„ამ დაპირისპირებაში მთავარია, ვის როლს შეასრულებს ბატონი სააკაშვილი – ლენინის თუ ტროცკის“

„ამ დაპირისპირებაში მთავარია, ვის როლს შეასრულებს ბატონი სააკაშვილი – ლენინის თუ ტროცკის“

ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ვანო მერაბიშვილის პოზიციის მოლოდინშია. გავრცელებული ინფრომაციით ყოფილი შს მინისტრი ბოკერიაბაქრაძეუგულავას თანაგუნდელთა შორისაა. საკუთარ პოზიციას კი ყრილობის დღეს დააფიქსირებს.

სწორედ ამ ფრთას უჭერს მხარს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით ბოკერია–ბაქრაძე–უგულავას ფრთას წარმოადგენს დავით კეზერაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დამფინანსებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოკერია–ბაქრაძე–უგულავას ფრთა რეგიონის მასშტაბით „ნაციონალურ მოძრაობას“ ყრილობამდე ოფიციალურად დატოვებენ. ეს არის ჯგუფი, რომელიც 20 იანვარს 7000 დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას ეწინააღმდეგება.

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, ის წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა ბოკერიას ფლანგს. უგულავას თქმით, პარტია კრიზისშია და პროცესების შემოსაბრუნებლად დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი.

„ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები. მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში. პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს. მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა „ნაციონალურ მოძრაობაში“, – აცხადებს გიგი უგულავა.

პარტიის შიგნით იდეოლოგიური უთანხმოება სახეზეა და როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, ჩვენ ვაკვირდებით ერთიანი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტის დაშლას, რაც ისტორიაში, ცხადია, რაიმე სიახლე არ არის, მაგრამ მოწმენი ვართ როგორ დაიშლება ეს პარტია ბოლშევიკებად და მენშევიკებად.

„მხოლოდ საკუთარ რაოდენობაზე აკეთებენ აქცენტს მელიების მხარდამჭერნი. ვფიქრობ, რომ უფრო პროგრესულად მაინც ჩამოყალიბდება ამ პოლიტიკური ძალის ის ნაწილი, რომელიც ბოკერიას ჯგუფს წარმოადგენს. ამ დაპირისპირებაში მთავარია ვის როლს შეასრულებს ბატონი სააკაშვილი – ლენინის თუ ტროცკის. ბოლშევიკები და მენშევიკები იცვლიან ხოლმე ფერებს, მაგრამ ბელადობა მაინც რჩება რომელიმე ერთი ნაწილის ფუფუნებად“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

როგორც ექსპერტი აცხადებს, პარტიაში მიმდინარე დაპირისპირება გასულია საკონსტიტუციო სივრციდან. როდესაც საზღვარგარეთის მოქალაქე წარმოიდგინება საქართველოს პოლიტიკური სუბიექტის წარმმართველად, ეს უკვე კონსტიტუციის დარღვევა არის.

„საზოგადოება გაარკვიონ, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების რა პერსპექტივა აქვს ბატონ სააკაშვილს. თუ ეს საკითხი არ გადაწყდა, მოსწონს ვინმეს თუ არა, დაცინვის საგანი გახდება ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში რაიმე სერიოზული როლის შემსრულებელი იქნება. საინტერესოა, რომ არა სკაიპი, როგორ განვითარდებოდა კარს მომდგარი ბოლშევიკების როლი.

ყრილობა შედგება და შედეგიანი იქნება იმ კუთხით, რომ პარტია ბოლშევიკებად და მენშევიკებად გაყოფილი აღმოჩნდება. დიდი ალბათობით, ბოლშევიკები „ნაციონალურ მოძრაობად“ დარჩებიან, მენშევიკები კი, შესაძლოა, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ გახდნენ. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ვნებს ქართულ პოლიტიკას და მხოლოდ პოლიტიკური პროცესების არასერიოზულობაზე მიგვანიშნებს.

