2017 წლის ბიუჯეტმა „ნაციონალებს“ დემაგოგიის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცა. ირმა ნადირაშვილმა ცინიზმად შეაფასა ის ფაქტი, რომ ადამიანები პურს ვერ ყიდულობენ და ამ დროს თურმე კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის ვალები უნდა დაფარონ. ამ ბიუჯეტის შემხედვარე გიგი წერეთელსაც აღმოხდა, რომ მომავალ წელს ჩვენი მოსახლეობა უარესად იცხოვრებს, ვიდრე ცხოვრობდა.
მომავალი წლის ბიუჯეტმა ვერც „პატრიოტთა ალიანსის“ გული მოინადირა. ირმა ინაშვილის თქმით, ჩვენი მინისტრები, იაპონიის ან კიდევ საფრანგეთის მინისტრების მსგავსად, გვარწმუნებენ, რომ ციფრულ ეკონომიკაზე გადავედით, თურმე აყვავდა ქვეყანა, მაგრამ, ეტყობა, ფანჯარას არ აღებენ და ვერ ხედავენ, გარეთ სიღარიბის რა დონეა, დასაქმების პრობლემაა ქვეყანაში. ამდენად, „პატრიოტთა ალიანსმაც“ აღნიშნულ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. ამის მიუხედავად, ბიუჯეტი 102 ხმით 10-ის წინააღმდეგ მაინც დამტკიცდა.
რაში სცოდავს 2017 წლის ბიუჯეტი, ამის შესახებ For.ge-ს საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ესაუბრა.
გიორგი კვირკაშვილის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. მართალია, მთავრობას შეეძლო ფინანსური რესურსების უფრო დიდი ნაწილი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად მიემართა, მაგრამ მთავრობამ დაბალანსებული მიდგომა ამჯობინა. აღნიშნული ბიუჯეტი ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების საფუძველს იძლევა?
- 2017 წლის ბიუჯეტი სამარცხვინოა, რადგან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს არ ესმით, რამხელა პრობლემას უქმნიან ამ ბიუჯეტით ქვეყანას. ძალიან სამწუხაროა, მათ ეს ან არ ესმით, ან შეგნებულად მიდიან ამ ნაბიჯზე. მათ არ უნდათ, შეიმცირონ საკუთარი ხარჯები და მთელი ტვირთი უნდათ აჰკიდონ საქართველოს მოსახლეობას. ძირითად ნაწილში ეს ბიუჯეტი ორიენტირებულია იმაზე, რომ ბიუროკრატიის ხარჯები არ შეიკვეცოს, რაც, ჯამში, შეიძლება გახდეს მაკროეკონომიკური დესტაბილიზაციის ფაქტორიც კი. საქართველოს მთავრობა კიდევ ზრდის თავის ვალდებულებებს, რომელიც ისედაც კრიტიკულია და არც ერთ ნაბიჯს არ დგამს მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
სამთავრობო ხარჯების 30%-ით შემცირება, რასაც ოპოზიცია სთავაზობდა ხელისუფლებას, მათემატიკურად შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ეს უპასუხისმგებლო მიდგომად ჩაითვლებოდა. მხოლოდ 10%-იანი შემცირება კი, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.
- რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. რისი შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას, ის უნდა გააკეთოს. ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, წლების განმავლობაში შეინახოს უზარმაზარი ბიუროკრატია, რომელიც არაფერს ქმნის. ამიტომ ხარჯები კი არ უნდა გაიზარდოს ამ მიმართულებით, არამედ შემცირდეს. ბიუჯეტის პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს, ეს უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ. ახლა რას ვაკეთებთ ჩვენ? 2017 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონით ვზრდით ბიუროკრატიის შესანახ ხარჯებს. შეხედეთ, ბიუჯეტის დეფიციტი არის დაახლოებით მილიარდნახევარი, საიდანაც დაახლოებით 900 მილიონი მოხმარდება საინვესტიციო პროექტებს და ეს კარგია, ამაში ცუდი არაფერია, ქვემოთ კი რაც არის, ის უნდა მოხმარდეს ბიუროკრატიის შენახვას. ეს უკვე ცუდია.
ანუ მთავრობა დეფიციტურ ხარჯვას აგრძელებს, რაც კიდევ უფრო გააუფასურებს ლარის კურსს?
- რა თქმა უნდა, და ეს დაკავშირებულია სერიოზულ საფრთხეებთან. ლარის კურსის გაუფასურება გამოიწვევს ნდობის დაკარგვას იმ კომპანიებისადმი, რომელთაც უცხოური ვალები გააჩნიათ. საქართველოს არასაფინანსო კომპანიებს ძალიან დიდი უცხოური ვალდებულებები აქვთ უცხოურ ვალუტაში და მათი ვალდებულებები და მათი აქტივები ერთმანეთისგან დაცილებულია. ამ უნდობლობამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელი ინვესტორების გასვლა ქვეყნიდან და, საბოლოო ჯამში, შეიძლება მივიდეთ დეფოლტამდე. ასევე, დიდი ვალდებულებები აქვს საქართველოს მთავრობასაც, რომლის უცხოური ვალდებულებები და უცხოური აქტივებიც მკვეთრად უარყოფითია. ეს ორი სერიოზული პრობლემა დგას ქვეყნის წინაშე.
