საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ჯერ კიდევ მსჯელობენ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით. აქამდე ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც კომისიამ მიიღო, შპს „ენგურჰესისთვის“ წარმოების ტარიფის გაზრდას უკავშირდება.
აქამდე ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი 1 კვტ/საათზე 1,187 თეთრს შეადგენდა, ახლა კი იგი 1,496 თეთრით განისაზღვრა. შესაბამისად, ტარიფის ზრდამ 1 კვტ/სთ-ზე 0,3 თეთრი შეადგინა.
როგორც სემეკში აღნიშნავენ, ახალი ტარიფი ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა.
„წარმოების ტარიფების ცვლილება სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება“, - აღნიშნა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.
წარმოების ტარიფების გადახედვა „ენრუგჰესისთვის“ და „ვარდნილჰესისთვის“ 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა. რამდენად გაიზრდება სხვა კომპანიებისთვის განკუთვნილი ტარიფი, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ენგურჰესსა“ და „ვარდნილჰესების“ კასკადზე ელექტროენეგიის წარმოების გაძვირება სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება.
„ჩვენთვის „ენგურჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, რადგან ამ სადგურის გამართული მუშაობა მთლიანად ენერგოსისტემისთვის არის მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილება, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო, არის პრინციპულად სწორი. ეს სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მარტ-აპრილში გავაჩეროთ ეს ჰიდროელექტროსადგური, რადგან გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების აუცილებლობაა“, - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთდეს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარება დარეგულირდეს. „გამრიცხველიანება აფხაზეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს აღრიცხვა ელექტროენერგიის მოხმარების, მოხდეს გადასახადების დაწესება, როგორც ეს ნორმალურად ხდება ნებისმიერ ენერგეტიკულ სექტორში. ამ მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს“, - განცხადა კალაძემ.
სემეკისა და ენერგეტიკის სამინისტროს პოზიციას ტარიფების უცვლელობის შესახებ არ ეთანხმება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაა მოსალოდნელი, რადგან თუკი არ მოხდება ტარიფის ცვლილება, გახშირდება ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევები.
„ან ელექტროენერგია უნდა გაძვირდეს, რომ სისტემა არ დაინგრეს, ან უნდა გახშირდეს გრაფიკით გათიშვები. სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ამაზეა საუბარი, რომ ბევრგან ერთდროულად ხდება გათიშვა, შეუძლებელია ეს ყველაფერი მხოლოდ ავარიებით იყოს გამოწვეული.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ ისინი ვერ განახორციელებენ იმ ოდენობით ინვესტირებას, რაც სემეკისთვის წარდგენილ განაცხადში ჰქონდათ მითითებული. ზოგადად, თუ ჩვენ გვინდა, რომ სისტემა არ დაინგრეს, ტარიფი უნდა იყოს იმდენი, რამდენიც მისი შენარჩუნებისთვის არის საჭირო. ამისთვის მოსახლეობის შემოსავალიც ადეკვატური უნდა იყოს“,- განაცხადა ჩალაგაშვილმა.
ჯერჯერობით ერთადერთი დადებითი მომენტი ისაა, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში ძვირი დენის წილი მცირდება, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა კი იზრდება. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი - 71%-ით, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული დენის წილი კი თითქმის 1%-ით შემცირდა. ჰიდროსადგურების დენის წილმა კი 71,9% შეადგინა და ის 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, 15,7%-ით გაიზარდა.
სპეციალისტების თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში იაფი ელექტროენერგიის გამომუშავება იზრდება და შესაბამისად, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიები ტარიფის ზრდასაც ვერ მოითხოვენ.