„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული ყრილობისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, პარტიის დაშლით დასრულდეს, რადგან გუნდში პოლიტიკური დაპირისპირება დღითიდღე პიკს აღწევს. პარტიის ერთი ნაწილი ახალი თავმჯდომარის არჩევის მომხრეა, მეორე ნაწილი მხარს სიმბოლურ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს უჭერს.
ოპოზიციციურ პარტიაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, for.ge საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ესაუბრა:
მიხეილ სააკაშვილი პარტიის წევრებს პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს. შეგიძლიათ, განმარტოთ, თქვენი ლიდერი რა პოლიტიკურ გარიგებაზე საუბრობს?
- ვერ გეტყვით, მიხეილ სააკაშვილს რა ინფორმაცია აქვს, თუმცა ვინაიდან, მან თქვა, რომ გარკვეულ ინფორმაციებს ფლობს, ვიმედოვნებ, რომ მას მსგავსი ინფორმაცია ნამდვილად გააჩნია და მისი განცხადების საფუძველიც რაღაც ინფორმაციებია.
პარტიის ერთი ნაწილი მეორე ნაწილს ივანიშვილთან „შეკრულებს“ უწოდებს და ა.შ. გუნდში იმ ადამიანებს ამჩნევთ, რომლებიც ყოფილ პრემიერთან გარიგებაში არიან?
- ასეთ ადამიანებს ნამდვილად ვერ ვხედავ. ივანიშვილის მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიგნით ისეთი ლიდერები გვყავს, რომლებიც ყოფილ პემიერთან შეკრულები არიან. ეს შეურაცხმყოფელი და არასწორი მოსაზრებაა, რადგან ჩვენთან ის ხალხია, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლა და იბრძოლებს კიდეც. ფაქტია, რომ ივანიშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი ოპოზიციური ძალაა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი სამთავრობო გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ იქნება დაკომპლექტებული და ეს გუნდი ხელისუფლებაში მოვა.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც ასეთ პროგნოზებს აკეთებდით და ირწმუნებოდით, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდით...
- ივანიშვილს იმ შედეგებით არ გაუხარია, რაც 8 ოქტომბრის არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ შანტაჟით, მუქარით, მოსყიდვით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით დადო. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კამპანის ჩატარება რა პირობებში უწევდა. ასეთი ვითარების მიუხედავად, პარტიამ დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმა მიიღო და ეს მაჩვენებელი მზარდია.
თუმცა, თქვენი ლიდერი ამ შედეგითაც უკმაყოფილოა და ამბობს, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა იმ პირებმა უნდა აიღონ, ვინც პარტიას ხელმძღვანელობდა...
- ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი ოპოზიციური ძალაა, რომელიც მას დაამარცხებს. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი ეცდება და ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფრაგმენტაცია და კონფლიქტები გამოიწვიოს. მისი მიზანია, პარტიაში ისეთ მოვლენებს ჰქონდეს ადგილი, როგორც აქამდე ჰქონდა, როცა პარტიას რამდენიმე წევრი გამოაკლდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ივანიშვილის ჩართულობის გარეშე არ მომხდარა. მას მცდელობა ექნება, რომ მისი განზრახვა სისრულეში მოიყვანოს, მაგრამ ეს რამდენად რეალურია და სააკაშვილი რა ინფორმაციას ფლობს, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ივანიშვილს ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ეკონომიკის ჩამოშლა უფრო ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს ფაქტია. ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დარდით იღვიძებს და იძინებს.
თქვენ ივანიშვილის ინტერესის სფეროებზე აპელირებთ და ამბობთ, რომ მისი მიზანია, პარტიიდან ადამიანები წავიდნენ. თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, თქვენი თანაპარტიელების მიზანი რა არის, თუკი პოლიტიკურ გარიგებებზე მიდიან?
