საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე აპელირებს და ირწმუნება, რომ მმართველ გუნდს არანაირი კომპლექსი არ გააჩნია იმის, რომ საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე თამამად და გაბედულად თავისი აზრი გამოთქვას. კანონმდებელი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმის გაკეთებას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ უმრავლესობას ბუნებრივი მოტივაცია აქვს იმის, რომ შედეგი დადოს, კონკრეტული საქმეები გააკეთოს და ახალი წარმატებები შექმნას. დეპუტატი ოპოზიციაში არსებულ შესაძლებლობებს ჯანსაღად აფასებს და მათთან კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულ პოლიტიკურ დებატებსაც გამართლებულად მიიჩნევს.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თაობაზე, for.ge საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს ესაუბრა:
მმართველი გუნდი გასულ წელს წარმატებულ წლად მიიჩნევს. შეგიძლიათ, ის სფეროები დაასახელოთ, სადაც ხელისუფლებას მიღწევები ჰქონდა?
- უპირველესად, მოსახლეობას ვარწმუნებ, რომ როგორც 2016 წელს, ასევე მიმდინარე წელს ყველა იმ ადამიანის გვერდით ვიქნებით, ვისაც უკეთესობის რწმენა აქვს და ვინც უკეთესი საქართველოს მშენებლობაშია ჩართული. საქართველოსთვის გასული წელი მნიშვნელოვანი იყო და შემიძლია, ეს მიღწევები ჩამოგითვალოთ. პირველ რიგში, ყურადღებას დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებზე გავამახვილებ, რომელიც ქართველმა ხალხმა ჩაატარა. შეიძლება ითქვას, რომ 8 ოქტომბერს, ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ანუ, არჩევნები, რომელმაც ხალხის მოლოდინი და ნდობა საარჩევნო უბნებიდან პარლამენტში, პოლიტიკურ პროცესში და იმ გეგმაში გადაიტანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს როგორც ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით, ასევე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ასევე გამოსაყოფია, საქართველოს მიღწევები და პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, რაც ასოცირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების შემდგომ განხორციელებასა და ევროსტანდარტებთან მეტი თავსებადობის უზრუნველყოფაში გამოიხატება. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთვის ყველანაირი ტექნიკური ბარიერი გადალახულია, რადგან ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა და ევროპარლამენტის სრული მხარდაჭერა აქვს.
ანუ, თქვენ მოლოდინი გაქვთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლას გაზაფხულიდან შეძლებენ?
- საქართველოს მოსახლეობასა და ევროპარლამენტს სჯერათ, რომ ქვეყნის ადვილი ევროპაშია და ის ევროკავშირის პასუხიმგებლიანი და ღირსეული წევრი იქნება. უახლოეს მომავალში, ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ველოდებით, რის შედეგადაც, ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ ივლიან. ეს საკითხი დროის ამბავია, თუმცა ამ თვალსაზრისით, საქართველომ თავისი გასაკეთებელი პირნათლად გააკეთა. ვინაიდან, მიღწევებზე ვსაუბრობთ, იმასაც გეტყვით, რომ „იუნესკო“-მ ქართული ანბანი არამატერიალური კულტურული ძეგლების ნუსხაში შეიყვანა, რაც ჩვენთვის ისტორიული ამბავია, რადგან ეს საკითხი ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს ეხება. ასევე მნიშვნელოვანია იმ მიღწევების შეჯამება, რაც ქვეყანას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აქვს. კერძოდ, გამოსაყოფია, სოციალური და ჯანდაცვის სისტემა. ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ადამიანზე ორიენტირებული სისტემა შეექმნა. მათ შორისაა ჯანდაცვის სისტემა, რომლითაც 1,5 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა და იმ ოჯახებში კატასტროფული ხარჯები შემცირდა, რომელთაც ჯანდაცვის სისტემა სჭირდებოდათ. ამ სისტემამ ბევრი ადამიანის მდგომარეობა შეამსუბუქა.
