ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა თვალშისაცემად მატულობს. გარდა ამისა, მოვალეთა რეესტრში კვირიდან კვირამდე სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება. სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში ამჟამად 181 551 ჩანაწერია, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის დასაწყისში კი ეს მონაცემი 143 517 შეადგენდა. ბოლო 10 თვეში ბაზაში ჩანაწერების რაოდენობა თითქმის 40 ათასით გაიზარდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 1%-ია.
ეს საკმაოდ საგანგაშო ტენდენციაა და ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. ამის გამომწვევი მიზეზი კი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.
გარდა ამისა, დიდი პრობლემაა ისიც, რომ ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა თვალშისაცემად იმატებს. 2016 წლის ოქტომბერში 31.0 მლნ ლარით გაიზარდა და 400.5 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.2 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 42.6 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.6 პროცენტს უტოლდება.
სესხების ვადაგადაცილებაც და მოვალეთა რეესტრის ჩანაწერების ზრდაც დიდწილად უკავშირდება ბაზარზე მომრავლებულ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს. მას შემდეგ, რაც ამ ბიზნესმა საქართველში ფრთები გაშალა, მსესხებელთა რაოდენობა 350 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსესხებელთა ასაკმა საგრძნობლად დაიწია და არნახულ, უპრეცენდენტო ზღვარს მიაღწია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ, ძირითადად, ონლაინ სესხებით სარგებლობენ ფინანსურად უკიდურესად გაჭირვებული, ზოგჯერ უმუშევარი ადამიანებიც კი, რომელთა არც თუ ისე მცირე ნაწილი სესხს ონლაინ კაზინოებში სათამაშოდ, ერთჯერადი გართობის, ან სხვა სესხის დასაფარად იყენებენ. ამას ემატება, რომ ონლაინ სესხების საპრტოცენტო განაკვეთი არარეალურად უკონტროლო და მაღალია.
დაგროვების მართვის კომპანია „პირადი ბანკირის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძე აცხადებს, რომ რეესტრში ჩანაწერების რაოდენობის ზრდა ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. იგი განმარტავს, რომ რეესტრში ჩანაწერების ზრდა ცუდი ტენდენციაა, ჩანს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და ეს მოქალაქეებზე აისახება.
„შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ დღეს ქვეყანაში 10 ათასი კაცით მეტია გაღარიბებული, რადგან, როცა ადამიანი მოვალეთა რეესტრში ხვდება, მისი ანგარიშები და ქონება დაყადაღებულია. დღეს სოციალური მდგომარეობა დამძიმებულია და მოქალაქეები ხდებიან გადახდისუუნარო. ჩემი გათვლით იანვარ-თებერვალში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან, როგორც წესი, ეს არის ყველაზე უმოძრაო პერიოდი“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბერძენაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში მდგომარეობის გაურასების მთავარი ფაქტორი ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენებია. დღეს ეკონომიკაში არ არის წარმოება, დასაქმება ნაკლებია და სამუშაო ადგილები არ იქმნება, ამიტომაც ბიზნეს სექტორი ვერ ვითარდება.