პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შესაძლოა გედევან ფოფხაძე გახდეს. for.ge-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი ფოფხაძე აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს, მას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტის დატოვება მოუწევს.
წყაროს ცნობით, გედევან ფოფხაძის კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე გადაყვანა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შესაძლო უთანხმოებას უკავშირდება.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, საკანონმდებლო საქმიანობის თვალსაზრისით, ფოფხაძე-კილაძე ერთმანეთს ვერ ეწყობიან, რის გამოც უმრავლესობამ ფოფხაძესთვის ჯერ ფრაქციის შექმნა განიზრახა, ახლა კი მისთვის კომისიის ჩაბარებას ფიქრობს.
გედევან ფოფხაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო და ის ამ თანამდებობიდან წასვლას არანაირი ალტერნატიული წინადადების სანაცვლოდ არ აპირებს.
for.ge-სთან საუბარში ფოფხაძე აცხადებს, რომ არანაირი ალტერნატივა არარსებობს, რის გამოც, მან შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დატოვოს.
„არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, რომ აქედან სადმე წავიდე. თუ ასეთი ალტერნატივა იქნება, არ დავთანხდები, რადგან ამ კომიტეტში საქმიანობას ჩემთვის უფრო სტრატეგიულად და მნიშვნელოვანად მივიჩნევ”, - აღნიშნავს დეპუტატი.
ფოფხაძე კომისიის თავმჯდომარის პოსტის შეთავაზებასთან დაკავშირებით for.ge-ს ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„ჯერჯერობით, ვერაფერს ვერ დავადატურებ, თუმცა კანონმდებლობით, კომისიის შექმნა სავალდებულოა და ამას ველოდებით, დანარჩენი პოლიტიკური გუნდის გასაწყვეტია, კომისიის თავმჯდომარე ვინ იქნება”, - ამბობს ფოფხაძე.
უმრავლესობის მხრიდან შეთავაზების შემთხვევაში, ფოფხაძე ფიქრობს, რომ ეს ის კომისიაა, რომლის თავმჯდომარეობაზეც უარი არ უნდა თქვა, რადგან მისი თქმით, ეს საპარლამენტო კონტროლია აღმასრულებელი ხელისუფლების ნაბიჯებსა და გეგმებზე, რომელიც ქვეყანის ყველაზე მტკივნეულ და სტრატეგიულ თემას ეხება.
„კომისიის თავმჯდომარეობა მაინც მნიშვნელოვანია, მაგრამ კომიტეტიდან არსად არ მივდივარ”, - დასძენს ფოფხაძე.
რაც შეეხება ფრაქციის შექმნის საკითხს, ამის თაობაზე ფოფხაძე აცხადებს, რომ ეს თემა დღის წესრიგში აღარ დგას.
„ამის საჭიროება არ არის და თუ გუნდის ინტერესი იქნება, შესაძლოა გადაწყვეტილება მიღებული იყოს, რადგან თემატურად, გუნდის შიგნით უფრო მეტი ფრაქციის შექმნა კარგია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, ჩემს ფუნქციას, როლს და სტატუსს ვერ ვხედავ, რადგან რასაც ვაკეთებ, ამ ეტაპზე საკმარისია“, - აცხადებს დეპუტატი.
დანიშნავს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა გედევან ფოფხაძეს კომისიის ხელმძღვანელად, ეს სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გახდება ცნობილი, მაგრამ უმრავლესობას გუნდში არსებული დაპირისპირების განმუხტვის პრეცედენტები აქვს. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი მცდელობები მაშინ ჰქონდათ, როცა წინა მოწვევის პარლამენტში, განათლების მაშინდელ მინისტრ თამარ სანიკიძესთან დაპირისპირების გამო, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ვანო კიღურაძის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გადაყვანა განიზრახეს. იმის გამო, რომ მაშინ, აღნიშნული პოსტი გუბაზ სანიკიძემ მოითხოვა, კიღურაძემ დაკავებული პოსტი შეინარჩუნა და პარლამენტიდან ისე წავიდა, განათლების მინისტრის თანამდებობის დატოვება თამარ სანიკიძეს მოუწია.
რაც შეეხება გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო საქმიანობას, ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ოთხი წლის განმავლობაში ეკა ბესელიასთან ერთად მუშაობდა და შეიძლება ითქვას, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში დეპუტატებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, კომიტეტის სხდომებზე, ბესელია-ფოფხაძე ერთმანეთის პოზიციებს იზიარებდნენ.