დოლართან მიმართებაში ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, თუმცა მცირედით. მთავრობა გამოცხადებული ეკონომიკური პოლიტიკის კვალდაკვალ ლარის გამყარებას პროგნოზირებს და 2017 წელს იმედის თვალით შეჰყურებს.
ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, for.ge პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას ესაუბრა:
პარლამენტმა ე.წ. ლარიზაციის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებების თავდაპირველი ვერსია ქვეყნისთვის დამღუპველი იყო, რის გამოც, მთავრობამ პროექტში კორექტირებები განახორციელა. ვინაიდან, მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ რისკები და მოსალოდნელი საფრთხეები გათვლილია, შეგიძლიათ გვითხრათ, რა სიკეთეს უნდა ელოდოს საზოგადოება?
- უკვე პროგრესია, ოპოზიციის აღიარება, რომ მთავრობის რაღაც ჩარევა პოზიტიური იყო. ამ თვალსაზრისით, უკვე წინ ვართ. თუკი მიზანი გვაქვს, რომ ლარისადმი ნდობა უნდა გამყარდეს, მაშინ ის ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომელიც შესაძლოა, თავიდან ყველასთვის უმტკივნეულო არ იყოს, მაგრამ ეს ნაბიჯები გადასადგმელია და ამ პროცესს ლარის მიმართ ნდობის აღდგენის პროცესს ვეძახით, რომელიც თავის შედეგს გამოიღებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიზანს მხოლოდ ასე ვაღწევთ. ლარისადმი ნდობას ეკონომიკური თემები უნდა წამოეწიოს და როცა მას ეკონომიკური პროცესი წამოეწევა, უკვე ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ეს პირველი ნაბიჯი იყო, სხვა დანარჩენი ნაბიჯი ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართული იქნება. ლარს აზრი მხოლოდ ჯანსაღ ეკონომიკაში აქვს.
ყურადღება ერთ რამეს უნდა მივაქციოთ. ეკონომიკას რა ქმნის? - დანაზოგი და დოვლათი. სამწუხაროდ, ქვეყანაში დანაზოგს ვერ ვქმნიდით, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მომსახურებაა დოლარში. მთავრობა ხშირად ახსენებდა სიტყვას - განკარგვადი დანაზოგები, რომელიც შეიძლება დიდი არ იყოს, მაგრამ თუკი ადამიანებს დანაზოგი არ აქვთ, ისინი ვერც ინვრსტიციებს ახორციელებენ და ვერც ფული შეაქვთ ბანკში. ყველაფერი ერთამანეთზე გადაბმული პროცესია და სვლაც ამ მიმართულებით არის.
მთავრობამ ორთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები განახორციელა და პარლამენტმა ე.წ. ლარიზაცია გამოაცხადა. ყველა ეს ინიციატივა მოკლევადიან პერიოდზეა გათვლილი?
- ეკონომიკა დოვლათის განაწილება და დაგროვებაა. სამწუხაროდ, სოციალური ფონის გამო, ხშირად დოვლათის განაწილებაზე ვმსჯელობთ და არა დოვლათის დაგროვებაზე. დოვლათის სწრაფი დაგროვება თავისთავად გარკვეული მორატორიუმის დაწესებას თუ არა, პაუზის გაკეთებას მაინც ნიშნავს იმ სხვა ვალდებულებების მიმართ, რომელიც შეიძლება გვქონდეს. პრინციპში, „ქართული ოცნების“ მოდელი შერეულია და განვითრების ორი ტიპი არსებობს. კერძოდ, როცა გათვლას იმაზე აკეთებ, ვინც ფულს გამოიმუშავებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მეორე მხარე უნდა დაგელოდოს და ეს დალოდება რამდენად მტკივნეულია, ეს მეორე თემაა. ჩვენი მოდელი გულისხმობს იმას, რომ ყველანი ერთად განვვითარდეთ და შესაბამისად - სწრაფად. სწრაფი განვითარების კლასიკური მიმდინარეობა იქნებოდა სოციალური ხარჯების რადიკალური შემცირება და მთელი რესურსების ეკონომიკაში ჩაბრუნება, რაც სამ წელიწადში სხვა ეფექტს მოგვცემდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ერთხელ სცადა. მაგრამ სამწუხაროდ, მათ შორის იყვნენ პათოლოგიური აზროვნების ადამიანებიც, რომელთა გამოც, რეფორმები საზოგადოებისათვის მიუღებელი ფორმებით ხორციელდებოდა.როცა ასეთი ტიპის რეფორმაზე მიდიხარ, საზოგადოების მხრიდან სულ მცირე თანადგომის და გააზრების გრძნობა უნდა გქონდეს, რომ ეს ნაბიჯები შენი სიკეთისთვის იდგმება. ზოგიერთი რეფორმა იმიტომ არ ხორციელდება, რომ მას დაზარალებული მხარე ჰყავს. თუკი დაზარალებული მხარე დიდი დოზისაა, მაშინ რეფორმა წინ ვერ მიდის და იჭედება. ჩვენ დასაჭერი ეს ბალანსი გვაქვს. ეკონომიკური „გენიოსების“ ხედვები მესმის იმის თაობაზე, ეს ნაბიჯები სწრაფი თუ რატომ ვერ იქნება, მაგრამ ადამიანების განათლების დონეს ვითვალისწინებ. ჩვენი დევიზია, მოდით, ყველანი ერთად წავიდეთ.
