„მიზანმიმართულად უნდათ დასწიონ კონტრაზვერვის როლი ქვეყნაში, რადგან ასე უფრო იოლია საზოგადოების მანიპულირება“

„მიზანმიმართულად უნდათ დასწიონ კონტრაზვერვის როლი ქვეყნაში, რადგან ასე უფრო იოლია საზოგადოების მანიპულირება“

საკონსტიტუციო სასამართლოში, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ რიგი ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ნორმები საგამოძიებო უწყებებს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის საშუალებას აძლევს. საუბარია იმაზე, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელდეს.

გარდა ამისა, დავის ერთ-ერთი საკითხია ისიც, რომ ორ პიროვნებას შორის არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება კომუნიკაციაში მონაწილე მხოლოდ ერთ-ერთი მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი, მეორე პიროვნებას კი ამის შესახებ შესაძლოა არც ეცნობოს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ „კონტრდაზვერვის საქმიანობის შესახებ“ მარეგულირებელ კანონმდებლობაში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. მისი თქმით, კონტრდაზვერვის საქმიანობის ფარგლებში, სამართალდამცავებს, კონკრეტულ უწყებებს შეუძლიათ სასამართლოს ნებართვის გარეშე აწარმოონ აუდიო ჩაწერა, ვიდეო-ფოტოს გადაღება, რის შესახებაც ადრესატს ინფორმაცია არ ექნება.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სხვა საკითხია რამდენად ეფექტურად მუშაობენ უსაფრთხოების სამსახურები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რა ვითარებაა ქვეყანის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ, გამართლებული და ლოგიკური არ იქნება უსაფრთხოების სამსახურისთვის უფლებამოსილების შეზღუდვა.

„თუ უსაფრთხოების სამსახური ერევა ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ თამაშებში და თუ ამ მიმართულებით არის პრობლემა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ დანარჩენი მიმართულებით, პირიქით უნდა მოხდეს ამ სამსახურების გაძლიერება. ერთადერთი, სადაც შეიძლება პრობლემა იყოს, ეს არის ადამიანის უფლებები და განსაკუთრებით ლაპარაკია პოლიტიკურ უფლებებზე და თავისუფლებაზე. ეს სეგმენტი შეიძლება იყოს განხილვის საგანი, მაგრამ გამომდინარე იქედან, რამდენად არის დაკავშირებული ამ ქვეყინის უსაფრთხოებასთან და ასევე, რეგიონალურ უსაფრთხოებასთან. მოგეხსენებათ, როდესაც ქვეყანაში არის განსაკუთრებული სიტუაცია, კონსტიტუციითაც დაშვებულია ადამიანის უფლებების გარკვეული შეზღუდვა.

აი, ამ პოსტულატიდან უნდა გამოვიდეთ და ასე მივუდგეთ უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილების გაზრდას, თუ შემცირებას. ის, რომ უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკურ პერსონებზე ზეგავლენას ახდენდეს, ამას ვერ ვხედავ, არც სხვებისაგან გამიგონია. ამიტომ, მგონია, რომ ამ თემის წამოწევა უფრო პროპაგანდისტული ნაწილია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ გაზრდილი ტერორიზმის საფრთხეების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების დასუსტება, მოქალაქეებს უსაფრთხოებას შეუქმნის. დეპუტატის განცხადებით, კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების ეფექტურად მუშაობისთვის განსაზღვრული ინსტრუმენტების შეზღუდვის მოთხოვნა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხელის შეშლის მცდელობას უფრო ჰგავს.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელთა საფუძველზეც კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული საქმიანობის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდული დროით დასაშვებია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შესაძლო საეჭვო პირის, მოსამართლის ნებართვის გარეშე ფარული თვალთვალი და მიყურადება, ხელ-ფეხს გაუხსნის ტერორისტებსა და ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველებს. ამიტომაც, ასეთი შეზღუდვის წინააღმდეგი ვარ და მგონი ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის მსგავსი შეზღუდვების დაწესება სადაზვერვო სამსახურებისთვის მიუღებელი იქნება“, - აცხადებს ეკა ბესელია.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მსოფლიოში არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონმდებლობის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, კონტრდაზვერვით საქმიანობას და მის ეფექტურობას ძალიან შეაფერხებს. სესიაშვილი ამბობს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის ძალიან სპეციფიური სამსახური, რომლიც მოიცავს სპეციალურ ოპერატიულ ღონისძიებებს, აგენტურასთან მუშაობას, სპეციალურ საგამოძიებო მოქმედებებს, ინფორმაციის ანალიზს და დამუშავებას. ასევე, მოითხოვს ოპერატიულობას.

