ნახევარი მილიონი მოქალაქე, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩება. საყოველთაო ჯანდაცვაში ამ მხრივ ცვლილებები შედის. საუბარია 535 ათას ადამიანზე, რომლებიც კერძოდ არიან დაზღვეულნი. ხარჯების ოპტიმიზაცია შედარებით მაღალშემოსავლიანი ადამიანების ხარჯზე მოხდება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ამბობენ, რომ შეიცვლება დაფინანსების მეთოდები, ხოლო შეძლებულ მოქალაქეებს საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტი პასუხისმგებლობა ექნებათ.
ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ თოიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის შემოღებით სადაზღვევო სისტემის შევიწროება სწორი არ არის.
მართალია, ხელისუფლება ამბობს, რომ ხშირად სახელმწიფო ჯანდაცვაში განმეორება ხდება და ეს ორმაგ ხარჯს იწვევს, მაგრამ პაციენტი ორჯერ არ გაიმეორებს, არ გაიკეთებს იმას, რაც ერთხელ უკვე გაუკეთდა. ანუ ეს პროგრამები ერთმანეთს ავსებდნენ. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია არ დააფინანსებდა სისხლის გადასხმას, ან სისხლის ანალიზს, თუკი ის პაციენტს უკვე გაკეთებული ჰქონდა.
„შეიძლება მოხდეს ისეც, რომ პაციენტს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და ამ დროს სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც ჩვევიათ ხოლმე, იმის გარკვევას იწყებენ, დაზღვეულია თუ არა პაციენტი. ამაში დროს კარგავენ, რაც სირთულეებს წარმოქმნის. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, სადაც ჯანდაცვის ორი სისტემა ერთმანეთთან შეუთავსებელია და მათი გაყოფა, პრინციპში, შესაძლებელია, ოღონდ ძალიან კარგი რეგულაციური მექანიზმებია ამისთვის საჭირო. პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია მაინც დააზარალებს კლიენტს გადაუდებელ, სასწრაფო შემთხვევებში. შესაძლოა, ქალაქში ეს საკითხი შედარებით მარტივად მოგვარდეს, მაგრამ ეს პრობლემას შექმნის სოფლის ამბულატორიებში. პრინციპში, ორივე სისტემა უნდა არსებობდეს სახელმწიფოში და ორივე სისტემა ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს. ახლა გამოდის, თითქოს ზედმეტი ხარჯების ეკონომიას ვაკეთებთ, რომ შენ მაინც ფულს იხდი და სახელმწიფომ არაფერი არ უნდა გაგიკეთოს.
მე ვფიქრობ, შესაძლებელი იყო, ამ ორი სისტემის რაღაცნაირად შერწყმულ მდგომარეობაში შენარჩუნება და ამ ორი სისტემის პარალელური არსებობა. ამდენად, უარყოფითად ვაფასებ ამ სიახლეს, რადგან რაღაც აკლდება ადამიანის ჯანმრთელობას და ეს რაღაც სად იჩენს თავს, არ ვიცით. ამიერიდან გამოდის, რომ ამ 535 ათას ადამიანზე ბიუჯეტი აღარ გაიანგარიშება ჯანდაცვაში“,-აღნიშნა ოთარ თოიძემ.
მანვე კონკრეტული პრობლემა დაასახელა. კერძოდ, შესაძლებელია, ერთ თვეში ამ 535 ათასმა ადამიანმა უარი თქვას სადაზღვევო კომპანიის მომსახურებაზე, ან სადაზღვევოები ყველანი ერთდროულად გაკოტრდნენ, მაშინ ეს 535 ათასი ადამიანი უცებ აღმოჩნდება ჰაერში, ყოველგვარი ჯანდაცვის პროგრამის გარეშე. სადაზღვევო არ იმუშავებს და საყოველთაო ჯანდაცვაც მას არ მიიღებს, სანამ თავიდან არ მოხდება გადაანგარიშება. ამიტომ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს აინტერესებს, არსებობს თუ არა ამის თავიდან აცილების მექანიზმი?! ეს ხალხი ჰაერში ხომ არ დარჩება?
გარდა ამისა, ოთარ თოიძის აზრით, საინტერესოა ისიც, რომელი სერვისებია განმეორებადი? თუნდაც სამშობიაროსთან მიმართებით გამოსავალი როგორი იქნება? თუ მშობიარე დაზღვეულია სადაზღვევო კომპანიაში და უცებ გაკოტრდა ეს კომპანია, მაშინ სახელმწიფო მის მშობიარობას აღარ აანაზღაურებს?
ასე რომ, სარეგულაციო მექანიზმებს თუ კარგად მოიფიქრებენ, მაშინ ოთარ თოიძე პრობლემას ვერ ხედავს. თორემ ასეთი მყისიერი ცვლილებების შედეგად შესაძლოა, პაციენტი დაზარალდეს და ეს მით უფრო გაუგებარი იქნება იმ ფონზე, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ჯანდაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია.
„თუ ამ პრიორიტეტიდან რაღაცას ამოვგლეჯთ და გავყოფთ, სამართლიანი იქნება? თუ კერძო სადაზღვევო გაკოტრდა, რა სისწრაფით ჩაერთვება ეს ხალხი სახელმწიფო სისტემაში? მეორე დღიდანვე? კი ჩაერთვება, მაგრამ ამის სარეზერვო თანხა უკვე გადადებულია? თუ ცეცხლის ჩაქრობას და საიდანღაც ფულის აღებას დაიწყებენ? ალბათ, ამის იმედი აქვთ. ერთ დროს თითქმის 2 მილიონ ნახევარი ადამიანი იყო კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეული. მართალია, სახელმწიფო ეხმარებოდა ამ კომპანიებს და ფული რაციონალურად იხარჯებოდა, მაგრამ მაინც ამბობდნენ, სადაზღვევოები ჭამენ ამ ფულსო. სინამდვილეში, არაფერს არ ჭამდნენ, ასეთი სისტემა იყო შექმნილი. ახლა კი ისევ მიმდინარეობს დემარკაცია და სახელმწიფო სისტემის ცალკე გამოყოფა. არადა, სახელმწიფო ხარჯები ყოველთვის ნაკლებად რაციონალურად იხარჯება, ვიდრე სადაზღვევო, ანუ კერძო ხარჯები“.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მთელი უბედურება ის არის, რომ სახელმწიფოს აღარ გააჩნია სახსრები. მართლაც, შეუძლებელია, ამდენი ხარჯის კონტროლი.
„რაც გაკეთდა თუნდაც იმავე რეანიმაციის, სასწრაფო ოპერაციების დანიშვნის მხრივ, კარგად მესმის, რომ ეს მავანთათვის ფულის გაკეთებაზეა ორიენტირებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ მოქალაქეს შეუწყვიტო დაფინანსება. სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს, რომ თვითონ კლინიკის მფლობელებმა არ ისარგებლონ ამ ყველაფრით ზედმეტად, არ გაბერონ თანხები. სახელმწიფოს კვლავ არასწორი დამოკიდებულება აქვს, იგი სისტემაზე ვერ მუშაობს და ფიქრობს, რომ რიგით ადამიანს დაერიოს. არაერთი ადამიანია დაზღვეული კორპორატიული დაზღვევით. ეს არის სამსახურის სოციალური პაკეტი და სამსახურმა მისცა ეს პაკეტი საკუთარ მუშაკს ხელფასისგან დამოუკიდებლად. ამ პაკეტის მიხედვით, ადამიანებს აქვთ, ვთქვათ, 30%-იანი შეღავათები მედიკამენტებზე კორპორატიული დაზღვევიდან და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობენ. დღემდე ერთიც და მეორე პროგრამაც მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ავსებდა. ახლა, უბრალოდ, სტაცეს ხელი და აზარალებენ მას, ვისაც კერძო დაზღვევა აქვს. პირადად მე კარგი სადაზღვევო პაკეტი მაქვს და არც შემიწუხებია საყოველთაო ჯანდაცვა არასოდეს, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს კარგი სადაზღვევო პაკეტი? ზოგს აქვს 30-40%-იანი პაკეტი. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ულტიმატუმს უყენებს ადამიანს, ან წახვალ ექიმთან, ან იყიდი წამლებს შეღავათიან ფასად. ვისაც იმის საშუალება არ აქვს, კარგი პაკეტი აიღოს, სახელმწიფო კიდევ უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ აქცევს და კიდევ უფრო მეტ უფლებას ართმევს“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.
მისივე თქმით, ყოველთვის ამ ხელისუფლების დიდი გულშემატკივარი იყო, თუმცა მისთვის მიუღებელია ის სოციალური პოლიტიკა, რომელიც დღეს მიმდინარეობს აბსოლუტურად ანტიხალხოსნურ რეჟიმში. ამ მხრივ ანალიტიკოსს ამერიკის ისტორია ახსენდება. როდესაც ჩინელებმა ნელ-ნელა დაიწყეს ამერიკაში დასახლება, მაშინდელი ამერიკელები ძალიან ცუდად ექცეოდნენ ჩინელებს და მარკ ტვენი ამბობდა ხოლმე, როგორც კი ორი ამერიკელი ერთმანეთზე გაბრაზდება, მეტი საქმე არ აქვთ მაინც და რომელიღაც ჩინელს წააცლიან თავსო. არჩილ გამზარდიას თქმით, საქართველოშიც ასე ხდება, როდესაც ჩინოვნიკი რაღაცას ვერ აკეთებს, რიგით ადამიანს „ურტყამს“.
ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ნახევარი მილიონი ადამიანი გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, ან ცოტა უფრო აზრიანი მიდგომა წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე თუ გააგრძელეს, რეკეტის რეჟიმში გადავა სახელმწიფო.
„არანაირი სურვილი არ მაქვს, სიტუაცია 1991-92 წლების რეჟიმში დაბრუნდეს, ან 2003 წლის რეჟიმში, რადგან 2012 წელს სახელმწიფომ მოახერხა საოცარი წინსვლა ხელისუფლების შეცვლის კუთხით. პრობლემას ის ქმნის, რომ სახელმწიფოს შეუძლია, თავისი ძალადობა კანონით გაამართლოს, მაგრამ ეს უკმაყოფილება ნელ-ნელა შეგროვდება“.