სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზნით მთავრობის სხდომაზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოთქმულმა ინიციატივებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
პრემიერის სამომავლო კონცეფციას ექსპერტთა ნაწილი ონლაინსესხების აკრძალვასთან დაკავშირებით, „ლარის დაცვის“ ნიღბის ქვეშ პოპულისტურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, ნაწილი კი პრემიერის ინიციატივებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის შანსს ხედავს.
For.ge-ს გაზეთ „ბანკებისა და ფინანსების“ ანალიტიკოსი გიორგი გიორგაძე ესაუბრა.
პრემიერმა დღეს რამდენიმე საინტერესო ინიციატივა გაახმოვანა. მათ შორის, ერთჯერადი სოციალური აქცია, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირები, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის იანვრამდე დოლარში აქვთ აღებული, ვალის გადატანას ლარში შეძლებენ; გარდა ამისა, ჩვენი მოსახლეობისთვის უაღრესად სენსიტიურია, რომ საქართველოს მთავრობაში მომზადებული პროექტის თანახმად, ონლაინსესხების გაცემა აიკრძალება. როგორ შეაფასებთ პრემიერის ინიციატივებს?
- მთავრობის სხდომაზე პრემიერის მიერ გამოთქმული ინიციატივები, რომელმაც იდეაში უნდა შეამციროს დოლარიზაცია და რამდენიმე პრობლემას წაადგეს, საინტერესოა. პირველი, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, საზოგადოებისთვის პრობლემური, ყბადაღებული ონლაინსესხების თემაა, რომელთა დაკავშირებითაც გაისმა ერთი უხერხული სიტყვა - „აკრძალვა“. თავისთავად, საზოგადოებრივი განწყობა არ არის ლოიალური ონლაინსესხების სექტორთან მიმართებით, მაგრამ ამ სერვისზე მოთხოვნა არსებობს. კარგია თუ ცუდი, ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ მოთხოვნა არსებობს და, შესაბამისად, ასეთი ხისტი მიდგომა-აკრძალვა შესაძლოა არც იყოს საუკეთესო ეფექტის მომტანი. ალბათ, აქ პრემიერი გულისხმობდა დაგეგმილი რეგულაციების სწრაფად მიღებასა და განხორციელებას, რაზედაც უკვე კარგა ხანია, საუბრობენ. თუმცა რა არის დაგეგმილი, რა ვადაში და რა ფორმატით, ამაზე კონკრეტიკა არ ყოფილა. საუბარია იმაზე, რომ ეროვნული ბანკი ამზადებს ონლაინსასესხო სექტორის რეგულაციებს. ბუნებრივია, ეს სექტორი რეგულაციის ქვეშ უნდა მოექცეს. ახლახანს განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან განაცხადა, რომ ონლაინსესხების კომპანიები ვალდებულები იქნებიან, დაფიქსირდნენ, როგორც მიკროსაკრედიტო ორგანიზაციები და, შესაბამისად, ისინი მოექცევიან მიკროსაფინანსოებისთვის განკუთვნილი რეგულაციების ქვეშ. თავისთავად, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორივე მხარის დაცვის კუთხით, როგორც გამსესხებლის (ანუ ამ შემთხვევაში, მიკროსაფინანსოებად გარდაქმნილი სასესხო კომპანიების), ისე, პირველ რიგში, თავად მსესხებლების მიმართ. ეს სწორი ინიაციატივა იქნება და გარკვეულ ეფექტსაც მოიტანს.
ლარიზაციასთან დაკავშირებული ინიციატივა დასახელებულ ინიციატივებს შორის, ალბათ, ყველაზე საჩქარო იყო, რადგან ლარის კურსის ცვლილების გამო მოსახლეობა დიდ ფინანსურ დანაკარგს განიცდიდა.
- ეს არის შეუდარებლად მასშტაბური საკითხი, რომელიც ეხება 2015 წლამდე დოლარში გაცემული სესხების ლარში გადატანას. ზოგადად, ეს საინტერესოდ, დამაინტრიგებლად და იმედის მომცემად ჟღერს მათთვის, ვისაც დევალვირებული ვალუტა უმძიმეს ტვირთად აწვება. წარმოიდგინეთ, ყოველი სასესხო ვალდებულების დასაფარად განკუთვნილ ას დოლარზე ადამიანს უწევს 80 ლარით მეტის გადახდა. თუმცა დღეს გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ინიციატივის ფორმატია. საინტერესოა, კონკრეტიკა როგორი იქნება. ამიერიდან მოხდება შესატანი სახსრების იმ კურსით გადაანგარიშება, რა კურსითაც 2015 წლამდე მსესხებელმა აიღო? თუ მოხდება დარჩენილი ძირი თანხის იმ კურსით გადაანგარიშება, რაც მთლიანობაში არ ცვლის საბოლოო შედეგს? საინტერესოა ისიც, ამ სხვაობას რომელი ინსტიტუტი აანაზღაურებს, თუკი ასეთი ანაზღაურების საკითხი დადგება. ცხადია, სხვაობა არსებობს დღევანდელ კურსსა და სესხის გაცემის დღისთვის არსებულ კურსს შორის. ეს ყველაფერი დამატებით განმარტებებს ითხოვს, რაც აუცილებლად უნდა იყოს მკაფიო და არაორაზროვანი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება ფასი და იქნება ღირებული ეს ინიციატივები დანერგვის შემდგომ.