ალბათ, ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე წარმატებული „ცე“ ჰეპატიტის პროგრამაა...
- სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის - „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის განხორციელება დაიწყო, რომლითაც ასეულობით ადამიანს საშუალება მიეცა, რომ სიცოცხლისა და გამოჯანმრთელების შანსი დაეუბრუნებინა. ეს პროგრამა რომ არა, ძალიან ცოტა ადამიანი თუ შეძლებდა იმას, რომ 80 ათასდოლარიანი მკურნალი ჩაეტარებინა, რომლის გარეშეც „ცე“ ჰეპატიტისგან განკურნება შეუძლებელია. სხვა მიღწევებსაც გამოვყოფდი, რომელთა შორისაა ქართული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარება. კერძოდ, წარმატებული პროგრამაა - „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც საქართველოში წარმოების პროცესი და ეკონომიკა კიდევ უფრო წაახალისა. ამ პროგრამის ფარგლებში, ათამდე მსხვილი, წარმატებული საწარმო გაიხსნა და 2000-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმო დაფინანსდა. ასევე 60 ინოვაციური „სტარტაპ პროექტი“ დაიწყო, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივა იყო, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ასევე მსურს, დევნილების პრობლემებსა და გაჭვირვებას გამოვეხმაურო. 13 500-ზე მეტ დევნილს ბინები საკუთრებაში გადავეცით. ბუნებრივია, ეს პროგრამა მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა ის დევნილი არ დაკმაყოფილდება, რომელსაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ასევე გამოვყოფდი საქართველოს სწრაფვას ტექნოლოგიური მიმართულებით. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით „ტექნოპარკი“ შეიქმნა, რომელიც მომავალი თაობისთვის, გამომგონებელი ნიჭის მქონე ადამიანებისთვის და ასევე ნოვატორი ადამიანებისთვის საყვარელი ადგილი გახდა, რომლებიც საქართველოს ადგილს მომავალში ხედავენ. ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და პირველ პროდუქტებს უკვე ვხედავთ, რომელიც „ტექნოპარკში“ იბადება და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში თავის ადგილს უფრო მეტად იკავებს.
ძალოვან უწყებებში გატარებული რეფორმით კმაყოფილი ხართ?
- გასული წელი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი უსაფრთხოების და ძალოვანი სექტორის განვითარებისთვის იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში იყო დასახული. პოლიციის დეპოლიტიზირება მოხდა, ახალი საკანონმდებლო რეგულაციები შეიქმნა, პოლიციელები გადამზადნენ და რაც მთავარია, ერთიანი ოპერაციების მართვის ცენტრი შეიქმნა, რომელიც ფაქტიურად მომავლის პოლიციაა, რომელსაც უფრო სხარტი და გონივრული მიდგომები სჭირდება და რომლის საჭიროებსაც ჩვენი პოლიციელები ხედავენ და ისინი ამ პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი. რაც შეეხება ეკონომიკურ პროცესებს, განსაკუთრებით მოგების გადასახადის გაუქმებას გამოვყოფდი, რომელიც მაღალი ალბათობით, ბიზნესსექტორს 600 მილიონ ლარამდე დაუტოვებს, რათა საკუთარი წარმოება უფრო მეტად განავითარონ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და საქართველოდან მეტი ექსპორტი გააკეთონ. ეს ბიზნესისთვის ერთ-ერთი მეგობრული გადასახადია.
ალბათ, ყველა ამ რეფორმას ერთიან ხაზად მთავრობის ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გასდევს. ჩემთვის 2016 წელი ეს იყო და თუ მკითხავენ, საქართველო 2016 წელს რას აკეთებდა, ამ მიღწევებს ჩამოვთვლიდი. ამ პროექტების წარმატების ხილული მაგალითები გვაქვს. მათ შორისაა ამბროლაურის აეროპორტი და ახალი ინვესტიციები ბაკურიანში, გუდაურსა და სვანეთში.
