საქართველოს ბაზარი მავნე სათამაშოებითაა გაჯერებული

საქართველოს ბაზარი მავნე სათამაშოებითაა გაჯერებული

ქართველი ბავშვები მომწამვლელი სათამაშოებით თამაშობენ. ეს სამწუხარო ფაქტი უკვე ლაბორატორიული დასკნითაც არის დადასტურებული. 10 შემოწმებული სათამაშოდან ცხრაში აღმოჩნდა დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება.

2016 წლის 31 ოქტომბერს „მომხმარებელი.გე“-მ თბილისის რამდენიმე მაღაზიაში 10 სხვადასხვა ტიპის თოჯინა შეიძინა და გერმანიაში, სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გააგზავნა, რომელსაც უსაფრთხოების რამდენიმე ქიმიური მახასიათებლის შემოწმება დაევალა. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, შემოწმებული სათამაშოებიდან ცხრაში აღმოჩნდა დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP), რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

„მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ DEPH ნივთიერება პლატსმასის დამარბილებელია. იგი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასებში, რეზინებში, საიზოლაციო მასალებში. სათამაშოებში მისი გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია (დაშვებული შემცველობაა არა უმეტეს 1 მგ/გ). საქართველოში ეს შეზღუდვა დაწესებული არ არის. მომხმარებლებს ვურჩევთ მაქსიმალურად მოარიდონ ბავშვები იმ სათამაშოებს, რომელშიც მავნე ნივთიერება აღმოჩნდა.

ინფორმაცია სათამაშოებში აღმოჩენილი მავნე ნივთიერების შესახებ მიეწოდა როგორც შესაბამის მაღაზიებს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტს. აგრეთვე მივმართეთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და სახალხო დამცველს, რათა მიიღონ ზომები მავნე ნივთიერებების შემცველი სათამაშოების საქართველოს ბაზარზე მოხვედრის აღსაკვეთად.

ქვეყანაში სათამაშოებთან დაკავშირებით არანაირი რეგულაცია არ მოქმედებს. არსებობს ზოგადად პროდუქციის კოდექსი, რომლითაც საფრთხის შემცველი პროდუქცია ბაზარზე არ უნდა განთავსდეს, მაგრამ იქვე მითითებულია, რომ მეწარმე ქვეყანაში მოქმედ ნორმებს უნდა დაემორჩილოს. შესაბამისად, თუ ქვეყანაში ნორმა დადგენილი არ არის, ეს ნივთიერება საფრთხის შემცველადაც არ ითვლება“, - ამბობს „მომხმარებელი. გე“-ს პროექტის ხელმძღვანელი ლია თოდუა.

მისივე ცნობით, შესაბამის მაღაზიებს უკვე მიმართეს, თუმცა მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გააგრძელებენ თუ არა ამ სათამაშოების გაყიდვას.

მართალია, კონკრეტული მაღაზიების გამყიდველები ირწმუნებიან, თითქოს მათი სათამაშოები თურქეთიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, კანადიდან შემოდის და ევროკავშირის უსაფრთხოების აღმნიშვნელი ხარისხის სერთიფიკატიც აქვთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მაღაზიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, გააგრძელებენ თუ არ იაფფასიანი ჩინური სათამაშოების გაყიდვას. მით უფრო, რომ თურქეთიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, კანადიდან შემოტანილი სათამაშოების მიღმა დაწუნებული ჩინური პროდუქცია იმალება, რომლებიც სწორედ ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა დაბრაკეს და არაკეთილსინდისიერმა იმპორტიორებმა საქართველოში შემოიტანეს.   

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია For.ge-სთან საუბრისას ქართველი ბავშვების დაუცველობაზე ამახვილებს ყურადღებას.  მისი თქმით, ბავშვების სათამაშოებზე არ უნდა გადადიოდეს საღებავი. თუკი ასე ხდება, ის უკვე იაფფასიანი სათამაშოა და ათასგვარ მძიმე მეტალის შემცველ კომპონენტს შეიცავს.

ამირან შენგელია აცხადებს, რომ, თუ სახლში გაქვთ ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი სათამაშო, შესაძლოა, ის შესახედავად ლამაზი არ იყოს, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთაა და ისეთ ნივთიერებას მაინც არ შეიცავს, რომელიც ბავშვისთვის მავნეა. დღევანდელი სათამაშოები კი შორიდან მტერს უბრმავებს თვალს, ახლოდან კი მავნეა. თანაც, პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ ბავშვი უთუოდ პირში ჩაიდებს და დაღეჭავს სათამაშოს.

