„ზოგიერთი ცხვრის ტყავშია გადაცმული და თავი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად მოაქვს“

„ზოგიერთი ცხვრის ტყავშია გადაცმული და თავი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად მოაქვს“

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და „ქართული ოცნების“ ზოგიერთ წევრს კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში ადანაშაულებს. დეპუტატი მმართველი გუნდის ამ წევრების ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს, მაგრამ თანაგუნდელებთან ვითარების გარკვევას და მათგან პასუხების მიღებას გეგმავს.

თუ რა ხდებოდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებზე, ამის გარკვევის მიზნით, for.ge შოთა ხაბარელს ესაუბრა:

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებზე ისაუბრეთ და აღნიშნეთ, რომ იქ უფრო მეტი ნაციონალი ნახეთ, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე. თქვენ ასევე უკმაყოფილება საკუთარი გუნდის რიგი წევრების მიმართ გამოთქვით და თქვით, რომ რაღაც საკითხები იყო, რომლის თაობაზეც, მსჯელობა გუნდის შიგნით უნდა გაიმართოს და ყველას თავისი სახელი დაერქვას. რას გულისხმობდით?

- კომიტეტში არჩევნები ყველანაირი წესის დაცვით ჩატარდა და ექსცესებს ადგილი არც ერთი მხრიდან არ ჰქონდა. ანუ, ისეთი რაღაც არ მომხდარა, რაც არჩევნებს ხელს შეუშლიდა. ჩემდა გასაკვირად, წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი ადამიანების აქტივობა ვნახე, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრებად მოიაზრებიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენი გუნდის წევრები არასოდეს არ ყოფილან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ცხვრის ტყავში გადაცმულები არიან და თავი გუნდის წევრებად მოაქვთ. ისეთი ადამიანები არსებობენ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ნაციონალებთან კარგ ურთიერთობაში და ტანდემში იყვნენ, ფულსაც აკეთებდნენ და ჩვენ ქვებს გვესროდნენ. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ლერი ხაბელოვის წინააღმდეგ დიდი აქტივობით გამოირჩეოდნენ.

ეს აქტივობა, რაში გამოიხატებოდა?

- აქტივობა ირაკლი მეძმაირიაშვილის მხარდაჭერაში გამოიხატებოდა. გამოხატვის უფლება ყველა ადამიანს აქვს და ეს დემოკრატიის მაღალი დონეა, მაგრამ ეს გუნდურობის თვალსაზრისით გუნდს აზიანებს.

შეგიძლიათ გვითხრათ, ეს ადამიანები ვინ არიან?

- ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ამ საკითხზე პასუხებს აუცილებლად მოვითხოვ, რადგან ეს მომავალშიც არ უნდა გაგრძელდეს. იმ კურსით უნდა ვიაროთ, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. თუ ისეთი ვინმე არსებობს, ვინც კურსის საწინააღმდეგოდ მიდის, ეს გამოვლენილი უნდა იყოს.

თქვენ მოწინააღმდეგეთა პოზიციას აპროტესტებთ, მაგრამ ალბათ, დემოკრატიულობის ჩარჩოში ისიც ჯდება, რომ გუნდის წევრებს სიმპატიები უფრო სხვის მიმართ ჰქონდეთ, ვიდრე საკუთარი გუნდის კანდიდატის მიმართ...

- არ უარვყობ, რომ აზრის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს. თუმცა, თუ იმ წარმატებებს გადავხედავთ, რაც ოთხი წლის განმავლობაში იყო, მათგან ვერანაირ არგუმენტს ვერ მივიღებ. თუ რაიმე კარგად არ მიმდინარეობს, შეუძლიათ, ეს ხმამაღლა დააფიქსირონ. შეუძლიათ თქვან, კონკრეტულ საკითხში არ ვეთანხმებით და მოიკოჭლებენო. ისეთი ფედერაციები ვიცი, სადაც აღმასკომის სხდომები ჩაატარეს და ლერი ხაბელოვის მიმართ მხარდამჭერი პოზიციები დააფიქსირეს. ამ ფედერაციებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ ოლიმპიური კომიტეტის მუშაობა წარმატებული იყო და მათი მხარდაჭერაც განპირობებული ამით იყო. შეიძლება ისეთი ფედერაციები იყო, სადაც ეს აზრი არ დაფიქსირდა. მთავარია ის, ოლიმპიურმა კომიტეტმა რა შედეგი დადო და წინ რას ველოდებით. ასევე მნიშვნელოვანია ის, ხაზი მოწინააღმდეგის ბეგრაუნდსაც გავუსვათ და ვისაუბროთ, ქართული სპორტისთვის რა გაუკეთებია და როგორი იყო. მეძმარიაშვილს კარგად ვიცნობ და მას ჩრდილს არ ვაყენებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ლერი ხაბელოვი მასზე ოცი თავით წინ იყო.

