„ირანის პრეზიდენტის ინიციატივა სატრანსპორტო დერეფნის – „სპარსეთის ყურე–შავი ზღვა“ – ამოქმედების შესახებ, საინტერესო და პერსპექტიულია როგორც ირანის, ასევე, სომხეთისა და საქართველოსთვის“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე. ექსპერტი ფიქრობს, რომ 2017 წელი, საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე, საქართველოს არაერთ გამოწვევას თუ შესაძლებლობას სთავაზობს.
for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან დახურილი შეხვედრა გამართა. პირისპირ შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. რას უკავშირდება ქერის მოულოდნელი და ხანმოკლე ვიზიტი, შესაძლებელია ვიზიტის ერთ–ერთი მოტივი იყოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების მიღების თაობაზე „გაზპრომის “ მოთხოვნას დათანხმდა?
ხათუნა ლაგაზიძე: ვიზიტის შინაარსზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ აშკარა უყურადღებობა გამოიჩინა აშშ-ის მოქმედი სახელმწიფო მდივნის მიმართ, როცა მას მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დონეზე შეხვდა. ხელისუფლება, ალბათ, გულში ფიქრობდა, რომ კერი სულ რაღაც ერთ კვირაში თავის პოსტს დაემშვიდობება და მოქმედი და მომავალ პრეზიდენტის ადმინისტრაციები არცთუ სასიამოვნო გამონათქვანებით გამოირჩევიან ერთმანეთის მიმართ. თუმცა, ამ ხანმოკლე ვიზიტის მიმართ ქართული მხარის უყურადღებობდა ნამდვილად თვალსაცემი იყო.
2017 წელი საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე საქართველოს არაერთ გამოწვევას თუ შესაძლებლობას სთავაზობს. წლის დასასრულს ირანის პრეზიდენტმა სომხეთში ვიზიტისას საქართველოსთვის რამდენიმე ყურადსაღები ინფორმაცია გაახმოვანა, რომელიც ჩრდილოეთი–სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანის ამოქმედებას ეხება.
ირანის პრეზიდენტის ინიციატივა სატრანსპორტო დერეფნის – „სპარსეთის ყურე–შავი ზღვა“ – ამოქმედების შესახებ, საინტერესო და პერსპექტიულია როგორც ირანის, ასევე, სომხეთისა და საქართველოსთვის. პროექტი ითვალისწინებს ტვირთის გადაზიდვას ირანიდან ავტოტრანსპორტით სომხეთამდე, იქიდან კი მატარებლებით საქართველოს შავი ზღვი პორტების გავლით ევროპაში. ირანის ინიციატივა ჩრდილოეთ–სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ ითვალისწინებს მეორე განშტოებასაც – აზერბაიჯანის გავლით.
ამ შემთხვევაში საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ საკვანძო ქვეყანა გახდეს?
– საქართველოს აქვს შანსი, ჩვენი ხელისუფლების გონივრული და დაბალნსებული პოლიტიკის შემთხვევაში, ამ განშტოების საკვანძო ქვეყანაც გახდეს, თუმცა ორივე ამ მარშრუტის ამოქმედებას რისკებიც ახლავს. ერთი მხრივ, რუსეთი, რომელიც შეეცდება, რომ ირანიდან მომავალი სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული პროექტები, მისი მონაწილეობით განხორციელდეს. მეორე მხრივ კი, ამერიკა, რომლის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას აპირებს, რამაც შეიძლება ირანის ამბიციური პროექტები გააჩეროს.
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა შეყოვნებულია, როგორ ფიქრობთ, მიზეზი არის რუსეთი, თუ თურქეთში მიმდინარე მოვლენები? ვგულისხობ ტერორისტულ აქტებს...
– სამწუხაროდ, კვლავ შეყოვნდა კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის- ექსპლუატაციაში შესვლა. ამჯერად, მიზეზად თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დროულად დაუსრულებლობა სახელდება. თუმცა, განსხვავებული ვერსიები აქაც ბევრია – დაწყებული იქიდან, რომ თურქეთი, გახშირებული ტერაქტების ფონზე, ვერ უზრუნველყოფს სარკინიგზო გადაზიდვების უსაფრთხოებას, დამთავრებული რუსული ფაქტორით.
