კიდევ რამდენი პოლიტიკოსი გაილახება არჩევნებამდე?

კიდევ რამდენი პოლიტიკოსი გაილახება არჩევნებამდე?

არჩევნებამდე 37 დღით ადრე ბოლნისში „ნაციონალებისა“ და ლევან მამალაძის მხარდამჭერები ერთმანეთს დაერივნენ. ამ რაიონში „ნაციონალი“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ჯემალ მურადხანოვის წარსადგენად ბოლნისში ჩასულ სააკაშვილსა და მის გუნდს ბოლნისის შესასვლელთან მამალაძის მხარდამჭერები დახვდნენ. სტუმარ-მასპინძლებმა ერთმანეთს ქვები და ხელკეტები დაუშინეს. ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბოლნისის რაიონის გამგებელი ზურაბ ჯაფარიძე და საკრებულოს თავმჯდომარე აბას აბასოვი. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიებაც, ალბათ, არც ისე ადვილი იქნება - სააკაშვილისა და მამალაძის მომხრეები შეტაკების პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ეუთოს მრავლისმნახველი დამკვირვებლები კი აცხადებენ, რომ მსგავსი რამ არც უნახავთ სადმე და არც სმენიათ.

სოფელ ტალავერში მიმავალ „ნაციონალებს“ ბოლნისის შესასვლელთან პოლიციელები დახვდნენ, რომელთაც მალე ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა იმის გარკვევა, და, ალბათ, უკვე არც არის ეს ისე აქტუალური, თუ ვინ წამოიწყო ეს  უმოწყალო შეტაკება, რომლის მონაწილეებსაც ქვებისა და ხელკეტების გარდა, ტყვიები არ დავიწყებიათ. თუმცა, საბედნიეროდ, ყველა ტყვია ჰაერში გავარდა და არავინ დაჭრილა. „მებრძოლებმა“ ავტომობილებიც საგულდაგულოდ დალეწეს, რომლებსაც, ძირითადად, ბარიკადებად იყენებდნენ.

დაპირისპირებულმა ორმა გუნდმა ისე დაუნდობლად დააშავა ერთმანეთი, რომ მათ ჩხუბის დიდხანს გაგრძელების თავი აღარ ჰქონდათ და ბოლნისში სიტუაცია გუშინვე დაწყნარდა. გამოძიებამ კი მაშინვე დაჰკითხა მოწმეები და თვითმხილველები. მაშინ, როცა ჩხუბის მონაწილეები ჭრილობებსა და „ფინგალებს“ იშუშებდნენ, ლიდერები ცხრებოდნენ და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. მამალაძემ და სააკაშვილმა გუშინ ერთმანეთი კრიმინალებად და ტერორისტებად მონათლეს. თუმცა არც ეს არის ახალი.

სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის, პოლიციის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისა და ხულიგნობის მუხლებით აღიძრა. საქმეს ბოლნისის რაიონული და ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა ერთად იძიებენ. გამოძიებას კი პირადად გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე კურირებს. მანამდე კი ორივე მხარემ სასწრაფოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

სახელისუფლებო ბლოკის სახელით ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოლნისში სპეციალურად გაწვრთნილი 200 ადამიანი ჩაიყვანა. მისი თქმით, მათ მომზადება იუსტიციის სამინისტროში, სააკაშვილის მინისტრობის დროს გაიარეს. შეტაკების ერთ-ერთმა თვითმხილველმა „ნაციონალმა“ პეტრე ცისკარიშვილმა კი „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მათ არც შეიარაღებული და არც გაწვრთნილი ხალხი ამომრჩევლებთან შეხვედრებზე არ დაჰყავთ. პარლამენტში ჩხუბის სკოლაგამოვლილი ცისკარიშვილი აცხადებს, რომ დაგეგმილი იყო მშვიდობიანი შეხვედრა.

„მაგრამ, ამის მიუხედავად პოლიციამ გზა გადაგვიკეტა, მათთან ერთად ბავშვებიც დაგვახვედრეს. ჩხუბის პროვოცირება მამალაძის მომხრეებისა და პოლიციელებისგან მოხდა. ზოგი უფორმოდაც იყო და ისინი შეიარაღებულები იყვნენ. არც ერთ ჩვენგანს იარაღი არ ჰქონია, ჩვენ ამომრჩევლებთან შეხვედრებზე იარაღით არ დავდივართ. არც არანაირი სპეცრაზმი არ გვყავს, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ,“ - განუცხადა ცისკარიშვილმა „რეზონანსს“.

ბოლო დღეებში ხელისუფლებამ „ნაციონალებს“ კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა: ქვემო ქართლიდან და სამტრედიის რაიონის მოსახლეობიდან მოკრებილი ასეულობით პირადობის მოწმობები, რომლებიც, ხელისუფლების ვარაუდით, მათ არჩევნების გასაყალბებლად სჭირდებათ. ამ ბრალდების ცისკარიშვილის საპასუხო განცხადება ასეთია:

„ეს საკითხი უკვე გაირკვა, მაგრამ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვადანაშაულა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს პირადობის მოწმობები მხარდამჭერთა სიების შესადგენად მოვაგროვეთ, რადგან სწორედ ხელისუფლება არ გვაძლევს საშუალებას, მოსახლეობას პირადად შევხვდეთ და ისე შევაგროვოთ მათი ხელმოწერები“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, არჩევნებამდე ბოლნისში ისევ აპირებენ ჩასვლას და პოზიციების დათმობას არ აპირებენ. უკან დახევას არც სახელისუფლებო ბლოკი აპირებს და „ნაციონალებს“ ბნელ წარსულს უხსენებს. სოციალისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მინდელმა „რეზონანსთან“ საუბარში ცესკოს შენობაში 2002 წელს სააკაშვილის მიერ ორგანიზებული შეჭრა გაიხსენა.

„ეს მათი ჩვეული სტილია, მაგრამ ბოლო უნდა მოეღოს იმას, რომ ზოგ ოპოზიციურ პარტიას შეიარაღებული ხალხი ჰყავს. სამწუხაროა, მაგრამ მაშინ ეს ფაქტი არ გამოიძიეს და შესაბამისად, არც დამნაშავე დასჯილა. ხელისუფლება რომ უფრო მკაცრი იყოს, საქართველოში დაუსჯელობის სინდრომი არ იქნებოდა და ოპოზიცია ასეთ ქმედებებს ვერ გაბედავდა,“ - უთხრა მინდელმა „რეზონანსს“.

იგი არ არის დარწმუნებული, რომ ამ საქმის გამოძიება ბოლომდე მივა და თვლის, რომ სააკაშვილმა ბოლნისის რაიონი იმიტომ აირჩია, რომ მას იქ სუსტი პოზიციები აქვს და უნდოდა, სწორედ ბოლნისელებისთვის დაემტკიცებინა საკუთარი სიძლიერე. მინდელმა „შეიარაღებულ“ პარტიათა რიცხვში ჟვანიას გუნდიც მოიხსენია. თუმცა „ბურჯანაძე-დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბოლნისის რაიონში კობა დვალიშვილი აცხადებს, რომ ისინი ხელისუფლების მიერ დაშინებული მოსახლეობის გულის მოსაგებად მხოლოდ მშვიდობიანი და ცივილიზებული გზით იბრძვიან.

„არც ერთ პარტიას არ უნდა წაერთვას ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალება. ხელოვნური წინააღმდეგობები არავის უნდა შეუქმნან. ამ მიმართლებით იქ ძალიან აქტიურად მოქმედებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მართალია, ჩვენთვის პოლიცია არ დაუხვედრებიათ და ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, მაგრამ მოსახლეობა ძლიან დაშინებულია. მათ პირდაპირ აფრთხილებენ, რომ ჩვენთან შეხვედრაზე არ მოვიდნენ, თორემ საქმე ცუდად ექნებათ. როდესაც ნინო ბურჯანაძე იქ ჩავიდა, სოფლებიდან მომავალ მოსახლეობას გზა გადაუხერგეს, ხოლო იმ შენობასთან, სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო, მათ ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ“, - განაცხადა დვალიშვილმა „რეზონანსთან“ საუბარში.

როგორც ჩანს, 2 ნოემბრამდე პოლიტიკოსებისაგან არაერთ, მსგავს „სანახაობას“ უნდა ველოდოთ. თუმცა საეჭვოა ერთი რამ: გარისკავენ თუ არა უცხოელი დამკვირვებლები და დარჩებიან თუ არა ისინი არჩევნებამდე საქართველოში. მაგრამ მათ გამოცდილებას ბოლნისური შემთხვევა ნამდვილად გაამდიდრებს. ასეთი იშვიათობის ხილვის საშუალება ეუთოს დამკვირვებლებს საქართველოს საზღვრებს გარეთ, ალბათ, არც მომავალში მიეცემათ. ასე რომ, ქართველები უცხოეთის თვალში უნიკალურობას კვლავ ვინარჩუნებთ.