„იმ ტენდენციების დროს, რომელიც გვიჩვენებს, რომ საფრთხეები ნაკლებია, შეიძლება უფრო მოვახდინოთ კანონპროექტის ლიბერალიზაცია. პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდგომ ევროკავშირმა მიიღო მიმართვა ბევრი სახელმწიფოს მიმართ, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს და გაამკაცროს კანონმდებლობა, რომელიც მიზანმიმართულია ტერორიზმთან ბრძოლისკენ. მათ შორის იგულისხმება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მხარდაჭერა. ამას მოჰყვა გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში კანონმდებლობის გამკაცრება და კონტრდზვერვითი საქმიანობისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების ეფექტურად მუშაობისთვის განსაზღვრული ინსტრუმენტების შეზღუდვის მოთხოვნას არაეფექტურად მიიჩნევენ ანალიტიკოსები.

ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე განმარტავს, რომ რეგიონში არსებული გამოწვებების ფონზე აუცილებელია დაფინანსების გაზრდა და ტექნიკური გადაიარაღება.

„რეალურად, არასამთავრობოების პოზიცია დაკავშირებულია გაზრდილ უფლებებთან, რომ არ შეიზღუდოს მათი უფლებები. გარკვეულ საფრთხეს ხედავენ, რადგან საბჭოთა კავშირიდან მოყოლებილი ეს სამსახური პოლიტიკური პოლიციის ფუნქციების მატარებელი იყო, მაგრამ ახლა, მათ არგუმენტს საფუძველი არ აქვს - ამ მიმართულებით ბევრი რამ შეცვლილია. შედარებაც არ არის იმასთან, რაც იყო სააკაშვილის დროს და რა ფუქნციებიც ჰქონდათ მაშინ პოლიციას. ვიცით, რომ ტოტალური მოსმენა მიმდინარეობდა.

მათ ან წარსულის მძიმე გამოცდილება ალაპარაკებთ, რადგან ეშინიათ, რომ გაზრდილი უფლებები მათ წინააღმდეგ იქნება მომართული. ან საქმე გვაქვს იმ მოვლენასთან, როდესაც მიზანმიმართულად უნდათ დასწიონ კონტრაზვერვითი სამუშაოების ფასი და როლი ქვეყნაში, რადგან ასე უფრო იოლია საზოგადოების მანიპულირება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ლაშა ძებისაშვილის განმარტებით, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით. შესაბამისად, რაც უფრო პატარა და სუსტია სახელმწიფო, რომელსაც შეუძლებელია გააჩნდეს საფუძველი სრულიად დაიცვას თავი, მით უფრო და განსაკუთრებით ძლიერი დაზვერვის სამსახურები უნდა ჰყავდეს, განსაკუთრებით კი, საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც ერთ-ერთი ქვაკუთხედია პატარა სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვის კუთხით.

„პირიქით, ჩვენი საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი არის ორგანიზაცია, რომელიც არა თუ მოიკოჭლებს ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პირიქით ვალდებულების მოხდის მიზნით აქვს ბიუჯეტი დამტკიცებული. პირიქით, საგარეო დაზვერვის სამსახური უნდა იქნას გაძლიერებული, როგორც ფინანსურად, ასევე ადამიანური რესურსების თავლასაზრისით“, - ამბობს ლაშა ძებისაშვილი.

რაც შეეხება კონტრდაზვერვის სამსახურს, ძებისაშვილის განმარტებით, ისეთ გარემოში ვიმყოფებით, სადაც უამრავი სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებია და ცხადაია კონტრადაზვერვას ძალიან დიდი როლი აკისრია.