- არჩევნებამდე, სუს-ის მეშვეობით პარტიაში რამდენიმე ადამიანი აგენტად ჰყავდათ შემოგზავნილი. ივანიშვილი ქვეყნას უკვე თუნდაც არაფორმალურადაც აღარ მართვას და არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევას არ ცდილობს. მისი მიზანია, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ 24 საათი იფიქროს და პარტიის დაშლისთვის ყველაფერს აკეთებს, რასაც ვერც აღწევს და ვერც ვერასოდეს მიაღწევს.
სააკაშვილზე და პარტიაზე გესაუბრებით და ისრები ივანიშვილზე გადაგაქვთ. გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური ტექნოლოგიის ნაწილია, მაგრამ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარს თავს რატომ არიდებთ?
- არ მეთანხმებით, რომ ივანიშვილის მთავარი საზრუნავი „ნაციონალური მოძრაობაა“? - ეს ის გუნდია, რომელმაც ამ უთანაწორო ბრძოლაში ნახევარი მილიონი ხმა მიიღო.
და რომელსაც, შიდა პოლიტიკური პრობლემები აქვს და პარტია განხეთქილების ზღვარზეა...
- ნორმალური პროცესი დაიწყო და პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ივანიშვილი ცდილობს, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტს არ დაამსგავსოს.
თუმცა, თქვენი თანაგუნდელი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ რაც ხდება, ნორმალური პროცესი არ არის, რადგან სააკაშვილი ბრალდებებს ისვრის და დაკავებულია პარტიის რყევით...
- სააკაშვილს კონკრეტული პირები არ დაუსახელებლია, ის მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ გარკვეული ინფორმაციები აქვს. ეჭვი გეპარებათ, რომ ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებას ცდილობს?
თავის დროზე, ოპოზიციის დასუსტებისთვის და შემდეგ განადგურებითვის, თქვენც იბრძოდით...
- ივანიშვილის მთავარი საზრუნავი დასუსტებული „ნაციონალური მოძრაობაა“, რასაც შესრულება არ უწერია და ვფიქრობ, რომ სააკაშვილმაც ამაზე ისაუბრა. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფიქრით იღვიძებს და იძინებს.
თქვენც ასე იღვიძებდით და იძინებდით, რის შედეგადაც ოპოზიციური ფლანგი მოაშიშვლეთ...
- შეფასებას რატომ აკეთებთ? აბა, 2012 წლის არჩევნები რომელიც ოპოზიციამ მოიგო?
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მოიგო...
- ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ ივანიშვილს არ დაუმარცხებია. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ოპოზიციური სპექტრი სუსტი რომ იყო, ეს ცუდი იყო და ამან დათვური სამსახური მმართველ ძალას გაუწია. ოპოზიცია ძლიერი უნდა უნდა იყოს, რომ ხელისუფლებას მეტი პრობლემა შეექმნას.
ორ ნაწილად გაყოფილ პარტიაში, თქვენ რომელ მხარეს დგახართ - სააკაშვილის თუ ბოკერიას?
- რაც პარტიაში ვარ, მუდმივად კამათი იყო და ისეთი საკითხებიც არსებობდა, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. პოლიტიკურ ველზე, ბევრისთვის ის ჯერ კიდევ უცნაურია, თუ როგორ შეიძლება პარტიაში რომელიმე საკითხს კენჭი ეყაროს და გადაწყვეტილებების მიღება ასე ხდებოდეს.
ალბათ, უცნაური იმიტომ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ადამიანზე იყო აწყობილი...
