„საქართველო მრავალფეროვან რეგიონში დემოკრატიის კუნძულია“

„საქართველო მრავალფეროვან რეგიონში დემოკრატიის კუნძულია“

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას სავარადუდოდ, გაზაფხულიდან შეძლებენ, რასაც ხელისუფლებაში 2016 წლის წარმატებულ მოვლენად მიიჩნევენ. მმართველი გუნდი ქვეყნის საგარეო გამოწვევად ისევ რუსეთს ასახელებს, თუმცა მიუთითებს, რომ ქვეყანამ დაადასტურა, რომ ევროკავშირისთვის ღირსეული პარტნიორია.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე for.ge პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძე ესაუბრა:

2016 წელი პოლიტიკურად აქტიური იყო, რადგან ქვეყანამ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. თუმცა, თქვენი მოსაზრებით, გასული წელი სხვა კიდევ რომელი პოლიტიკური მოვლენით იყო გამორჩეული?

- პოლიტიკური თვალსაზრისით, ქვეყანას ყველაზე სერიოზული წარმატება საგარეო მიმართულებით ჰქონდა. რა თქმა უნდა, ამ კუთხით პირველ პლანზე ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა უნდა მივიჩნიოთ, რაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია იმ ვალდებულებებთან და შესაძლებლობებთან, რომელიც ქვეყანას DCFT-დან გამომდინარე გააჩნია. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყნისთვის DCFT მთავარი მექანიზმია. ამ თვალსაზრისით, ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაოზაზე გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს კენჭი უახლოეს მომავალში უნდა უყაროს. ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა რას ნიშნავს?

- ჩვენი ხალხი იმ დიდ შესაძლებლობას სწორად და ადეკვატურად გამოიყენებს, რასაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საშუალება ჰქვია. მგონია, რომ ჩვენი ხალხი ამ შესაძლებლობას იმისთვის გამოიყენებს, რომ ევროპულ გამოცდილებას და ცოდნას კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ, რითაც ქვეყანაში საუკეთესო მაგალითების განხორციელებას შევძლებთ. ამას გარდა, ვიზალიბერალიზაცია ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აუცილებლად შეუწყობს, რისთვისაც საჭირო პროცესებში მოსახლეობის უფრო ფართო ჩართულობაა.

საუბარი იყო იმაზე, რომ მოსალოდნელი საფრთხეები გათვლილია და ქვეყნიდან ხალხის გადინება არ დაიწყება, თუმცა თუ პროცესები საპირისპიროდ განვითარდება, მაშინ .. შეჩერების მექანიზმი იქნება გამოყენებული. მოსახლეობის შესაბამისს ინფორმირებას უზრუნველყოფთ?

- იმედი მაქვს, რომ ჩვენ ეს პრობლემები არ შეგვეხება. გულწრფელად რომ ვთქვა, ე.წ. შეჩერების მექანიზმი იმისთვის არ იყო მოგონილი, რომ ეს საქართველოსთან მიმართებაში ყოფილიყო გამოყენებული. ე.წ. შეჩერების მექანიზმი სხვა ქვეყნებს უფრო ეხებოდა, მაგრამ სტრატეგიული მოთმინება ყველაფერში გამოვიჩინეთ, ევროპელ კოლეგებს მივყევით და მათ ვენდეთ. ზუსტად ვიცოდით, რომ ევროპელი კოლეგების დიდი სურვილი იყო, რომ საქართველოს მიმართ სწორი და ადეკვატური ნაბიჯი გადაედგათ, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში დავადატურეთ, რომ ევროკავშირისთვის ნამდვილად ღირსეული პარტნიორი ქვეყანა ვართ.

გასულ წელს, ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა საქართველოსთვის გამოწვევად ისევ რუსეთი რჩება. ამ მიმართულებით რას ელოდებით?