თქვენ ყურადღებას თქვენი გუნდის მიღწევებზე ამახვილებთ, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რეალობას მოწყვეტილია და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ადეკვატურად ვერ პასუხობს. გამოწვევად რა მიგაჩნიათ?
- პრობლემები გვრჩება, რომელთა მოგვარება სამომავლო საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ეხება, რაც ჩვენს დღის წესრიგში მოწინავე ადგილზე დგას. ასევე არის სავალუტო ცვლილებები, რომელიც რეგიონში არსებობს. გამოწვევა ეკონომიკური რეცესიაა, რომელიც რეგიონში შეინიშნება და სავაჭრო პარტნიორებთან ვალუტები უფასურდება. ნათელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები ყველგან დაეცა და მათ შორის საქართველოშიც, რაც ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანას საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი აქვს და არაერთი მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს შესასრულებელი. მათ შორისაა სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელიც ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. პრობლემად რჩება ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ნარკოპოლიტიკა რჩება, რომელიც ცვლილებებს და რეფორმირებას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორთან ერთად, საგაზაფხულო სესიაზე გააქტიურებას ვგეგმავთ.
ანუ, ამ მიმართულებით ლიბერალური ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ? გააქტიურება რაში გამოიხატება?
- გააქტიურება იმ გონივრული ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება, რაზეც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში საუბარი იყო, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება. ჩვენ ლიბერალიზაციას იმ პირობებში ვემხრობით, როცა ქვეყანაში ოთხსვეტიანი პოლიტიკა ინერგება, რომელიც მკურნალობის, პრევენციის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების მექანიზმებს ეხება, რომელიც ისევე წარმატებით არის განხორციელებული, როგორც სამართალდამცავების ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. კარგია, რომ თითოეული პროგრესული პოლიციელი ხვდება და ემხრობა იმას, რომ პოლიცია ნარკოტიკების და ნარკობრუნვას უნდა ებრძოდეს და ამ თვალსაზრისით, პოლიციას დიდი მიღწევები აქვს. კარგია, რომ აზრთა თანხვედრაა სამართალდამცავ და საზოგადოებრივ ჯანდაცვის სფეროებს შორის, როცა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს ვეხმარებით და მათ სამედიცინო დახმარებას ვუწევთ, ხოლო ვინც ნარკოტრანზიტშია ჩართული, მას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკას ვახვედრებთ.
ოპოზიცია ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაზე აპელირებს და სტატისტიკით მანიპულირებაზე მიუთითებს. არის თუ არა მონაცემები შეცვლილი და მალავთ თუ არა რეალობას?
- უპირველესად უნდა ითქვას, რომ საქართველოში დანაშაულის დონე გაზრდილი არ არის. სტატისტიკასთან დაწყებული აჟიოტაჟი მეტწილად უსაფუძვლოა, რადგან სტატისტიკის სამსახურმა განცხადება გააკეთა და მეც იმავე ინფორმაციას ვფლობ, რომ შსს სტატისტიკის სამსახურს მოთხოვნილ ინფორმაციას უგზავნის, რომელიც შემდეგ ამ სტატიატიკას აქვეყნებს. შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულის საერთო რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა გამოწვევები არსებობს, რომელიც უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ და ამ მიზნით დაწყებულია კამპანიები. მათ შორისაა ბრძოლა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში გაზრდილია, რაც ელექტრონული სერვისების მოხმარების ზრდას უკავშირდება. ასევე გაზრდილია ოჯახში ძალადობის შეტყობინების რაოდენობა და ეს იმიტომ ხდება, რომ ამ მიმართულებით აქტიური კამპანია გვაქვს დაწყებული. ასევე გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, რის გამოც ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით და ამაზე ერთგვარი პასუხი მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტია. თუ დანაშაულის დონის ზრდად ამას ასახელებენ, ეს დანაშაულის საერთო დონის ზრდად ვერ ჩაითვლება და პოლიცია პროფესიონალიზმისა და თავდადების ხარჯზე უსაფრთხოების შენარჩუნებას ახერხებს.
