პარლამენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტები კიდევ ერთხელ განსაზღვრა და რეზოლუციად აქცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი თავი შეიკავა.
საკანონმდებლო ორგანოში, რეზოლუციის პროექტზე მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში, ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, რომლის შემდეგაც, დოკუმენტს მხარი 91 კანონმდებელმა არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა რეზოლუციის მიღებას მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს და for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ დოკუმენტის მიღების ერთადერთი მიზანია, პარლამენტმა ახალი შემადგელობით საგარეო კურსთან მიმართებაში საკუთარი პოზიციის დეკლარირება კიდევ ერთხელ გააკეთოს.
„ეს რეზოლუცია მხოლოდ განაცხადი არ არის და ის ქმედითი ინსტრუმენტია. რაც დოკუმენტშია ასახული, მას ვახორციელებთ და ამ პროცესს გავაგრძელებთ. რეზოლუციით იმ კურსის დეკლარირება ხდება, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერდა და ეს ის კურსია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ხაზს მთავარ მიმართულებებს ვუსვამთ, რაც არის დეოკუპაცია და ქვეყნის სუვერინიტეტი. ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, რაც უკვე დაწყებულია და გრძელდება“, - დასძენს ქაცარავა.
უმრავლესობის მსგავსად, რეზოლუციის პროექტს მხარი უმცირესობამაც დაუჭირა. თუმცა, მანამდე მმართველმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეკომენდაციები გაითვალისწინა და დოკუმენტში ასახა.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, აზრთა სხვაობის მიუხედავად, უმცირესობა იმ მიმართულებებს იზიარებს, რაზეც დოკუმენტშია ლაპარაკი. მათ შორის ევროინტეგრაციაზე, ამერიკასთან პარტნიორობაზე, სამეზობლო სწორ პოლიტიკაზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.
წერეთელი ეჭვობს, რომ რეზოლუციის პროექტის მომზადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული იმ განცხადების გადაფარვას ეხება, რომელიც სირიაში მიმდინარე პროცესებს ეხება.
„წლის ბოლოს, ამ საკითხის დაჩქარებულად განხილვა ეჭვებს აჩენს, მაგრამ დოკუმენტში იმგვარი ჩანაწერები არ არის, რისი მცდელობაც ადრე იყო, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ და ამერიკასა და რუსეთს შორის დისკუსიის საგანი საქართველო არ უნდა იყოს. არ ვეთანხმები იმას, რომ იმდენად ფრთხილი უნდა იყო, საერთოდ ხმა არ ამოიღო. რუსეთი არანაირ ვალდებულებას არ ასრულებს და საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აგრძელებს, რისი იგნორირებაც არასწორია“, - აცხადებს წერეთელი.
დეპუტატის თქმით, მთავარი საკითხი რუსეთთან ურთიერთობაა და რეზოლუციაში აღნიშნული ის ფორმულირება საკმარისი არ იყო, რომ ქვეყანას რუსეთთან რაციონალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.
„რუსეთთან პრინციპული პოლიტიკა უნდა გვქონდეს და ამაში ყველა ის თემა იგულისხმება, რის თაობაზეც რუსეთს ხისტად უნდა ვედაოთ. დეოკუპაცია ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს“, - დასძენს წერეთელი.
წერეთელისგან განსხვავებით, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ ოკუპანტ რუსეთთან დიალოგი უნდა გაიმართოს და საგარეო კურსთან მიმართებაში საკუთარი პოზიციები საპარლამენტო ტრიბუნიდან ემოციურ ფონზე გააჟღერა. დეპუტატი დაინტერესდა, უმრავლესობას რატომ ეშინია რუსეთთან ლაპარაკის დაწყების და იარლიყების.
„ხალხი გვითვლის და გვეხვეწება - წადით ხალხო რუსეთში, წადით ხალხო მოსკოვში, დაელაპარაკეთ ოკუპანტ რუსეთს - ამ ოკუპანტ რუსეთს! დიახ, ოკუპანტ რუსეთს! ამ თემაზე საუბრის და იარლიყების გვეშინია?! არაფრის არ მეშინია გარდა იმისა, რომ სანამ ცოცხალი ვარ, შეიძლება სოხუმში ვერ ჩავიდე - აი, მხოლოდ ამის მეშინია! პუტინი რუსეთის პრეზიდენტია - ჩვეულებრივი ადამიანი, გველეშაპი არ არის! შენი სამშობლოს ნაწილის დასაბრუნებლად პუტინთან კი არა, სად არ უნდა წახვიდე“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მარშანია ნატოში ინტეგრაციის პროცესსაც შეეხო და უმრავლესობას კითხვით მიმართა - „რა არის მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა?!“.
„ჩვენი მთავარი ამოსავალი ქვეყნის გამთლიანება უნდა იყოს. რა არის ჩვენი მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა? რად გვინდა, ეს ნატო?! ნატო რად გვინდა, ქვეყანა რომ გავამთლიანოთ თუ როგორღაც შევიდეთ და ჯანდაბას, მერე როდესმე გაერთიანდება ქვეყანა?! იმ რეგიონებიდან რა დარჩება? თქვენ იცით, აფხაზეთში რა უმძიმესი და ტრაგიკული პროცესი მიმდინარეობს? - მთელი მოსახლეობა შიდსით და ტუბერკულოზით არის დაავადებული. ხელოვნურად არის შეცვლილი დემოგრაფიული სურათი და იქედან, მალე პოლიტიკურ განცხადებებს მივიღებთ - გესმით, რას გეუბნებით?“, - მიმართა უმრავლესობას მარშანიამ.
რაც შეეხება რეზოლუციის შინაარს, for.ge დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ:
1. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებითა და ნდობის აღდგენით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდიაციით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
2. საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელების მიზნით საქართველო მომავალშიც განაგრძობს დემოკრატიის ხარისხის განმკიცებას, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას. ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოჩინდეს როგორც სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანა და რეგიონის ლიდერი დემოკრატიული განვითარებისა და წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით;
3. საქართველოს უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, და ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ევროკავშირთან თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება გააღრმავებს ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას ევროპის ქვეყნებთან. საქართველო განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. ასოცირების შეთანხმება არ არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის საბოლოო მიზანი. ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე, საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ;
4. საქართველოს უალტერნატივო პრიორიტეტია ნატოში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მიზანმიმართულ მუშაობას, რათა პრაქტიკულად განხორციელდეს 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“. უზრუნველყოფილი იქნება ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში არსებული ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის (ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“) და ინსტიტუციური მექანიზმის გამოყენება. ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელების გზით, გაგრძელდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება;
5. საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად;
6. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების განვითარებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში;
7. საქართველო, როგორც თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი, სრულად გაიზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას ცივილიზებული მსოფლიო. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, საერთაშორისო ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის, ჩვეულებრივი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უკონტროლო გავრცელების პრევენციას;
8. საქართველო, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;
9. ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით, საქართველო განაგრძობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას;
10. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების გაფართოება აღმოსავლეთის ქვეყნებთან;
11. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის განმტკიცება და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია;
12. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში. განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვისკენ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებაში ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნებას.