რამდენიმე დღის წინ ბუენოს აირესიდან ამბავი მოვიდა. ითმინა, ითმინა მარიანა ნანისმა და ბოლოს მთელი არგენტინის გასაგონად გადმოანთხია თავისი ეჭვები. ცოლი იმისია, იეჭვიანოსო, იტყვიან ქალაქში, ქმარი კიდევ იმისია, რომ ცოლი აეჭვიანოსო. მაგრამ ქმარიც არის და ქმარიც, როცა ქმარი სხვისი ცოლი გამოდგება, საქმე საძნელოა.
ჭეშმარიტად, ძნელი დასადგენია და გამოსაკვლევია ეს საქმე. აბა, მესამე კაცი როდის დაესწრება ხოლმე, როცა ბიჭი და ბიჭი ერთმანეთს ეკურკურებიან? მაგრამ ქალის ამბავი ხომ იცით, ქალი სხვანაირად ხედავს, სხვანაირად ითმენს და სხვანაირად ამბობს.
თანაც, ბიჭებსაც გააჩნია. ასეთი ბიჭები ცოტაა მსოფლიოში. უფრო სწორად, ასეთი სახელგანთქმული ბიჭები. დიეგო მარადონა და კლაუდიო კანიჯა. მარიანა კი სწორედ რომ კლაუდიოს ცოლია. მისივე სიტყვით, ბევრის მომთმენი ქალი, რომელიც ახლა უკვე აღარაფერს მოითმენს და ღიად აცხადებს, მოვითხოვ, მარადონამ თავი დაანებოს ჩემს ქმარსო.
ქალის სიტყვა აბა რა დასაჯერებელიაო, იტყვით თქვენ. მარადონა პედერასტი არ არისო, ბავშვების, ცოლების და საყვარლების მთელი ბატალიონი ჰყავსო. მაგრამ ის საქმეც გასათვალისწინებელია, რომ მარიანა ნანისმა ვერტყვიჭალის ორღობეში კი არ დაიჩივლა, არამედ ტელევიზორში.
ახლა რაღაა დასამალი და ბოლო ორი წელიწადია, ამას მეც ვეჭვობდი. დიეგო და კლაუდიო ბრწყინვალე პარტნიორები იყვნენ მინდორზე. ნუ, პირდაპირ ზღაპრული. ჩემის ქართულის გაგებით მე ისინი გადაბმული, ან ასე ვთქვათ, ტრუსიკის ძმაკაცები მეგონენ. ბოლო წლებში მარადონა პირობას დააყენებდა ხოლმე, თუკი მე ვითამაშებ, ჩემს გვერდით კლაუდიო უნდა იყოსო. ეს, რა თქმა უნდა, ისე უნდა აღგექვა კაცს, რომ მობერებულ მარადონას ერთგული და მასთან შეხმატკბილებული პარტნიორი სჭირდებოდა. დიეგო რომ „ბოკაში“ დაბრუნდა, კლაუდიოც იქ მოაყვანინა და გაახურეს დიდი ბურთაობა და „ზასაობა“. შუა „ბომბონიერაზე“ გაგორდებოდნენ ხოლმე და ერთმანეთს ისე კოცნიდნენ ტუჩებში, რომ კუჭის წვენს უღებდნენ. ასე ზეიმობდნენ ისინი გოლებს, სანამ დიეგოს თამაში შეეძლო.
ამის გამო ხმაურიც ატყდა, ზნეობაო, მთელი ამბავიო, ბავშვებს რა მაგალითს უჩვენებენო, მაგრამ ეს თავდავიწყებული კოცნები მაინც ტრიუკს უფრო ჰგავდა. ვინ არ იცნობს დიეგოს და ვინ არ იცნობს კლაუდიოს? ამათ გარშემო ხომ სკანდალები არ ნელდება?
დანიელ პასარელას, ალბათ, სიაც ჰქონდა. მან ნაღდად იცოდა ბევრი რამ. გრძელი თმები მხოლოდ აკვიატება არ იყო. გასულ ზამთარში ეს ყბადაღებული „გრძელი თმები და საყურეები“ უფრო კონკრეტული ტერმინით შეიცვალა და არგენტინელთა მწვრთნელმა პირდაპირ თქვა: „ეროვნულ ნაკრებში მამათმავლები არ ითამაშებენ“. და გახსოვთ შარშანდელი სკანდალი ფლორენციაში, როცა ამ ქალაქში ძეგლდადგმულ კაცს, გაბრიელ ბატისტუტას მავანმა გაზეთებმა დაუწერეს, ბიჭებს დასდევსო? მაშინ ბატიგოლმა თქვა, ამგვარ უნამუსო ბრალდებას ვერ ავიტან, ქალაქსაც მივატოვებ და კლუბსაცო და მას მოუბოდიშეს კიდეც.
მარიანა ნანისი კი ამბობს, ჩემი ქმარი მარადონას ისე უყვარს, გასაქანს არ აძლევსო. მარადონას ძმაბიჭ-მენეჯერი გილიერმო კოპოლა ადვოკატებს უხმობს. აბა რა ვთქვა? მე იქ არ დავსწრებივარ. ის კი შემიძლია გამოგიცხადოთ, რომ ბისექსუალობა გვარიანი ფენომენია ლათინური ამერიკის ქალაქებში და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებშიც. ამის გამო ბევრის წერა და ლაპარაკი შეიძლება და იმავ არგენტინელ მწერალთა წიგნებშიც იპოვით საინტერესოს. მაგრამ რაღა შორს წავიდეთ, თავად წამიკითხავს პელეს ინტერვიუ, სადაც ამბობს, პირველი სქესობრივი კავშირი ჩემს ხანგრძლივ ცხოვრებაში მამაკაცთან მქონდა ქალაქ სანტოსში ამა და ამ წელსო. ასე რომ, ამაში მოულოდნელი არაფერია, ხოლო კარგი და სადღეგრძელებელი რამდენია, მე ვერ დავითვლი. ყველამ თავისი განწყობით დაითვალოს. კლაუდიომ, მარიანამ, დიეგომ და მამა ჩიტორომაც, რომლის ჭაღარასაც (ვაჰ, ჩემი!) კარგახანია ბევრი აღარავინ სცემს პატივს.
ისე, აქ რა მოსატანია და ძია სტალინი გამახსენდა. ერთხელ თბილისში ჩამოსულა და მშობელი დედა კეკე მოუნახულებია. ახლა რა თანამდებობა გიჭირავსო, უკითხავს კეკეს. მეფე გახსოვს დედაჩემოო, მეფის მაგივრად ვარ ახლა მეო, უპასუხია სოსელოს. ეჰო, გული ამოუყოლებია ოხვრისთვის კეკეს, ნეტავ მღვდელი გამოსულიყავიო.
დაახლოებით ასეა. ნეტავ მარადონა, დიეგო არმანდო, მხოლოდ ისეთ კაცად გვცნობოდა, მინდორზე რომ იყო. ის ძალიან დიდი ვინმე იყო. ესეც, ახლანდელი მარადონაც არის ვიღაც, მაგრამ არა ის, ვინც მინდორზე იდგა.
პედერასტობისა კი, აბა, რა გითხრათ? იქ არც დავსწრებივარ.