თუ საქართველოს კრიმინოგენურ ვითარებას სხვა ქვეყნების სტატისტიკას შევადარებთ, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპისას ან ამერიკის, ვნახავთ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რჩება და ახალ რეფორმებს ატარებს, რომ მომავალში უსაფრთხოება კიდევ უფრო გაზარდოს.
ძალოვანი უწყებებიდან ადამიანები დაითხოვეს და ეს მთავრობამ ოპტიმიზაციის პროცესით ახსნა. უწყება შემცირებული კადრებით, უსაფრთხოების სათანადო დაცვას და ახალ რელსებზე გადაწყობას შეძლებს?
- საჯარო სამსახურში ოპტიმიზაცია და რეფორმის გატარება სიახლე არ არის, რადგან საარჩევნო პროგრამაში მითითებული გვაქვს, რომ მმართველობის რეფორმის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება მოხდება, რაც ბუნებრივია, საჯარო სამსახურში ცვლილებებს ნიშნავს. ოპტიმიზაციაც ამის ნაწილია. საქართველო ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ასევე ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას ცდილობს და ეს არ უნდა შეფასდეს, როგორც მტკივნეული, არამედ საჭირო. რაც შეხება ოპოზიციის მხრიდან თემის „შეფუთვას“, თითქოს ეს მასიური შემცირებებია, სწორი შეფასება არ არის და პანიკის დათესვის მცდელობაა. მინისტრები, მათი მოადგილეები და მენეჯმენტი ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რომელიც ამა თუ იმ უწყების მომავალი განვითარების გეგმას და ხარჯეფექტიანობას, დასახული ამოცანების განხორციელებას შეესაბამება. ბუნებრივია, ერთიანი დავალება ან მიმართულება ვერ იარსებებს, რომ ყველა უწყებაში მაინც და მაინც საკადრო რესურსის შემცირება მოხდეს.
რაც შეეხება პარლამენტს, უმრავლესობის ლიდერი ხართ. წინა მოწვევის პარლამენტში, უმრავლესობის ზოგიერთ წევრს უმრავლესობის მაშინდელ ლიდერ დავით საგანელიძესთან კონფლიქტი ჰქონდა, რის მიზეზადაც კომუნიკაციის ნაკლებობა სახელდებოდა. თქვენ გუნდის შეკვრას შეძლებთ?
- გუნდის მხრიდან, უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე ჩემი დასახელება დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივისცემა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისიის შესრულებას შევძლებ და ამას მათი მხარდაჭერით შევძლებ. ძალიან კარგი კოორდინაცია გვაქვს. ის ხალხი არ ვართ, ვინც საკუთარ თავს თვითკმაყოფილებით უყურებს. განვითარებაზე ირიენტირებული გუნდი ვართ, სადაც ახალგაზრდა და გამოცდილი პოლიტიკოსები მიზნების მისაღწევად ერთად მუშაობენ. ამიტომ, მომავალში უმრავლესობის შიგნით მეტი კოონსოლიდაცია იქნება. გადაჭარბებული შემფასებელი არ ვიქნები, თუ ვიტყოდი, რომ ამაში სპიკერატი გვეხმარება, რომელიც ძლიერია. ბევრ ადამიანთან, ვინც პარლამეტშია, ურთიერთობა მანამდეც მქონდა, რომელიც ახლა ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ლიდერად ამირჩიეს, არ მავიწყდება, რომ ამ უმრავლესობაში თითოული წევრი ლიდერია, რომელმაც არჩევნებში გამარჯვა და ხალხის მხარდაჭერა მიიღო.
