„გაუმჯობესების ტენდენციაზე მორალურად ვერ ვსაუბრობ, რადგან მთავარია, ადამიანი მაცივარს რომ გააღებს, რა დახვდება“

„გაუმჯობესების ტენდენციაზე მორალურად ვერ ვსაუბრობ, რადგან მთავარია, ადამიანი მაცივარს რომ გააღებს, რა დახვდება“

მთავრობა ქვეყანას უკეთესს წელს ჰპირდება და ყურადღების გამახვილებას ეკონომიკურ პროცესებზე გეგმავს, უმრავლესობის წევრთა ნაწილი კი, მოსახლეობაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს ხედავს და გაუმჯობესებულ ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისგან თავს სწორედ ამის გამო იკავებს.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, for.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკი ესაუბრა:

2016 წელს, საქართველომ ერთის მხრივ, საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა და მეორეს მხრივ, ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, ევროპარლამენტარების მხრიდან მხარდაჭერის პირობა მიიღო, თუმცა თქვენ ქვეყნის წარმატებად კიდევ რას მიიჩნევთ?

- 2016 წელი გამორჩეული ბევრი პროექტით იყო. მათ შორისაა „აწარმოე საქართველოში“. პრაქტიკულად, ქვეყნის სოფლის მეურნეობა გაჩანაგებული იყო, რომელმაც თვალში გამოიხედა. ამ ყველაფრისთვის ერთი წელი საკმარისი არ არის, მაგრამ საგანგებოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გამყარება მგონია. ამას ზოგიერთი პოლიტიკურ კეკლუცობად აფასებს და პროდასავლური კურსი უფრო მეტად პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა, ვიდრე რეალურ თემებზე საუბრის საფუძველი. ჩვენს ხალხს ევროპული ბაზარი სჭირდება, ჩვენს პროდუქტებს - დივერსიფიკაცია, ექსპორტს კი, გაზრდა. ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების კუთხით, ევროპული კურსის გაძლიერება სწორედ რომ მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაცია წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო და მსოფლიო რუკაზე საქართველოს კონტურები ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა, როგორც სატრანზიტო ქვეყნის. სატრანზიტო მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ ტრაილერები მოძრაობენ. ეს დამაკავშირებელია კასპიისა და აზიის რეგიონის დასავლეთთან. აქ საუბარი ენერგორესურსებზეცაა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ენერგეტიკული მსოფლიო ომი დიდი ხანია მიმდინარეობს და ამ ომის ფაზაში ვართ, საზოგადოება იმას მიხვდება, საქართველოს საერთაშორისო ფუნქცია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია. ამ კუთხით ანაკლიის პორტი ყველაზე დიდი პროექტია, რაც დაიწყო. საგანგებო მნიშვნელობისაა ასევე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტიც, რომელიც ქუთაისში უნდა აშენდეს. ეს ორი თემა საქართველოსთვის ბრენდი უნდა გახდეს, რომელიც ეხება განათლებას, როგორც ჰაბს და ქვეყანას, როგორც დამაკავშირებელ ხიდს.

გასული წლის ყველაზე დიდი გამოწვევა ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო, რაც თითოეულ მოქალაქეზე აისახა. პარლამენტმა .. ლარიზაციას მხარი დაუჭირა, რასაც ოპოზიცია აკრიტიკებს და პროგნოზირებს, რომ ეს პროექტი უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემას შექმნის, ვიდრე სიკეთეს მოიტანს. საფრთხეები გათვლილია?

- ლარის კურსის რყევა რომ არა, პოზიტიური პროცესები ყველა მიმართულებით იმდენად თვალსაჩინო იყო, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებების რეაბილიტაციის საკითხი საერთოდ დაგვავიწყდა. უმუშევრობა არსებობს და ეს სერიოზულად გვირტყამს. უმძიმესი მემკვიდრეობა მივიღეთ და ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ცხელი ფაზის შუაგულში ვართ. ამ ვითარებაში ის მივიღეთ, რომ ქვეყანა გადარჩა და განვითარების ტემპს ინარჩუნებს. იმ მინუსებთან შედარებით, სადაც ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები იმყოფებიან, საქართველოს სიტყვა ეთქმის, მაგრამ მთავარია ის, ადამიანი მაცივარს რომ გააღებს, რა დახვდება და რა რესურსი აქვს, რომ ბავშვებო გამოკვებოს. ამ თვალსაზრისით, ცუდი მდგომარეობა გვაქვს.