„სათამაშოზე რა უნდა ვთქვათ, როცა მშობლები რატომღაც პლასტმასის თეფშებსა და ჭიქებს ყიდულობენ. ისინი ფიქრობენ, რომ პლასტმასი არ გატყდება. არადა, პლასტმასის ნივთებს ზოგჯერ ისეთი საღებავები აქვთ, რომლებიც ცხელთან შეხებისას გადადის. შესაძლოა, ცივ პროდუქტთან შეხებაში, წყლის დალევისას საღებავი არ გადავიდეს, მაგრამ ცხელ პროდუქტთან შეხებაში ის უკვე იშლება. სათამაშოები და პლასტმასის ჭურჭელი ზოგჯერ სხვა მავნე ნივთიერებას-მელანომას შეიცავს, რასაც ცისფერი და ლურჯი, ანუ მუქი ფერის საღებავების მისაღებად იყენებენ და ცხელ პროდუქტთან შეხებისას გადადის ეს ფერი. ერთი კონტაქტით ბავშვს შეიძლება არაფერი მოუვიდეს, მაგრამ მისი ორგანიზმი სუსტია და მომწამვლელი ნივთიერებები მის ჯანმრთელობაზე სამომავლოდ აისახება ისე, რომ ვერც გავიგებთ, რა სჭირს ჩვენს პატარას. ცხადია, თეფშს არ უნდა გასდიოდეს ფერი. სათამაშოები ფერს არ უნდა იცვლიდნენ. ჩვენთან არ არსებობს ნორმატიული დოკუმენტაცია, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი შემოტანილი პროდუქტი. გვარწმუნებენ, სათამაშო მავნე არ არისო და ჩვენც ვუჯერებთ.  ჯერ კანონი არ არის მიღებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. ვინმეს რომ ვუჩივლოთ, რა მოვითხოვოთ? საამისო ბაზა არ არსებობს. გვიჩვენებენ რაღაც სერთიფიკატს, მაგრამ რისი დამადასტურებელი სერთიფიკატია? ჩვენთან სერთიფიკატების სისტემა გააუქმეს. რუსეთში სერთიფიკატი არის და მაინც სათამაშოების ბიზნესი ჩარჩოებში მოაქციეს. ჩვენებმა კი რუსული სერთიფიკატი გადათარგმნეს და წუნდებული პროდუქცია საქართველოში შემოიტანეს“,-აცხადებს ამირან შენგელია.

მისივე თქმით, ჩინელები კარგ რეკლამას აკეთებენ, ხარისხიანი  სათამაშოების გამოფენებს აწყობენ, ამ სათამაშოების მიმსგავსებულ სათამაშოებს კი საქართველოში გზავნიან, რომელიც თუ არ მოწამლავს ბავშვს, რაღაც სიმახინჯეს უტოვებს. ექსპერტის განმარტებით, ამერიკაში, რუსეთსა და ევროპაში დაწუნებული სათამაშოები საქართველოში შემოაქვთ. თუმცა ჩვენს მთავრობას არ აქვს კანონი მიღებული სხვისი ნაგვის შემოტანაზე.

DEPH ე.წ. პლასტიფიკატორია, რომელსაც ელასტიურობისთვის იყენებენ. ის ტოქსიკურია და იწვევს ენდოკრინულ, კარდიოლოგიურ დაავადებებს, აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას, თირკმელებს, ღვიძლს. ასეთი სათამაშოები ევროპაში უკვე დიდი ხანია არ იყიდება. როგორც ტოსიკოლოგი სოსო კუტუბიძე ამბობს, ეს სათამაშოები შენელებული მოქმედების ბომბია.

„სერიოზული დაავადებების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ ასეთი სათამაშოები სავაჭრო ქსელიდან უნდა ამოიღოს. ეს ნივთიერება მომენტალურ მოქმედებას არ ახდენს. პრობლემები ათი წლის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს და ადამიანი ვერც მიხვდება, საიდან და რატომ“, - ხაზი გაუსვა კუტუბიძემ.

