ახალი მთავრობის წინაშე ორი დიდი გამოწვევაა - ეკონომიკის ზრდა და ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის დაძლევა. პრემიერმა უკვე წარადგინა შესაბამისი გეგმა, თუმცა რამდენად უზრუნველყოფს მისი განხორციელება ერთი, ან მეორე გამოწვევის დაძლევას, ძნელი სათქმელია. როგორც წესი, ეკონომიკური ზრდის მიღწევა მყისიერად შეუძლებელია, რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, ჯერჯერობით მხოლოდ უარყოფით დინამიკას ვადევნებთ თვალს. სავარაუდო პროგნოზებზე ექსპერტი, აკაკი ცომაია გვესაუბრება.
აკაკი ცომაია: ეს პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდას ვერ უწყობს ხელს ვერანაირად, რადგან ჯამში, უფრო მეტად ქმნის არაპროგნოზირებად გარემოს და შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობის განვითარებას კი არ უწყობს ხელს, არამედ - მის შენელებას.
ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ბიზნეს-გარიგებების გასაკეთებლად ნელ-ნელა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, გამომდინარე ლარიზაციის პროგრამიდან და იმ დანარჩენი პუნქტებიდან, რომელიც ჩამონათვალში გვაქვს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია გადასახადების ზრდის თემა, ნავთობპროდუქტების გაძვირება, აქციზის გადასახადის ზრდა, რაც ეკონომიკაზე ცალსახად უარყოფითად იმოქმედებს, რადგან ადამიანების რეალური შემოსავლები შემცირდება.
ნავთობპროდიქტებზე ფასის გაზრდა მოსაახლეობაში ინფლაციურ მოლოდინებსაც გააჩენს. გარდა ამისა, ლარიზაციის დაანონსებული პროექტიც არ ამცირებს დოლარზე მოთხოვნას და არ ქმნის ფონს, რომ ლარზე ზეწოლა იხსნება და ის გამყარდება - ამის გამო ლარი არ გამყარდება. პრობლემებია ეკონომიკაში და ლარიც ამის გამო უფასურდება.
ანუ, ფაქტობრივად, ვერც ერთი პრობლემა ვერ გვარდება?
- ვერა, იმიტომ, რომ პრობლემა არ არის სწორად დასმული და უფრო მწვავდება, ვიდრე იხსნება.
სამინისტროების ოპტიმიზაციის პროექტი, ანუ ძველებურად რომ ვთქვათ, ე.წ. ქამრების შემოჭერის პრინციპი რამდენად შეამსუბუქებს სიტუაცუას?
- როდესაც ყველა ვხედავთ, რომ ბიუროკრატია ძალიან გაბერილია, გადაწყვეტილება სახელფასო ფონდის 10%-ით შემცირების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, არის მენეჯმენტის არცოდნა - დაუშვებელია ასე ხარჯების შემცირება.
ჯერ უნდა გაანალიზდეს, რა მიზნების მიღწევა სურს მთავრობას ამ 4 წელიწადში და სად ვიქნებით 4 წლის მერე (მსგავსი არაფერი გვხვდება 4 პუნქტიან პროგრამაში); რა ამოცანები უნდა შესრულდეს მიზნების მისაღწევად; რამდენი ფუნქცია არის დუბლირებული დღეს სხვადასხვა უწყებებს შორის; როგორია მოქმედებათა მწყობრი გეგმა ამ ამოცანათა შესასრულებლად; რა ადამიანური რესურსი სჭირდება ამ მოქმედებათა შესრულებას და როგორი უნდა იყოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები მათი შესრულებისთვის; რა საერთო ფუნქციებში დაჯგუფდება სპეციალიზირებული მოქმედებები და როგორ განხორციელდება მათი კოორდინირება. ამის მიხედვით ხელახლა ჩამოყალიბდება უწყებები, დეპარტამენტები თუ სამინისტროები. აღმოჩნდება, რომ ბევრი სამინისტრო დაიხურება.
ბევრი უწყება გაერთიანდება. საჭირო კადრების რაოდენობა უწყებებისა და თანამდებობის მიხედვით მკვეთრად შემცირდება. ამის მიხედვით ჩამოყალიბდება ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა. დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის დასრულების ვადები მკაცრად განისაზღვრება. გამოცხადდება ღია და გამჭვირვალე კონკურსი. ჩამოყალიბდება ღია და გამჭირვალე საკონკურსო პირობები და შერჩევის კრიტერიუმები. შეიქმნება მიუკერძოებელი კომისია (მოვიწვიოთ რაიმე დიდი კორპორაციიდან შესაბამისი ანაზღაურებით), რომელიც შეარჩევს ადამიანებს თანამდებობების მიხედვით. სამსახურის გარეთ დარჩენილ თანამშრომლებს გადაუხდიან 3 თვის კომპენსაციას - ეს უკვე ჰგავს რეფორმას. მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი?!
ეროვნული ვალუტის გაუფასურების თვალსაზრისით, პრობლემებია არა მხოლოდ საქართველოში არამედ რეგიონშიც. მაგალითად თურქეთი პრობლემის შესამსუბუქებლად მეზობელ ქვეყნებს ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობას სთავაზობს...
- განუხორციელებელია, გამორიცხულია. ადამიანები თვითონ არ ირჩევენ გარიგების ფორმას, ასეა შერჩეული და დადგენილი. ასე ცალსახად ვერ აიღებ და უხეშად ვერ გადაწყვეტ ამ პრობლემას. შეუძლებელია ადამიანებმა შეცვალონ გარიგების წესი, რადგან მათი რაციონალური ანგარიში უკავშირდება აშშ დოლარს, როგორც ქართველების, ასე თურქების მხრიდან და არა თურქულ ლირას.
ნათქვამია, რომ რუსეთის და თურქეთის ცენტრალურმა ბანკებმა უკვე დაიწყეს ამ თემაზე მუშაობა...
- შეიძლება ხელოვნურად რაღაც გააკეთო, მაგრამ ეს ისევ არაპროგნოზირებადს ხდის გარემოს, რადგან ადამიანებს სურთ კონტრაქტები დოლარში ჰქონდეთ გაფორმებული და ორიენტირად ისევ დოლარს აირჩევენ. ასე რომ, ეს მეტ ქაოსს შეიტანს სიტუაციაში.
აქამდე თვლიდნენ, რომ ლარის კურსის დაცემა „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციის შედეგი იყო რადგან ქადაგიძის ფიგურა ნაცმოძრაობასთან ალიანსში მოიაზრებოდა. ეს ფაქტორი მოიხსნა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეიცვალა. ახლა რა პრობლემაა, ყველაფერი გარე ფაქტორებს უნდა დავაბრალოთ?
- მიზეზი არის ის, რომ ეკონომიკა ფაქტობრივად არ იზრდება, დადასტურდა, რომ ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია, საგარეო ვალების მომსახურება კი იზრდება. ეკონომიკის ზრდა არ ჰყოფნის საგარეო ვალების მომსახურებას და ეს არც ქადაგიძის ბრალია და არც ვინმე სხვისი, ეს უფრო მთავრობის ბრალია, ვიდრე ეროვნული ბანკის, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა საქართველოში არ იზრდება. ამას ემატება ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც რა თქმა უნდა, უფრო მეტად ამწვავებს პრობლემას და კიდევ უფრო მეტად აუფასურებს ლარს.