გილ შვეიდის მაღალტექნოლოგიური სამყარო

გილ შვეიდის მაღალტექნოლოგიური სამყარო

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

გილ შვეიდი, შეიძლება ითქვას, ისრაელის ეკონომიკის ფლაგმანთა ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. 43 წლის ბიზნესმენმა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მართლაც შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია. მის მიერ დაფუძნებული „ჩეკ პოინტი“ ისრაელის ჰაი-ტეკის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. მისი აქციების 11,5 პროცენტის მფლობელი შვეიდის კაპიტალი 1,6 მილიარდ დოლარს აღწევს.

ჩეკ პოინტის დაარსება

გილ შვეიდის ცხოვრება მრავალმხრივ იმეორებს განთქმული ბილ გეითსის ბიოგრაფიას. კომპიუტერებისადმი ინტერესი მას 14 წლის ასაკში გაუჩნდა. სახლში კომპიუტერი არ ჰქონდა და პროგრამირების საფუძვლებს იერუსალიმის მშობლიური უბნის კოლეჯში ეუფლებოდა. იმდენად კარგად სწავლობდა, რომ სკოლის დამთავრებამდე ცდილობდა უნივერსიტეტში ჩაებარებინა. გამონაკლისის სახით, მას საშუალება მისცეს ლექციებს რეგისტრაციის გარეშე დასწრებოდა.

შემდეგ იგი არმიაში გაიწვიეს, სადაც კომპიუტერული მომსახურების განყოფილებაში მოხვდა. ამან მისი პრაქტიკული ცოდნა გვარიანად გააღრმავა. არმიის შემდეგ მან უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა. გარდა ამისა, კომპიუტერების ექსპლოატაციის კონსულტანტად მუშაობდა.

თუმცა, გილი მხოლოდ ერთი თვე სწავლობდა, შემდეგ კი უნივერსიტეტი მიატოვა. ან კი რა ექნა, როცა სწავლა მოსწყინდა. თანაც, მშვენიერი იდეა ეწვია და გადაწყვიტა ინტერნეტში ინფორმაციის დაცვის ორიგინალური პროგრამა შეექმნა.

შვეიდმა გადაწყვიტა არმიელ მეგობრებთან - ნახატთან და კრამერთან ერთად ფირმა შეექმნა. ცხადია, ამისათვის ფული იყო საჭირო. გილი ეძებდა ინვესტორებს, რომლებიც კომპანიის 49 პროცენტით დაკმაყოფილდებოდნენ და ამასთან, პროგრამული პროდუქტების ამერიკულ ბაზართან კავშირები ექნებოდა.

ამგვარი კომპანია „ბპმ“ აღმოჩნდა, რომელმაც შვეიდის პირმშოს, ფირმა „ჩეკ პოინტის“ შექმნაში 3000 ათასი დოლარი ჩადო. პირველადმა კაპიტალდაბანდებამ სრულიად გაამართლა: შვეიდის პროგრამამ დიდი მოწონება დაიმსახურა, „ჩეკ პოინტის“ გაყიდვების მოცულობამ 1995 წელს 9,5, 1998 წელს კი 142 მილიონ დოლარს მიაღწია. ხოლო, 2000 წელს, კომპიუტერული ბუმისას ამ მაჩვენებელმა 425 მილიონ დოლარს მიაღწია.

ახლადაარსებული ფირმის ამგვარი წარმატების მიზეზი მთავარი პროდუქტის - პროგრამა „ფაირვოლის“ წარმატება იყო. გარდა ამისა, დიდი როლი ითამაშა კომპანია “სან მიკროსისტემსის” დახმარებამ, რომელმაც „ჩეკ პოინტის“ ამერიკულ ბაზარზე წინსვლას ხელი შეუწყო. მალე „ჩეკ პოინტმა“ კალიფონიაში ფილიალი გახსნა და ამერიკულ ბაზარზე დამოუკიდებლად მოღვაწეობა დაიწყო.

პროგრამისტი და მენეჯერი

ბილ გეითსის მსგავსად, გილ შვეიდი არა მარტო ჭკვიანი პროგრამისტი, არამედ, კარგი მენეჯერიც არის. 1996 წელს მან განახორციელა „ჩეკ პოინტის“ აქციების პირველი ემისია ნიუ იორკის ბირჟაზე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - „ჩეკ პოინტის“ საბაზრო ღირებულება გამუდმებით იზრდებოდა და მალე 30 მილიარდ დოლარს მივღწია. თავად შვეიდის პირადი კაპიტალი კი 2,5 მილიარდი დოლარი გახლდათ და იგი ისრაელის უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში შევიდა.

ამგვარი წარმატების მთავარი მიზეზი შვეიდისეული ბიზნეს-ალღო და საქმისადმი მისი დამოკიდებულება გახლდათ. იგი ყოველთვის ცდილობდა ირგვლივ ჭკვიანი, გონებაგახსნილი პერსონალი შემოეკრიბა. თავად საშინლად შრომისმოყვარეა. მისი სამუშაო დღე დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე გრძელდება, რომლის განმავლობაში, ხშირად 20 საქმიან შეხვედრას ასწრებს.

შვეიდს პრობლემები მხოლოდ ერთხელ, 2000-2002 წლებში შეექმნა, რაც ამერიკულ ბირჟაზე „ჰაი-ტეკის“ სფეროს კომპანიათა აქციების ვარდნამ განაპირობა. თუმცა, შვეიდის მცდელობით სიტუაცია მალე გამოსწორდა. მეტიც, მან გადაწყვიტა კომპანიის გაფართოვებაზე ეზრუნა. ამისათვის, დამატებით რამდენიმე წარმომადგენლობა გახსნა და ანალოგიური პროფილის ამერიკული კომპანია შეიძინა. 

შედეგად, „ჩეკ პოინტის“ საქმეები სულ უფრო კარგად წავიდა, თუმცა, გლობალური კრიზისისას შვეიდმა გვარიანად იზარალა და იგი ისრაელის უმდიდრესი ადამიანიც არარ არის. მაგრამ ბოლო დროს კომპანიისა და შვეიდის ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მყარი ხდება. მართალია, შვეიდს გეითსის დიდებასა და სიმდიდრემდე ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ საკმარისად ახალგაზრდა და ამბიციურია და წინ უდავოდ დიდი მომავალი აქვს.