საქართველოს ახალგაზრდულ მოქალაქეთა კავშირს ლევან მამალაძის, გიორგი ბარამიძისა და მიხეილ მაჭავარიანის შემდეგ ახალი თავმჯდომარე მოევლინა.
ინფორმაციისათვის: ლევან ალავიძე დაიბადა 1969 წლის 27 ივლისს, დაამთავრა 102-ე საშუალო სკოლა. ჰყავს მეუღლე. სმაკის ერთ-ერთი დამაარსებელი. ლევან მამალაძის თავმჯდომარეობის დროს რეგიონულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. შემდეგ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფოს რწმუნებულის მოადგილე იყო. პარალელურად მოქალაქეთა კავშირის სამხარეო ორგანიზაციას თავმჯდომარეობდა. არჩევნების შემდეგ პარლამენტის წევრი გახდა.
ზემოთ აღნიშნული ფაქტი კი ერთმა გარემოებამ, კერძოდ, ყოფილი თავმჯდომარის მიხეილ მაჭავარიანის სმაკ-ის გენერალური მდივნის პირველ მოადგილედ გადასვლამ განაპირობა. ბატონი მიხეილი ამჟამად, გენერალური მდივნის მოვალეობას ასრულებს.
სმაკ-ის მთავარმა საბჭომ ლევან ალავიძე ერთხმად აირჩია, მაგრამ მის ტიტულს ამ ბოლო დროს მოდაში შემოსული ფრაზა აქვს დართული - „მოვალეობის შემსრულებელი“. ამ ორ სიტყვას, ალბათ მოახლოებული ყრილობა ჩამოაცილებს.
ახალ თავმჯდომარეს ხუმრობით ლევან II უწოდეს. მას კონკრეტული გეგმები არ გააჩნია, მაგრამ დაბეჯითებით განაცხადა, რომ სმაკ-ის მიერ აღებულ კურსს არ გადაუხვევს.