- კი ბატონო, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ მართვა უკეთეს იმედს ტოვებდა. რაც პარტიაში ვარ, მართვის სისტემაში ჩართულია ბევრი ლიდერი. მათ შორის სააკაშვილიც. „ქართულ ოცნებაში“ ვერც დაესიზმრებათ ის, რაც ჩვენს პარტიაში ხდება.
for.ge-სთან საუბარში ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ „ყრილობა უნდა ჩატარდეს, სადაც განსახილველი ბევრი საკითხი იქნება. მათ შორის მსჯელობა იმაზე გაიმართება, თუ რამდენად მომზადებული შეხვდა პარტია არჩევნებს, თუ რამდენად შეძლო ამომრჩევლის დარწმუნება, ისევე როგორც მოპოვებული ხმების დაცვა და თუ ვინ იყო პასუხისმგებელი გადაწყვეტილებების მიღებაზე“. 8 ოქტომბრის არჩევნებზე, თქვენ პარტიის შტაბის ხელმძღვანელი იყავით. ვინაიდან, პარტიის ნაწილს შედეგებზე პრეტენზია აქვს, პასუხისმგებლობას თქვენც იღებთ?
- ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. თეთრიწყაროს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ წიკლაურიც იყო და მან ენერგია არ დაიშურა იმისთვის, რომ შედეგი მაღალი ყოფილიყო. „ქართულმა ოცნებამ“ მუქარითა და შანტაჟით გამარჯვება მიისაკუთრა. ეს ის გამარჯვებაა, რომლისაც „ქართულ ოცნებას“ უნდა ეშინოდოს, რადგან არჩევნებში გამარჯვებიდან ორი თვეა გასული და მთავრობის შემადგენლობას შეხედეთ, რომელიც ნირწართმეული, დაბნეული და უგეგმოა. მათ არც კვალიფიკაცია, არც პროფესიონალიზმი და არც რწმენა თვალებში არ აქვთ, რომ რაიმეს შეცვლიან. ბრძოლა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ჩვენ გამარჯვება 8 ოქტომბერს გვინდოდა, მაგრამ ბევრი ფაქტორის გამო, ეს ასე არ მოხდა. ეს ბრძოლა გაგრძელდება და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დამარცხებით დასრულდება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია, თუმცა არა კონფლიქტი. ვინ მართალია და ვინ მტყუანი მეორე ხარისხოვანია, რადგან ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ეს ყველაფერი კონფლიქტში გადადის, წყალს არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის წისქვილზე ასხამს. მომხრე ვარ, კონკურენეციის ფარგლებში არსებული შიგნით ორთაბრძოლა მალე დასრულდეს, თუნდაც - ყრილობის დღეს. მეორე დღესვე, პარტიის გაძლიერება ისევ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა დავიწყოთ. თვითმართველობის არჩევნები კარსაა მომდგარი და ეკონომიკური კრიზისის გამო როგორი არჩევნები იქნება, ამის თქმა რთულია.
თქვენ ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველად მოიაზრებთ. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ჩიორა თაქთაქიშვილმა პოსტი დაწერა და გაირკვა, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველი თქვენც გყოლიათ. პარტიაში არაფორმალურ მმართველს ხედავთ?
- მსგავსი ვინმე პარტიაში არ არის. ვინმეს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მოსწონს თუ არა, ეს ერთია, მაგრამ ამა თუ იმ საკითხის ბედს პოლიტსაბჭო წყვეტდა. რომ ვთქვა, გადაწყვეტილებებს ერთი-ორი კაცი იღებს-თქო, სწორი არ იქნება.
თუმცა, თქვენი მხარდამჭერები ეჭვობენ, რომ პარტიაში მმართველობის ხელში აღებას გიგა ბოკერია ცდილობს. პარტიაში მას რა როლი და ფუნქცია აქვს გარდა იმისა, რაც ოფიციალურადაც ცნობილია?
- პარტიაში მთავარი ორგანო პოლიტსაბჭოა, სადაც ბევრი საკითხი კენჭისყრაზე დგება. როცა ესა თუ ის საკითხი ორი-სამი ხმის სხვაობით გადის, იმაზე საუბარი როგორ შეიძლება, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღება?
ბოკერიას კოლეგებზე პოლიტიკური გავლენები აქვს?
- რა თქმა უნდა, ბევრს ბევრზე გავლენა აქვს. გავლენა ვიღაცას ჩემზე აქვს, ვიღაცაზე მე მაქვს. პარტიაში ამა თუ იმ საკითხის ლობირება და პოლიტსაბჭოზე გატანა ხდება. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ „ნაციონლურ მოძრაობაში“ ყველაფერი რიგზეა. განვითარებას მუდმივად უნდა ვესწრაფოდეთ. როცა თვლი, რომ ყველაფერი იდეალურად არის, რეალური პრობლემები მაშინ იწყება. გუნდს ახალი იმპულსი და ახალი განვითარება სჭირდება.
პარტიას იმის რესურსი აქვს, რომ ეს კონფლიქტი დაძლეული იყოს და ერთიანობა შეინარჩნოთ? ისე ხომ არ მოხდება, რომ პარტია სწორედ ყრილობაზე დაიშალოს?
- პარტიის უკან ნახევარი მილიონი ადამიანი დგას, რომელთა წინაშე ანგარიშვალდებული ვართ და ცალკე აღებული პოლიტიკოსი არაფერს არ წარმოვადგენთ. ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, პარტიაში არსებული პოლიტიკური კულტურა მოითხოვს, რომ უთანხმოება და დაპირისპირება ყრილობაზე დამთავრდეს.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, თქვენ მომხრე ხართ, რომ სააკაშვილი სიმბოლური თავმჯდომარე იყოს, თუ პარტიას სათავეში დავით ბაქრაძე უნდა ჩაუდგეს?
- თავმჯდომარეობა რა არის? - პარტიული თანამდებობაა და ერთგვარად, პარტიის სახეა, თორემ, პარტიას პოლიტსაბჭო მართავს და არა თავმჯდომარე. პარტიის თავმჯდომარე ელექტორალური ფიგურაა, რომელსაც ამომრჩეველი ნიშნავს. ვინაიდან, ჩვენმა აქტივმა თავმჯდომარის არჩევის საკითხი მტიკვნეულად მიიღო, მომხრე ვარ, რომ ეს საკითხი დახურულად გამოვაცხადოთ.
საპირისპიროს გიგა ბოკერია ამბობს. ის მიიჩნევს, რომ პარტიას ახალი თავმჯდომარე სჭირდება და ის დავით ბაქრაძე უნდა იყოს...
- ჩვენი აქტივისტები იმაში საწინააღმდეგოს ვერ ხედავენ, რომ პარტიას თავმჯდომარე ჰყავდეს, მაგრამ როცა მათ კითხვები გაუჩნდათ, ეს საკითხი მანამდე უნდა დაიხუროს, სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ გავცემთ. თავმჯდომარის არჩევის საჭიროებას ვერ ვხედავ.
მაშინ, თქვენი გუნდის ერთი ნაწილი დღის წესრიგში ამ საკითხს რატომ აყენებს? ამ თემას ხელოვნურად წევენ?
- ჩემი ღრმა რწმენით, ყრილობაზე, კენჭისყრზე ეს საკითხი დადგება და ჩავარდება. მნიშვნელოვანი პოლიტსაბჭოს არჩევითობაა. მნიშვნელოვანია, პარტიამ გუნდი აირჩიოს, რომელიც პარტიას მომდევნო პერიოდში მართავს. სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ და ვაღიაროთ, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი უფრო სხვაგვარად ფიქრობს, ვიდრე პარტიის ერთი ნაწილი. მათთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი არ არის. მგონია, რომ სტრატეგიულად შეცდომა იქნა დაშვებული. ამ თემაზე საუბარი პარტიის შიგნით, ამომრჩევლებთან უნდა დაწყებულიყო და მისი გარეთ გამოტანა შემდეგ მომხდარიყო. პარტიამ საპირისპიროდ გააკეთა, რამაც ამომრჩევლებში ქარიშხლოვანი რეაქცია გამოიწვია. ამომრჩევლის გარეშე არაფერი არ ხარ, მთავარი საყრდენი ამომრჩეველია, რომელსაც კითხვის ნიშნები აქვს, რის გამოც, ეს საკითხი უნდა დაიხუროს.