მთავრობამ კრედიტებს მოუჭირა

მთავრობამ კრედიტებს მოუჭირა

მთავრობამ საკრედიტო მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ახალი წლიდან ონლაინ კრედიტები აიკრძალება, კომერციულმა ბანკებმა კი 2017 წლიდან 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ლარში უნდა გასცენ. ცვლილება ასევე ფიზიკურ პირებს შეეხება, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის იანვრამდე დოლარში აქვთ აღებული. ისინი ვალის ლარში გადატანას შეძლებენ.

მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს, რომლის თანახმადაც ონლაინ სესხების გაცემა იკრძალება.

„ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო საზოგადოების მხრიდან. ამიტომ ნაბიჯი გადავდგით სწრაფი ეკონომიკური განვითრებისთვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც აღვნიშნეთ, ცვლილება შეეხება დაკრედიტებისაც - 100 ათას ლარამდე სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, ხოლო ის ფიზიკური პირები, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის იანვრამდე დოლარში აქვთ აღებული, ვალის ლარში გადატანას შეძლებენ.

2015 წლის 1-ელ იანვრამდე აღებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები პირველ იანვრიდან კონვერტირდება შეღავათიანი კურსით (მაგალითად, დღევანდელი 2.53-ის ნაცვლად,ნაცვლად, 2.30-ის ნიშნულით). ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ლარში გადავა დაახლოებით 33 000 სესხი. შეღავათი ფიზიკურ პირებს და ინდმეწარმე მსესხებლებსაც ეხება.

პრემიერის განცხადებით, ბანკები ვალდებულნი იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონყველა კლიენტს, ვისაც კი ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. მისი თქმით, დამატებით 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს.

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახმაურებული ინიციატივების შესახებ ისაუბრა და ხელისუფლების ამოცანები განმარტა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ორი მიმართულება. პირველი მიმართულება იყო ინფლაცია, ფასების ზოგადი ზრდა და მეორე მიმართულება იყო სოციალური ფონი, რომელიც გვაქვს ქვეყანაში იმის გამო, რომ ძალიან ბევრი სესხი გაცემულია უცხოურ ვალუტაში. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ აუცილებლად მოვძებნიდით გამოსავალს და შემდგომში მივიღებდით გადაწყვეტილებებს, რომელიც დაეხმარებოდა მოქალაქებს აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

ჩვენი ამოცანაა, შევამციროთ დამოკიდებულება სავალუტო რყევებზე, ჩვენს მოსახლეობაში, განსაკუთრებით იმ მოსახლეობაში, ვისაც შემოსავლები ეროვნულ ვალუტაში გააჩნია. უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება არსებობდეს მოსახლეობის ფენა, ვისაც შემოსავლები, მაგალითად, უცხოურ ვალუტაში გააჩნია, რადგან მათ თავიანთი ნათესავები ჰყავთ საზღვარგარეთ, მათ ერიცხებათ უცხოურ ვალუტაში შემოსავალი და მათთვის, რა თქმა უნდა, დოლარის კურსის ცვალებადობა არ წარმოადგენს სესხთან მიმართებაში არანაირ პრობლემას.

როდესაც ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობდით, ძალიან ბევრი ქვეყანა შევისწავლეთ, რადგან ჩვენ არ ვართ პირველები, სადაც აღნიშნული პრობლემა დამდგარა ან დადგება. შესაბამისად, ვნახეთ ძალიან ბევრი მაგალითი. საბოლოო ჯამში მივედით შემდეგ დასკვნებამდე, რომელიც დღეს უკვე გამოვაცხადეთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ონლაინ სესხების სრული აკრძალვის მომხრე არ არის. უმჯობესია რაღაც რეგულაცია დაწესდეს, მაგალითად, არ გაიცეს კრედიტი ისეთ მომხმარებლებზე, რომლებიც ნეგატიურ ბაზაში არიან, ვერ იხდიან სესხს ან კომპანიებისთვის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დაედგინათ. კეპულაძე ეჭვობს, რომ ეს ხალხი კერძო მევახშეებთან და ლომბარდებში გადაინაცვლებს.

„გასაგებია, რომ ხშირად ონლაინ გამსესხებლები არ იქცეოდნენ სწორად, მაგალითად, მაშინ, როდესაც სესხებს გადახდისუუნარო მომხმარებლებზე გასცემდნენ, ჰქონდათ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ეს იყო რისკიანი სესხები. აკრძალვა საბოლოო ჯამში დადებით შედეგებს ვერ გამოიღებს. გასაგებია, რომ ვიღაცები ვეღარ აიღებენ ასეთი ტიპის სესხებს და მეტად არ დაზარალდებიან, თუმცა ეს ადამიანები შემდეგ ლომბარდებსა და კერძო მევახშეებს მიმართავენ. შესაბამისად, ბაზარი ამას სხვა კუთხით დაარეგულირებს და არ მგონია, რომ აკრძალვა გამოსავალი იყოს“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას გიორგი კეპულაძემ.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ „ლარის დაცვის“ ნიღბის ქვეშ, პრემიერ მინისტრმა, ერთი მხრივ, პოპულისტური, მეორე მხრივ კი, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

„ონლაინ სესხის აკრძალვა, თავისთავად, პოპულისტური ნაბიჯია ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულებების გამო. აქ მომხმარებლის უფლებაც ილახება და მწარმოებლისაც. მომხმარებლის უფლება ილახება, როგორც ხერხი ფინანსური რესურსების მოძიებისა, რომლის შესაძლებლობა ხელისუფლებამ მოუსპო. ასევე, მწარმოებლის - ბიზნესის მართვის კუთხით. ეს ცალსახად შეიძლება განვიხილოთ როგორც ბიზნესზე ზეწოლის ხერხი და წინაპირობა“, - აცხადებს გამზარდია.

მისი აზრით, მთავრობამ მსგავსი მომსახურების მიღების აკრძალვა კი არ უნდა მოინდომოს, არამედ მისი რეგულაციისთვის სტანდარტის დაწესება, სადაც მომხმარებლის უსაფრთხოებაც, მოთხოვნილებებიც, უფლებებიც და ბიზნესის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.

საქართველოს ეროვნულ ბანკში კი აცხადებენ, რომ დაბალი დოლარიზაცია არის ყველას ინტერესში, აქ იგულისხმება მოსახლეობაც, სახელმწიფოც, ინვესტორებიც, კომერიცული ბანკებიც თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტები. როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა შემუშვებულია ე.წ. 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც 3 ძირითადი მიმართულებაზე არის კონცენტრირებული.

„პირველი ეს არის ლარის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა და ეს ეხება გრძელვადიან ლარის სესხებს. მეორე მიმართულება არის ქვეყანაში სავალუტო რისკების ადეკვატური გადანაწილება. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მცირე ზომის სესხები დასაშვები იქნება მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ეს არ გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, როგორც არ გამოუწვევია საპროცენტო განაკვეთების ზრდა, როდესაც გავზარდეთ სარეზერვო მოთხოვნები ზაფხულში. პირიქით, გრძელვადიან პერიოდში ეს ქვეყანაში გამოიწვევს რისკებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მცირე ზომის მსესხებლისთვის ძალიან ხარჯიანი არის რისკების შეფასება და მართვა. ამ ღონისძიებამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილ სესხებში დოლარიზაციის ზრდა, თუმცა მსხვილ კომპანიებს აქვთ გაცილებით მეტი რესურსი და შესაძლებლობა, რომ გაცვლითი კურსის და სხვა ფინანსური რისკების ადეკვატური მართვა განახორციელონ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.