„დარწმუნებული იყავით, რომ საზოგადოება ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის. ამიტომ რასაკვირველია, კონტრადაზვერვის სამსახური უნდა იყოს თავის სიმაღლეზე და განსაკუთრებულად ძლიერი უნდა იყოს. ცხადია, ეს არ ნიშნავს ადამიანის უფლებების დარღვევას, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებს ახასიათებთ და საკმაოდ ძნელია ამ სამსახურების ამ ტრადიციიდან განთავისუფლება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისეთი პატარა სახელმწიფო როგორიც საქართველოა და ისეთი რთული გარემო, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით, დაზვერვის სამსახურებს და განსაკუთრებით საგარეო და კონტრდაზვრევას, ძალიან დიდი ყურადღებას უნდა აქცევდეს, როგორც ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით, ასევე, პროფესიონალების მოზიდვის თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილმა.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოება გარეშე ძალების ზემოქმედებისგან და უპირველესად, ეს არის კონტრდაზვერვა.

„ჩვენ ვიცით კი, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ საქართველოს სპეცსამსახურები? საქართველოს დაზვერვა, ან თუნდაც იგივე სუსი, რომლის ფუნქცია არ არის, სადღაც გამგებლის წარმომადგენელმა რომ 10 ლარი ქრთამი აიღო და ადმის გამო მთელი საქართველოს სუსი მას დასდევს. ეს გახლავთ ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებო სამსახურის ფუნქცია.

თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ფუნქციაა, უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოება გარეშე ძალების ზემოქმედებისგან და უპირველესად ეს არის კონტრადზვერვა. ვინმეს სმენია ამდენი წლის განმავლობაში (მე არ ვთვლი ვითომ შპიონებს და ჯაშუშებს სააკაშვილი რომ სპეციალურად აკავებდა), დაეკავებინოთ რუსეთის თუ სხვა ქვეყნის ჯაშუშები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ თავისუფლად მუშაობდნენ და დღესაც მოქმედებენ? აი, აქ არის ძაღლის თავი ჩამარხული“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

მისვე განცხადებით, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა არ არის ეფექტიანი. როგორც ალადაშვილი ამბობს, სუს-ის ეფექტიანობა განისაზღვრება საშინაო პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობით, რაც ქვეყანაში საკმაოდ მძიმეა.

„მესმის, რომ ყველაფრის გარეთ გამოტანა არ შეიძლება, არის რაც საიდუმლოდ უნდა იყოს. 50-იან წლებში ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობდა - სპეცსასამხურის წარმატება ყოველთვის ჩუმად რჩება, ფარულია, მაგრამ როცა წარუმატებელია, ყველა ხედავს. სამწუხაროდ, საქართველოს სპეცსამსახურები, სუს და დაზვერვის სამსახური ვერ ჯდება ამ მოთხოვნაში, რა ინფორმაციაც გვაქვს და რასაც ყველდღიურად ვხედავთ, ძალიან არაფექტიანად მუშაობენ.

სად არის, თუნდაც ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულება - რაც ემართება ეროვნულ ვალუტას, რაც ხდება რეალურად ეკონომიკაში, ამას ხომ ყველა ვხედავთ?! საფრთხეების გათვალიწინებით და ამ სტრუქტურებში, უცხო ქვეყნის წლობით ჩანერგილი აგენტურიდან გამომდინარე ხელახლაა ეს სტრუქტურა შესაქმენილი.

ვიმეორებ, რომ ჩვენი სპეცსამსახურები გაძეძგილია საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი აგენტურით. იმიტომ ვხედავთ შედეგად, რომ რეალურად, ქვეყნის ეფექტიანი მართვა არ მიმდინარეობს. არც სააკაშვილის დროს მიდიოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლე არ ვთქვათ. მეხუთე წელი დაიწყო და სერიოზულ პრობლემებს ვხედვათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თუნდაც იგივე, თავდაცვითუნარიანობის მხრივ. წინსვლას ვერ ვხედვათ და ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლვათ ის, რომ ჩვენი სპეცსამსახურები არაეფექტიანად მოქმედებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.