დამარცხებული გერმანელები სტალინს ოვაციებით ხვდებოდნენ

დამარცხებული გერმანელები სტალინს ოვაციებით ხვდებოდნენ

67 წლის წინ, 1945 წლის ივლისში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების მეთაურთა შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რომელიც ისტორიაში „პოტსდამის კონფერენციის“ სახელით შევიდა. სტალინს არ უყვარდა ვოიაჟები უცხოეთში, ყოველთვის სტუმრების სახლში მიღებას არჩევდა, მაგრამ, ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო – საქმე მსოფლიოს გადანაწილებას ეხებოდა.

გენერალისიმუსის მთავარი  და საყვარელი გადაადგილების  საშუალება, განსაკუთრებით – დიდ მანძილებზე, რკინიგზა იყო. ამ საქმეს ხუთი სპეციალური მატარებელი ემსახურებოდა – ერთი – ძირითადი და ოთხი – სარეზერვო-სათადარიგო და მათი ადგილსამყოფელი უმკაცრესად გასაიდუმლოებული იყო. სტალინის ყოფილი მცველის, ალექსეი რიბინის, მოგონებებში არის ასეთი ეპიზოდი: „დიდი სამამულო ომის დროს, ჩვენ მოსკოვის სარკინიგზო გვირაბებში ვიყავით დისლოცირებული, განსაკუთრებული ნორმის მატარებლების ზუსტი ადგილმდებარეობა  მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, პირადად მაქვს მიღებული მონაწილეობა ბელადის ფრონტის ხაზზე მგზავრობაში, ასევე, თეირანისა და იალტის კონფერენციებზე მგზავრობის ორგანიზებაში (ბაქომდე სტალინმა მატარებლით იმგზავრა და იქიდან გაფრინდა თეირანში  თვითმფრინავით)“. 1945 წლის ზაფხულში დადგა საკითხი, თუ როგორ უნდა გამგზავრებულიყო სტალინი პოტსდამის კონფერენციაზე. მოსკოვიდან ბერლინამდე 1 923 კილომეტრი იყო გასავლელი და, ბელადის მოთხოვნის შესაბამისად სარკინიგზო მოგზაურობის მომზადება დაიწყეს. სირთულეები მრავლად იყო. საქმე ისაა, რომ მარშრუტის მხოლოდ ნაწილი (1 095 კილომეტრი) გადიოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, დანარჩენ მონაკვეთებს, რომლებიც პოლონეთზე (594 კილომეტრი) და გერმანიაზე (234 კილომეტრი) გადიოდა, სარკინიგზო გზა ძალიან ვიწრო ჰქონდათ. ახლა ევროპისკენ მიმავალ რკინიგზაზე მოგზაურობის პრობლემა საერთოდ არ არსებობს, მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ეს პირადად სტალინის დამსახურებაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ ერთ თვეში 828 კილომეტრი ახალი სარკინიგზო გზა დაიგო. მას შემდეგ, 1945 წლის ზაფხულიდან დღემდე, მცირე კოსმეტიკისა და მიმდინარე სამუშაოების გარდა, მოსკოვი-ბერლინის გზაზე ფაქტობრივ, კაპიტალური რემონტიც კი არ ჩატარებულა. 25 ივნისს ამ მიმართულებით სამოქალაქო მოძრაობაც გაიხსნა, რაც, სხვათა შორის, იმასაც მიანიშნებდა, რომ საბჭოთა კავშირი გერმანიიდან წასვლას არ აპირებდა და „სერიოზულად და დიდხანს“ გეგმავდა დარჩენას.

სტალინის  მატარებელი რამდენიმე  ბრონირებული ვაგონი-სალონისგან შედგებოდა; ასევე, შემადგენლობაში იყო: საშტაბო და დაცვის ვაგონები,  ვაგონი-გარაჟი, რომელშიც ორი ბრონირებული „პიკარდი“ იდგა და ვაგონი-რესტორანი, პროდუქტების ვაგონთან ერთად. შემადგენლობას 80 ოფიცერი აცილებდა და ის საზენიტო დანადგარების ორ პლატფორმასაც შეიცავდა. საერთო ჯამში, პოტსდამის კონფერენციაზე ბელადის მოგზაურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის („ენკავედე“) ჯარების 17 ათასმა მებრძოლმა და ოპერატიული შემადგენლობის 1 515-მა თანამშრომელმა მიიღო. საბჭოთა რკინიგზის სადგურებზე მთელი ადგილობრივი მილიცია იყო მობილიზებული. მაგალითისთვის, ბელორუსიაში, ოპერაციაში პირადი შემადგენლობის 80 პროცენტი მონაწილეობდა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ხიდებისა და სარკინიგზო ასახვევების უსაფრთხოებას.

მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს, სტალინის მატარებლის მემანქანეებმა, ვიქტორ ლიონმა და ნიკოლაი კუდრიავკინმა, რომლებიც თავის დროზე სალოკომოტივო ბრიგადებს ხელმძღვანელობდნენ, საუწყებო ჟურნალ „ლოკომოტივთან“ ინტერვიუში თქვეს, რომ ხელმძღვანელობამ ტექნიკური წუნის გამო ჩამოწერა ორი „სუ“-ტიპის („სორმოვსკი უსილენნი“) სამამულო წარმოების ორთქლმავალი.  საერთოდ, ის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა – მისი სიმძლავრე 1 525 ცხენის ძალას აღწევდა, კონსტრუირებული სისწრაფე კი საათში 115 კილომეტრს შეადგენდა. ცხადია, ასეთი სიჩქარის განვითარება ახლად აღდგენილ სარკინიგზო  გზებზე შეუძლებელი იყო, 40-50 კილომეტრ-საათი სიჩქარით კი, საცდელი რეისის დროს, მძიმე წონის შემადგენლობამ მოჟაისკის აღმართი ვერ დაძლია. ხუმრობით სტალინმა ამ ორთქლმავალს („სორმოვსკი უნიჟენნი“) უწოდა და ამერიკული, ნაკლები სიმძლავრის (1 000 ცხენის ძალის)  მქონე ორთქლმავალი არჩია. მისი მოდიფიკაცია იყო „ეა-27“. ლენდ-ლიზის ხელშეკრულების ფარგლებში, 1945 წლის პირველ ნახევარში, 68 ერთეული ასეთი ლოკომოტივი შემოიყვანეს ამერიკელებმა, რომელიც სტალინმა პოტსდამის კონფერენციაზე წასასვლელად გამოიყენა.

სტალინის სპეციალური მატარებლით მოგზაურობის შესახებ, რომელიც შემდგომში ოპერაცია „პალმის“ სახელით შევიდა ისტორიაში, სხვადასხვა ისტორიას ყვებიან. საინტერესოა მემანქანეების, ვიქტორ ლიონისა და ნიკოლაი კუდრიავკინის მონათხრობი, რომლებიც ამ მოგზაურობაში მონაწილეობდნენ: „მატარებელი მოსკოვის გარეუბნიდან, სადგურ „კუბიმკიდან“ გავიდა 14 ივლისს და არა 15 ივლისს „ბელორუსსკი ვაგზლიდან“. დიდი სიჩქარის განვითარება სპეცმატარებელს არ შეეძლო, რადგან, სარკინიგზო გზები, რომელთა რემონტი ომის პირობებში ხორციელდებოდა, ომის დამთავრების შემდეგ, პირველ თვეებში, არ იყო საუკეთესო მდგომარეობაში. დროდადრო მატარებელი ჩერდებოდა, რითაც ბელადი სარგებლობდა და პატარა გასეირნებებს აწყობდა. ამის გამო, შემადგენლობას მინსკამდე ჩასასვლელად თითქმის დღე-ღამე დასჭირდა. ბელადი ასეთ კარგ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გაუშვებდა – უკეთეს მომენტს ვერ ნახავდა ადამიანებთან საურთიერთობოდ. პირველი შემთხვევა ბარანოვიჩის სადგურთან მოხდა: სტალინმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ფანჯრებიდან არც ბოლი შემოდიოდა და არც ნახშირის მტვერი, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო ორთქლმავლით მოგზაურობისას. საგზაო მიმოსვლის სახალხო კომისარმა,  კოვალიოვმა, მას მოახსენა, რომ  მატარებელი ამერიკულ  თბომავალს მიჰყავს. ვეტერანი რკინიგზელები იხსენებენ, რომ   სტალინი მივიდა ლოკომოტივთან და კაბინაშიც ავიდა. ვიქტორ ლიონი იხსენებს, თუ როგორ ჰკითხა ბელადმა  კუდრიავკინს, ამ მანქანით ბერლინამდე ჩავიდოდნენ თუ არა. „მოსკოვშიც კი ჩამოვალთო“, – უპასუხა მემანქანემ. სტალინი რომ „უდისციპლინობით“ გამოირჩეოდა, ამის შესახებ დაცვის ყველა წევრმა იცოდა. მან არც ამ შემთხვევაში უღალატა ჩვევას – თითქმის ყველა გაჩერებაზე ჩამოდიოდა და ხალხს სხვადასხვა საკითხზე ესაუბრებოდა. ერთ-ერთი ასეთი გასაუბრების დროს,  მას ჰკითხეს, გარანტირებული იყო თუ არა გერმანიის ტერიტორიაზე გადაადგილება, რაზეც ბელადმა ჩვეული იუმორით უპასუხა – ჩემი თუ არ გჯერათ, მემანქანეებს ჰკითხეთო. დაფიქრდით, რას მეუბნებით, ბერლინი ავიღე და ბერლინამდე ვერ ჩავალო?! შემდეგ, მატარებლის ვაგონი-სალონიც დაათვალიერა, ძალიან მოეწონა სისუფთავე და დაგებული ხალიჩები და ამის შემდეგ, ყოველთვის იქ ატარებდა თათბირებს. პირველი საგანგებო შემთხვევა მდინარე  ოდერზე გადასვლის შემდეგ, გერმანიის ტერიტორიაზე მოხდა. ყველას გაუკვირდა ადგილობრივი მოსახლეობის საქციელი, როცა ხალხი ქუჩაში იყო გამოფენილი და ბელადის ჩასვლას მისალმებებითა და ოვაციებით ეგებებოდა. სტალინის უსაფრთხოებაზე ფიქრიც კი უაზრობა იყო. თუმცა, ექსცესებისა და კურიოზების გარეშე ამ მოგზაურობას მაინც არ ჩაუვლია: მკვეთრი დამუხრუჭების შემდეგ თბომავლის სამუხრუჭე სისტემა დაზიანდა და ბოლი გაუშვა. მემანქანის თანაშემწემ, ვასილი ივანოვმა, ფანჯრიდან გადაიხედა, საგზაო ანძას გამოედო და კაბინიდან გადავარდა. საჭირო გახდა ხელის მუხრუჭის გამოყენება. თანაშემწე სასწრაფოდ გადაიყვანეს სანიტარულ ვაგონში. ის გადარჩა, სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. სტალინმა დილითვე მოინახულა, გაუღიმა და უთხრა: „უფრო აკურატული უნდა იყოთ, ვასილი ივანოვიჩ“. მეორე კურიოზს მემანქანეები ასე იხსენებენ:  „მოსკოვს გრაფიკის მიხედვით ვუახლოვდებოდით. კუდრიავკინმა საკონტროლო უფლებამოსილება ლიონს გადასცა, კიდევ ერთი კაზუსი მოხდა, რასაც „ენკავედეს“ პროგრამა არ ითვალისწინებდა: მატარებლის კომენდანტს, უშიშროების პოლკოვნიკ ლუკინს განკარგულება ჰქონდა გაცემული, რომ სტალინის ვაგონი-სალონი, სადაც ბელადი იმყოფებოდა, ზუსტად საპატიო ხალიჩასთან აღმოჩენილიყო, საიდანაც გზა პირდაპირ  დეპუტატების დარბაზისკენ მიდიოდა. კომენდანტი სატელეფონო კავშირზე იყო და ბოლო მეტრებს ითვლიდა, როცა  მოულოდნელად  მეისრე გამოჩნდა წითელი დროშით და მემანქანეს არასწორი მინიშნება გაუკეთა. სტალინს მემანქანეები მისცვივდნენ, თვითონ მიაცილეს  მანქანამდე  სველი და ტალახიანი პლატფორმის გავლით და გზაში ბოდიშს უხდიდნენ მიყენებული უსიამოვნების გამო. ბელადმა მათ უთხრა: ფეხით ციმბირი მაქვს შემოვლილი, პატარა გასეირნება კი ხანდახან სასარგებლოცააო. კონკრეტულ შემთხვევაში მეისრემ დაუშვა შეცდომა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური კომპეტენტური კომისია შეიქმნა, რომელმაც მემანქანეები გაამართლა.

