ვლადიმერ პუტინი საქართველოს ცალკეული სტრუქტურების მხრიდან, „გარკვეულ სიგნალებს ხედავს“ და შესაბამისად, არ გამოვრიცხავს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაბრუნებას. როგორც შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, „რამდენად ტრიავიალურად უნდა მოგვეჩვენოს, რუსეთს არ დაუწყია საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში“. თუმცა, ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, უნდა ვიფიქროთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე.
„არ გამოვრიცხავ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას. მიმაჩნია, რომ ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მით უმეტეს, რომ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს ცალკეული მმართველი სტრუქტურების მხრიდან. მნიშვნელოვანია ნორმალური ურთიერთობების დალაგება სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხაზით, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თვალსაზრისით, რათა უვიზო რეჟიმმა ჩვენი უსაფრთხოება არ დააზარალოს. ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის ლიდერის ამ პოლიტიკურ გზავნილს უპასუხეს თბილისში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე საქართველოსა და რუსეთის შეფასებებში რადიკალური განსხვავება საყოველთაოდ ცნობილია. მისივე თქმით, ამ პოზიციას სრულად იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.
„მიუხედავად რუსეთთან ურთიერთობაში არსებული დიდი სირთულეებისა, ჩვენ მზად ვართ, სახელმწიფოს ინტერესების სრული დაცვით, გავაგრძელოთ დიალოგი და ძალისხმევა ამ პრობლემების ეტაპობრივად მოსაგვარებლად, რაც უმთავრესად ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფორმატში ხდება“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას ან გაუქმებას, აბაშიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ 2011 წლიდან, ცალმხრივად გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამარტივდა რუსეთის სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის.
„თუკი რუსეთის მხარე გადადგამს შემდგომ ნაბიჯს, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათი პრეროგატივაა. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, რისი დასტურიც არის ბოლო წლებში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივება ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის უახლოეს პერიოდში შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწესება.
საქართველო სხვადასხვა ფორმით აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო ძალისხმევას ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლაში, რასაც კვლავაც გააგრძელებს. ამ მიმართულებით, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, გარკვეული გამოცდილება გვაქვს 2014 წელს სოჭში გამართულ ოლიმპიადასთან დაკავშირებითაც, რაც საზოგადოებისათვის ცნობილია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
„განცხადება არ მომისმენია, ამიტომ კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო კურსი, წითელი ხაზები და ამ საგარეო კურსისა და წითელი ხაზების ფარგლებში ვიმოქმედებთ“, - ასეთია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხი, რუსეთის ლიდერის პოლიტიკურ გზავნილთან დაკავშირებით.
პარლამენტის ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, ფიქრობენ, რომ ახლა შეიძლება სავიზო რეჟიმზე საუბარი და ეს არის ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილი. შესაბამისად, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების მიუხედავად, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის იყოს ხელისუფლება.
„რასაკვირველია, რუსეთს თავისი სტრატეგიული ინტერესი აქვს და ეს სტრატეგიული ინტერესები არა მხოლოდ ქმედებებში, არამედ განცხადებებშიც ვლიდება. რასაკვირველია, რუსეთი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ მესიჯს უგზავნის ქართულ საზოგადოებას, რომ იგი პოზიტიურია. თუმცა, საზოგადოების ნებისმიერი ნაწილი როგორ ურთიერთობაზეც უნდა ფიქრობდეს სამომავლოდ, თუ აწმყოში რუსეთთან, ყველამ იცის რა ხდება ამასთან დაკავშირებით - ტერიტორიები არის ოკუპირებული. შეიძლება განსხვავებული აზრი გაგვაჩნდეს მიხეილ სააკაშვილის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებული ყოფილიყო. ყველაფერი გააკეთა ვგულისხმობ იმ უნებლიე, თუ დანაშაულებრივ შეცდომებს თავის საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიაში. პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო დახმარებას და საერთაშორისო საგზაო რუკას, რასაც მან გადაუხვია და შედეგად მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგები. მიუხედავად წინაპირობებისა, ვინც როგორ არ უნდა აფასებდეს, ეს ცუდი შედეგები დღეს არსებობს და ჰქმნის იმ წითელ ხაზებს, რაზედაც სწორედ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
აქედან გამომდინარე, ვიცე-სპიკერის, განცხადებით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ მომავალში ეს ყველაფერი პოლიტიკური მოლაპარაკებით, მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე დასრულდეს.
„ეს არის მთავარი ასპექტი, ამოსავალი წერტილი ჩვენი საგარეო ურთიერთობის, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობებზე და უვიზო რეჟიმზე საუბრობს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რა პოლიტიკურ წინაპირობებთან არის ეს დაკავშირებული. სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არსებობს ის პოლიტიკური შეფასება, რომელიც შეიძლება რომელიმე ადამიანისთვის გამოდგეს გამამართებლად იმისა, თუ რა ხდება. მხედველობაში მაქვს ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საკმაოდ მუქი ჩრდილი ადგება ნებისმიერ ოპტიმიზმს, რაზედაც პუტინი საუბრობს.
ეს არის რეალობა და ამ რეალობისგან შექმნილი წითელი ხაზები. ვიმუშაოთ, შეზღუდულია ფორმატი, მაგრამ ურთიერთობების და მოლაპარაკების ფორმატი გაგვაჩნია. ვფიქრობ, ამ ფორმატზე უარი არ უნდ ვთქვათ. სამომავლოდ იმ ვითარების მოლოდინში ვართ, როდესაც შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობისა და სამართლიანობის აღდგენას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ვოლსკი.