გაუმჯობესების ტენდენციაზე მორალურად ვერ ვსაუბრობ, თორემ ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი წინ მიდის. სანამ იმ ადამიანების მასა დიდია, რომელთაც უჭირს, პოლიტიკოსებს საშუალება არ გვაქვს წარმატებაზე ვისაუბროთ. საცხოვრებელი ფართი რაც უფრო მეტ დევნილს მივეცით, დარჩენილი მასა მით უფრო გაღიზიანდა, რომ მათ რიგი არ უწევთ. საოკუპაციო ხაზის 16 სოფელში წყალი მივიდა და ქვეყანა წინ მიდის. იცით, გულწრფელობის აღარ მჯერა, რადგან არ მგონია, რომ გოცირიძეს შენიშვნები რაიმე სიკეთისთვის სჭირდება. ამის მიზანი უფრო პანიკის დათესვა და წყლის ამღვრევა მგონია, რომ რაიმე პოლიტიკური დივიდენდი ჰქონდეთ.

პატრიოტთა ალიანსიოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და ვიცე-პრემიერის პოსტების შემოღებას ითხოვს. მათ პოზიციას იზიარებთ?

- იმაში ცუდი არაფერია, რომ ეს თემა ასწიო, მაგრამ ამას კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. საერთაშორისო დამოკიდებულება შესანარჩუნებელი გვაქვს, რომელიც არსებობს. წინააღმდეგი არ ვარ, რომ პოსტი შემოღებული იყოს, მაგრამ სახელმწიფო მინისტრი არსებობს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პროცესებს კოორდინაციას უკეთებს. აუცილებლად გვმართებს, რომ მოლაპარაკებების სფეროში პირდაპირ მოლაპარებებზე გავიდეთ, როგორც ეს კვიპროსში მოხდა და რამაც რეალური შედეგი მოიტანა. მსგავსი პროცესი იყო ჩინეთსა და ტაივანს შორის, რომელთაც ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობა აქვთ მაშინ, როცა პოლიტიკური ურთიერთობება დაძაბულია.

როცა ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, ამ მოვლენას ხომ არ გამოიყენებთ და აფხაზებსა და ოსებს რაიმე წინადადებით ხომ არ მიმართავთ?

- ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასევე კომპონენტებია, კონფლიქტის ზონასთან ახლოს სავაჭრო ცენტრის და სამედიცინო დაწესებულებების აშენება, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ აფხაზეთში მცხოვრებ 50 ათას აფხაზზე და მაქსიმუმ 20 ათას ოსზე ვლაპარაკობთ, რომელიც ცხინვალშია გამოკეტილი. ჩვენ ჩვენს პრობლემებზე ვსაუბრობთ, მაგრამ აფხაზებსა და ოსებს რომ შევხედოთ, ისინი საშინელ დღეში არიან. რუსეთი ქვეყანაა, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გამყარება სჭირდება და მან ამას სააკაშვილის სერიოზული ხელშეწყობით მიაღწია.

საუბარი ერგნეთის ბაზრის აღდგენაზეც იყო. ეს მოსალოდნელია?

- რუხთან როგორი სავაჭრო ცენტრიც გაკეთდა, მსგავსი ცხინვალთან უნდა იყოს, მაგრამ ეს ერთ-ერთი კომპონენტია. საგზაო რუკა უნდა იყოს, რომელსაც მხარს მსოფლიო დაუჭერს. როცა მსოფლიოზე ვსაუბრობთ, კონფლიქტების მოგვარების მთავარი ნაწილი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგანგებო მნიშვნელობა დაპირისპირებული მხარეების პოზიციების დახლოებას აქვს. მათ შორის საქართველოს საკითხებთან მიმართებაში. გახსოვთ, ჩვენ ვთქვით, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების მიზეზი არ უნდა იყოს. დემაგოგმა ნაციონალებმა განაცხადეს, რომ თურმე, ჩვენ გვინდა, რომ საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ ამოვიდეს და საკითხი დაიკარგოს. ასეთ რაღაცას რომ ფიქრობდე, სულელი უნდა იყო. საქართველო ერთ-ერთი სეგმენტია და გამაერთიანებელი საკაციობრიო საქმეებია, რომელიც ტერორიზმს და ისლამურ სახელმწიფოს ეხება. თუ ომი პერმენენტული იქნა, ცხელ ფაზაში გადავა და ცივი ომის სახელს მიიღებს, კონფლიქტების მოგვარებას პერსპექტივა არ აქვს და არა მხოლოდ საქართველოში. საქართველოსთან მიმართებაში ისეთი ფორმულა უნდა შევიმუშაოთ, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე გათვლილი იქნება. სიტყვა კომპრომისი რომ ვახსენო, ამისაც მეშინია, რადგან ვინმე იკითხავს - რა „კომპრომისებს“ გულისხმობო?! კომპრომისი წითელი ხაზების გათვალისწინებით უნდა იყოს.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებკანონპროექტის განხილვას აპირებთ, რომელსაცნაციონალურმა მოძრაობამპროცედურული ომი გამოუცხადა და წინა მოწვევის პარლამენტში თაროზე შემოდეთ. ამ თვალსაზრისით, მოსალოდნელი რისკები გათვლილი გაქვთ?