ლერი ხაბელოვმა მეძმარიაშვილს რამდენი ხმის უპირატესობით აჯობა?

- 21 ხმით მეტი მივიღეთ, მაგრამ მან რომ 57 ხმა აიღო, საგანგაშოა. 57 ადამიანმა არჩევანი უფრო მეტად მეგობრული დამოკიდებულებით, ზარებითა და სხვადასხვა ჩართულობით გააკეთეს. ისეთი ადამიანი ვიცი, რომელსაც 15 სხვადასხვა პირი ურეკავდა, რომ მხარი მეძმარიაშვილისთვის დაეჭირა და ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანები ამ თვალსაზრისით მუშაობენ და არა სპორტის განვითარების კუთხით.

ალბათ, ლერი ხაბელოვის მიმართ მხარდაჭერა ვიღაცამ მეგობრობის ნიშნითაც გააკეთა...

- პირველ რიგში, საქმე გვჭირდება და ამას შეიძლება მეგობრობაც დაერთოს.

თქვენ ლერი ხაბელოვის მოწინააღმდეგე თანაგუნდელების ვინაობას არ ასახელებთ, მაგრამ როცა მათ გუნდისთვის მიუღებელ მოქმედებებს ამჩნევდით, მათ რატომ არ დაუკავშირდით და ვითარების გარკვევა არ სცადეთ?

- ეს შეგნებულად არ გავაკეთე და ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. ეს არ უნდა გამეკეთებინა, რადგან საუბარი იქნებოდა იმაზე, რომ ჩარევები ხდება, რადგან პარლამენტის წევრიც ვარ და ლერის მეგობარიც, რასაც არ ვმალავ. ალბათ, ისე მოიაზრებოდა, რომ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი ამა თუ იმ კანდიდატს აგიტაციას ვუწევდი და ამიტომ, ეს განცხადებები არ გავაკეთე. ჩავთვალე, რომ საზოგადოებისთვის უკეთესი იქნებოდა, ენახა, რა ხდებოდა. სწორად მიმაჩნია, რომ ეს განცხადება ახლა გავაკეთე და არა მაშინ.

მმართველმა გუნდმა ლერი ხაბელოვი წინაპირობის წინაშე დააყენა და მას ან სპორტის კომიტეტის ან ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა მოსთხოვა. თქვენი გუნდის ზოგიერთი წევრის დამოკიდებულებაც, ამ ხაზის გაგრძელება ხომ არ არის?

- მიდგომას ვამართლებ, რომ ლერისთვის ორივე მიმართულებით მუშაობა ძნელი იქნებოდა.

თუმცა, მას ორივე მიმართულებით ნამუშავარი ჰქონდა და თუ ამ სამუშაოს თავს ოთხი წლის განმავლობაში ართმევდა, ახლა რა შეიცვალა?

- ჩვენი კომიტეტი აქტიური იყო როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და ისეთი კანონპროექტი მივიღეთ, რომელმაც ფედერაციების ხელმძღვანელების არჩევის პროცესი დაარეგულირა, რაც ყველაზე რთული პროცესი იყო. ჭიდაობის ფედერაცია დაპირისპირებისა და კონფლიქტის არსებობით გამოირჩეოდა, სადაც ეს პრობლემა გადაიჭრა და არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ეს პირადად ლერის და ჩვენი კომიტეტის დამსახურება იყო. სპორტული აქტივობა „მთის შესახებ“ კანონში შევიტანეთ, რაც ჩემი ინციატივა იყო. ლერის ულტიმატუმი კი არ დაუყენეს, უფრო უკეთესი გადაწყვეტილება მიიღეს.

თქვენმა კომიტეტმა სპორტის მინისტრის პოსტიდან ლევან ყიფიანი გადააყენა და წინა მოწვევის პარლამენტში ერთადერთი კომიტეტი იყავით, რომელმაც მინისტრის მიმართ უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა. მერვე მოწვევის უწყებაში, სხვა დეპუტატებთან შედარებით, თქვენი დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო მაღალი იყო და ახლა გუნდის ზოგიერთი წევრი თქვენს განეიტარალებას ხომ არ ცდილობს?

- თუ ვხედავთ, რომ შიგნით რაღაც არასწორად ხდება, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. დავინახეთ, რომ რაღაც კარგად არ კეთდებოდა და ეს გავაკეთეთ. ამით კარგის მეტი არაფერი არ გაგვიკეთებია. ჩვენი განეიტრალების მცდელობას ვერ ვხედავ, მაგრამ ლერისთვისაც უკეთესი იყო, რომ ერთი მიმართულებით იმუშაოს. ლერის რაც წარმატება ჰქონდა, კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება.