უკვე ყველა თანხმდება, რომ პირველ დეკემბერს ლარზე სპეკულაციური შეტევა განხორციელდა. ფინანსისტები და ეკონომისტები საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დუმს და ვითარება ისევ თავის ნებაზე აქვს მიშვებული.
ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ სავალუტო ბაზარზე შავი ხუთშაბათის მოწყობაში ქვეყანაში მოქმედი 2 უმსხვილესი ბანკი დაადანაშაულა.
„რაც მოხდა, ეს იყო საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი. რცხვენოდეს „საქართველოს ბანკს“ და რცხვენოდეს „თიბისი ბანკს“. ის, რაც გუშინ უმსხვილესმა მოთამაშეებმა გააკეთეს, ამის გამო უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო ისინი უნდა დაისაჯონ. ეს რაც გაკეთდა, იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს უკვე სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს, ამით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისივე თქმით, ის ელოდება სახელმწიფოს რეაგირებას, თუ როგორ მოეთხოვებათ ამ საქციელის გამო პასუხი. მისი თქმით, არ არის ნორმალური, როდესაც კურსი ერთ დღეში ჯერ 2.70-ს გადასცდება, ხოლო შემდეგ 2.60-ზე ქვემოთ ჩამოდის.
„პასუხი უნდა აგოს ყველამ ამ საქციელისთვის. რასაც ვუყურე, ეს არ იყო ნორმალური პროცესი. რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ იმ ბანკებმა, რომლებიც ფულს აწვდიან სავალუტო ჯიხურებს და მიბმულები არიან, გაითამაშეს. მერე მიხვდნენ, რაც მოხდა. 2.70-ს გადაშორდა და მერე 2.60-ს ქვემოთ ჩამოვიდა. მარტივად გამოჩნდა სიტუაცია. ის, რომ 2.70-ზე შენარჩუნებულიყო, შეიძლება ასე თამამად განცხადებები არ გაგვეკეთებინა, მაგრამ არ შეიძლება კურსი 2.70-ს გადაშორდეს და იმავე დღეს 2.58 გახდეს, იგივე სავალუტო ჯიხურებში“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
„საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ექსპერტის ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ.
„არა მგონია, რომ მიზანშეწონილი იყოს კერძო პირების კომენტარზე პასუხის გაცემა“, - განმარტეს „საქართველოს ბანკში“.
დაახლოებით ანალოგიური პასუხი ჰქონდათ „თიბისი ბანკშიც“.
ეკონომისტები და სამართლის სპეციალისტებიც ხუთშაბათის მოვლენებს სპეკულაციურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ ყველაფერის მიზეზი არის ის კანონმდებლობა, რაც ქვეყანაში არსებობს. მათი თქმით, ვაჭრობა რომ გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს, კითხვები აღარც კი დარჩება.
ბიზნეს სამართლის სპეციალისტის აკაკი ჩარგეიშვილი განცხადებით, ხუთშაბათის სიტუაცია თუ კიდევ განმეორდა, დამნაშავე უნდა იპოვონ და მკაცრად დასაჯონ.
„მანამდე კი მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთად უნდა დასხდნენ, გადახედონ საკანონმდებლო ბაზას, სტრატეგიულად დაგეგმონ ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები. ეს ყველაფერი იმისათვის უნდა გააკეთონ, რომ ქვეყანა და ბაზარი მსგავსი ქვედებებისგან იყოს დაცული. ამით სიტუაციის პრევენცია მოხდება და მას, რაც გუშინ მოხდა, აღარ განმეორდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ ჩარგეიშვილმა.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ფიქრობს, რომ ასეთ დროს ეროვნული ბანკი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს თავისი მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებისათვის:
„ჩვენ მაქსიმალურად მშვიდი, ფინანსურად სტაბილური გარემო უნდა უზრუნველვყოთ და აჟიოტაჟის და პანიკის ნიშნები არ უნდა გადაიზარდოს სპეკულაციაში“, - აღნიშნა კალანდაძემ.
ბანკების მხრიდან შესაძლო სპეკულაციებზე საუბრობს ფინანსისტი დავით ასლანიშვილიც. იმის მთავარ მიზეზად კი, რაც სავალუტო ბაზარზე მოხდა 2008 წელს გაუქმებულ კანონს, საფონდო და ბანკთაშორის სავაჭრო ბირჟის არარსებობას ასახელებს.
„ბლუმბერგზე ბანკების ვაჭრობა გაუმჭვირვალეა. რომ ყოფილიყო ბირჟაზე ვაჭრობა, ბანკებს არ ექნებოდათ იმის შესაძლებლობა, რომ მოკლე დროში საკმაოდ დიდი რაოდენობით ფული ეშოვათ. სამწუხაროდ, ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლება არ ზრუნავს, რათა ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური სისტემა იყოს ჯანსაღი და მოსახლეობის ინტერესები დაცული“, - განაცხადა ასლანიშვილმა.
იმისათვის, რომ ასეთი სიტუაცია კიდევ არ განმეორდეს, აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის შეცვლა. სხვა შემთხვევაში, ასლანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ასეთი ფაქტები კიდევ განმეორდეს.