საქმე ის გახლავთ, რომ ამ სარკინიგზო კვანძით საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ჩინეთის გლობალური პროექტის - „ახალი აბრეშუმის გზის“ ნაწილი ხდება, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციალს და როლს მნიშვნელოვნად ზრდის. რუსეთს კი ურჩევნია ჩინეთის ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული მარშრუტების შექმნას, საკუთარ ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კვანძები გააძლიეროს.
წლის დასაწყისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლით აღინიშნა, საქართველოში სტუმრად მყოფი კონგრესმენები „რესპუბლიკურ პარტიაში“ დონალდ ტრამპთან ყველაზე მკვეთრად დაპირისპირებულ ფრთას წარმოადგენენ, როგორ ფიქრობთ, რა გზავნილი იყო ამერიკის ახალი პერზიდენტისთვის და რუსეთისთვის კონგრესმენთა ამ ჯგუფის ვიზიტი საქართველოში?
– საქართველოს სტუმრობდა გავლენიან ამერიკელ სენატორთა ჯგუფი, მათ შორის, აშშ–ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელი ჯონ მაკკეინი, რომელმაც ახალი წელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამავალ საოკუპაციო ხაზთან გაატარა. საგულისხმოა, რომ საქართველოში სტუმრად მყოფი კონგრესმენები „რესპუბლიკურ პარტიაში“ ამერიკის ახალი პრეზიდენთან ყველაზე მკვეთრად დაპირისპირებულ ფრთას წარმოადგენენ.
საახალწლო ვიზიტიც მათ, სწორედ, იმ ქვეყნებში განახორციელეს, რომელთა საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება რუსეთს ყველაზე მეტად სურს და რასაც, შესაძლოა, ტრამპი არც შეეწინააღმდეგოს. ამ ქვეყანათა რიგებში საქართველო, უკრაინა და მოლდოვაც ყვებიან. ამ ვიზიტით კი მაკკეინმა და მისმა კოლეგებმა, ერთგვარი წითელი ხაზი გაავლეს ტრამპთან, რომლის გადაკვეთის უფლებასაც მას არ მისცემენ.
შეიძლება ითქვას, რომ ტრამპსა და გავლენიან რესპუბლიკელ სენატორებს შორის სიმბოლური ფრონტის ხაზი საქართველოზეც გადის?
– რა თქმა უნდა. ამ პირობებში, საქართველოს დიპლომატია სერიოზული გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არც ძველი მეგობარი გაანაწყენოს და არც ახალი ადმინისტრაცია მოიკიდოს მტრად. სწორედ ჯონ მაკკეინის სახელს დაუკავშირდა ახლახანს ტრამპის გარშემო აგორებული ყველაზე დიდი სკანდალი, რამაც ახალი პრეზიდენტი მწყობრიდან გამოიყვანა.
დეკემბერში მაკკეინმა ფედერალური გამოძიების ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთს აქვს მაკომპრომეტირებელი მასალები დონალდ ტრამპზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ტრამპით მანიპულირება. თუმცა, მანამდე ზაფხულში, წინასაარჩევნო კამპანიისას აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ თავად მიმართა თხოვნით სასამართლოს ნება დაერთო საგამოძიებო მოქმედების წარმოებაზე ტრამპის გუნდის 4 წევრის მიმართ, რუსეთთან მათი კავშირების დადგენის მიზნით.
რამდენიმე დღის წინ, ეს საიდუმლო ინფორმაცია, რომელზეც წვდომა სულ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა, ამერიკის მედიაში მოხვდა...
– ამ ფონზე ამერიკის ახალ პრეზიდენტსა და აშშ-ის სადაზვერვო თანამეგობრობას შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ტრამპი ირიბად ხელს იშვერს ამერიკის სპეცსამსახურებისკენ, რომ სწორედ მათგან გაჟონა, შეგნებულად, ამ ინფორმაციამ. თავის მხრივ, ცენტრალური სადაზვერვო სამმმართველოს უფროსმა ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ვერ აცნობიერებს ამერიკული სპცსამსახურების მნიშვნელობას და ამის გათვალისწინებით ის ამერიკას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.
