საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს. სულ ცოტა ხნის წინ ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მოულოდნელად გააუმჯობესა და ახლა კი ისევ დასწია. სპეციალისტები მაშინვე მიუთითებდნენ, რომ სსფ-ს გადაჭარბებულ ოპტიმიზმს საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ ფონდმა ყური არავის უგდო. გამოდის, რომ სსფ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
სავალუტო ფონდმა ახალი პროგნოზი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 22 ნოემბერს საქართველოში ფონდის წარმომადგენლების ერთკვირიანი ვიზიტი დასრულდა. სსფ-ს ახალი პროგნოზის თანახმად, 2016 წელს მშპ-ს რეალური ზრდა 2,7% იქნება, ნაცვლად ოქტომბერში ნავარაუდევი 3,4%-ის; 2017 წელს კი მშპ-ის რეალური ზრდა 4%-მდე გაიზრდება, ნაცვლად მანამდე ნავარაუდევი 5,2%-ის.
„საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა სიმტკიცე და მართალია, ნელი ტემპებით, თუმცა მაინც განაგრძობს აღდგენას გარე შოკისგან“, - ნათქვამია სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფონდის განცხადებით, ქვეყნის ხელისულება გეგმავს კომპლექსურ სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის შიდა დანაზოგების მობილიზაციას, ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და ქვეყნის ეკონომიკაში ლარის მოხმარების გაზრდას.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა საშუალოვადიანი გეგმები, მათ შორის მომავალი საბიუჯეტო გეგმა და სტრუქტურული ცვლილებები. ხელისუფლება მიზნად ისახავს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროგრამის გატარებას ვაჭრობისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ამევე დროს საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას“, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.
ჯერჯერობით კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი მსოფლიო ბანკი, რომელსაც 2016 წლის დასრულებამდე 1 თვით ადრე ჯერ კიდევ სჯერა, რომ საქართველოში მშპ 3,4%-ით გაიზრდება, გაისად კი ეს ციფრი 5%-ის ფარგლებში იქნება. მსოფლი ბანკი მთავარ გამოწვევებად ასახელებს მიმდინარე ანგარიშის მაღალ დეფიციტს, სიღარიბის მაჩვენებელს და უმუშევრობას.
ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაცია, დაგეგმილი საგადასახადო რეფორმის ფონზე, მთავრობას ხარჯებისა და შემოსავლების დაბალანსებას ურჩევს.
„საქართველოში ცოტა ხნის წინ დასრულდა არჩევნები. ახლა კი დროა საქმეს დავუბრუნდეთ - პირველ რიგში საჭიროა მომავალი წლის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა, ფისკალური პოლიტიკა მდგრადი უნდა იყოს. საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს სტრუქტურულ პოლიტიკას და იმ რეფორმებს, რომელიც მის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
ველით ეკონომიკურ ზრდის გაუმჯობესებას, რისი მიზეზიც არის გაუმჯობესებული საგარეო მდგომარეობა და ასევე რეფორმები, რომელსაც მთავრობა ატარებს. Doing Business-ის რეიტინგში საქართველომ საკმაოდ კარგი პოზიცია დაიკავა, ის გერმანიის გვერდით დგას. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო რეფორმა გაატაროს. ვნახოთ, როგორ შედეგებს აჩვენებს ეს, მნიშვნეოვანია ხარჯებისა და შემოსავლების დაბალანსება. ყველასთვის თანაბარი პირობები იყოს შექმნილი და ამას მოსახლეობას გრძნობდეს.
სტაბილური გაცვლითი კურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანა საგარეო ურთიერთობებზე დიდად არის დამოკიდებული და საგარეო მდგომარეობა არის სუსტი და არაპრობგონზირებადი. ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს კი ნიშნავს, რომ წინ იდგმება კარგი ნაბიჯები კურსის გაუფასურების შეჩერების მიმართულებით“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ჟენევიევ ბუარომ.