- ადამიანმა საზღვარი უკანონოდ არ უნდა გადაკვეთოს, მაგრამ მოცემულობაა, რომ კვეთენ. აქედან გამომდინარე, ისეთი სიტუაცია უნდა შექმნა, რომ ეს დაშვებული არ იქნას, მაგრამ ვისაც დე-იურედ მივიჩნევთ, ამ კანონის წინაშე ყველა დამნაშავეა. ანუ, ის ადამიანები, ვინც ბიზნესს აწარმოებენ, ე.წ. საზღვარს კვეთენ თუ ჩვენს მხარეს გადმოდიან.

რაც შეეხება .. სამართლიანობის აღდგენას. „პატრიოტთა ალიანსიგაკრიტიკებთ, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიყვანილი არ არის. მათ პრეტენზიას იზიარებთ?

- ზოგიერთმა ექვსი მილიარდი ლარი დაასახელა, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდესო. ბევრ ადამიანს ქონება დაუბრუნდა და უცხოელს რომ ვეუბნებით, 20 მილიონი ლარის ქონება დაბრუნდათ-თქო, ჰგონიათ, რომ მუშაობა დავასრულეთ და გვილოცავენ. ამ დროს, 20 მილიონის ქონება 43 სუბიექტს დაუბრუნდა, რაც ზღვაში წვეთია, რომელიც არსებობს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ვერც უშვებენ, რომ ამაზე მეტი დარღვევა შეიძლება არსებობდეს, რადგან ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში ქონება სამ ადამიანსაც რომ წაართვა, ეს სკანდალია. ბევრისთვის 43 წარმოუდგენელი ციფრია, ზოგიერთი კი იტყვის, რომ ეს ძალიან ცოტაა. იმ ადამიანებზე ძალიან ვწუხვარ, რომელთაც საკუთარი ქონება გაყიდეს, რომ ოჯახის წევრი გადაერჩინათ. ბანკებს ვახსენებთ, მაგრამ ამ სტრუქტურების ბუნება ისეთი არ არის, რომ ადამიანის ინტერესებზე მორგებული იყოს. ეს ბიზნესი იმისთვის არსებობს, რომ ფული იშოვონ. ამ სისტემაზე დარტყმამ, შეიძლება, სახელმწიფო მთლიანად დაანგრიოს. იმ ადამიანებზე ვწუხვარ, რომლებიც დილით იღვიძებენ და პრობლემები ხვდებათ. არანაირი ხალისი არ მაქვს, რომ რაღაც დიდ წარმატებაზე ვისაუბრო, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა ვითარდება და მუხრუჭები არსებობს, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია.

2017 წლისგან რას ელოდებით?

- განათლების სისტემის რადიკალურ გაუმჯობესებას ველოდები. დიდი იმედი მაქვს, რომ ტექნიკური განათლების ხარისხი ამაღლდება და სამუშაო ადგილებიც შეიქმნება. დაბალხელფასიანი სამუშაო ადგილები არის, მაგრამ ბევრი ადამიანი ამაზე უარს ამბობს, რადგან ურჩევნია დახმარება აიღოს, არაოფიციალურად იმუშაოს და ოჯახში რაღაც შეიტანოს, რაც მესმის. სამუშაო ადგილების რაოდენობა 70 ათასით გაიზარდა, რაც საკმარისი არ არის. ჩემი სულისკვეთებაა, საქართველო უპირველეს ყოვლისა, მაგრამ მთავარი სტაბილურობაა და იმედი მაქვს, სამშვიდობოს გავალთ.