კონსტიტუციის დარღვევა, რომ როგორმე საკუთარი თავი შეინარჩუნონ პოლიტიკურ სივრცეში, ვერანაიარი შედეგის მომცემი ვერ იქნება. ადამიანები, რომლებიც გადიან საკონსტიტუციო სივრციდან, ჩემთვის ნაციონალ რადიკალები არიან, ხოლო ისინი, რომლებიც საკონსტიტუციო ჩარჩოში დარჩენას და განვითარებას ცდილობენ, ჩემთვის ნაციონალ რეალისტები არიან. ვნახოთ, ჩვენი საზოგადოება რეალისტია, თუ რადიკალები ვართ თავად ამომრჩევლები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ პარტიის გაყოფის შემდეგ, ყველაზე მშვიდობიან, ან ყველაზე უარეს ვარიანტში, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულებრივი დაბალრეიტინგული პარტია იქნება, ისევე როგორიც ბევრია ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება პარტიის კიდევ ერთ სახეს, გიგი უგულავას, საყვარელიძე ფიქრობს, რომ არ არის ისეთი ფიგურა, რომელიც შეიძლება შემრიგებლად გამოდგეს. დიდი ოპტიმიზმი მასაც არ ეტყობოდა.

„თქვა - თუ არ გამოგვივა დავშორდეთ ცივილიზებული ფორმებითო - ასე რომ, მგონი თვითონაც იცის, რომ ასეთი გამძაფრებული დაპირისპირების მოხსნა რთული საქმეა და უგულავა არ არის ის ფიგურა, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს ამ ყველაფრის დარეგულირებაში, ასეთი ფიგურა ალბათ სააკაშვილია. მას რომ ჰქონდეს სურვილი, შეიძლება ჰქონდეს რესურსი მხარეთა შერიგების. სხვას მეეჭვება, რომ ვინმეს აღმოაჩნდეს ამის უნარი“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ამ დაპირისპირებაში ჩამოყალიბებულია სააკაშვილის ფრთის დამოკიდებულება, სადაც გიგი უგულავა არავის არ სჭირდება და პირველ რიგში არ სჭირდება სააკაშვილს. მისი თქმით, უგულავა რომ საპატიმროში არ მოხვედრილიყო და პოლიტიკური პროცესების გაგრძელების შანსი ჰქონოდა, უგულავა იქნებოდა ის კაცი, რომელსაც ყველაზე მეტი პრეტენზია ექნებოდა ჩაენაცვლებინა სააკაშვილი.

„ვნახეთ, როგორ გადანაწილდა პოლიტიკური ფრთა „ნაციონალურ მოძრაობაში“ – სააკაშვილის ფრთას წარმოადგენს პოლიტიკური ინტელექტი, ვიდრე ის ჯგუფი რომელსაც ბოკერია–ბაქრაძე–უგულავა წარმოადგენს. ამიტომ, უგულავა სააკაშვილის ჯგუფში არავის არ უნდა, რადგან იქ იქნება სააკაშვილის მეტოქე“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება პარტიის დაყოფას, ძაბირაძე ამბობს, რომ პარტიის წევრების უდიდესი მხარდაჭერა ექნება სწორედ სააკაშვილს და მის ჯგუფს, მაგრამ ეეჭვება, რომ ამ ჯგუფზე დასავლეთმა ფსონი დადოს.

„ეს ძალიან მალე, დაახლოებით ერთ წელიწადში ნათლად გამოჩნდება. იმიტომ, რომ სააკაშვილისა და მისი ჯგუფის მხრიდან, ამ ეტაპზე, დასავლეთის მხარდაჭერა ნიშნავს ქუჩის მხარდაჭერას, პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანას. ამ ეტაპზე და ამ ვითარებაში დასავლეთს ნამდვილად არ აწყობს საქართველოში არეული სიტუაცია.

დასავლეთი კარგად ხედავს, რომ სააკაშვილს და მის გუნდს მოსახლეობის ფართო ფენაში მხარდაჭერა არ აქვს. ეს გუნდი განწირულია მარგინალიზაციისთვის, ეს პროცესი დაიწყება ყრილობაზე, რამდენ ხანს გასტანს ეს ძნელი სათქმელია. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის ჯგუფი, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი.

საინტერესო გაყოფა მოხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. საპარლამენტო უმრავლესობას შეინარჩუნებს ბოკერია და მისი გუნდი, პარტიის წევრების უმრავლესობას შეინარჩუნებს სააკაშვილი. ფაქტიურად, პარტია გაიყოფა ორად – პოლიტიკურად მოაზროვნე ნაწილი ცალკე დარჩება, რეაქციული ნაწილი ცაკლე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.