კუდ-მა წინასწარ მომზადებული სიებით დაპატიმრებები დაიწყო

კუდ-მა წინასწარ მომზადებული სიებით დაპატიმრებები დაიწყო

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს (კუდ) დასაკავებელ ადამიანთა სია აქვს შედგენილი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ „სახალხო კრებასთან“, ან უშუალოდ მის ერთ-ერთ კომიტეტ „შეფიცულთა რაზმთან“. „რეზონანსის“ ინფორმაციით, სიაში რამდენიმე ათეული ადამიანია.

„შეფიცულთა“ ხელმძღვანელმა გია ბურჯანაძემ «რეზონანსს» ეს ინფორმაცია დაუდასტურა. მისი თქმით, დაპატიმრებები უკვე 3 დღეა მიმდინარეობს. უკვე დაკავებულთა ან დასაკავებელთა ნაწილს კი მხოლოდ სიმბოლური კავშირი ჰქონდათ 21-26 მაისის აქციასთან.

სწორედ ამის შესახებ, როგორც თავად ბურჯანაძემ »რეზონანსთანვე» საუბრისას აღნიშნა, გუშინ «შეფიცულებმა» საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს აცნობეს.

გია ბურჯანაძე: „ვინც კი არის კომიტეტების სიებში, „შეფიცულებში“ ჩაწერილები, ყველას აკავებენ. ეს დღეს კი არ დაიწყეს, სამი დღეა ასეთი დაკავებები მიდის. ტოტალურად მთელ საქართველოში იჭერენ მათ, ვინც «სახალხო კრების» ან »შეფიცულების» წევრები არიან. დღეს ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში არსებულ დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ.

«დაკითხვაზე კი არ იბარებენ, ან წინასწარ კი არ აფრთხილებენ დაკავების შესახებ, ხალხის ასაყვანად და დასაკავებლად ლამის სპეცოპერაცებს აწყობენ - 8-10 კაცი დაადგება და ისე მიჰყავთ. რავუწოდო ამას, არც კი ვიცი. მიკვირს ამ ხალხის, ვინც ხედავს, როგორ აკავებენ მის მეზობელს, ის კი ჩუმად არის.»

ბურჯანაძე ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის გამო რეპრესიებში ის ადამიანებიც მოყვნენ, რომლებმაც «შეფიცულებსა» თუ «სახალხო კრებაში» «შემთხვევით შეიარეს და გაწევრიანდნენ».

«არ აქვს მნიშვნელობა, რამდენია ამ დროისათვის დაკავებული» სახალხო კრების» ან «შეფიცულების» წევრთაგან. მოგეხსენებათ, ყვლა ოფისში არის აქტივისტებისა და ჩვეულებრივი წევრების სია. არიან ისეთებიც, რომლებიც ადრე ჩაეწერნენ პარტიაში და მერე აღარ გამოჩენილან. ანუ მოვიდა ადამიანი, ჩაეწერა და მერე რაღაც პრობლემები გამოუჩნდა და აღარც მოსულა. სიაში კი დარჩა. ისიც მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებას უმრავი შემოგზავნილი აგენტები ჰყავდათ აქ, ვინც აფიქსირებდა, თუ ვინ იყვნენ ამა თუ იმპოლიტიკურ მოძრაობაში. ამის მიხედვით ხდება დაკავებები.

«აი, თუნდაც ახლა, ჩვენ რომ ვლაპარაკობთ და თუ აღმოჩნდა, რომ მე და თქვენ კლასელები ვართ, თქვენც დაგაპატიმრებენ იმის გამო, რომ ჩემი კლასელი ხართ და ტელეფონით მელაპარაკებით,» -აცხადებს «შეფიცულების» ლიდერი.

განსხვავებული პოლიტიკური მრწამსისთვის დაკავებების კასკადის დაწყება პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს სრულიად ბუნებრივად მიაჩნია.

სოსო ცისკარიშვილი: «გასაკვირი ამ ხელისუფლებისგან პრაქტიკულად არაფერია. რაც არ უნდა ბოროტი ჭორი გავრცელდეს ხელისუფალთა ქმედებებზე, ვერ მოიძიებთ ისეთ ადამიანს, რომელიც შეიცხადებს - ოჰ, ამას ისინი არ იკადრებდნენო. ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია უკადრებელს კადრულობენ. ამით ამაყობენ კიდეც და გულს იმაგრებენ იმით, რომ ხელისუფალთა მხოლოდ ასეთი ქცევა არის საქართველოსთვის წარმატების მომტანი».

პოლიტოლოგი «რეზონანსთან» საუბრისას ასკვნის, რომ ეს პროცესი სხვა არაფერია გარდა იმისა, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ტოტალური დასჯა მიდის, რითაც ირღვევ აადამიანის უფლებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დასაჭერთა ე.წ. სპეცსიები რომ აქვს, ამის შესახებ «რეზონანსმა» თავდაპირველად გადაცემა »კვირის რეპორტაჟის» ჟურნალისტისგან, ზვიად თხელიძისგან შეიტყო. როგორც ჟურნალისტი ჩვენთან უნტერვიუს დროს აცხადებდა, ასეთ სიაში სრულიად შემთხვევით მისი პირადი მონაცემებიც აღმოჩნდა. დაკავებისას დიღმის სამმართველოში შეკითხვა, რომელიც მისმისამართით გაისმა, იყო ასეთი : «ხარ თუ არა «შეფიცულების» წევრი?».

«მე რომ მიმიყვანეს სამმართველოში, მანახეს სია, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეყვანილი და რომლებიც მოიაზრებოდნენ «შეფიცულების» ან «სახალხო კრების» რიგებში. მეც ამ სიაში ვიყავი. როგორ, საიდან - ვერაფერს გეტყვით. სიაში ყველა თავისი საიდენტიფიკაციო მონაცემებით იყო შეყვანილი. ამადამიანებზე, რომლებიც ამ სიაში არიან, ძალიან ვწუხვარ, რადგან მათ, როგორც ჩანს, დააკავებენ,» - თქვა ჟურნალისტმა.

თხელიძის ვარაუდით, ის მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან, რომ პროფესიით ჟურნალისტია.