ყველა ხელისუფლებას საამაყოდ აქვს, რომ სწორედ მათ დროს ინვესტორები სულ უფრო მეტად ინტერესდებოდნენ ჩვენი ქვეყნით. ინვესტორების წასვლას რა შეაკავებს? ტარიფების მატება? გვიღირს კი ამ მეთოდით დატოვებული ინვესტორები?
- ლარის კურსი იმდენად არის გაუფასურებული და გაუფასურების პროცესი ვერ ჩერდება, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას მაინც მოუწევს გადახედოს ტარიფებს. თუ ის ტარიფებს არ გადახედავს, მაშინ, უბრალოდ, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები კი არ შემოვა, არამედ ინვესტორები ამ სექტორიდან საერთოდ გაიქცევიან. მათ აინტერესებთ მოგების მიღება. ისინი მოდიან ამ სექტორში მოგების მისაღებად და არა ალტრუისტული მიზნებით, რომ ჩვენი პრობლემები რამენაირად გადაწყვიტონ.
მაგრამ ტარიფების მატება ერთადერთი გამოსავალია ინვესტორების შესანარჩუნებლად?
- რა თქმა უნდა, მიმზიდველი უნდა იყოს ინვესტორებისთვის ეს სექტორი და არა - ზარალიანი. ვინაიდან ეს სექტორი მარეგულირებელს ექვემდებარება, თუ შენ არ მისცემ იმის საშუალებას, რომ ტარიფები გაზარდოს, მაშინ ზარალით ვერ იმუშავებს.
მაგრამ აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით. ინვესტორებზე მეტად, წესით, ხელისუფლებისთვის მთავარი უნდა იყოს ხალხის კეთილდღეობა. ტარიფების მატების პარალელურად, მთავრობის არაპოპულარობაც ხომ გაიზრდება? ზოგიერთები სოციალური სიდუხჭირის გამო ქუჩის აქციებსაც პროგნოზირებენ.
- ჩემი აზრით, საქართველოში სოციალური ფაქტორის გამო აქციები ნაკლებად გაიმართება.
ასეთი აქციები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ არაფერია გამონაკლისი, თუნდაც ბანკის ვალების გამო.
- ჯერ არ ყოფილა ამ ტიპის აქციები, ახლაც არ ვიცი, რამდენად მოსალოდნელია, მაგრამ მთავრობისადმი ნდობა რომ სერიოზულად დაეცემა, ეს ფაქტია. ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ ისედაც დაბალი რეიტინგი აქვს საქართველოს მთავრობას. მოსახლეობის დაახლოებით 25%-მა დაუჭირა მხარი. მართალია, პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვეს, მაგრამ 25%-იც ძალიან დაბლა ჩამოვა.
მთავრობის პოზიციიდან თუ შევხედავთ, მაშინ ტარიფების მატებაშიც არ ყოფილა გამოსავალი, რადგან ხალხში მათი რეიტინგი კოლოსალურად დაეცემა? მაშინ რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი ხელისუფლებამ?
- ტარიფების მატებას განაპირობებს სწორედ ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს. ამ პოლიტიკის გამო ხდება აუცილებელი ტარიფების მომატებაც. თუ ტარიფების მომატებაზე უარს ვიტყვით, მაშინ ვხედავთ, რაც მოჰყვება ამას. აქედან გამომდინარე, მთავრობამ უნდა შეცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა. ასევე, უნდა მოახდინონ ფულადსაკრედიტო პოლიტიკის კორექტირება და უფსკრულისკენ დაღმასვლა შეაჩერონ, რაც ჯერჯერობით არ ჩანს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველო იმყოფება რეგიონში, სადაც ყველა პარტნიორი სავაჭრო ქვეყნის ვალუტა გაუფასურებულია, ლარი კი ამ ფონზე დაახლოებით 60-65%-მდე ფარგლებშია გაუფასურებული. ალბათ, ესეც თავის მოტყუებაა, თითქოს 65%-იანი გაუფასურება ჩვენთვის არ არის ტვირთი, მაგრამ რამდენად აისახება რუბლის, ლირას, გრივნას, მანათის თითქმის 100%-იანი გაუფასურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და რამდენად დამაჯერებელია სხვა ქვეყნებით აპელირება?
