არჩევნების შემდეგ ხშირად ისმის პოლიტიკოსების მოწოდებები მთავრობის ოპტიმიზაციის შესახებ. თანამედროვე ეკონომიკური უსაფრთხოების თეორია იძლევა საქართველოში მართვის „რისკებზე ორიენტირებული“ მოდელის წარმატებით გამოყენების შესაძლებლობას. საუბარია ქვეყნის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური რისკების ანალიზისა და მათი თავიდან აცილების პოლიტიკურად ნეიტრალურ სისტემით ეკონომიკის მართვაზე. მარტივად რომ ვთქვათ, მართვის რისკებზე დაფუძნებული მოდელის არსი ექსპერტულ (ტექნოკრატიულ) კვლევებზე დაფუძნებული „ზღვრული“ და „ფაქტიური“ მაჩვენებლების პერიოდული შედარებაა. ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლების ამგვარი ტექნოკრატიული ანალიზი ობიექტურად გამორიცხავს ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული, ანუ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ასეთი ანალიზი არსებული მაკროეკონომიკური ინდიკატორების ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით და ექსპერტული კვლევებით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებლებთან შედარებას ემყარება და არა იმას, თუ რამდენადაა მემარცხენე-მემარჯვენე-ცენტრისტული პოსტულატებიდან გამართლებული, ვთქვათ, საყოველთაო ჯანდაცვის ან სხვა რომელიმე დარგობრივი პროგრამის სუბსიდირების პროგრამები.
რისკების შეფასება
ეკონომიკის მართვის ზემოაღნიშნული მოდელი ეფუძნება რისკების კონცეპტუალიზაციას, რაც ნიშნავს ისეთი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეფასებას უზრუნველყოფს. კონცეპტუალიზაცია ასევე ნიშნავს ამ მაჩვენებლების „ზღვრული“ სიდიდეების დადგენის მეთოდიკის ჩამოყალიბებას, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში არსებული რისკების სტრატეგიული ანალიზის, მართვისა და საფრთხეების განეიტრალების მოდელირებას. ეკონომიკის რისკების სტრატეგიული ანალიზი, თავის მხრივ, მოიცავს არსებული ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლების, მათდამი საფრთხეების და მათი სისუსტეების გადაკვეთის სეგმენტების (რაც სწორედ რისკის წერტილებია) მოძებნას.
ეკონომიკური უსაფრთხოების ზემოაღნიშნული „ზღვრული“ მაჩვენებლების ჩამონათვალი უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ კონცეფციაში. მაგალითად, ბევრი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციებში გამოყოფილია ისეთი ზოგადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, როგორებიცაა მშპ ერთ სულზე, უმუშევრობის დონე, მოსახლეობის ქონებრივი დიფერენციაცია, ადამიანის მიერ თავისი კონსტიტუციური უფლებების დაცულობის აღქმის ინდიკატორები და ა.შ. საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, აქვე სასურველია გამოიყოს ის პოტენციურად საშიში, ნეგატიური ტენდენციები, რაც უახლოეს წლებში შეიძლება დაემუქროს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. მაგალითად, იმ პირობებში როცა საქართველოს ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 70%-75%-ია, უნდა დაისახოს ამ მაჩვენებლის „ზღვრულ მნიშვნელობამდე“, მაგალითად, ევროკავშირის საშუალო დონემდე - 54%-მდე დაყვანა; ან მაშინ, როცა ელექტროენერგიის მოხმარება ჩვენთან ერთ სულზე 1.92-2.28 მგვტ/სთ-ია, უნდა მივაღწიოთ მოხმარების „ზღვრულ მნიშვნელობამდე“, ვთქვათ, ევროკავშირის საშუალო დონემდე - 4.4 მგვტ/სთ-მდე გაზრდას და ა.შ.
მონიტორინგის საფუძვლები
მიგვაჩნია, რომ მთავრობამ მონიტორინგი უნდა დაიწყოს ახლადარჩეული პარლამენტის მიერ ეროვნული უსაფრთხოების განახლებული კონცეფციის მიღებით და დადგენილების „ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო მონიტორინგის შესახებ“ დამტკიცებით. ამ უკანასკნელში ეკონომიკური უსაფრთხოების ის მაჩვენებლები უნდა იყოს ჩამოთვლილი, რომლებზეც მთავრობა მათი „ზღვრული მნიშვნელობებისადმი“ შესაბამისობის მონიტორინგს უნდა ატარებდეს, ხოლო თვით ეს „ზღვრული მნიშვნელობები“ უნდა დაამტკიცოს მთავრობამ ცალკეული ეკონომიკური პროფილის სამინისტროების (უწყებების) წარდგინებით. ეს „მნიშვნელობები“ მოცემული დარგის ექსპერტების გამოკითხვებსა და გამოკვლევებს დაეფუძნება.
განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ მონიტორინგი ჩაუტარდება, სავარაუდოდ, ეკონომიკური უსაფრთხოების 55-60 კრიტერიუმსა და მაჩვენებელს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში. მთავრობის მონიტორინგი იმუშავებს როგორც უწყვეტი დაკვირვების სისტემა, ხოლო მისი შედეგები მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ყოველწლიურად წარედგინება პრემიერ-მინისტრს. ასეთ მაჩვენებლებს შორის უნდა იყოს სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, უმუშევრობის დონე, ოქრო-სავალუტე რეზერვების მოცულობა, სახელმწიფო ვალი, სავაჭრო ბალანსი და სხვა.
თითოეული ამ მაჩვენებლის მიმართ დადგენილებით „ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო მონიტორინგის შესახებ“ პერიოდულად (ყოველწლიურად ან საშუალოვადიანი პერიოდისთვის) განსაზღვრული იქნება „ზღვრული მნიშვნელობები“, რომელთა გადაჭარბებაც რისკია ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებისთვის. საფრთხეების ამგვარი კონცეპტუალიზაციის შემდეგ შესაძლოა გაკეთდეს კომპიუტერული პროგრამა SQL-ში ან VisualFoxPro-ში, რომლითაც ნებისმიერ მომენტში ერთმანეთს შეუდარდება „ფაქტიური“ მაჩვენებლები „ზღვრულ“ მნიშვნელობებს და გამოვლინდება მათგან გადახრები. ეს მთავრობას საშუალებას მისცემს ოპერატიულად, საპარლამენტო პოლიტიკური დებატების გარეშე, სამთავრობო თათბირების ფორმატში, აღმოფხვრას ეკონომიკური პრობლემები.
საინტერესოა, რომ ბევრმა ქვეყანამ „ზღვრული მნიშვნელობების“ ნაწილი 1992 წლის ევროკავშირის სადამფუძნებლო, მაასტრიხტის შეთამხმებიდან აიღო. მაგალითად, ამ ხელშეკრულებაში წევრი ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური ორიენტირები განსაზღვრულია შემდეგნაირად: სახელმწიფო ვალი არ უნდა იყოს მშპ-ს 60%-ზე მეტი, ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს. მაგალითად, ნატოს წესდებით განსაზღვრულია, რომ თავდაცვის ხარჯების („სამხედრო ბიუჯეტი“) „ზღვრული“ მაჩვენებელი არ უნდა იყოს მშპ-ს 2%-ზე ნაკლები და ა.შ. „ზღვრული“ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ჩამონათვალი საკმაოდ ამომწურავადაა განხილული ქართველი ეკონომისტების ნაშრომებში (იხ. როზეტა ასათიანის, თამაზ მაღლაკელიძის, იაკობ მესხიას, რამაზ ოთინაშვილის, ბესიკ ალადაშვილისდა სხვათა პუბლიკაციები), ამიტომ აქ ამ საკითხებს დაწვრილებით არ განვიხილავთ.
მიუხედავად მრავალი ქვეყნის საერთო „ზღვრული“ მაჩვენებლების არსებობისა, ეკონომიკური საფრთხეების კონცეპტუალიზაციის პროცესში მხედველობაში იქნება მისაღები საქართველოს სპეციფიკა. მაგალითად, გასათვალისწინებელი იქნება საწარმოების დაბალი კონკურენტუნარიანობა, ფინანსური სისტემის გლობალურ რყევებზე დამოკიდებულება, ეროვნული ვალუტის კურსის ვოლატილობა, ბიუჯეტის ხარჯების ყოველთვიური დისბალანსი, წმინდა ექსპორტის შემცირება (მიუხედავად ევროკავშირ-საქართველოს DCFTA შეთანხმებისა და ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისა) და ა.შ.
ამრიგად, 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყნის სტაბილური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლოა დადგეს ეკონომიკური რისკების გამანეიტრალებელი სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბების ამოცანა. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენს რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის პირობებში საქართველოს არა აქვს ეკონომიკურ რისკებზე, გამოწვევებზე, მუქარებზე საპასუხოდ სამთავრობო უწყებათაშორისო თათბირებისა და საბჭოების პერიოდული მოწვევის „ფუფუნება“. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რისკებზე დაფუძნებული მართვის გამოცდილება საქართველოს მთავრობას დღემდე არ ჰქონია.