მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საქმიანობა დაახლოებით სამი თვეა დაიწყო და ახალი დეპუტატები საკანონმდებლო რეგულაციების ათვისებას ცდილობენ. იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლია, უმრავლესობა ირწმუნება, რომ თუ საგნობრივი კრიტიკა იქნება, გუნდურობის მიუხედავად, მმართველი გუნდი კრიტიკული აზრის პირველი გამხმოვანებელი იქნება და ერთ ხმაში არ ილაპარაკებს. ანუ, ისე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობა საუბრობდა.
თუ რამდენად შედეგიანი იქნება „ქართული ოცნების“ ახალი საპარლამენტო გუნდის საქმიანობა, ამას მომავალი ოთხი წელი აჩვენებს, მანამდე კი, for.ge მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ესაუბრა:
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ 2016 წელი წარმატებული წელი იყო და უკეთესი 2017 წელი იქნება. თქვენც მსგავსი მოლოდინი გაქვთ? პოლიტიკური თვალსაზრისით, გასულ წელს რით გამოარჩევთ?
- ქვეყანას ძალიან ბევრი გამოწვევა და წარმატება ჰქონდა. გასული წელი საარჩევნო წელი იყო, რომელიც გარკვეული თავისებურებით ყოველთვის ხასიათდება, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ამას გარდა, ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენა ვიზალიბერალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომელსაც შეიძლება ახლა ისე კარგად ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ასეთ მოვლენებს მერე უფრო ვაფასებთ. ასეთი ქმედითი ნაბიჯებით ახალი ისტორია ნამდვილად დაიწერა, რადგან ევროპასთან უფრო ახლოს ვდგავართ, ვიდრე ოდესმე ვიყავით. იცით, რომ ჩვენი მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ივლიან, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღას ჩავთვლიდი. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ სასამართლოში ხარვეზები ამით ამოიწურება, თუმცა დღეს მოქმედ სასამართლოს გასული წლების სასამართლოს არც შევადარებ, რადგან პროცესი დინამიკაში ძალიან გაუმჯობესებულია და აბსოლუტურად განსხვავებული სასამართლო მივიღეთ როგორც მუშაობის, ასევე დემოკრატიის თვალსაზრისით. იქედან გამომდინარე, რომ განვითარებას ყველა ინსტიტუტი საჭიროებს, ვფიქრობ, რომ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე დაკვირვება მოხდება. ყურადღებას ელექტრონულ სისტემასა და მოსამართლეთა გამწესების წესზე გავამახვილებ და გეტყვით, 2017 წელი საპილოტე წელი იქნება. საქმეების ელექტრონულ განაწილებასთან დაკავშირებით, რუსთავის რაიონულ სასამართლოში საპილოტე პროგრამა იქნება და 2017 წლის ბოლომდე საპილოტე სისტემები მთლიანად ამოიწურება, რითაც საშუალება გვექნება მთლიანად ამ სისტემაზე გადავიდეთ, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ამ ყველაფერს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიესალმებიან და ვენეციის კომისიის დასკვნაც ამაზე მიუთითებდა. ასევე გვახსოვს, რომ ვენეციის კომისია მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადებზეც მიუთითებდა და ესეც გავითვალსწინეთ. ამას გარდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსი პრაქტიკულად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სტატუსს გავუთანაბრეთ. სხვა მრავალი ქვე საკითხია, რაც ამ ინსტიტუტის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს.
იმის მიუხედავად, რომ დღეს მოქმედი სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობის დროს არსებული სისტემისგან მკვეთრად განსხვავდება, ოპოზიციას მაინც პრეტენზია აქვს, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან სრულად გათავისუფლებული არ არის. ხელისუფლებას პოლიტიკური ნება აქვს იმისა, რომ სასამართლო განვითარდეს და ნებისმიერი სახის ზეგავლენისგან თავისუფალი იყოს?
- ამ რეფორმის გულწრფელი შინაარსი იმდენად ნათელია, რომ პრაქტიკულად, საწინააღმდეგო აზრი არ გამოთქმულა და თუ გამოითქვა, მხოლოდ ჩვენი გუნდიდან იყო. საკომიტეტო განხილვების ფორმატში იმდენად მყარი არგუმენტები იქნა წარდგენილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან კრიტიკულები და მეტწილად, პოპულისტური გამონათქვამების ავტორები არიან, პრეტენზიები არ გამოუთქვამთ და ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. საკამათოც კი არაფერია, იმდენად სწორი და სამრთლებრივი პოლიტიკის ამსახველი რეგულაციები მოვამზადეთ. ვფიქრობთ, რომ ე.წ. მესამე ტალღა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. შეგვიძლია, სასამართლო რეფორმის ეს ტალღა საკონსტიტუციო ცვლილებებს შევადაროთ, რომლის მომზადებაც დაანონსებულია. აქ საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომ კარგმა მენეჯერმა ბალანსის და დემოკრატიის საკითხი მხოლოდ თავად არ გადაწყვიტოს. ეს თემები ინსტიტუტებმა უნდა გადაწყვიტონ და ასევეა სასამართლოშიც. ეს სისტემა ღია და გახსნილი რომ არის, ეს ხელისუფლების ნებაა და სასამართლოს გამართული მუშაობა პერსონებზე დამოკიდებული რომ არ იყოს, ამისთვის სწორი ცვლილებები უნდა მომზადდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების მიზანიც ესაა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ ბალანსს კარგად ადგენს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ბალანსი ვინმეს კარგ ადამიანობაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს და ეს ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან. ანუ, ეს ბალანსი საქართველოს კონსტიტუციამ უნდა დაადგინოს. სვლა ამ მიმართულებით მიდის როგორც სასამართლოში, ასევე საკონსტიტუციო კომისიაში.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნილია, შემადგენლობა განსაზღვრულია. ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველ გუნდს პოლიტიკური ცდუნება ეტყობა იმისა, რომ რაღაცეები თავის თავზე მოირგოს. იმის პასუხისმგებლობას იღებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანას დაბალანსებული კონსტიტუცია ექნება?