საბჭოთა კავშირის რკინიგზელთა საერთო-სახალხო შეკრებაზე (ასეთი შეკრებები ტარდებოდა ხოლმე) სიტყვით გამოსვლის დროს, შესავალში ბელადმა თქვა, რომ, ისეთი დიდი ქვეყნისთვის, როგორიც საბჭოთა კავშირია, რკინიგზის განვითარება ფუფუნების საგანი კი არ არის, აუცილებლობაა... რომ: „სახელმწიფოს არათუ განვითარება, არსებობაც კი, რომელიც მასშტაბებით ინგლისს აღემატება თავისი კოლონიებით, თუნდაც დომინიონების გარეშე, წარმოუდგენელია თანამედროვე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გარეშე, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიებს ერთ, მთლიან ქვეყნად აქცევს; რომ ვერ განვითარდება სახალხო მეურნეობა სარკინიგზო მიმოსვლის გარეშე, რომელიც სხვადასხვა სამრეწველო ცენტრს ერთმანეთთან დააკავშირებს და შეუძლებელი  იქნება ცენტრალური მმართველობა; რომ, ისევე, როგორც ბრიტანეთი, ვერ იარსებებდა უმაღლესი საზღვაო-სანაოსნო ტრანსპორტის გარეშე, რუსეთს მომავალი არ ექნებოდა რკინიგზის გარეშე“.

შეკითხვებისთვის განკუთვნილ დროს სტალინს ინგლისური მედიაგიგანტის, „თაიმის“ წარმომადგენელმა ჰკითხა, თუ როგორ მოხერხდებოდა ასეთი პროგრამის განხორციელება ტექნიკური და საინჟინრო საშუალებებით, რაზეც ბელადმა მარტივად უპასუხა – ამათ იციანო, – და დარბაზისკენ გაიხედა. პაუზის შემდეგ კი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ დარგში  იყო დასაქმებული. „დარბაზი  ოვაციებისგან აფეთქდა და, შეგვეშინდა, ჭერი არ ჩამონგრეულიყო“, – წერდა „თაიმი“, – ინგლისელებმა, ალბათ, არ იცოდნენ, რომ შენობა სტალინის დროს იყო აშენებული.