თბილისის ომის ქრონიკა

თბილისის ომის ქრონიკა

"პატივცემულო  ტელემაყურებელო! სრულიად საქართველოს ყურადღება დედაქალაქისკენ არის მიპყრობილი. უკვე მეორე დღეა, უზენაესი საბჭოს შენობასთან (პარლამენტის შენობა.) ე.წ. ოპოზიცია ცდილობს, დაიკავოს ხელსაყრელი პოზიციები კანონიერ ხელისუფლებაზე თავდასასხმელად. ეს სურვილი არავითარ ეჭვს აღარ იწვევს, ვინაიდან მათ რიგებში თანდათანობით მატულობს შეიარაღებული ადამიანების რიცხვი".

საინფორმაციო გამოშვება,

1992 წლის 21 დეკემბერი

1991 წლის 19 აგვისტოს, როდესაც რუსეთში ГКЧП (საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი) დამარცხდა,  საქართველო დენთის კასრზე აღმოჩნდა - მოსახლეობა უკმაყოფილებას ვერ მალავდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას  ГКЧП-სადმი ლოიალობის გამო. Gგვარდიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც პრეზიდენტის მორჩილებაზე უარი განაცხადა, თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, რკონში დაბანაკდა, თავად გვარდიის სარდალს კი საზოგადოება გმირადაც აღიარებდა ГКЧП-სთან დაპირისპირების გამო.

1991 წლის 2 სექტემბერს კინოს სახლთან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ტრადიციული საინფორმაციო მიტინგი იყო დანიშნული. ხალხს მოულოდნელად "ომონი" დაერია და  მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს. "ომონის" გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ  კინოს სახლთან მყოფი სამოქალაქოტანსაცმლიანი პოლიციელებიც კი დაიბნენ და შიშით ჰაერში სროლა ატეხეს. დარბევისას დაშავდა რამდენიმე კაცი.

როდესაც კინოს სახლთან სიტუაცია ჩაწყნარდა, იქ დარჩენილ ხალხს გია ჭანტურიამ და ნოდარ ნათაძემ მიმართეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.

იმავე საღამოს ცენტრალური ტელევიზიის წინ ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ მიტინგი გამართა. მიტინგს ტელევიზიის თანამშრომელთა ის ნაწილიც შეემატა, რომელსაც თვალში არ მოსდიოდა "უზურპატორი" ხელისუფლება. 

რამდენიმე დღეში კიტოვანის გვარდიამ განაცხადა, - ხელისუფლებამ ხალხი დაარბია, გვარდია გვერდზე ვერ გადგება და ამჯერად ხალხის ინტერესებს  დაიცავსო.

იმ დღეებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუას, ერთ საღამოს შინ თენგიზ კიტოვანის გვარდიელები ესტუმრნენ და ვიზიტის მიზეზიც გაუმხილეს - ზვიად გამსახურდიას შენი მოკვლა, უკეთეს შემთხვევაში, დაპატიმრება უნდა და უსაფრთხოების მიზნით შავნაბადაზე გადაგიყვანთო (მაშინ ამბოხებული გვარდია უკვე შავნაბადაზე იდგა). როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, თენგიზ სიგუას ეს გაფრთხილება სარწმუნოდ ეჩვენა, თუმცა პრეზიდენტის გარემოცვა ამტკიცებდა, რომ მსგავსი რამ გამსახურდიას აზრადაც არ მოსვლია, ყოველ შემთხვევაში, მაშინო.

მალე მიტინგებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, პირველად "ეროვნული დამოუკიდებლობის  პარტიის" ლიდერმა ირაკლი წერეთელმა შეკრიბა ხალხი "იმელის" წინ და ბარიკადებიც აღმართა. "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" შტაბის წინ ედპ მართავდა მიტინგებს, ბარიკადები მათთანაც გამოჩნდა. თავად უზენაესი საბჭოს შენობის წინ კი ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა მიტინგები იმართებოდა. მშვიდობიანი დაპირისპირება 20 სექტემბრამდე გაგრძელდა,  შემდეგ სამართAალდამცავებმა გიორგი ჭანტურია და მისი მეუღლე დააკავეს (თვითმფრინავიდან ჩამოსვეს. მოგვიანებით ირინა სარიშვილი გაათავისუფლეს), რამდენიმე დღეში მათ მიაყოლეს სხვა ოპოზიციონერებიც - გოგა ხაინდრავა, მამუკა გიორგაძე, თემურ ჟორჟოლიანი და სხვები. თბილისში უკვე  ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, რომ "ტირანმა ხელისუფლებამ" დაუფარავად აჩვენა საკუთარ ხალხს თავისი ნამდვილი სახე...