თქვენ ამბობთ, რომ თვითკმაყოფილები არ ვართო. ეს დამოკიდებულება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების საფუძველი იქნება? ხომ არ მოხდება ისე, რომ მთავრობას ხელს დააფარებთ და პარლამენტი თავის ადგილზე არ იქნება?
- პარლამენტის საქმიანობის დაწყებისთანავე ამომრჩეველს ვაჩვენეთ, რომ გუნდში ერთიანობაა და ერთმანეთთან ბრძოლას არ ვაპირებთ, თუმცა მოსახლეობამ დაინახა, რომ პარლამენტი აქტიური და ძლიერია, რომელსაც საქმიანი ოპონირება ნებისმიერ მხარესთან შეუძლია. ჯეროვანი კონტროლის არსებობა ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისას გამოჩნდა, როცა მნიშვნელოვანი საკითხები გავაჟღერეთ და ეს მთავრობამ გაითვალისწინა. პარლამენტსა და უმრავლესობას არანაირი კომპლექსი არ გააჩნია იმის, რომ საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე თავისი აზრი თამამად და გაბედულად გამოთქვან და ყველაფერი არ გააკეთონ იმისთვის, რომ ხალხის აზრი გათვალისწინებული იყოს.
ანუ, პოლიტიკაში ახლადმოსული ადამიანები უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთებას აანონსებთ, ვიდრე ცუდის?
- ბუნებრივი მოტივაცია გვაქვს იმის, რომ შედეგი დავდოთ, კონკრეტული საქმეები გავაკეთოთ და ახალი წარმატებები შევქმნათ. გამოცდილება და გეგმები, რაც გვაქვს, ბუნებრივად გულისხმობს იმას, რომ პარლამენტში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში წარმატებით ვიმუშაოთ. პასიურობა, წარუმატებლობა და საკუთარი როლის იგნორირება ის ობციები არ არის, რასაც ვირჩევთ. ჩვენ ნებისმიერ მხარესთან აქტიურ საპარლამენტო როლს, აქტიურ ჩართულობას და არგუმენტების რეჟიმში თანამშრომლობას ვირჩევთ. ერთმანეთის მეგობრები და ერთი გუნდი ვართ, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ ამ სამეგობროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარეა, რომელიც ჩვენი ამომრჩეველია.
ოპონენტებზეც გკითხავთ. პარლამენტში რადიკალურად განსხვავებული ორი ოპონენტი გყავთ - „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ირმა ინაშვილი ნაციონალების პარლამენტში ყოფნის გამო გაკრიტიკებთ, ისევე როგორც უმცირესობა „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების გამო. მათთან თანამშრომლობას და წარმატებულ საკანონმდებლო მუშაობას პროგნოზირებთ, თუ პირიქით, პრობლემების შექმნას?
- ჩვენი ბრალია ის, რომ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩავატარეთ. ასეთი არჩევნები რომ არა, ის ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, პარლამენტში არ იქნებოდნენ. ოპოზიციონერების განცხადებები საფუძველი არ არის იმისა, რომ მათთან თანამშრომლობა მთლიანად შევწყვიტოთ და რაიმე სხვა ალტერნატივა განვიხილოთ გარდა კონსტრუქციული გარემოსი, ოპონირების რეჟიმისა და პოლიტიკური დებატების, რომლის ადგილიც პარლამენტშია. შესაძლებლობებს ჯანსაღად ვაფასებთ, რაც ოპოზიციაშია და წინასწარი შეთანხმება არ არსებობს, რომ არასოდეს, არაფერზე კონსტრუქციულ რეჟიმში მსჯელობას იმ ადამიანებთან არ ვაპირებთ, რომლებიც პარლამენტში არიან. ყველა იმ ადამიანების მექანიკურ იზოლირებას არ და ვერ მოვახდენთ, ვინც საქართველოს განვითარების იმ ხედვას ეთანხმება, რომელიც გაცხადებულია და საქართველოს მხარდამჭერია.