ყველასთვის ცხადია, რომ უცხოური ინვესტიციები ჰაერივით აუცილებელია, თუმცა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით თვალში საცემია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში მცირე ბიზნესის გახსნისადმი მიდრეკილება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ, მაგალითად, თურქეთისა თუ ჩინეთის მოქალაქეები სილამაზის სალონებსა თუ მცირე მაღაზიებში აბანდებენ ფულს. რას ხეირობს ამ ტიპის მცირე კაპიტალდაბანდებებიდან ჩვენი ბიუჯეტი და თავად იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები რა მოგებას იღებენ ჩვენნაირი დაბალი მსყიდველობითუნარიანი მოქალაქეებით დასახლებულ ქვეყანაში საყველპურო ბიზნესების გახსნით, – თემას ემზარ ჯგერენაიასთან ერთად განვიხილავთ.
რა ხიბლი აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ასეთ ღარიბ ქვეყანაში მცირე ბიზნესის წარმოებას?
– მოდი, დავაკონკრეტოთ, საკითხი ეხება შრომით მიგრანტებს და ეს ჩვენთვის ძალიან ახალი მოვლენაა. თურქები, ჩინელები თუ ირანელები ჩამოდიან და იწყებენ მცირე ბიზნესს: ხსნიან სილამაზის სალონებს, მაღაზიებს და ასე შემდეგ. ეს გლობალიზაციის განუყოფელი ნაწილია. ანალოგიურად ხსნიან ქართველები სხვა ქვეყანაში ასეთ ობიექტებს. ეს არის დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის თანმდევი პროცესი. უნდა გახსნან და უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო. ეს არ შეუშლის ხელს ქართულ ბიზნესს, პირიქით, აამაღლებს კონკურნტუნარიანობას და ბევრ სიკეთესაც მოიტანს. ხშირად დავობენ იმაზე, მოაქვს თუ არა სიკეთე თბილისში თურქული ტკბილეულობის მაღაზიის გახსნას? მოაქვს, რადგან ამას სჭირდება გარკვეული ტექნოლოგიური ბაზა, საქმდებიან ადამიანები, იქმნება დამატებითი ღირებულება და მოაქვს შემოსავალი ქვეყნისთვის. არის თუ არა ეს საშიში? თუ ქვეყანაში ნორმალური რეგულაციაა და უცხო ქვეყნის მოქალაქე მეწარმე გადასახადს იხდის, საშიში არაფერია. საშიში იქნებოდა, ვინმე რომ მოეწამლა მათ პროდუქტსა თუ მომსახურებას ზიანი მიეყენებინა და ასე შემდეგ. ეს არის პატარ-პატარა ინვესტიციები და ვერც ერთი ეკონომისტი ვერ იტყვის, რომ ეს საშიშია. მეტიც, თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროპის ნაწილი…
თუ ირანელმა და თურქმა პატარა მაღაზია არ გახსნა საქართველოში, ევროპის ნაწილი ვერ გავხდებით?
– ირანელი იქნება, ყაზახი თუ ვინმე სხვა, ვერაფერს გავაწყობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი მუშაობს საბერძნეთში, თურქეთში.
ძირითადად, შავ სამუშაოებზე.
– სხვადასხვა სამუშაოზე მუშაობენ: შავ საქმესაც აკეთებენ, ფირმებშიც მუშაობენ და ბიზნესიც აქვთ. ეს ბუნებრივი პროცესია, კონკურენციას მოაქვს სელექცია, მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან და ამაში საშიში არაფერია.
სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სილამაზის სალონს გახსნის თურქეთის თუ საქართველოს მოქალაქე. სხვა მნიშვნელობა არ აქვს? და, საერთოდაც, ადგილობრივი რატომ ვერ ხსნის: ფული არ აქვს, მარიფათი თუ ჭკუა?
– ადგილობრივებიც ხსნიან, ლაპარაკია კონკურენციაზეა, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ: თურქეთის კანონმდებლობით, თუ თქვენ სხვა ქვეყანაში გახსნით საწარმოს თურქეთის ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობა გეხმარებათ ფართის დაქირავებაში, რეკლამის გაკეთებაში, გამოფენის მოწყობაში, ჩვენ კი არ ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს.
ანუ აქვთ უპირატესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ადგილობრივებთან შედარებით?
– დიახ, მაგრამ ეს ეხება კანონმდებლობას და ამიტომ ეს მთავრობის დონეზე განსახილველი საკითხია, რამდენად ვეხმარებით ჩვენ საშუალო და მცირე ბიზნესს.
როდესაც ერთი ქვეყნის ინტერესია, სუბსიდირება გაუწიოს თავის მოქალაქეს, რომ მან მეორე ქვეყანაში გახსნას ბიზნესი, ესე იგი, ეს არც ისე სასარგებლოა, არა, იმ მეორე ქვეყნისთვის, თორემ მაშინ სუბსიდია რა საჭირო იქნებოდა?
– მათთვის მნიშვნელოვანია თავიანთი ექსპორტის, მომსახურების გატანა გარეთ, ბიზნესის გაკეთება სხვა ქვეყანაში, ღირებულების შექმნა სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნის ბაზრის დაპყრობა და ისინი ამ ბიზნესებში თავიანთ მოქალაქეებს ასაქმებენ. მეტსაც გეტყვით: ტენდენცია ასეთია, როდესაც ჩამოდის თურქი ბიზნესმენი, ის აუცილებლად თურქულ რესტორანში მიდის, ყაზახი – ყაზახურ რესტორანში და მათი მომსახურებით სარგებლობს. ბუნებრივი მომენტია და ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ. საქმე ისაა, ჩვენ ვუჭერთ თუ არა მხარს ჩვენს ბიზნესს და ისინი უჭერენ თუ არა მხარს თავიანთ ბიზნესს, ჩვენ სუბსიდიების გარეშე ვარსებობთ, თურქეთში კი სუბსიდია ცხოვრების წესია. უბრალოდ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ საშუალო და მცირე ბიზნესს.
ცნობილია, რომ ხშირად უცხო ქვეყნის მოქალაქეები იწყებენ აქ ბიზნესს, მოგება მიაქვთ, გადასახადებს არ იხდიან და შემდეგ მიდიან ქვეყნიდან. მაშინ, როდესაც ადგილობრივი მეწარმე აქ რჩება, გადასახადებიც უნდა გადაიხადოს და, თუ რამე შეეშალა, საქმე ისეც შეიძლება, წაუვიდეს, რომ ბიზნესი ვერასდროს ვეღარ აიწყოს.
– ჩვენთან მცირე და საშუალო ბიზნესი შეღავათიანი პირობებით იბეგრება. თუ ლაპარაკია დიდ ბიზნესზე, სამწუხაროდ, თურქეთის ბევრი მოქალაქე ზის ქართულ ციხეში. მათ ფირმებს ამოწმებენ და ეს ჩვეულებრივი ამბავია. საგადასახადო ორგანოს წვდომა ბევრგან აქვს: თუ თქვენ წახვედით თურქეთში ან ირანში, ჩვენს სახელმწიფოს აქვს საშუალება, რომ აღძრას საქმე, მიმართოს თქვენს ქვეყანას ექსტრადიციის მოთხოვნით.
ყოფილა ასეთი შემთხვევა?
– ყოფილა.
და ექსტრადიციით დასრულებულა?
– უარესით, მათ ექსტრადიცია ურჩევნიათ, იმიტომ რომ ქართული ციხე სჯობია პირობებით თურქულს. თურქეთში ძალიან სასტიკი საგადასახადო კანონმდებლობაა, და მტრისას, იქ რამე დაარღვიეთ, მაშინვე მოექცევით სავაჭრო პალატის შავ სიაში და ძალიან დიდი პრობლემები გექმნებათ. თურქეთში ძალიან მკაცრად რეაგირებენ დარღვევებზე. ჩვენ სუფთა ფსიქოლოგიური ფაქტორი გვამოძრავებს, როდესაც ვამბობთ, რატომ უნდა გააკეთონ აქ ფული უცხოელებმაო, თორემ საქართველოში ამერიკელებიც აკეთებენ ბიზენსს, ფრანგი „ანტრეს“ ხნის და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც აქვს.
რით არის მომხიბვლელი ეს ქვეყანა ასეთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის? იმიტომ რომ გაზი და შუქი იაფი ღირს?
– დიახ, ელეტროენერგიაც იაფი ღირს და გაზიც. საკმაოდ მოიკიდა ფეხი თურქულმა კომპანიებმა სამშენებლო მასალების ბიზნესში, დიდი ქარხნებიც აქვთ. სათამაშო ბიზნესს მართავენ ბათუმში. რაც შეეხება ირანელებს: მათთვის ჩვენთან სავალუტო კურსია საინტერესო. ირანში სახელმწიფო არეგულირებს ვალუტის კურსს და როდესაც აქ ცვლიან დოლარსა და ლარში, უფრო იაფი უჯდებათ. თუმცა ირანელებს სხვა მოტივაციაც აქვთ: წყნარ ქვეყანაში უნდათ გადმოსვლა. ანალოგიური სურვილი აქვთ ეგვიპტელებს და ისინი საკმაოდ დიდ ნაკადებად მოდიან საქართველოში. და, თუ თურქეთთან მხოლოდ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხია, აქ პოლიტიკური უსაფრთხოების თემაც არის.
და თუ ეს ნაკადები გადიდდა და გადიდდა, ჩვენთვის დარჩება ადგილი? რატომღაც, გამახსენდა, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში სხვადასხვა ველური ტომები აღმოსავლეთიდან იმიტომ მოდიოდნენ აქეთ, რომ იმ გარემოსთან შედარებით, სადაც ცხოვრობდნენ, ეს სამოთხე იყო.
– საქართველოში არავინ არავის უშლის ხელს, დაიწყოს ბიზნესი. თუ სხვა იწყებს, თქვენც შეგიძლიათ, დაიწყოთ და დამთავრდა. ქართველს რომ გაეხსნა, ხომ არ იქნებოდა საკამათო?!
მე არც ახლა ვკამათობ: ვამბობ, რომ მათ თავიანთი სახელმწიფო ეხმარება, მე კი ჩემი არ მეხმარება და ამიტომ არათანაბარ პირობებში ვართ-მეთქი.
– ეს დელიკატური საკითხია და გავიმეორებ: თურქეთთან მიმართებაში სუბსიდიის პრობლემა არსებობს, ირანთან მიმართებაში – სავალუტო კურსის საკითხი. ჩვენთან კი უკვე იხსნება თანაინვესტირების ფონდი და საქართველოს მოქალაქეებსაც დაეხმარებიან.
„მაესტრომ“ დაიწყო თურქული სერიალების ჩვენება და, რადგან, როგორც ჩანს, ჩვენს სატელევიზიო სივრცეში კრეატიულობა ნულს ქვემოთაა, დანარჩენმა ტელევიზიებმაც მიყოლებით გაჭედეს თავიანთი ეთერები თურქული სერიალებით. მაყურებელი ეცნობა თურქულ ყოფას, რომელიც განსხვავებით, ლათინოამერიკული სერიალებისგან, უფრო ახლოს დგას ქართულ ყოფასთან. შეიძლება, ამ თურქული სერიალების მოძალება განვიხილოთ, როგორც ჩვენი ბაზრის ათვისების მეორე ფლანგი?
– აბსოლუტურად. ორმხრივად მომგებიანი ბიზნესია. თურქეთში სერიოზულადაა განვითარებული კინოხელოვნების ინდუსტრია. 70-80 ქვეყანაში ჰყიდიან ექსპორტზე, მათ შორის, საქართველოშიც. რადგან „მაესტროს“ თურქული სერიალების ჩვენებისას 30-წუთიანი რეკლამები აქვს, ესე იგი, ბაზარი ითხოვს და ამიტომ ყიდულობს.
მაგრამ დანარჩენები ისე გამწარებულები აჰყვნენ, მე ვიგრძენი უხერხულად თავი ასეთი მიმბაძველობით. თურქეთის გარდა, კინოინდუსტრია დედამიწაზე სხვაგან არ არის განვითარებული?
– ბაზარზე არის მოთხოვნა და ამიტომ მოაქვთ თურქული სერიალები. რაც შეეხება იმას, რაც თქვენ ბრძანეთ კითხვის მეორე ნაწილში: ეს საინტერესო ხედვაა და მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჩვენი მეზობელია, ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა მას არ იცნობს, არადა, თურქეთს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი და კარგი მოთამაშეა. ამ მხრივ, კარგია, რომ ქართველ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც არ ყოფილან თურქეთში, აჩვენო ეს ქვეყანა. თურქეთი საკმაოდ მაღალგანვითარებული ქვეყანაა, მძლავრი ინდუსტრიით და ბევრი დადებითი რეფორმა აქვთ ჩატარებული.
სულ მაწუხებს ეს კითხვა: ერთ დროს მომთაბარე ტომმა შექმნა თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სახელმწიფო, ჩვენ რა გვჭირს?
– იგივე შეიძლება, ვთქვათ ირანელებზე...
სპარსეთის იმპერიას, განსხვავებით ოსმალეთისგან, დიდი კულტურა ჰქონდა, თუმცა მათაც არ გამოადგათ ეს, იმიტომ არ ვახსენე ამ კონტექსტში ირანი.
– მაგრამ „ვისრამიანის“ სპარსეთი ძალიან დიდი ხანია, არ არსებობს, ანტიკურ ბერძნებს ჩაჰყვა მიწაში. დღეს ირანში ძველი სპარსი ძალიან ცოტაა. ირანის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი აზერბაიჯანელია. ფუნდამენტალისტები არიან აზერბაიჯანელები და ისინი შორს დგანან სპარსეთის კულტურული მემკვიდრეობისგან.
თუმცა ირანს ვერ შევადარებთ თურქეთს სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით.
– იმიტომ ვაერთიანებ, რომ ორივე ქვეყანა ოფიციალურად აცხადებს პრეტენზიას, რომ საქართველოს გარკვეული ნაწილები მათი საკუთრებაა.
და მესამე ასეთივე პრეტენზიის მქონეა რუსეთი.
– დიახ. 300-300, 400-400 წელი ვიყავით თითოეულის ვასალი და პრეტენზიაც აქვთ.
ისევ თურქეთს დავუბრუნდებით: ასეთი წარსულის მქონე ერმა როგორ შეძლო საკუთარი თავის თავიდან შექმნა? რა არის მათი წარმატების გასაღები?
– მათ ოზალის მეთაურობით მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა განახორციელეს გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანების დასაწყისში. ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ გარდაიქმნა ეს ქვეყანა. სულ ბოლოს, ტრაპზონის რეგიონი, თურქეთის ციმბირი, 1999-2006 წლებში წალკოტად აქციეს. ერდოღანმა მოახერხა ის, რომ ყველგან არის ფანტასტიკური კომუნიკაცია: გზა, გაზი, შუქი, წყალი. ანატოლიაში, უდაბნოშიც კი, ისეთი გზებია, გაგიკვირდებათ. მათ მოახერხეს დანგრეული ქვეყნის რეფორმირება ოზალის დროს. მათ შექმნეს სერიოზული საბანკო სისტემა, ჯანდაცვის ტურიზმი, რომელიც ისრაელისა და სინგაპურის შემდეგ მესამე ადგილზეა მსოფლიოში. გარღვევა მოახდინეს სოფლის მეურნეობაში, ინდუსტრიაში შექმნეს ქარხნების მთელი ქსელი და პლუს, აქვთ ავტოქარხნებიც. ეს არის 80-მილიონიანი ბაზარი და, ამას გარდა, რეალური ჰაბი, რომელიც აერთიანებს სირიას, ირანს, იორდანიას, ერაყს, სამხერთ კავკასიას, საბერძნეთს, ბულგარეთს…
ერდოღანის ხელში, რომელიც იყო სტამბოლის მერი და გამორჩეული მეურნე, ბოლო 7 წელიწადია, თურქეთში ეკონომიკური ბუმია. თურქეთმა საერთოდ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ბოლო მსოფლიო კრიზისის დროს პოლონეთთან ერთად თურქეთი იყო ის გამონაკლისი ქვეყანა, სადაც არ ყოფილა ეკონომიკური რეცესია, პირიქით, ეკონომიკის 3-4-პროცენტიანი ზრდა იყო. დიახ, მათგან ბევრი რამ შეიძლება, გადმოვიღოთ. ძალიან ძლიერი ქვეყანაა. ისინი არც სუბსიდიებს ერიდებიან და არც აკრძალვებს. მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე ჩაი 3 დოლარი ღირს, მაგრამ ისინი 12 დოლარად ყიდულობენ ტრაპზონის რეგიონში; მაგალითად, თურქეთში აკრძალულია ბანანის იმპორტი. ისინი იცავენ თავიანთ ინტერესებს და იმიტომაც არ იღებენ მათ ევროკავშირში, რომ წალეკავს თავისი სამუშაო ძალითა და რესურსებით. თან, ენერგორესურსი არ აქვთ: ერთადერთი ქურთისტანის მხარესაა, მაგრამ არ აწარმოებენ მოპოვებას. მაგრამ მათ შეძლეს ტექნიკური გადაიარაღება და ინოვაციური დარგები ისეთ დონეზე აიყვანეს, რომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს ფინანსურად. თურქეთს კრიზისი ჰქონდა 2003-2004 წლებში და სავალუტო ფონდმა, აშშ-ს დახმარებით, 4 მილიარდი მისცა. ისინი ინტეგრირებულნი არიან აშშ-ს ეკონომიკაში და ესეც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა მათი წინსვლა.