"20 სექტემბრის გვიანი საღამო იყო. რუსთაველის გამზირზე მიტინგზე წავედი. მაშინ ედპ-ის ხალხი დაჭერილი ჰყავდათ და ჩვენც ძირითადად "იმელის" წინ ვიკრიბებოდით. ბევრი ხალხი დადიოდა ირაკლი წერეთლის მოსასმენად. იმ საღამოს წერეთელმა თქვა, რომ მოსალოდნელი იყო მიტინგის დარბევა და გამოაცხადა, - ყველანი ერთად დავდგეთო.  ხალხში ვიღაც ამბობდა, - გამსახურდიას აფხაზეთიდან ათასობით კაცი ჩამოუვიდა და დღეს აქ არავის  დაგვტოვებენო. ერთხანს ვფიქრობდი, - შინ წავალ და თოფს მაინც წამოვიღებ-მეთქი, მაგრამ ვეღარ მოვასწარი: მოულოდნელად დავინახე, როგორ ეჯაჯგურებოდა ბრბო ბარიკადებს მეორე მხრიდან. იყო ერთი ლანძღვა-გინება, არც ჩვენ ვაკლებდით, მაგრამ ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ. ბარიკადებზე  გადმოვიდნენ და ღრიალით დაგვერივნენ. მეც ბევრი მომხვდა. ირგვლივ დასისხლიანებულ და ნაცემ ბიჭებს ვხედავდი. ვიღაცა ყვიროდა, - ირაკლი წერეთელს ფეხი მოსტეხესო...

მეორე დღეს გავიგე, რომ ის "ზვიადისტები" სოხუმელები ყოფილან, თუმცა როდესაც აფხაზეთში ვომობდი, მათგან ასეთი შემართება აღარ მინახავს".”

ზვიად ჯაჭვაძე, თბილისი

21 სექტემბერს ოპოზიცია შეიკრიბა ტელევიზიის წინ, სადაც უკვე რამდენიმე დღე ტელევიზიის თაAნამშრომელთა მიტინგები მიმდინარეობდა. მათ შავნაბადიდან ჩამოსული გვარდიაც შეუერთდა.

ქალაქში მცირე შეტაკებები დაიწყო, ძირითადად დაპირისპირება გამსახურდიას გვარდიასა და კიტოვანის გვარდიის ჯარისკაცებს შორის ხდებოდა. ქალაქის პოლიცია ამ  კონფლიქტში ჩარევას არც აპირებდა, მეტიც, პოლიციის ერთ-ერთმა განყოფილებამ, რომელსაც დავით ზეიკიძე ხელმძღვანელობდა, ნეიტრალიტეტი გამოაცხადა(?!). მალე უნივერსიტეტთან გაჩნდა მიტინგების ახალი კერა.

სიტუაცია დედაქალაქში ნელ-ნელა მძიმდებოდა. საპატრიარქომ მოლაპარაკებები დაიწყო ორივე მხარესთან. შეთაAნხმებასაც თითქოს მიაღწიეს - თენგიზ კიტოვანის გვარდიას და ვაჟა ადამიას შეიარაღებულ ჯგუფებს თბილისი უნდა დაეტოვებინათ. გარდა ამისა, მიტინგებზე უკვე გაისმოდა საყვედური, - კიტოვანი ამ ძალებით ვერაფერს გახდებაო.   ამბოხებულმა სარდალმა დედაქალაქის დატოვება გადაწყვიტა და თბილისის ზღვაზე ავიდა.

კიტოვანის გვარდიის ახალი დისლოკაციის ადგილზე მოვლენები ერთობ უცნაურად განვითარდა. გვარდიას, თბილისის ზღვაზე დაბანაკებისთანავე ალყა შემოარტყა გამსახურდიას გვარდიამ. ლოთი ქობალიას  გვარდიელებს მეტად მოხერხებული პოზიციები ეკავათ და  იერიშის შემთხვევაში კიტოვანის გვარდია პარალიზებული იქნებოდა. ზვიად გამსახურდია გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. ამასობაში კი ოპოზიცია მიხვდა, რომ ამბოხებული გვარდიის განადგურება მათი დაპატიმრების და პოლიტიკური სიკვდილის მაუწყებელი იქნებოდა, ამიტომ რუსთაველის გამზირზე მძლავრი საპროტესტო აქციები გაიმართა. პრეზიდენტმა თავისი სამხედრო ფორმირება უკან გაიხმო.

