„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში პარტიის ლიდერებს შორის პიროვნულ კონფლიქტებში გადაიზარდა, პარტიის გაყოფით დასრულდა.
მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან 59 წევრი წავიდა, რომელთაგან 21 საპარლამენტო უმცირესობის წევრია. რეგლამენტის გათვალისწინებით, ე.წ. ბოკერია-უგულავა ფრთა საპარლამენტო სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა for.ge-ის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ 20 იანვრის ყრილობაზე, პარტიიდან წასულ პირებს დეპუტატის მანდატების დათმობას მოსთხოვენ.
ბოკერია-უგულავას გუნდი მანდატების დატოვებას არ აპირებს და ახალი პარტიის შექმნისთვის ემზადება, თუმცა მანამდე, თავის შეფარებას 20 წლის წინ, გიგი წერეთელის მამის მიერ დაფუძნებულ პარტიაში - „ევროპული საქართველო“ გეგმავს, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მონაწილეობის გამო, სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობს. for.ge-ს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, უფრო მეტი დაფინანსების მოპოვების მიზნით, ყოფილმა ნაციონალებმა ახალი პარტიაც შექმნან.
ყოფილი ნაციონალები სამომავლო გეგმებზე საუბარს უახლოეს მომავალში გეგმავენ, მანამდე კი, ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლის მიზეზებზე ამახვილებენ და პარტიის გაყოფაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებენ. თუკი აქამდე, ბოკერია-უგულავას ფლანგი სააკაშვილის მიმართ „ბელადის“ წოდებას აპროტესტებდა, ამჟამად, ყოფილ ლიდერს „ბელადს“ თავად უწოდებს და ამ მიმართულებით ბოკერია-უგულავა აქტიურობენ.
უგულავამ პოლიტიკურ გეგმებზე უფრო ნაკლები ისაუბრა, ვიდრე სააკაშვილის პოლიტიკურ შეცდომებზე. თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ლიდერობის ღირსი არ არის. მისი თქმით, ეს პარტია მიხეილ სააკაშვილს არ შეუქმნია, ის ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე იყო, მაგრამ პარტია ძალიან ბევრმა თავისუფალმა და ძლიერმა ადამიანმა შექმნა.
„მათი ნაწილი ციხეში იმყოფება. მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი. ეს პარტია ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა შექმნა, რადგან ებრძოლოს ივანიშვილს, რომელსაც ხუთი მილიარდი აქვს და ყველა სახელმწიფო აპარატი ჯიბეში უზის, იმას ნიშნავს, რომ თავზე ხელაღებული იყო. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა, მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის ადამიანური ტკივილია. ეს ადამიანი ლიდერობას აღარ ასხივებს. ამას გულის ტკივილით ვამბობ, რადგან ეს მიხეილ სააკაშვილი არ არის, რომელიც ლიდერობას ასხივებდა და რომელიც, 2002 წელს, ხალხს იმედს აძლევდა“, - განაცხადა უგულავამ, რომელმაც გამოსვლისას ყველაზე მეტად სააკაშვილი ახსენა და მისი სიტყვების გამეორების გამო, ირმა ნადირაშვილს თავზე აკოცა.
ნადირაშვილი, რომელიც სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი და პრეზიდენტობის დროს მასთან დაახლოებული პირი იყო, პარტიიდან წავიდა და მიზეზად ის დაასახელა, რომ არ სურს, მარილის ლოდად გადაიქცეს.
„ჩემი წარსულით ყოველთვის ვიამაყებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გუნდის წევრი ვიყავი, მაგრამ როცა მომავალში ვიხედები, ჩემს ამოცანად ერთ რამეს ვხედავ - ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ“, - დასძინა ნადირაშვილმა, რომელსაც ბოკერიასგან განსხვავებით, სააკაშვილზე არ უსაუბრია.
გიგა ბოკერიამ გამოსვლისას აქცენტი სააკაშვილზე გააკეთა და მისი პარტიული საქმიანობა ბელადის ბრძანებების შესრულების ჭრილში განიხილა.
ბოკერიას მოსაზრებით, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას გუნდი სჭირდება, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები.
„ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც რწმენა, ნებისყოფა, კომპეტენცია და ცოდნა აქვს. ამ ამოცანას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ სახელმწიფო ძლიერი და ეფექტური უნდა იყოს, რომ გარე მტრისგან დაიცვას, კრიმინალს თავი არ ააწევინოს, მაგრამ ამავე დროს, ძალიან კარგად ესმის, რომ ხელისუფლება მცირე ზომის უნდა იყოს, რათა ადამიანებისთვის საფრთხედ თავად არ იქცეს“, - განაცხადა ბოკერიამ, რომლის თაობაზეც for.ge-სთან კულუარულ საუბრებში მოქმედი ნაციონალები აცხადებენ, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა დაგეგმილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, თუმცა არჩევნებში მანდატების მოპოვებას და საკუთარი, საპარლამენტო გუნდის შექმნას გეგმავდა, სააკაშვილს კი, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში არწმუნებდა.
რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ირწმუნება, რომ მისმა გუნდმა წარსული გაიაზრა და მომავლის შენებას გეგმავს.
„თქვენ იმ პოლიტიკურ ძალას ხედავთ, რომელსაც წარსული კარგად გააზრებული აქვს. ამიტომ, ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების არავის შეეშინდება. ეს გუნდი ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს, რომლის ამოცანა საქართველოში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა იქნება. ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია, რადგან თქვენ პოლიტიკურ ძალას ხედავთ, რომელსაც ცოდნა და კომპეტენტურობა აქვს“, - დასძინა ბაქრაძემ, რომელიც შესაძლოა, for.ge-ს ინფორმაციით, ბოკერია-უგულავას ახალი პარტიის თავმჯდომარე გახდეს.
ყოფილი თანაგუნდელების ლანძღვა-გინებას პარტიაში დარჩენილი ლიდერების ნაწილი არ აპირებს, თუმცა მეორე ნაწილი ივანიშვილთან ბოკერია-უგულავას გუნდის პოლიტიკური გარიგების თაობაზე ეჭვებს გამოთქვამს.
როგორც for.ge ყოფილმა დეპუტატმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განუცხადა, მას არ ეგონა იმის თქმა თუ მოუწევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ „გირჩები“ უფრო ღირსეულად წავიდნენ, ვიდრე ეს ადამიანები, რაც ძალიან სამწუხაროა.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიისთვის მსგავსი მოვლენები უცხო არ არის, რადგან ციხეები ყოველთვის შიგნიდან წყტდებოდა და ღალატი ხდებოდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ის ციხეა, რომელიც შიგნიდან ვერ გატყდა, რაც იმ ხალხის დამსახურებაა, რომელთაც რეპრესიებს გაუძლეს და იმ ღირებულებებზე უარი არ თქვეს, რომელსაც პარტია ანიჭებს უპირატესობას. ამ ხალხმა არ დაუშვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ივანიშვილის დავალება შეესრულებინა და სააკაშვილი პარტიიდან გაეგდო“, - აცხადებს თაქთაქიშვილი.
თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ პარტიიდან წასულმა პირებმა ის მანდატები უნდა დათმონ, რომელიც მათ იმ ხალხმა მიანიჭა, რომელთაც გაემიჯნენ.
„სამწუხარო იქნება, თუ ამას თვითონ ვერ მიხვდებიან და ამას არ გააკეთებენ“, - დასძენს თაქთაქიშვილი, რომლისგან განსხვავებით, პარტიიდან წასული პირების კრიტიკას არ მოერიდა ნიკა მელია, რომელიც უგულავას გუნდის წევრად მოიაზრებოდა და მისი წერილის გამოქვეყნების ინიციატორი იყო, მაგრამ ამჟამად, ყველაზე მეტად უგულავას უპირისპირდება.
მელიას თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საუბრობდა ადამიანი, რომელიც ივანიშვილმა დაიჭირა, ივანიშვილმა გამოუშვა და გაბრაზებული სააკაშვილზე იყო.
„ამ ადამიანის მიმართ კომენტარების გაკეთება ბევრი მიზეზის გამო ძალიან მიჭირს. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება არ არის. ამიტომ, ბევრი რამისგან შევიკავებდი თავს, ვინაიდან ბევრი რამ ხელისგულზე დევს“, - აღნიშნა მელიამ, რომელსაც ყოფილი თანაგუნდელები საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებას უპირებენ.
იმ შემთხვევაში, თუკი აზერ სულეიმანოვი გადაწყვეტილებას სააკაშვილის გუნდის სასიკეთოდ მიიღებს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ფრაქციას შექმნის, რომლის წევრები იქნებიან: თიკა ბოკუჩავა, ნიკა მელია, რომან გოცირიძე, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავიდნენ: დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, გიგი უგულავა, გიორგი ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, გიორგი თევდორაძე, ტარიელ ლონდარიძე, მამუკა ჩიქოვანი, ვაჟა ჩიტაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, თენგიზ გუნავა, ვახტანგ ბალავაძე, გიორგი გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი, გიორგი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ქეთევან მჭედლიძე, ზურაბ ჩილინგარაშვილი, ზაზა კედელაშვილი, მამუკა ახვლედიანი, ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე, ლელა ქებურია, გიორგი ტუღუში, სერგი კაპანაძე, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ახმედ იმამკულიევი-დათო ჟღენტი, ბესიკ კვიციანი, გიორგი ხახნელიძე, დავით ნაფეტვარიძე, ირაკლი დვალი, არსენ კარაპატიანი, მამუკა ჭოხონელიძე, ირაკლი ბერიაშვილი, ზურაბ ჯიბუხაია, ჯარჯი დოლიძე, ვახტანგ დარცმელიძე, დავით ჯინჯოლავა, აკაკი კილასონია, დავით დაღელაშვილი, ვიქტორ გოგუაძე, ჰარუთიუნ ალექსანიანი, თამაზ შოშიაშვილი, დათო ავალიანი, ლევან ბობოხიძე, ვაჩაგან პოდოღლიანი, სიმონ პარუნაშვილი, ვახტანგ ქვათაძე, გელა დემეტრაძე, ბესიკ ბექაური, კახა დეკანაძე.