ბოლო დროს, აშშ-ის პოლიტიკური ელიტის თუ სპეცსამსახურების მაღალი თუ უმაღლესი წარმომადგენლების გამოსვლებში სულ უფრო ხშირად ისმის ისტერიული ნოტები. მაგალითად, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ბარაქ ობამას რეპლიკაც კმარა, რომ ამერიკელი „რესპუბლიკელები“ რუსებს უფრო ენდობიან, ვიდრე საკუთარ „დემოკრატებსო“.
უფრო მეტიც, ის აპოკალიპტური საინფორმაციო ფონი, რომლითაც ამერიკული მედია და პოლიტიკური სპექტრი, ამერიკის არჩევნებზე და ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე რუსეთის გავლენას აშუქებს, სულ უფრო ემსგავსება 2001 წლის 9 სექტემბრის შემდეგ ამერიკის დამოკიდებულებას ისლამური საფრთხის მიმართ. ასეთი სრული პანიკა და განიარაღება რუსული საფრთხის წინაშე, რომელსაც დღეს აშშ-ის სპეცსამსახურები, მედია თუ პოლიტელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟღავნებს, არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება.
რა შეიძლება იყოს ამის რეალური მიზანი?
– ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც განსაზღვრავს მსოფლიოს მომავალს, სულ მცირე, უახლოესი წლების განმავლობაში. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ამ გზით აშშ-ის სპეცსამსახურები რუსეთის წინააღმდეგ საღვთო ომის იდეისთვის ამზადებენ მსოფლიოს; აშშ-ის სადაზვერვო თანამეგობრობა ტრამპთან ბრძოლაში პოზიციებს იმაგრებს თუ მართლაც ასეთი გარდაუვალია რუსეთის გავლენა მსოფლიოს ზესახელმწიფოზე?!
აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი რექს ტილერსონი რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რუსეთი დღეს საფრთხეს წარმოადგენს. ამავე დროს, მან ბარაკ ობამას ადმინისტრაცია რუსეთის ქმედებებზე სუსტ რეაგირებაში დაადანაშაულა. თავისთავად საინტერესო სურათი იქმნება, ტრამპისგან განსხვავებით, ტილერსონი რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, როგორ შეიძლება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ამერიკის პოლიტიკა რუსეთის მიმართ?
- ვერ ვიტყოდი, რომ ტრამპსა და სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე წინააღმდეგობებია. უბრალოდ, ტილერსონი საგანგებოდ ემზადებოდა საგარეო საქმეთა კომიტეტში მოსმენისთვის, რომლის ბევრი წევრიც იმთავითვე კრიტიკულად იყო განწყობილი მისი კანდიდატურის მიმართ, რუსეთთან მრავალწლიანი კავშირების და მრავალმილიარდიანი ინტერესების გამო. ამიტომაც, ბუნებრივია, ტილერსონი შეეცადა მის მიმართ არსებული კითხვის ნიშნების და ეჭვების გაფანტვას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიმართ მკაცრი, მე ვიტყოდი რეალისტური შეფასებები, მან, ძირითადად, დასმულ კითხვებზე პასუხებისას გააკეთა. თავად ის დიდად არ გამოირჩეოდა რუსეთთან კონფრონტაციული რიტორიკით.
იგივე ტილერსონი აცხადებს, რომ თუ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა დამტკიცდა, მაშინ რუსეთი უფრო ეფექტურ პასუხს მიიღებს, ვიდრე სანქციებია...
- ეს პოზიციაც კითხვაში გაჟღერდა და ტილერსონი უბრალოდ დაეთანხმა კითხვის ავტორის პათოსს. თუმცა, ტრამპისგან, მისი უაღრესად ხისტი ბუნებიდან გამომდინარე, თანაბრად არის მოსალოდნელი როგორც რუსეთის მიმართ დათბობის პოლიტიკა, ასევე, ყველა მის წინამორბედზე უფრო მკაცრი და ძალისმიერი პოლიტიკის გატარება. აკი აქვს კიდეც წინსააარჩვენოდ თავისი ერთ-ერთი გამოსვლისას ნათქვამი: რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მხოლოდ ძალის პოლიტიკიდან არის შესაძლებელიო. ფაქტი ერთია, მისი უშუალო წინამორბედის უსაგნო, გაუბედავი, ხშირად დამთმობი პოლიტიკის და უხერხემლო ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, ტრამპის სახით მსოფლიომ ამერიკელი პოლიტიკური მაჩო შეიძინა, რომელიც მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს მტერსაც და მოყვარესაც.