2016 წლის მონაცემებით, საქართველოში აქტიური სტატუსით რეგისტრირებულია 1 136 961 ავტომობილი. აქ შედის როგორც მსუბუქი, ასევე სამგზავრო სატვირთო და სპეციალიზებული მანქანები. გარდა „აქტიურისა“, საკმაოდ ბევრია მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში თუ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიოტორიებზე წლების განმავლობაში უპატრონოდ არის მიგდებული. ეს ყველაფერი მსხვილ ქალაქებში გადაუჭრელ სატრანსპორტო პრობლემებს იწვევს.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ 8%-ით მოიმატა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1 053 181 იყო. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 2016 წელს, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 419 193 შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. 2015 წელს დედაქალაქში 389 756 ავტომობილი აღირიცხებოდა. 2016 წელს ქვეყანაში შემოვიდა, 83 780 მანქანა, აქედან დაახლოებით 40000-მდე მარჯვენასაჭიანი იყო.
რამდენად შეამცირებს მთავრობის ახალი რეგულაციები მანქანების იმპორტს, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ამასობაში კი განსაკუთრებით დედაქალქში ვითარება დღითიდღე რთულდება. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილი იმ მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც თბილისში ტრანსპორტის კუთხით არსებობს. მისი თქმით, გზების გადაჭედვა გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ქვეყანაში სატრანსპორტო განვითარების პოლიტიკა არ არსებობს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა თბილისის მერიას მოუწევს არა მიზეზებთან, არამედ შედეგებთან ბრძოლა.
მივდივართ საგზაო მოძრაობის კოლაფსისკენ. სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო ავტომობილები დანიშნულების ადგილზე მისვლას, პრაქტიკულად, ვეღარ ახერხებენ. დღეს ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არის საცობები, მომავალში საერთოდ გადააგილება ვეღარ მოხერხდება.
„თუ ქვეყანაში შენარჩუნდა იგივე ზრდის ტემპი, როგორც ახლაა და უფრო მეტი ადამიანი ეცდება შეიძინოს მანქანა, რასაკვირველია მოიმატებს ავტომობილების იმპორტიც.
ბოლო წლებში ქვეყანაში დარეგისტრირებული მანქანების რაოდენობა ყოველწლიურად 70-80 ათასით იზრდებოდა, ანუ ძალიან დიდი მატებაა. არის ასეთი კვლევაც, სადაც ჩანს, რომ მანქანის შეძენის მსურველთა რიცხვი ყოველ წელს 8%-ით იზრდება“, - განაცხდა დავით მესხიშვილმა.
თბილისის მერია ამ ეტაპზე მხოლოდ ეკოლოგიური კუთხით აქტიურობს და ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს. როგორც მერიაში აცხადებენ, სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრეებმა განცხადებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარადგინონ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს „სითი პარკს“ გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ.
როგორც მერიაში აცხადებენ, ელექტრომობილების პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლება ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის იმპორტის წასახალისებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიღებული პარკირების ახალი წესი პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში.