„ნაციონალური მოძრაობა“ ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. პარტიის ერთი ნაწილი 20 იანვრის ყრილობისთვის ემზადება, მეორე ნაწილი კი, მათ დაფიქრებას და პარტიული ერთიანობის შენარჩუნებას სთავაზობს. მხარეებს შორის არსებული დაპირისპირება ფუნდამენტურ განსხვავებებს ეხება, რომელიც წარსულის გააზრებას და მომავლის ხედვას უკავშირდება.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და პარტიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, for.ge საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ თავმჯდომარეს, ელენე ხოშტარიას ესაუბრა:
მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ 2016 წელი ქვეყნისთვის წარმატებული იყო. გასულ წელს, თქვენ როგორ აფასებთ?
- მიუხედავად იმისა ქვეყანაში რა რეალობაა, „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ყველაფერი კარგად არის და საერთოდ, 2017 წლიდან გადასარევი წელი დაგვიანონსეს. მანამდე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები გვახსოვს, რომ ყველაფერი კარგადაა და კიდევ უფრო უკეთესი მეოთხე წელი იქნებოდა. უფრო მეტიც, საზოგადოებას ამტყუნებდნენ იმაში, რომ ხალხი რეალობას ვერ იგებს და ანალიზი არ იცის, თორემ, ყველაფერი კარგად არის. ეს ყველაფერი ამ გუნდს ახასიათებს და მათი ნიშანია. მათი მხრიდან თავის მოწონება ემოციურად არ მაწუხებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ისინი არსებულ პრობლემებს რეალურად უარყოფებენ და არ აპირებენ, რომ პრობლემები მოაგვარონ. ეს უკვე ხანმოკლე საპარლამენტო ცხოვრებაშიც გამოჩნდა. სრულიად თვითკმაყოფილი მთავრობა და უმრავლესობა ვნახეთ, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არათუ კითხვებს არ უსვამდა, არამედ კომიკური კითხვებით მიმართავდა და საუბრობდა იმაზე, რომ თურმე, ჩვენი ქვეყნის გამოწვევა ის ყოფილა, რომ ლარი ისე გამყარდება, მის გამყარებას ვერ მოვერევით და რა გვეშველება. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სრული სერიოზულობით დაიწყო. ანუ, ეს ყველაფერი რეალურობიდან მოწყვეტის კომიკური მაგალითია.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას რეალობის აღქმის პრობლემა აქვს?
- მათ ფსიქოანალიზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ დაკვეთა ბიძინა ივანიშვილისგან აქვთ და ეს პრობლემაა. რეალობის ასეთი არადეკვატური აღქმა ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. 2016 წლის შეფასება პოზიტიური მოვლენებით შემიძლია დავიწყო და ამ თვალსაზრისით, ვიზალიბერალიზაციას გამოვყოფდი. ვიზების მიღება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია და ამის გამო ხელისუფლებას მადლობას ვუხდი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი გაჭიმული იყო და უფრო ჩქარა უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს, ამ კრიტიკასაც მოვხსნი და მათ მადლობას ვეტყვი.
წლის განმავლობაში, სხვა რა პრობლემა და გამოწვევა იყო?
- პირველ რიგში, მიმდინარე წელს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ძალიან დამძიმება მოხდა, რაც საზოგადოებამ თავის თავზე იგრძნო. ამის მიუხედავად, მთავრობამ ამის უარყოფა მოხდინა. ასევე გამოწვევა არჩევნები იყო, რომელმაც ძალადობა, გაყალბება და მოსყიდვა აჩვენა. ფარული ჩანაწერებზეც ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ რაც მკვეთრად გამოვლინდა ისაა, რომ ძალიან მახინჯი საარჩევნო სისტემა გვაქვს. პრინციპში, ამ საკითხზე პასუხიმგებლობა ჩვენი ხელისუფლების პერიოდიდანაც უნდა ავიღოთ, მაგრამ ხელისუფლებას ეს სისტემა უნდა შეეცვალა, რაც მათი მკაფიო დაპირება იყო და არ შეცვალეს. არსებული საარჩევნო სისტემა ხალხის ნებას არ ასახავს, რადგან 50 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, ქვეყანას კონსტიტუციური უმრავლესობა ჰყავს. ეს პრობლემა 8 ოქტომბერის არჩევნების დასრულებით არ მთავრდება და პირიქით ღრმავდება, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში, მედიაზე ძალიან საშიში თავდასხმა ხდება როგორც „რუსთავი 2“-ის, ასევე თოქშოუების დახურვით და ჟურნალისტებზე თავდასხმის თვალსაზრისით, რაც არ გამოძიებულა.
ამას გარდა, საუბარი პრეზიდენტის არჩევის წესზეა. ეს ყველაფერი სურათს გვაძლევს იმისა, რომ ძალაუფლების არალეგიტიმური კონსოლიდაცია ხდება, რომელმაც შესაძლოა პრობლემა შემდეგ საარჩევნო ციკლს შეუქმნას. ყველაზე დიდი მონაპოვარი რაც გვქონდა, რომ ხელისუფლება არჩევნებით იცვლება, ეს მონაპოვარი კითხვის ნიშნის და საფრთხის ქვეშ დადგა. ალბათ, არსებითი პრობლემები ესაა, რაც ამ წელს იყო. ასევე პრობლემები უმცირესობებისა და არასამთავრობო სექტორის მიმართულებით იყო და ამ თვალსაზრისით მედალს თბილისის მერია „იმსახურებს“. ალბათ, ესეც ხელისუფლებით ტკბობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. პირდაპირ შემიძლია იმის თქმა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ვითარება უკეთესია იმ დროსთან შედარებით, რაც ჩვენს დროს იყო და ამის თქმა არ გამიჭირდება, მაგრამ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება ძალიან მძიმეა, რასაც უარყოფენ. ასევე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების მთელი კასკადი ვიხილეთ, რაზეც პასუხი არ გაცემულა.
მიმდინარე წელს ყველაზე დიდ პრობლემას ეკონომიკური სიტუაცია წარმოადგენდა, თუმცა წლის ბოლოს, მთავრობამ ახალი ეკონომიკური ხედვა წარმოადგინა. ამ თვალსაზრისით, მომავალ წელს წინასვლას ელოდებით?
- ხელისუფლების მთავარი პრობლემა პრობლემების გაუაზრებლობაა. ის გეგმები, რაც მათ წარმოადგინეს, ეკონომიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. კონკრეტულად, ერთ-ერთი პრობლემა ბიუჯეტია, რომლის ხარჯვითი ნაწილი კატასტროფულად გაზრდილია, რაც ეკონომიკის განვითარების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზია. თვითონაც აღიარეს, რომ ფასები გაიზრდება. ეკონომიკის განვითარებისთვის უმჯობესი ქამრების მაქსიმალური შემოჭრა და გადასახადების შემცირება იქნებოდა, რაც არ გაკეთდა და სოციალური მიმართულებით ფასების აწევის მოლოდინი გვაქვს. ლარი ეკონომიკური განვითარების ბარომეტრია და რა თქმა უნდა, უკეთესობა ვერანაირ ლოგიკით ვერ იქნება.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მიმდინარე წელი თქვენთვისაც მძიმე გამოდგა. პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა, მეორე ნაწილი ყრილობისთვის ემზადება. მეორე მხარე, თქვენს მიმართ ბრალდებების გაჟღერების რეჟიმიდან უკვე შეურაცხყოფაზე გადავიდა. რა ხდება პარტიაში?
- საკმაოდ რთული წელია. ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, ყრილობის იურიდიული საკითხი თუ თავმჯდომარის არჩევის თემა არ არის. არსებითია განსხვავებული პოზიციის მქონე ორი გუნდი. იმედს ვიტოვებთ, მაგრამ ნაკლები შანსია, რომ ამ ორი განსხვავებული აზრის თანაცხოვრება შესაძლებელი ერთიან პარტიაში იყოს. განსხვავებული აზრები უნდა იყოს არა გაყოფის, პარტიიდან გაგდების და კონფლიქტის საფუძველი, არამედ თუკი პარტიაში განსხვავებული პოზიციებია,
სრულიად შესაძლებელია, რომ პარტიამ განსხვავებული პოზიციებით იარსებოს, მაგრამ პროცესები უკვე ისეა, შესაძლოა ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდეს, რადგან მიხეილ სააკაშვილი ძალიან აგრესიულ კონფლიქტზე წამოვიდა. ფუნდამეტური განსხვავებები რამდენიმე რამეს ეხება. პირველია, წარსულთან დაკავშირებული საკითხი. ეს გუნდი მიიჩნევს, რომ წარსულზე საუბარი, მათ შორის წარმატებებთან ერთად შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება, ნაცრის ყრაა. საზოგადოებას უთხრა, რომ მენდე ხვალ, მაგრამ შეცდომა არ დამიშვია და ამაზე ლაპარაკი არ მაინტერესებს, მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, პრაგმატულად შეუძლებელია, რომ საზოგადოების ნდობა შემოაბრუნო. მეორეა გზა, თუ როგორ უნდა შეცვალოს ეს ხელისუფლება - არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე.
მიხეილ სააკაშვილი მთავარი განმსაზღვრელია და ეს არ არის გუნდი, რომელიც მას ეკამათება. სააკაშვილი რასაც იტყვის, ისე კეთდება. პარლამენტში არ შეხვიდეთ, არ შეხვიდეთ გამოვიდა, შედით - შედი. ანუ, ეს გუნდი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არჩევნების რესურსი ამოწურულია. ჩვენ ამას ფუნდამეტურად არ ვეთანხმებით და მივიჩნევთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით შეიცვალოს, რაც ქუჩის პროცესს არ გამორიცხავს, მაგრამ არჩევნების ინსტიტუტის გაქრობის დაანონსდა, რაც ძალიან საშიში სინდრომია. ასევე მიგვაჩნია, რომ პარტია უფრო მეტად ძლიერი და დემოკრატიულია, როცა პარტიაში არსებობს არა ერთი, ერთადერთი და უპირობო პოლიტიკური ლიდერი, რასაც შეიძლება ბელადი უწოდო, არამედ არიან ლიდერები, რომლებიც იცვლებიან. ლიდერები უპირობო კი არ არიან, არამედ სწორედაც რომ, პირობებით განსაზღვრულნი არიან. პარტიის რეფორმაზე და თავმჯდომარის საკითხზე საუბარი იმიტომ კი არ დავიწყეთ, რომ ვინმესთვის გვეთქვა წადი, არამედ იმიტომ, რომ გვეთქვა, ახალი და სხვა ლიდერებიც არსებობენ.
აღმოჩნდა, რომ ქვეყნის თუ პარტიის განვითარების თაობაზე ძალიან ღრმა და ფუნდამენტური განსხვავებები გვაქვს. ამ განსხვავებების გამო მიხეილ სააკაშვილმა გადაწვიტა, რომ პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდეს და აქ უკვე ისეთი მეთოდები ვნახეთ, რაც თანაცხოვრებას ძალიან რთულს გახდის.
მისი მხრიდან ერთ-ერთი ბრალდება იყო ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური გარიგება...
- ამ განსხვავებების გამო, მან ისიც კი არ გააკეთა, რომ კარგით, ვერ ვთანხმდებით და ცივილიზებულად გავეყაროთო. მან გადაწყვიტა, რომ ტყუილი და რაღაც გარიგებები დაგვაბრალოს, რაც არსებითად მოღალატეობრივი ბრალდებაა. ასევე ყოფილი თანაგუნდელები დაგვარქვას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს და „პეროიანები“, „ბლანჟიანები“ გვეძახოს. პარტიიდან რაღაც ტიპის ინფორმაციები არ გაგვქონდა და არასოდეს არ გვიკადრებია, რომ შიდა სამზარეულოს გამოგვეტანა დაგვწეყო და რაც მთავარია, დამანხიჯებულად. თუ რატომ ვიჩხუბეთ, ამის თაობაზე იმ ადამიანებს კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, რომელთაც პარტიის ბედი აწუხებთ. სიტუაცია მივიღეთ და მივედით ყრილობამდე, რომელიც ტარდება არა იმიტომ ვიღაცამ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს როგორც ეს დემოკრატიიულ ქვეყანაში ხდება, არამედ ყრილობამდე, რომელიც სადამსჯელო მიტინგია. ამას გარდა, ბოლო ეტაპზე, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს სადამსჯელო თუ ბელადით აღფრთოვანების მიტინგი არალეგიტიმური იყოს, რადგან მათ დემოკრატიული პრინციპების შეეშინდათ და პოლიტსაბჭოს ხაზი საერთოდ გადაუსვეს, რომელიც მათ ავალდებულებს, რომ საორგანიზაციო კომისია პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცდეს.
გასაგებია, რომ სააკაშვილს „ბელადომანია“ ისევ აწუხებდეს და პოლიტიკური სადავეების დათმობის ეშინოდეს, მაგრამ ვერ ხვდება, რომ პარლამენტში წარმოდგენილი გუნდის არსებობა მისთვისაც უმჯობესია? იმ პოლიტიკურ პროვოკაციაზე რატომ მიდის, რასაც ვხედავთ? გუნდიდან თქვენი გაშვება სურს?
- ფსიქოანალიზის გაკეთება აქაც გამიჭირდება, ეს ჩემი საქმე არ არის და ჩემი მხრიდან სწორიც არ იქნება. პირადად მე, ენერგია არ დამიშურებია, რომ მასთან პირად კომუნიკაციაში სწორედ ეს მეთქვა. გუნდი, რომელიც რაღაც საკითხებში ხმამაღლა არ გეთანხმება, ცუდი არ არის. დიდგორის ყრილობის თაობაზე ღიად ვთქვი, რომ არ ვეთანხმებოდი. ასეთი ტიპის გუნდი მისთვის ბევრად უფრო მყარი და შედეგიანი დასაყრდენია, ვიდრე ისეთი გუნდი, რომელიც მას ეუბნება, რომ უპირობო ლიდერია და რაც უნდა თქვას, მართალია. პარტიაში ახალი ვარ და იმ ადამიანებს უფრო მეტის თქმა შეუძლიათ, რომელთაც პარტია ერთად დააფუძნეს და ბრძოლა გამოიარეს. მართალი გითხრათ, გარკვეული უხერხულობა მაქვს, როცა ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ როცა პარტიაში შევედი, ყველაფერი გავიზიარე და უარი იმ ტვირთზეც არ მითქვამს, რაც პარტიას მოსდევს. სამწუხაროდ, მან გადაწყვიტა, რომ საფრთხედ ის ადამიანები მიიჩნიოს, რომლებიც კრიტიკულები არიან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მან ეს საფრთხედ ჩათვალა და ამას პარტიის ერთიანობას სწირავს. იმედს ვიტოვებ, რომ იქნებ, სიტუაცია შეიცვალოს.
ანუ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური მორჩილების სურვილამდე მივდივართ? ყოფილი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს, რომ მისი ხელისუფლება სწორედ მორჩილმა ადამიანებმა შეიწირეს, რომლებიც მას ფიანდაზად ეგებოდნენ და ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობაზე რეაგირებას არ სთხოვდნენ? შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილმა „წარსულის გაკვეთილებიდან“ ვერ გაიაზრა?
- შეიძლება ასეც შევაფასოთ. ამ ეტაპზე, მას მორჩილების და უპირობო ლიდერობის მიღება გაუჭირდა. ძალიან არანორმალურ ვითარებაში ვიმყოფებით, როცა ის დევნილობაშია და ხელოვნურად არის მოჭრილი. მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს და რა კონფლიქტიც უნდა იყოს, ქვეყნის ამოცანაა, რომ დევნილების სიტუაცია დასრულდეს. სხვა ამოცანებთან ერთად, მთელ ენერგიას იქითკენ მივმართავთ, რომ მას სრულფასოვანი პოლიტიკური საქმიანობის უფლება უნდა მიეცეს, ოღონდ, ეს არის დემოკრატიულ გარემოში საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვება. ის იმას უნდა შეეგუოს, რომ ეს კონკურენტუნარიანი გარემო უნდა იყოს პარტიის შიგნითაც და მის გარეთაც. თუ ის ამ გაკვეთილს ახლა ვერ გამოიტანს და საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს მტრებად და ყოფილ თანაგუნდელებად აღიქვამს, მაშინ ცხადია, რომ ეს პროცესი გაყოფით დასრულდება. თუ ის მიხვდება, რომ ამ პროცესს ემოციურად ვერ მოერია და პარტიას და ქვეყანას რამხელა ზიანს აყენებს, შესაძლოა, ერთიანობა შეინარჩუნოთ, რადგან ვინმეს ჯინაზე არ ვიქცევით.
იმ შემთხვევაში, თუკი პარტია დაიშლება, გამორიცხავთ, რომ საპარლამენტო მანდატების დათმობა მოგთხოვონ? თქვენი პასუხი რა იქნება?
- სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები გაკეთდა და განსხვავებული აზრის არსებობა ასეთი განცხადებების გაკეთების საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. ლაპარაკი იმაზე, რომ არალეგიტიმური ყრილობა იმას განსაზღვრავს, ვინ იყოს პარლამენტში და ვინ არა, არასერიოზულია, თუმცა დამაზიანებელია. არავის არ დაუთვლია, ვინ ვისი ამომრჩეველია. ამომრჩევლის მხრიდან პასუხისმგებლობა გვაქვს მონიჭებული და პოლიტიკური პარტიის ერთმა ნაწილმა რაც უნდა თქვას, რომ ასე აღარ გვინდაო, ამ საკითხს ასე პასუხისმგებლობლობით არ მივუდგებით, მაგრამ პოლიტიკური პროცესის და თანაგუნდელების მიმართ ასეთი დამოკიდებულება საზიანოა.
რამდენად მოსალოდნელია, რომ პარტია ყრილობამდე დაიშალოს?
- პარტიაში მიმდინარე პროცესებს თუ რა შეფასებას ვაძლევ, ეს გულწრფელად გითხარით და იმაზეც გესაუბრეთ, სააკაშვილმა გაყოფის შესაძლებლობა რომ შექმნა. ჩვენ მასსაც და გუნდსაც მივმართეთ, რომ ცივილიზულ ჩარჩოებში დაბრუნდნენ და კიდევ ერთხელ შევეცადოთ, რომ პარტიის ერთიანობა შევინარჩუნოთ. ვნახოთ, ისინი რას გადაწყვეტენ, ჩვენი კი, გეგმების შესახებ შემდეგ ვისაუბრებთ.