გამსახურდიას გარემოცვამ განაცხადა, რომ სისხლის ღვრას მოერიდა (თუმცა, მეორე ვერსიით, მას შეეშინდა კონფლიქტში მესამე ძალა - რუსის ჯარი არ ჩარეულიყო).

1991 წლის სექტემბრის მოვლენების შეფასებისას ექსპერტები ფიქრობენ, რომ 2 სექტემბრის დარბევა, ოპოზიციონერების დაპატიმრებები, მიტინგის დარბევა რუსთაველის გამზირზე იყო პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ კარგად ჩაფიქრებული და ასევე კარგად განხორციელებული პროვოკაცია, რომ სწორედ 2 სექტემბრით დაიწყო საქართველოში რევოლუციური პროცესი, თავად რევოლუცია კი მხოლოდ დროის საკითხი იყო.

ოქტომბრის მიწურულს დედაქალაქში მდგომარეობა თითქოს მიწყნარდა, მაგრამ ამ დროს გახშირდა რუს ჯარისკაცებზე შეიარაღებული თავდასხმები, მკვლელობები. სიტუაცია იმდენად არასახარბიელო იყო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დილარ ხაბულიანი იძულებული გახდა, ტელევიზიით გამოსულიყო და ხალხისთვის მიემართა.

"მე ვთხოვ ყველა მოქალაქეს, კანონიერ თუ უკანონო გვარდიელებს, თავი დაანებონ ოფიცრებსა თუ რუს ჯარისკაცებზე თავდასხმებს, გრეკოვმა ცენტრალური ტელევიზიით გააკეთა განცხადება, რომ თუ მსგავსი ინციდენტები განმეორდება, რადიკალურ ზომებს მიიღებს. გრეკოვს თავად შევხვდი და ვუთხარი, რომ ეს ექსცესები  შეიძლება იყოს პროვოკაცია და ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მაგრამ როდესაც უკვე რუს ჯარისკაცებს კლავენ, ეს რეაგირებას მოითხოვს, მით უფრო მას შემდეგ, რაც მე გრეკოვს აღვუთქვი, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდებოდა. თუმცა შემთხვევები მაინც არის. გუშინ გორში მიმავალ ავტომობილს თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. მოკლეს რუსი ოფიცერი. სამმა ჯარისკაცმა გაქცევა მოახერხა და ამიტომ გადარჩნენ.

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ისნის რაიონის ტერიტორიაზე. მე გაფრთხილებთ ყველას - ნუ დაღუპავთ ქართველ ხალხს და საქართველოს, ჩვენ გვაქვს ოპერატიული ინფორმაციები, რომ მოსალოდნელია მესამე ძალის ჩართვა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ნუ მივცემთ საბაბს რუსულ ჯარებს, ჩაერთონ შიდა კონფლიქტში. ეს კატასტროფის დასაწყისი იქნება."

დილარ ხაბულიანი,

1991 წლის 18 დეკემბერი

1991 წლის შუა დეკემბერში რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან სტუდენტების მშვიდობიანი  საპროტესტო აქციები დაიწყო, უზენაესი საბჭოს შენობის წინ კი კვლავ გამსახურდიას მხარდამჭერთა მიტინგები გრძელდებოდა.

"21 დეკემბერს, საღამოს, თენგიზ სიგუამ პირველ საშუალო სკოლასთან მორიგი მიტინგი გამართა. მიტინგების გაერთიანება და ზვიადისტებთან ერთობლივი მიტინგის გამართვა, რა თქმა უნდა, საბაბი და ერთგვარი პოლიტიკური ტექნოლოგია იყო, რათა გაემართლებინათ ოპოზიციური მიტინგის მოწყობა მაინცდამაინც იქ, სადაც ხელისუფლების მომხრეები მართავდნენ მიტინგს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეტაკება ადვილი ყოფილიყო. ორივე მხარის სიძულვილმა და ფანატიზმმა მწვერვალს მიაღწია, რუსლან მიქაბერიძე  მეორე მიტინგზე გამოსულ გურამ პეტრიაშვილს ამასხარავებდა, - "ამოისუნთქე, ბიჭო, ამოისუნთქე!.."