საუბარია იმაზე, რომ მთავრობის ახალი ეკონომიკური ხედვა ძირითადად საშუალო ფენას შეეხება და მათ ცხოვრებას გაუძვირებს. მსგავსი მოლოდინი თქვენც გაქვთ?
- რადიკალურ პასუხს ვერ გეტყვით. როცა ე.წ. ესტონური მოდელი იგეგმებოდა, იქ ის იგულისხმებოდა, რომ ეკონომიკის განვითარება დამატებითი წნეხის გარეშე გაგრძელებულიყო, მაგრამ ცუდია, რომ ამ პროცესს საგარეო ფაქტორები დაემთხვა. ოპოზიცია გვაკრიტიკებს და იძახის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთო. ინვესტიცია რა არის? - შენი ხალხი საკუთარ დანაზოგს ვერ ქმნის და სხვა ქვეყანაში გაკეთებულმა დანაზოგებმა ინვესტიცია უნდა მოიტანოს, მაგრამ ამ დანაზოგებს კონკურენციას სხვა ქვეყნებიც ხომ უწევენ? როცა ჩვენს ირგვლივ ასეთი ფონია, მიმზიდველობა უნდა იყოს და ვინმეს ქვეყანაში ინვესტიციას ძალით ხომ არ ჩაადებინებ? კრიტიკაზე მარტვი არაფერია, მაგრამ ერთმანეთს ბევრი საგარეო ფაქტორი დაემთხვა. ნახეთ, საქართველოდან ახლო აღმოსავლეთი რამდენ კილომეტრშია და ეს ინვესტორისთვის უფრო მეტი რისკია. რუსეთი დავაბალანსეთ, მაგრამ ეს თემა შემოვიდა. ამ ყველაფერმა ეკონომიკურ განვითარებას შესაბამისი ტემპები ვერ მისცა და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმამდე მივედით. თავისუფლების აქტის გამო დღგ-ს ვერ ვეხებით და ეს რომ არ იყოს, შესაძლოა, დღგ-ს ნაწილში ორ პროცენტიან ზრდას და ხარჯების უფრო მეტ შემცირებას ერთმანეთი დაებალანსებინა. როცა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე საუბრობენ, ამ თვალსაზრისით მტკივნეულ ნაბიჯებს გადავდგამდით და შედეგს ვერ მივაღწევდით.
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ადმინისტრაციული ხარჯების 3,4 პროცენტით შემცირება უფრო ოპტიმალური იყო, ვიდრე ათი პროცენტით, რასაც ოპოზიცია გირჩევდათ?
- თუ დღგ-ს ორი პროცენტით ზრდის შესაძლებლობა იქნებოდა, შეიძლებოდა, სხვაობა შევსებულიყო. ეს ყველაფერი ერთი მხრივ, ბიუჯეტის დეფიციტიდან და მეორე მხრივ, სავალუტო ფონდისა და ჩვენი ურთიერთობებიდან დაიწყო, რომელმაც საგარეო დახმარებების მიღება ეჭვის ქვეშ დააყენა და მთელი ეს კარუსელი იმის გამო ჩაირთო, რომ ბიუჯეტის დაბალანსების პრობლემა დადგა.
სავალუტო ფონდს ქვეყნისთვის შეფასება უნდა მიეცა, რაც უკვე ერთი წელია იგვიანებს. ამ მიმართულებით რას ელით?
- ანგარიში მომზადდა. ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთეთ, რომ სავალუტო ფონდს მწვანე შუქი აენთო და კრედიტები, რომელიც მივიღეთ იმიტომ წამოვიდა, რომ ეს პრობლემა გადაიალახა და ბიუჯეტის დეფიციტი და ინფლაცია დასაშვებ ნორმებში დარჩა. მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნებულია და ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი მაკროეკონომუკური სტაბილურობაა, რომელიც გაკვირდება.
ანუ, იმედი არსებობს იმისა, რომ ეროვნული ვალუტა გამყარებას დაიწყებს და ეკონომიკური პროცესი წინ წავა?
- სხვათა შორის, რეამინაციაში ვიყავით, უკვე პალატაში ვართ გადმოსული და აქედან მალე გარეთ გავალთ. სერიოზულ პროცესს გავდივართ. არავის არ ახსენდება, რომ დაკარგული სასიცოცხლო ფუნქციები გვქონდა, რომელიც არის ადამიანის უფლებები, კერძო საკუთრების დაცვა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ის, რომ რუსეთიდან ხვალ ტანკის შემოვარდნას არ ელოდები. ეს ყველაფერი რეანიმაციის პროცესი იყო. ახლა პალატაში გადმოვედით, სადაც საფრთხეები აღარ არის და იმ თვისებების აღდგენას ვიწყებთ, რამაც ჯანსაღ ცხოვრებამდე უნდა მიგვიყვანოს. გარეთაც მალე გავალთ.