თბილისში ტურიზმის გადასახადის დაწესებას გეგმავენ. აღნიშნული ინიციატივა მეცხრე მოწვევის პარლამენტარს ბექა ოდიშარიას ეკუთვნის. ის აცხადებს, რომ თბილისის ტურისტულ ნაწილში დაწესებული ე.წ. საკურორტო ტურისტული გადასახადი სერიოზულ ფისკალურ ეფექტს მოგვცემს, ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯის გარეშე. ბექა ოდიშარიას აზრით, ასეთი გადასახადები არ აწვება ვიზიტორებს და არ იწვევს ტურისტების ასხლეტას. ამდენად, შესაძლებლობა გაგვიჩნდება, ბუნებრივად განვავითაროთ ტურისტული ზონები ჩვენს დედაქალაქში.
ბექა ოდიშარია მსოფლიოს მრავალი ქალაქის გამოცდილებაზეც მიუთითებს. მისი თქმით, ტურიზმის გადასახადის დაწესება აპრობირებულია ბევრ ისტორიულ ქალაქში, ჩვენს მეზობელ ბაქოში კი ეს წარმატებული პროექტია.
ტურიზმის სფეროს ექსპერტები აღნიშნული გადასახადის დაწესებას გაუგებარ ფაქტად აღიქვამენ. ისინი აცხადებენ, რომ ცალკეული ევროპული ქალაქები დაბეგვრის ასეთ ფორმას მხოლოდ იმიტომ მიმართავენ, რომ მათ ტურისტებისთვის საუცხოო შეთავაზებები აქვთ. ამას ემატება ფასდაკლებები გარკვეულ სერვისებზე. თუმცა ტურიზმის სექტორის მხრივ ახლად ფეხადგმული საქართველოსთვის შესაძლოა, ეს ინიციატივა წამგებიანი აღმოჩნდეს. ტურისტებს არ უყვართ ზედმეტი გადასახადის გადახდა, მით უმეტეს, საუბარია ე.წ. ეკონომ ტურისტებზე.
გარდა ამისა, დაბეგვრის ასეთი ფორმა გაუგებარია იმითაც, რომ შეუძლებელია საკურორტო მოსაკრებელი დაწესდეს თბილისში, რომელიც კურორტი არაა. ასე რომ, ტუროპერატორები ამ გადასახადის დაწესების რეალურ მიზეზად კორუფციულ ზრახვებს მიიჩნევენ.
„საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ია თაბაგარისთვის გაუგებარია, რისთვის უნდა გადაიხადოს ვიზიტორმა ამ ტიპის გადასახადი? For.ge-სთან საუბარში ია თაბაგარი აცხადებს, რომ, პირველ რიგში, თანხა უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რათა მაქსიმალურად კომფორტული გახდეს ჩვენი დედაქალაქი ვიზიტორებისთვის. უნდა გამოსწორდეს ბევრი პრობლემა და სამომავლოდ შეიძლება ტურიზმის გადასახადის დაწესებაზეც ვიფიქროთ.
„ამ ეტაპზე ამ გადასახადის დაწესება ნაადრევია. რატომ უნდა გადაიხადონ ვიზიტორებმა თანხა, იმისთვის, რომ ქალაქის ბიუჯეტი შეივსოს, თუ იმიტომ, რომ ეკოლოგიური ფონი გამოსწორდეს ქალაქში?! ევროპულ ქვეყნებს მოწესრიგებული აქვთ ყველაფერი და, ცხადია, თავს უფლებას აძლევენ, გადასახადიც მოითხოვონ კომფორტში, გზები იქნება ეს, სადგომები, გამწვანების არეალები თუ სხვა სერვისები. ჩვენთან არაფერი არ არის მოწესრიგებული და რისთვის ითხოვენ ფულს? რა დგას ამის უკან? თუკი შეიქმნება ფონდი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის, შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას მოემსახურება, კიდევ შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი. თუმცა ამის უკან არაფერი დგას. ის, რაც თბილისს რეალურად აწუხებს და, რასაც ქვეყნის სტუმრები და ვიზიტორები ხედავენ დიდ ნაკლად, არსად ჩანს, მტკივნეული საკითხები არ არის წამოწეული წინა პლანზე. აქ იმდენად ინფრასტრუქტურაზე არ არის საუბარი, რამდენადაც იმაზე, რომ თბილისში ვიზიტორები ჩამოდიან სხვადასხვა მიზნით და ერთ-ერთი ასეთი მიზანია, რომ ვიზიტორებს სურთ თბილისის, როგორც უძველესი ქალაქის, დათვალიერება“, - აცხადებს ია თაბაგარი.