- საუბედუროდ, რუსეთი ერთ-ერთ გამოწვევად და იმ ქვეყნად რჩება, რომლისგანაც პოტენციურად ყველაზე მეტი საფრთხეა მოსალოდნელი გამომდინარე საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიური და ექსპანსიური იმ პოლიტიკისგან, რომელიც რუსეთში აქტიურ მოხმარებაშია. ამავდროულად, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, სერიოზულ გამოწვევად ის რჩება, რომ ჩვენ ძალიან ცხელი კერების მეზობლად ვცხოვრობთ და საბედნიეროდ, ჩვენთან ასეთი კერები არ არსებობს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მრავალფეროვან რეგიონში უდავოდ დემოკრატიის კუნძულია, რომლის მიმართ ინტერესი და ნდობა სულ უფრო და უფრო იზრდება. უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი და პარტნიორი ხვდება იმას, რომ საქართველო ის ქვეყანაა, ვისთანაც ურთიერთობა აუცილებლი და საჭიროა. ჩვენ ამ ურთიერთობისთვის გახსნილი და მზად ვართ. მთელი ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკა ამას ემსახურება.

გასული წლის განმავლობაში ოპოზიცია გსაყვედურობდათ, რომ რუსეთთან დათბობის პოლიტიკას აწარმოებთ დაენის მოჩლექვითსაუბრობთ. მათ კრიტიკას იღებთ?

- მათ თავიანთი შეფასებები აქვთ, რომელიც რეალობას აცდენილია და უფრო ზედმეტად პოლიტიზირებულია. ნაციონალები რეალობას ადეკვატურად ვერ აფასებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ არ აფასებენ. გული მწყდება, რომ ჩვენი ხელისუფლება მაინც ვერ ეღირსა იმას, რომ სწორი და ქვეყნის ინტერესებზე მიმართული ოპოზიცია ჰყოლოდა, ვისთანაც წარმატებული საპარლამენტო თანამშრომლობა შედგებოდა. ოპონენტებში მიმდინარე ქვე და ღია დინებების მიუხედავად, მათ რიტორიკას შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, რადგან მათი დემაგოგია მიმართულია იმისთვის, რომ საქართველო იყოს არა თავის კუთვნილ ღირსეულ ადგილზე, არამედ გარკვეული ძალებისთვის ერთადერთ ინსტრუმენტად იქცეს იმ მიზნით, რომ რუსეთი მწვავედ გააღიზიანოს, ვის წინაშეც იგივე ხალხი ენის მოჩლექვით საუბრობდა.

2017 წლისგან, რას ელოდებით და მოსახლეობას რის იმედს აძლევთ?

- მომავალი წლისგან ქვეყნის სწრაფ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის საგრძნობრივ მატებას ველოდებით.

რაც შეეხება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობას, რას აპირებთ და რამდენად აქტიურ საქმიანობას გეგმავთ?

- უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემაულეებთან, ემიგრანტებთან ურთიერთობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. ცალკე მიმართულებაა კავკასიის და სამეზობლო საკითხები გვაქვს. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო იმ თანამოქალაქეების წინაშე ვალშია, რომელიც ცუდი ცხოვრების გამო იძულებულები გახდნენ, საკუთარი სამშობლო დაეტოვებინათ და უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნელად გახიზნულიყვნენ. ღირსეული ხელისუფლების ვალდებულებაა, ყველა გზა გამოძებნოს, რომ ჩვენს თანამემეულებთან მუდმივი და გაუმჯობესებული კონტაქტი ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ეს ადამიანები უცხო ქვეყანაში მიღებული გამოცდილების და ცოდნის სამშობლოსთვის მოხმარებას განიზრახავენ, ამას ხელისუფლებამ ხელი განსაკუთრებულად უნდა შეუწყოს.

უნდა აღვნიშნო, რომ უცხოეთში ჩვენი დიასპორა ისევ ჩვენი ქვეყნის კაპიტალია და ბევრი მათგანი გვეამაყება, რომელთაც იმ ქვეყნების განვითარებაში გარკვეული როლი აქვთ. ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი გვყავს, რომელთაც სამშობლოს სახელი საზღვარგარეთ გაიტანეს და დღესაც წარმატებული, ღირსეული საქმიანობით ქვეყანას ძალიან ბევრს უკეთებენ. ქვეყნის მიმართ ამ ადამიანების ინტერესი არასოდეს განელებულა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ინტერესი სწორი მიმართულებით გამოვიყენოთ და ისინი ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში ჩავრთოთ. ამ თვალსაზრისით, ჩვენ სერიოზული ინიციატივები გვაქვს, რაც კანონებში იქნება ასახული და რომლის განხორციელებასაც მიმდინარე წელს ვგეგმავთ.