მიტინგიდან მიტინგზე გადაძახილი საღამომდე გაგრძელდა. ოპოზიციამ სატვირთო მანქანების გადათრევა დაიწყო, რომლებითაც ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგი იყო შემოსაზღვრული.

დილარ ხაბულიანი ვითომ მოსალაპარაკებლად გაიტყუეს და თვალებში მჟავა შეასხეს. ამით ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი სერიოზული მოკავშირე ჩამოაშორეს.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების ძალით დამხობის გადაწყვეტილება იმ დროისთვის უკვე მიღებული იყო, ხოლო ხაბულიანის განეიტრალება - შემუშავებული გეგმის ნაწილი. ამდენად, შემდგომი განცხადებები - ხელისუფლების დამხობა აზრადაც არ მოგვსვლია, მას პირველს რომ არ ესროლაო, - მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეა.

21 დეკემბერს, საღამოს, კიტოვანის გვარდიის ნაწილმა უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქაშვეთის ეზოსთან, სასტუმრო "თბილისთან",”კავშირგაბმულობის სამინისტროსთან, აგრეთვე, ამ შენობების სახურავებზე პოზიციების დაკავება დაიწყო. იმ გვარდიელებს შემდგომში სიგუას დაცვად ასაღებდნენ. ერთობ შთამბეჭდავი დაცვა”იყო ტყვიამფრქვევებით და ნაღმმტყორცნებით შეიარაღებული 30-40-კაციანი რაზმი. თავად თენგიზ სიგუა მეგაფონებიან "ფურგონში" იჯდა და საშინელი ხმით ხაოდა, - მოვიდა თქვენი აღსასრულის ჟამი!.. მოვიდა თქვენი აღსასრულის ჟამი!!!" პასუხად ზვიადისტები რაღაც სისულელეებს როშავდნენ  თავიანთ მიტინგზე.

პოზიციამ შეძლო”გადამწყვეტ მიტინგზე ზვიად გამსახურდია გამოეყვანა, ეს კი შემდეგნაირად მოახერხეს - სიგუას "ფურგონიდან" დაიწყეს ყვირილი, - თქვენი პრეზიდენტი  გაქცევას აპირებს, ამიტომ აეროპორტისკენ გზას ათავისუფლებენო.

უზენაესი საბჭოს შენობაში ყოფნა რომ დაედასტურებინა, ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა, მიტინგზე გამოსულიყო.

მოულოდნელად ორივე მიტინგზე სიჩუმე ჩამოწვა. ზვიად გამსახურდია უჩვეულოდ მშვიდად ლაპარაკობდა:

- მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც სისხლის ღვრას გამოიწვევს...”

თენგიზ სიგუა გვიან მოეგო გონს და იმავე ჩახლეჩილი ხმით დაიწყო ლაპარაკი:

- პრეზიდენტო გამსახურდიავ, რა პასუხს გასცემთ ქართველ ხალხს სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართვასთან დაკავშირებით, რომელშიც დაგმობილი იყო თქვენი ხელისუფლება!

პასუხად გაისმა:

- ეს კითხვა თქვენს არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, სახელმწიფო დეპარტამენტი არასდროს მიმართავს იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომელთა დამოუკიდებლობაც  ჯერ ოფიციალურად არ უცნია... აი, ასეთი უმეცარი რომ ხარ, სწორედ ამიტომ გაგათავისუფლე თანამდებობიდან!

- შენი გასათავისუფლებელი არავინ იყო!.. შენი გასათავისუფლებელი არავინ იყო!.. გამსახურდია ცრუპენტელაა, გამსახურდია ცრუპენტელაა, - ისმოდა სიგუას "ფურგონიდან".

ზვიად გამსახურდია შენობაში შებრუნდა, დაპირისპირება მიტინგებზე გრძელდებოდა. ბოლოს მხარეები დაიქანცნენ და სულ ცოტა ხანში მიტინგზე მხოლოდ სუსტი შეძახილები ისმოდა..."

გიორგი წიქარიშვილი,

"დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა"

22 დეკემბერს, დილით, დაახლოებით რვის ნახევარზე, უზენაესი საბჭოს შენობის წინ ტყვია გავარდა...

მაშინ მძინარე დედაქალაქში არავინ იცოდა, რომ თბილისში ომის დღე   გათენდა.