სათამაშო ბიზნესში მოსაკრებლის გაზრდას როგორ შეაფასებთ?
- რაც შეეხება მოსაკრებლის გაზრდას აზარტული თამაშების ბიზნესზე, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი მიესალმება. მეორე მხრივ, აქ არის პრობლემა, ხომ არ გამოიწვევს ეს ტურისტული ნაკადების შემცირებას. მოგეხსენებათ, საქართველო რეგიონში პრაქტიკულად გამონაკლისია, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშების ბიზნესი.
განსაკუთრებით, თურქეთიდან ჩამოდიან, სადაც ეს ბიზნესი აკრძალულია.
- არა მარტო თურქეთიდან, არამედ ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან საკმაო რაოდენობა ჩამოდის აქ სათამაშოდ და ეს ცუდი არ არის ეკონომიკისთვის. თუმცა უკვე საპირწონედ დგება სხვა საკითხი, რა არის პრიორიტეტული, აზარტული თამაშებისგან შემოტანილი სახსრები თუ მათი შეზღუდვა საზოგადოების დაცვის მექანიზმების შემოღებით.
რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმი?
- ასეთი მექანიზმი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა მათი შემოსავლების მიხედვით. პირობითად, ადამიანს უფლება მიეცეს, თავისი დეკლარირებული შემოსავლების იქს პროცენტი მიმართოს გასართობად.
თავის დროზე საუბარი იყო ქართველი ახალგაზრდების შეზღუდულად შეშვებაზე აზარტული თამაშების ბიზნესში.
- პირობით სიტუაციას განვიხილავ, მაგალითად, მოქალაქეს, რომელიც წლიურ დეკლარაციას აბარებს და მას აქვს წლიური ათი ათასი ლარის შემოსავალი, იდეაში, რეგულაციის თანახმად, შეიძლება მიეცეს ნება, საშუალება და უფლება, მომდევნო წლის განმავლობაში მხოლოდ 10-15% ან იქს პროცენტი დახარჯოს გასართობად. თუმცა კაზინოების თემა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი სოციალური თვალსაზრისით, რამდენადაც მნიშვნელოვანია ონლაინაზარტული თამაშების თემა. აქაც, ისევე როგორც საბანკო სესხების ლარში განაღდებასთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიო და არაორაზროვანი განმარტებებია გასაკეთებელი, რადგან გაცილებით რთული პრობლემაა ონლაინაზარტული თამაშები, ვიდრე კაზინოები, სადაც ძირითადი კონტინგენტი სრულწლოვანი და საქართველოს მოქალაქეობის არმქონეა.
ადრე ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა, რომ ერდოღანთან შეხვედრისას სამორინეების აკრძალვაზე ისაუბრეს, რადგან ჩვენს მეზობლებსაც უქმნის ეს პრობლემას. ერდოღანის სურვილი იყო, საქართველოში სამორინეები დახურულიყო.
- ეს უკვე სუვერენული ქვეყნის სტრატეგიული გადაწყვეტილების ნაწილია. თუ თურქეთს უქმნიდა პრობლემას სამორინე, მან უკვე გადაწყვიტა ეს პრობლემა საკუთარ ქვეყანაში. ჩვენი სამორინეების საკითხი კი ჩვენი გადასახედიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. ვერ გეტყვით, როგორი უნდა იყოს ეს გადასახედი. უბრალოდ, მე ვხედავ, რომ გაცილებით რთული სოციალური პრობლემაა ონლაინ აზარტული თამაშების ფართოდ ფეხის მოკიდება საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ფენაში, ვიდრე საკუთრივ კაზინოში თამაში. ცალსახად რა საბიუჯეტო, რა ფისკალურ ეფექტს მოიტანს აქციზის გაზრდა სათამაშო ბიზნესზე, ეს კიდევ სხვა საკითხია და ამაზე ფინანსისტებმა თავიანთი მოსაზრება, გათვლები უნდა დადონ. ჩვენ ახლა ძირითადად უფრო ვსაუბრობთ სოციალურ ეფექტზე, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა გამოიწვიოს ლარიზაციის პროცესის შეუქცევადობა და, შესაბამისად, დედოლარიზაციის პროცესის განვითარება.