- სხვა ქვეყნების ფაქტორები მთლიანად რომ გამოვრიცხოთ, არ შეიძლება. ის, რაც ხდება ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, ასახვას ჰპოვებს ჩვენზეც. თუ თურქული ლირა უფრო მეტად გაუფასურდება, ეს ჩვენც გვაზარალებს. აქ მთავარია არა ნომინალური ფასი ამ ვალუტების, არამედ რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი. თუ რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდება თურქეთსა და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, ცხადია, ჩვენც დავზარალდებით. ამიტომ პირდაპირ იმით აპელირება, რომ გაუფასურდა თურქული ლირა და ამიტომ ლარიც უნდა გაუფასურდეს, ძალიან მიამიტური მიდგომაა. ასე არ ხდება. უნდა შევხედოთ, როგორია რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი და შემდეგ შეგვიძლია დასკვნის გაკეთება, რამდენად აისახება ასეთი გაუფასურება საქართველოს ეკონომიკაზე. მეორე მხრივ, თურქულ ლირას და რუსულ რუბლს რომ მივაჩერდით, რატომ გვავიწყდება, ევრო რამდენად გაუფასურდა? წლის დასაწყისში სადღაც 1$ და 15 ცენტი იყო ერთი ევრო და ახლა არის 1$ და 4 ცენტი. დღეს კიდევ დავარდა ევროს კურსი, რადგან გენერალურმა სარეზერვო სისტემამ ასწია საპროცენტო განაკვეთები, ამან გამოიწვია დოლარის გამყარება ყველა სხვა ვალუტებთან მიმართ. ბაზარი ამას ისედაც ელოდა და გენერალური სარეზერვო სისტემა კვლავაც გეგმავს რამდენჯერმე შეცვალოს ეს განაკვეთი. თავისთავად, ეს გავლენას მოახდენს ლარზე, მაგრამ ეს გავლენა პროგნოზირებადია. თუმცა, რაც ლართან მიმართებით ხდება, პროგნოზირებადი არანაირად არ არის.
ეროვნული ბანკის მხრიდან ყოველი მომდევნო ხელისუფლების მორჩილებითაც ხომ არ აიხსნება, რაც ლართან მიმართებით ხდება?
- მიმდინარე სიტუაციაში ეროვნულ ბანკს სერიოზული ბერკეტები არ აქვს, რომ გავლენა მოახდინოს ლარის კურსზე. იგი ძირითადად უყურებს მიზნობრივ ინფლაციას, რაც იმის საფუძველს არ იძლევა, ეროვნული ბანკი რამენაირად ჩაერიოს ამ პროცესებში, ან საპროცენტო განაკვეთები ასწიოს, ან შეკვეცოს რეფინანსირების სესხების გაცემა. თუმცა შეიძლება ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. დღეს ეროვნული ბანკი ამ კუთხით ხელფეხშეკრულია და ვერაფერს ვერ აკეთებს. მეორე მხრივ, ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობის მრჩეველია. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა მთავრობას უნდა ურჩიოს, რა ნაბიჯები გადადგას. ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოვიდეს და საჯაროდ განცხადებები გააკეთოს, მაგრამ შიგნით, იქ, სადაც ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან, პრინციპულად უნდა მოითხოვოს, საქართველოს მთავრობამ დაანებოს თავი დეფიციტურ ბიუჯეტს და დეფიციტურ ხარჯვას.
და ბოლოს, ხელისუფლებას რისთვის სჭირდებოდა დედოლარიზაციის იდეის წამოყენება, როცა პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვართ და იმპორტი საგრძნობლად აჭარბებს ექსპორტს?
- დედოლარიზაცია მე სისულელედ მიმაჩნია. საქართველოსთვის ეს გადაუჭრელი ამოცანაა და ჩვენ არც გვჭირდება ამ ამოცანის გადაჭრა დღეს.
ეს გადაუჭრელი ამოცანაა გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ამ ეტაპზე?
- საერთოდაც, რადგან ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს პატარა ეკონომიკა და ამას ვერ შევცვლით ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც უახლოეს მომავალში. ამას უნდა შევეგუოთ და უნდა ვისწავლოთ ამით ცხოვრება.
ანუ ვისწავლოთ პარალელურ რეჟიმში ცხოვრება-დოლარისა და ლარის სიმბიოზით?
- დიახ, რადგან სხვა გამოსავალი არ გვექნება. თუ ოდესმე გავხდებით და, იმედია, გავხდებით ევროკავშირის წევრი, მაშინ ეს პრობლემა საერთოდ მოიხსნება, რადგან იქნება ერთი ვალუტა-ევრო და ამით დამთავრდება ყველაფერი.
მაშინ რატომ გამოუცხადეს დოლარს ბრძოლა? თავიდანვე ვერ განსაზღვრეს, რომ პატარა ეკონომიკა გვქონდა და დედოლარიზაციის განხორციელება უაზრობა იქნებოდა?
- მე მაგალითად, ასე ვხედავ დედოლარიზაციის პროცესს. მათი გადასახედიდან ვერ გეტყვით, რა არის მთავარი. თვითონ ხელისუფლებაც ვერ გვიხსნის უფრო უკეთესად დედოლარიზაციის არსს. თუკი ფასები გამოცხადდება ლარებში, თქვენ გჯერათ, რომ ამით დოლარიზაცია მოკვდება? ხელისუფალნი ამას გასაგებად ვერ გვიხსნიან.