- მიმაჩნია, რომ შეფასება რიტორიკულია. საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას პოლიტიკური ცდუნება ეტყობა, დემაგოგიაა და ამის თქმის საფუძველი არავის გააჩნია. ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გაახმოვანა და თქვა, რომ ისეთი ცვლილების განხორციელებაზე უარს ვიტყვით, რომელსაც ვენეციის კომისია არ დაეთანხმება. ეს ისტორიული პოზიციაა, რაც მომავალში დემოკრატიის ხარისხს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს. წინასწარ იმის დაანონსება ხვალ რა იქნება, არასწორია. ნებისმიერ ნორმასთან დაკავშირებით, ნებისმიერ ჩვენთაგანს საკუთარი აზრი გააჩნია, მაგრამ ამის თაობაზე კომისიის ფარგლებში ჯანსაღად ვიმსჯელებთ და ვიკამათებთ. ჩვენ ისეთი კონსტიტუცია გვექნება, რომელიც ყოველ წელს არ გადაიხედება და იმ ბალანსის დაცვას უზრუნველყოფს, რაც დემოკრატიას განავითარებს.
საკონსტიტუციო კომისიის მიღმაა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც იმის გამო, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ გახდა, პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი საკუთარი ინტერესებიდან მოქმედებს თუ ქვეყნის?
- ჩემი მხრიდან იმის თქმა სწორი არ იქნება, პრეზიდენტი პირადი ინტერესიდან გამოვიდა თუ არა. კომისიის ლეგიტიმაციას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ კარგი არ არის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს. ამ საკითხს სახელმწიფოებრივად თუ მივუდგებით, ალბათ, მათ მორალური ვალდებულებაც კი გააჩნიათ, რომ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ. როცა კომისიის თავმჯდომარეობაზეა საუბარი, პრეზიდენტი ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ვერ იქნებოდა, რადგან გარკვეული სიმბოლიზმი არსებობს, რაც მოცემული დღევანდელი კონსტიტუციით გვაქვს და ქვეყანაში ის პირველი პირია. ამიტომ იურიდიული ლოგიკით, პირველი პირი პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო და თანათავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო, რაც იურიდიული ნონსენსი გამოდიოდა, რადგან საკონსტიტუციო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების უფლება საპარლამენტო უმრავლესობას აქვს. შესაბამისად, ერთ-ერთი, რიგითი თანათავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე ვერ იქნებოდა. ანუ, იურიდიულად ყველაფერი სწორად დალაგებული რომ ყოფილიყო, კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის თავჯდომარე უნდა ყოფილიყო და კომისია საპარლამენტო ფორმატში, პარლამენტის წიაღიდან უნდა შექმნილიყო. ერთადერთი სწორი, იურიდიული გადაწყვეტილება ის იყო, რაც მიღებული იქნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ორი კვოტა გამოეყო და მას უფლება ჰქონდა, პროცესებში სრულყოფილად ჩართული ყოფილიყო. გარდა ამისა, კომისიის წევრად წარდგენილია უშიშროების საბჭოს მდივანი.
რომელმაც კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამას პროცესის ბოიკოტად არ თვლით?
- მოხარული ვიქნებით, თუ ამ პროცესში ჩაერთვებიან და ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ. ეს კომისიისთვის პოზიტივი იქნება, მაგრამ ამას ლეგიტიმაციაზე არანაირი გავლენა არ აქვს.
როგორც ცნობილია, კომისიის საქმიანობის ფარგლებში განხილული იქნება პრეზიდენტის არჩევის წესი. თქვენ როგორც იურისტი, მხარს რომელ მოდელს უჭერთ?
- პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს მხოლოდ იმიტომ ვიკავებ, რომ ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და ჩემმა პოზიციამ შესაძლოა ფრაქციის ის წევრები შეზღუდოს, რომლებიც კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ, თუმცა კონკრეტული პოზიცია გამაჩნია, რომელსაც კომისიის ფორმატში დავაფიქსირებ. საუბარი პერსონებზე არ არის. სხვათა შორის, ვახტანგ ხმალაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ პერსონები და სახელ-გვარები უნდა დავივიწყოთ და კონსტიტუცია ისე უნდა შევქნათ, რაც სწორი პოზიციაა. რა გვინდა, ჩვენ - წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა? მაშინ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას უნდა გადავხედოთ და გადაწყვეტილებები ისე უნდა მივიღოთ. აქედან გამომდინარე, ახალი, ქართული ველოსიპედი არ უნდა გამოვიგონოთ. სადაც საძირკველი იდგმება, შენობაც იქაა. ცალკე საძირკველი და ცალკე შენობა არ არსებობს.
რაც შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას, მომავალ წელს, უმრავლესობა მთავრობის მიმართ რამდენად კრიტიკული და მომთხოვნი იქნება?
- თუ საგნობრივი კრიტიკა იქნება, გუნდურობის მიუხედავად, კრიტიკული აზრის პირველი გამხმოვანებლები ჩვენ ვიქნებით და ერთ ხმაში არ ვილაპარაკებთ, რაც ქვეყნის განვითარებას წაადგება. ბუნებრივია, ეს კრიტიკა ქვეყნის სწრაფ განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ზოგიერთი ადამიანი მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას ხისტად აფასებს, მაგრამ ეს საუკეთესო ამოსავალია რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საპარლამენტო კონტროლი უნდა იყოს და ამ სფეროს გაძლიერებას ვგეგმავთ.