DEHP-ს შემცველი სათამაშოები განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის არის საშიში, რომლებიც თირკმელების ან ენდოკრინული პათოლოგიებით დაიბადნენ. ამ საკითხის შესწავლით პათოლოგიის პროფესიონალური ცენტრის ტოქსიკოლოგების ჯგუფი უნდა დაკავდეს და მთავრობასთან ერთად მიიღონ ზომები, რათა დაიცვან ბავშვები საშიში სათამაშოებისგან.

საქართველოში არ არსებობს უწყება, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს სათამაშოების კონტროლზე. არ არსებობს ასევე კანონი, რომელიც დაარეგულირებს სათამაშოების უსაფრთხოებას. საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუყვანია შესაბამისობაში კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივასთან სათამაშოების შესახებ, რომლის შესრულების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის პარალელურად უნდა განხორციელდეს.

სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის თანამშრომელი სულხან ტაბაღუა ამბობს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით შესრულების ვალდებულება აქვს 2019 წლის დასაწყისამდე, რის შემდეგაც რომელიმე მოქმედ ან ახლად შექმნილ უწყებას დაეკისრება სათამაშოების ბაზრის მონიტორინგის ფუნქცია.

„სანქცია ამ მიმართულებით არ არის. ჯარიმები არის სურსათის მიმართულებით, რაც კანონმდებლობით და მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული. თუმცა, უსაფრთხოების მოთხოვნებსა და ადამიანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ მეწარმეს, რომელიც არაუსაფრთხო პროდუქციას განათავსებს ბაზარზე. ეს შესაბამისი მუხლებით რეგულირდება, შესაძლოა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყოს, შესაძლოა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული“, - ამბობს სულხან ტაბაღუა.

მომხმარებელთა უფლების დამცველი მადონა კოიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია, რომ ყველა კანონის დაცვით განახორციელოს კვლევა. ამდენად, სათამაშოებთან მიმართებით ჩატარებული მათი კვლევა ეჭვგარეშეა.

„იმაზე კი არ უნდა ვაკეთებდეთ განცხადებას, რამდენად სახიფათოა ასეთი სათამაშოები ჩვენი ბავშვებისთვის, არამედ განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ და კონკრეტული ღონისძიებები გავატაროთ, რათა საქართველოს ბაზარო დავიცვათ უხარისხო, ფალსიფიცირებული და მავნე სათამაშოებისგან. საბჭოთა კავშირში ბევრად უფრო დაცული იყო ბავშვის ჯანმრთელობა. ძალიან ბევრი სტანდარტი არსებობდა არა მარტო სათამაშოებთან მიმართებით, არამედ მთლიანობაში მომავალ თაობაზე ზრუნავდა ქვეყანა. ასევე იქცევიან ევროკავშირის ქვეყნებიც. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში არსებობდა სტანდარტი სათამაშოებთან დაკავშირებით, თუ როგორი შემცველობის უნდა ყოფილიყო გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული სათამაშო. ამასთან ერთად, არსებობდა სპეციალური სანიტარული წესი, რომლის მიხედვითაც, განსაზღვრული იყო წიგნებში არსებული შრიფტი, რათა ბავშვისთვის მარტივად წასაკითხი ყოფილიყო და მხედველობის პრობლემები არ შექმნოდა, ასევე, სქოლიოზის ერთ-ერთი გამომწვევი არ გამხდარიყო. ასევე, განსაზღვრული იყო საღებავის შემცველობა წიგნებში, რათა მოსწავლე როცა ფურცლავდა წიგნს და ისველებდა თითს, მის ლორწოვან გარსში არ მოხვედრილიყო მძიმე მეტალები. დღესდღეობით არც ერთი ეს სტანდარტი არ მუშაობს. ყველა ეს საკითხი კონტროლისა და ზედამხედველობის გარეშეა დატოვებული“,-აცხადებს მადონა კოიძე, რომელსაც უჭირს იმის თქმა, რომელი ქვეყნიდან შემოდის მავნე სათამაშოები, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება შემოვიდეს.

საქართველოს ბაზარი ხომ უვარგისი პროდუქციის გასაღების ბაზრად გადაიქცა, სადაც ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ მეწარმეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყანაში დაწუნებული საქონელი იაფად შეიძინოს და სრულიად უკონტროლოდ მარტივად გაყიდოს. ამ პროდუქციას კი  ქართული მოსახლეობა საკუთარი შვილებისა და საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ითვისებს.