პრემიერი, ასევე, საუბრობდა ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებაზე, რაც ზოგიერთებს დაგვიანებულადაც მიაჩნიათ.
- ჩემი მოსაზრებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტორია მთელ ამ პროცესთან მიმართებით. გარდა ამისა, უმთავრესია ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების წახალისება ნებისმიერი გზით, ნებისმიერი დასაშვები საშუალებით იმისათვის, რომ ქვეყანაში ადგილზევე შეიქმნას რეალური ეკონომიკის მეტი წამახალისებელი ფაქტორი. საბოლოო ჯამში, ამან ხელი უნდა შეუწყოს დისბალანსის შემცირებას სავაჭრო სალდოში და, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ეკონომიკურ ზრდაზე. ეს ყველაფერი, რაც დღეს ჩამოითვალა, აუცილებელი, კარგი ინიციატივებია და მათი გონივრულად, დროულად გადაჭრის შემთხვევაში, უდაოდ ეფექტური იქნება. „ქართული ოცნების“ მეორე ვადით არჩეული მთავრობისთვის, რომელსაც სრული კარტბლანში აქვს მოქმედებისთვის და სრული პასუხისმგებლობა აკისრია ყველა პროცესზე, მთავარი გამოწვევაა ეკონომიკის რეალური სექტორის გაზრდა.
აქციზის გადასახადი იმპორტულ ავტომობილებზეც გაიზრდება.
- ბუნებრივია, აქაც გრადაციები იქნება, შემოდის ავტოპარკის განახლების ტენდენცია. იდეაში, ეს უნდა იყოს წამახალისებელი ფაქტორი. რაც უფრო ახალია მანქანა, ეკოლოგიისა და ნებისმიერი თვალსაზრისით, მით უფრო წახალისებული უნდა იყოს მისი შემოყვანა, ანუ აქციზი შედარებით დაბალი უნდა იყოს. ეს არსებული სქემებია და მათი მორგებაა საჭირო დღევანდელ რეალობაზე. მეორე მხრივ, ალბათ, უახლოეს ხანში სატრანსპორტო კოდექსს დაემატება, ერთი მხრივ, დაანონსებული ტექდათვალიერება. პლუს ამას, ავტოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მომავალში, ალბათ, დაემატება კიდევ ერთი გამოწვევა. ეს არის ავტო-მოტო მფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ელემენტი, ანუ ე.წ. მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოძრავი და დარეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება მესამე პირის შესაძლო ზარალთან მიმართებაში დაზღვეული იქნება. ამასაც სჭირდება სწორი საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელება და ეს აუცილებლად გასაკეთებელი საქმეა, რომელსაც სხვა დანარჩენთან ერთად ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ამას კონკრეტული ვადები გააჩნია.
ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს საკითხი უკავშირდება ძალიან დიდ სოციალურ ეფექტს. მარტივად რომ ავხსნათ, ავტოსაგზაო შემთხვევისას დამნაშავე ისჯება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, იმის მიხედვით, რაც დააშავა. შესაბამისად, თუ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სისხლის სამართლის წესით დაისჯება, თუ არადა - ადმინისტრაციული წესით. რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, ეს ყველაფერი საკმაოდ მაღალი ლიმიტებითაა გადაზღვეული. ეს ძალიან დიდი სოციალური სიკეთეა, გარდა იმისა, რომ კონკრეტულად საფინანსო სექტორში გამოიწვევს სადაზღვევო სექტორის გამოცოცხლებას, აქ არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. დღემდე საქართველოში შემოსული უცხო ქვეყანაში დარეგისტრირებული ტრანსპორტი არ იყო დაზღვეული მესამე პირის ზარალის მიმართ. ეს ყოველდღიურად, ყოველწამიერად ჰაერში გადაყრილი ფულია. ანუ საზღვრის გადმოკვეთისას ნებისმიერ ქვეყანაში დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ვალდებული უნდა იყოს, ქვეყანაში ყოფნის პერიოდში ჰქონდეს მესამე პირისადმი მიყენებული ზიანის დაზღვევა. აქ ახალი არაფერია, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამას სჭირდება სასწრაფოდ დარეგულირება და ქვეყანაში ამის დანერგვა. უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ამას დაავალდებულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.