3 კვირის შემდეგ აფხაზეთს დენი აღარ მიეწოდება

3 კვირის შემდეგ აფხაზეთს დენი აღარ მიეწოდება

აფხაზეთს 15 თებერვლიდან, სავარაუდოდ, ენგურჰესიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. დე ფაქტო რესპუბლიკა, შეიძლება, მთლიანად ჩაბნელდეს, რადგან მას დენის მომარაგების ალტერნატიული წყარო არ გააჩნია. ერთადერთი შესაძლებლობა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში სეპარატისტებს მისი შეძენა მოუწევთ მაშინ, როცა ენგურჰესიდან უფასოდ მარაგდებიან.

ე.წ. რესპუბლიკაში რომ ურთულესი ვითარებაა ამას აფხაზურ მედიასთან არც „ენგურჰესის“ ტექნიკური დირექტორი ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან გია ხუბუა მალავს:

„რეალობა შემდეგია: თუ ასეთი ტემპით გავაგრძელებთ წყლის გამოყენებას, თებერვლის შუა რიცხვებიდან წყალი აღარ იქნება და ელექტროენერგიის შესყიდვა რუსეთიდან მოგვიწევს“, - აცხადებს ხუბუა.

მისი თქმით, ჯვარის წყალსაცავში წყლის დონე 453 მეტრია, არსებობს კიდევ 35 მეტრის გამომუშავების შესაძლებლობა, რის შემდეგაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია და დღეში 8 მლნ კვტ/სთ გამოიყენება.

„ჩერნომორენერგოს“ მთავარი ინჟინერის თემურ კაციაც ამბობს, რომ ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, თებერვლის შუა რიცხვებიდან „ენგურჰესიდან“ აფხაზეთის ენერგომომარაგება შეუძლებელი იქნება.

ენგურჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება, აქედან გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უფასოდ მიაქვს აფხაზეთს, 60% - საქართველოს ენერგოსისტემაში რჩება. ენგურჰესისის წილი საქართველოს მთელ ენერგობალანსში 40 პროცენტია.

შპს „ენგურჰესის“ დირექტორი ლევან მებონიაც ადასტურებს, რომ აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა უახლოეს პერიოდში გამწვავდება.

„ამ თვეში ჯერჯერობით არის საკმარისი წყალი, თუმცა თებერვლის ბოლო და მარტის პირველი ნახევარი კრიზისული იქნება“, - განაცხადა მებონიამ.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის დადგმული სიმძლავრე 1 300 მგვტ-ია. ჰიდროელექტროსადგურის სამანქანო დარბაზი (ტურბინა-გენერატორი) ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს, ხოლო კაშხალი, რომელიც ქმნის წყალსაცავს - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ აფხაზები მდგომარეობის შეცვლას არც მოინდომებენ, რადგან ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო არ გააჩნიათ და ვერც შექმნიან.

„არავითარი შანსი არ არსებობს, რომ საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის გარეშე რამე მოახერხონ. ერთადერთი გამოსავალია, რომ რუსეთიდან განახორციელონ იმპორტი, მაგრამ მაშინ დენის ყიდვა მოუწევთ, ჩვენგან კი უფასოდ იღებენ.

როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიის გადასახადი დაუწესდეს. ეს, თავის მხრივ, მოხმარებას შეამცირებს და მათთვის ენგურჰესიდან მიწოდებული ელექტროენერგია საკმარისი იქნება. ჩემი აზრით, ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის უნდა მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით“, - აცხადებს ჭითანავა. ენერგეტიკოსი დარწმუნებულია, რომ სწორი მოხმარების შემთხვევაში, აფხაზეთს საკმარისი დენი ექნება.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წელს, 2007 წელთან შედარებით, დაახლოებით 55%-ით არის გაზრდილი.