მისივე თქმით, ვიზიტორების ამ სურვილის მიუხედავად, ეს უძველესი ქალაქი ჩვენს თვალწინ ქრება. ძველ თბილისში რომ გაივლით, ისეთ სავალალო მდგომარეობაშია მე-18-19-20 საუკუნეების სახლები, რომ ამაზე არავინ ფიქრობს. არადა, ყველა ეს სახლი უკლებლივ ძეგლს წარმოადგენს. ისინი ქრებიან და ამ დროს ძალზე დაბალი ბიჯეტი აქვს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.
ამდენად, ია თაბაგარს აინტერესებს, რისთვის ჩამოვლენ ტურისტები მომავალში - კორპუსების სანახავად? თუ ეს ყველაფერი გაქრება, დასათვალიერებელი რამე დარჩება? ისე სწრაფად მიმდინარეობს ნგრევის პროცესი, რომ აღარაფერი დარჩება, ისტორიული სახლების საძირკვლებია დაზიანებული. ამ დროს კი შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ეს ძეგლები, როგორც ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათები.
რაც შეეხება ბაქოს მაგალითის მოშველიებას, ია თაბაგარი არც ამ მოდელს იზიარებს. მისი თქმით, ბაქო და, მთლიანად, აზერბაიჯანი მსოფლიოს ათეულში შედის, როგორც კორუმპირებული ქვეყანა.
„ბაქოს წარმატებულ მაგალითად ვერ მივიჩნევ. ცოტა კატეგორიულად გამომდის, მაგრამ მაგალითად აიღონ ევროპის უძველესი ქალაქები, თუნდაც იტალია. ბაქო რა შუაშია? წარმოადგინონ პროგრამა, რისთვის სურთ მოსაკრებლის დაწესება, როგორი ტიპის ფონდი შეიქმნება, ვინ გააკონტროლებს ფინანსებსა და ბიუჯეტს. რა მეთოდოლოგიით აპირებენ ძველი შენობების აღდგენას, თორემ უცებ ჰაერზე, მოდით, ტურიზმის გადასახადი დავაწესოთო, არ მიმაჩნია გამართლებულად“.
საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე არ იზიარებს აზრს, რომ ტურიზმის გადასახადის დაწესება შესაძლოა, ტურისტების რაოდენობაზე უარყოფითად აისახოს. მისი თქმით, ვისაც ძალიან სურს ჩამოსვლა საქართველოში, ის მაინც ჩამოვა. ადამიანს პარიზში წასვლა რომ ჰქონდეს განზრახული, ის ზედმეტად დაწესებული ხუთევროიანი გადასახადის გამო თავს არ შეიკავებს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ, თუ ეს ხუთი ევრო მილიონ ვიზიტორზე გადამრავლდება, საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს.
ია თაბაგარის თქმით, აქ თანხის ოდენობა არ არის მთავარი, არამედ ამაში გამოსჭვივის კორუფციის ელემენტები.
„მეორეხარისხოვანია ის ფაქტი, ტურისტებს გადასახადის დაწესება შეაფერხებთ თუ არა. ტურისტი, რომელიც თუნდაც ხუთ ლარს ვერ გადაიხდის რაღაცაში, ქვეყანას დიდად არ სჭირდება. ცხადია, საქართველოში შემოსულმა ტურისტმა უნდა დახარჯოს ფული. ამის მიუხედავად, ტურიზმის გადასახადის დაწესებაში ვხედავ კორუფციის წყაროს და არასერიოზულ ნაბიჯს, რადგან არ ჩანს, რას მოხმარდება ეს თანხა“.