მთავრობამ ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით კომენტარებს მოუხშირა, მაგრამ დამაიმედებელს არაფერს ამბობს. პირიქით, პრემიერიდან მოყოლებული ყველა თავს იმშვიდებს, რომ სხვაგან უარესი ვითარებაა, ამიტომ საქართველოში ცხოვრება წინ მიიწევს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ გაუფასურების შეუქცევადმა პროცესმა უკვე დიდ მოხელეებსაც გაუჩინა ეჭვი.
ლარის სწრაფმა დევალვაციამ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს კითხვები გაუჩინა. მისი თქმით, კონკრეტულ მიზეზზე საუბარი რთულია, თუმცა სავალუტო რყევებს რეგიონში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა ვითარებამაც შეუწყო ხელი.
„ვფიქრობ, მთავრობის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, პირობა, თუ ვალდებულება, რომელიც გამოქვეყნებულია და რაზეც მიდის საუბარი, ერთობლიობაში ეფექტის მომცემი უნდა იყოს, თუმცა ამ ბოლო ხანებში, ერთი-ორი კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა კითხვები გამიჩინა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი, რადგან ასეთი სწრაფი დევალვაცია ჩემი აზრით, რეალურ ეკონომიკას არ ასახავს“, - განაცხადა საგანლიძემ.
ხომ არ არის ზოგიერთი ღონისძიების დაჩქარება უფრო საჭირო? - ეს კითხვა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა თავად დასვა, თუმცა რომელი ღონისძიებებია დასაჩქარებელი, ამის შესახებ პასუხი არ გაუცია.
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ არასწორია ლარის კურსის ვარდნის მხოლოდ გარე ფაქტორებზე გადაბრალება და რომ ხელისუფლებამ ეს მიზეზები ქვეყნის შიგნით უნდა ეძებოს, მაგალითად, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვაში:
„მხოლოდ თავის მოტყუებაა იმის თქმა, რომ ლარის 65%-ით გაუფასურება დიდი პრობლემა არ არის. საგარეო ფაქტორები ყოველთვის იყო, არის და იქნება ამ სფეროში, მაგრამ მთავრობის ფუნქცია სწორედ ამ ფაქტორებთან გამკლავებაა, თუმცა გვაქვს კიდევ ერთი მიზეზი, რაც მუდმივად მოქმედებს კურსის ვარდნაზე - ეს არის ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა“, - ამბობს ხორგუაშვილი.
ეკონომისტი სოსო არჩვაძეც ფიქრობს, რომ თუ სხვა, მეზობელ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ოდნავ უკეთესი ვითარებაა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. პრემიერის განცხადება უფრო პოლიტიკოსის განცხადება იყო და არა ეკონომისტის, რაც მიზნად ისახავდა სტაბილურობისა და საზოგადოების სიმშვიდის შენარჩუნებას.
პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელი მიუთითებს იმ ნეგატიურ ასპექტზე, როდესაც მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები ერთი ორგანიზმის ნაწილი გახდნენ. თუ გადავხედავთ, თუნდაც ეროვნული ბანკის ახლანდელ შემადგენლობას, მარტივად შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ გუშინდელი და გუშინწინდელი მმართველები აკონტროლებენ ძირითად მიმართულებას, თუნდაც ეროვნულ ბანკში.
„უცნაურად არ გენიშნებათ, რომ მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა არ არის გამყარების პოლიტიკა? არავის უთქვამს, რომ ლარი აუცილებლად უნდა გავამყაროთ, აქ საუბარი იყო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, სუბსიდირებაზე, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ ლარი უნდა გამყარდეს. იმ ეკონომიკური მოდელის მიხედვით, ერთი დოლარი ხვალ რომ 2 ლარი გახდეს, შეიძლება ეკონომიკისთვის უფრო კატასტროფული იყოს, ვიდრე ის კურსი, რომელიც ახლაა. ამიტომ აქ პოპულისტური განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე რეალური. არავის არ აწყობს ერთბაშად ლარის გამყარება.
როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ახალი მოსული იყო, მაშინ ლარი 2,33-ის ნიშნულიდან 2,13-მდეც კი ჩამოვიდა. მაშინ სერიოზული ინტერვენციები განახორციელა ეროვნულმა ბანკმა, იმისთვის რომ ლარი კიდევ არ გამყარებულიყო. დღეს არავინ არ აცხადებს, რომ ლარი უნდა გამყარდეს, შესაბამისად, ყველა იმ აზრზეა, რომ ლარი უნდა გაუფასურდეს. მთავრობა, ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები ანუ ბანკები, ლარის გამყარებისთვის არ ემზადებიან“, - განუცხადა „კომერსანტს“ კორინთელმა.