არის! ასრულდა ოცნება! არის! ასრულდა მიზანი კოკო გამსახურდიასი – მან სააკაშვილის ხელისუფლებისაგან როგორც იქნა, მიიღო უშრომელი და მაღალანაზღაურებადი სამსახური!!!
დიახ, ზვიად გამსახურდიას უფროს ძეს მამის იდეალების ფეხქვეშ გათელვა და საქართველოს დამაქცევარ ხელისუფლებასთან კურკური სათანადოდ დაუფასდა – სააკაშვილმა კოკო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა!
ასე რომ, კოკო ძალიან მალე დატოვებს მისთვის ეგზომ უცხო და სულიერად შორეულ საქართველოს და მშობლიურ შვეიცარიაში გადაბარგდება, ანუ იქ, სადაც თხილამურებით სრიალით ირთობდა თავს მაშინ, როცა მის მამას – საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დასამხობად და მოსაკლავად დასდევდნენ თოფ-იარაღიანი ქვაბავაზაკები! მოკლედ, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის ვლადიმერ სანაკოევის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული შეძახილი – “კოკოითი ფანდარასტ!” – ახლა ასე ჟღერს – “კოკო ფანდარასტ!“
რაოდენ სამწუხარო და დასანანია, რომ კოკო გამსახურდია, რომლის საქართველოში დაბრუნებასაც ასიათასობით ქართველი პატრიოტი იმედით შეხვდა, ასე უცებ, თვალსა და ხელს შუა გაფანდარასტდა!
დიახ, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟის საქართველოში ჩამოსვლისთანავე ძალიან ბევრ ქართველს გაუჩნდა იმის რწმენა, რომ კოკო გამსახურდია მამის თანამებრძოლი პატრიოტების კონსოლიდაციას მოახდენდა, ახალ ეროვნულ მოყრაობას ჩაუდგებოდა სათავეში და იმ იდეების სისრულეში მოსაყვანად იბრძოლებდა, რომელთა განხორციელებაც საქართველოს შინაურმა და გარეულმა მტრებმა პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას არ დააცალეს!
სამწუხაროდ კოკო გამსახურდია უამრავი ქართველი პატრიოტის ამ იმედსა და სულისკვეთებას დღითიდღე ასობდა ლახვარს და საბოლოოდ ზვიად გამსახურდიას უფროსმა ძემ, რომელსაც დიდი შანსი ჰქონდა, საქართველოს პრეზიდენტიც კი გამხდარიყო, იმით დაამთავრა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დაბალი რანგის ჩინოვნიკად გამწესდა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში!
კოკო გამსახურდიას, საოცარი გარეგნული მსგავსების გარდა, თავის დიდ მამასთან – ზვიად გამსახურდიასთან სხვა რომ არაფერი ჰქონდა საერთო, ამას ბევრი ძალიან მალე მიხვდა, მაგრამ, ალბათ, უკანასკნელი სკეპტიკოსიც კი ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ კოკო გამსახურდიას სხეულში, რომელიც ასე წააგავდა ზვიად გამსახურდიას, ჩაბუდებული იქნებოდა ედუარდ შევარდნაძის, თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის, გელა ლანჩავასა თუ სხვა პირსისხლიანი პუტჩისტების სული, რომელმაც ჩანასახშივე ჩაკლა და დაასამარა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, სამეგრელოს ტყეში მოუსწრაფა სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობის შემოქმედს ზვიად გამსახურდიას.
უფრო მეტიც, შესაძლოა, ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს იმდენი არ დაუშავებიათ ზვიად გამსახურდიასთვის,რამდენიც მას საკუთარმა შვილმა კოკო გამსახურდიამ დაუშავა.
დიახ, ერთია, როცა აშკარად გამოცხადებელი, შეუნიღბავი მტერი გდევნის, ეროვნული იდეის განხორციელების საშუალებას არ გაძლევს, შენს მიერ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების რელსებზე შეყენებულ ქვეყანას ისევ უფსკრულისაკენ მიათრევს, შენ კი სადღაც ტყეში ავაზაკივით გკლავს და მეორეა,როცა უკვე მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ იმავეს საკუთარი ღვიძლი შვილი გიკეთებს!
დიახ, კოკო გამსახურდიამ მეორედ მოკლა საკუთარი მამა მაშინ, როცა იგი საქართველოს ამომგდებ სააკაშვილს,ფაქტობრივად, კალთაში ჩაუგორდა და მისი ჯიბის პარლამენტში რიგით „პადოშად“ შევიდა!
კოკო გამსახურდიამ მეორედ მოკლა საკუთარი მამა, როცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ უკანონოდ გასამართლებული ღვიძლი ძმის ცოტნე გამსახურდიას დასახმარებლად არათუ ხელი არ გაანყრია, ხმაც კი არ ამოიღო!
კოკო გამსახურდიამ მეორედ მოკლა საკუთარი მამა, როცა ისე დაიმდაბლა და დაიმცირა თავი, რომ მაღალი ხელფასის ხათრით სააკაშვილს უსახურ ორგანიზაციაში წარმომადგენლად გაეგზავნა!
ყოველთვის მინდოდა ამის თქმა და თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა რომ არ ვთქვა, არ შემიძლია: ამ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად გავიცანი კოკო გამსახურდია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის უზომოდ ვერცხლისმოყვარე ადამიანი, ფუფუნებასა და გართობას დახარბებული კაცი,რომელსაც ქართველობის, მითუმეტეს, ზვიად გამსახურდიას სულიერი და იდეოლოგიური მემკვიდრეობის არაფერი სცხია და რომელსაც პირადი სიამოვნებისა და კეთილდღეობის გამო შეუძლია, ფეხებზე დაიკიდოს სამშობლოც და ის საქმეც, რასაც მისმა მამამ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე შესწირა.
სწორედ ამიტომ შეძლო სააკაშვილის რეჟიმმა კოკო გამსახურდიას ასე ადვილად გაფანდარასტება!
სამწუხაროდ, მართალი ყოფილა პოეტი ემზარ კვიტაიშვილი, რომელმაც ამ ოთხიოდე წლის წინათ კოკო და კოკოითი საქართველოსთვის თანაბარ უბედურებად თუ სირცხვილად მოიხსენია და რომელსაც მე ამის გამო “ასავალ დასავალის” ფურცლებიდან დავუპირისპირდი.
დიახ, კოკოდან კოკოითობამდე, კოკოითის გაფანდარასტებიდან კოკოს გაფანდარასტებამდე, თურმე, ერთი ნაბიჯი ყოფილა და ეს ნაბიჯი კოკო გამსახურდიამ თვალის დაუხამხამებლად გადადგა!