობა. არსებობს ავტომობილი „მაკლარენი“, რომელსაც საჭე შუაში აქვს და ორივე მხარეს აქვს მგზავრის ჩასხდომის საშუალება. შესაბამისად, თუკი ასეთი ავტომობილების სიმრავლე იქნება ქვეყანაში, მაშინ ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს? საჭის მდებარეობით მოძრაობის უსაფრთხოება არ რეგულირდება. ამიტომ შეუძლებელია ხელისუფლებამ მსგავსი რეგულაციები გაატაროს და აიძულოს მოქალაქეები, მარჯვენასაჭიანი შეიძინონ თუ მარცხენასაჭიანი. ეს არის გამოწვევა, რასაც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს და არ უნდა აკრძალოს, ან გააძვიროს მარჯვენასაჭიანები.

ცხადია, ამიერიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი შეწყდება, რადგან სამმაგად იბეგრება და უფრო მეტ ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილს მივიღებთ, რომელთა იმპორტიც აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ხორციელდება. ეს ავტომობილები ამორტიზებულია, ავტოსაგზაო შემთხვევებშია მონახვედრი და შემდეგ აღდგენილი. იაპონიიდან შემოტანილი მარჯვენასაჭიანები კი ტექნიკურად ბევრად უფრო გამართული იყო. იაპონიიდან უფრო უკეთესი სატრანსაპორტო საშუალებების იმპორტი ხორციელდებოდა, ვიდრე ევროპიდან.