დედაქალაქში უამრავი მიტოვებული მშენებლობაა, რომლის განახლებაც ვერაფრით ხერხდება. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინფორაციით, ამჟამად დედაქალაქში 114-მდე შეჩერებული მშენებლობაა. როგორც მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, 2008 წლის შემდეგ რამდენიმე მშენებლობა განახლდა და დასრულდა, ამ ეტაპზე კი ქალაქში 100-ზე მეტი ობიექტია მიტოვებული, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.
„მიტოვებული მშენებლობის უკან, როგორც წესი, რამდენიმე დაპირისპირებული მხარე იკვეთება. ხშირ შემთხვევაში ამ პროცესის მიღმა დგას მოსახლეობა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მენაშენემ გაიყვანა დროებით ქირით, სახლის აშენებას დაპირდა, მაგრამ პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა. არის შემთხვევები, როცა მოსახლეობა ფული აქვს შეტანილი მიმდინარე მშენებლობაში და წლებია მის დასრულებას ელოდება. ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, როცა სამშენებლო კომპანიას სამუშაოების ნაწილი შესრულებული აქვს, მაგრამ დამკვეთს თანხა არ აქვს გადახდილი და არიან კიდევ მოდავე მხარეები, რომლებსაც სასამართლოში აქვთ შეტანილი სარჩელი, რის გამოც მშენებლობას ყადაღა ადევს.
ინვესტორები არიან, მაგრამ შეჩერებული მშენებლობები მათთვის შემაფერხებელი ფაქტორია. ინვესტორი ფულს დებს კონკრეტულ პროექტში იმ მიზნით, რომ მეტი ფული მიიღოს. თუ ის ხედავს, რომ პროექტში ფულის ჩადება არ შეიძლება, რადგან ყადაღა ადევს ან სასამართლო 3 წელი გრძელდება, ან მოსახლეობა ვერ რიგდება, ასეთ ვითარებაში ერთ თეთრსაც არ გადაიხდის“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
ორგანიზაცია „მშენებლობა ახალი ტექნოლოგიებით“ დირექტორმა ანზორ საკანდელიძემ სააგენტო „ბიპიენთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ შეჩერებული მშენებლობების თვალსაზრისით თბილისში კატასტროფიული მდგომარეობაა.
„ყველა ეს მშენებლობა წინასწარი საკონსერვაციო სამუშაოების გარეშეა შეჩერებული. ისინი ამ წლების მანძილზე ატმოსფერული ნალექების გავლენით დაზიანებას განიცდიან. გაყინვა-გალღობის შედეგად ჩნდება ბზარები, ბზარებში დგება წყალი, გაყინვის დროს წყალი ფართოვდება და ეს ბზარებიც ნელ-ნელა ფართოვდება. არმატურის გამოჩენის შემდეგ წყალი აქაც შეაღწევს, გაიხსნება რკინა-ბეტონის დამცველი შრე, შემდეგ იწყება არმატურის კოროზია, ამის შეჩერება კი ძალიან რთულია.
ამიტომ ყველა ეს შეჩერებული ობიექტი აუცილებლად უნდა შემოწმდეს. უნდა გაირკვეს ეს შენობები უძლებს თუ არა იმ დატვირთვას რაზეც გაანგარიშებულია, განსაკუთრებით კი იმ საპროექტო სეისმომდგრადობას, რომელიც თბილისის შემთხვევაში 8 ბალზე უნდა იყოს გათვლილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეჩერებული მშენებლობები 8-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს“, - განაცხადა ანზორ საკანდელიძემ.
არქიტექტორ ნიკოლოზ აბაშიძის თქმით, წლების წინ მშენებლობის დასაწყებად სამშენებლო მასალებზე ორმხრივი კონტროლი იყო, რაც უზუსტობას და საფრთხეს გამორიცხავდა, დღეს კი სამშენებლო მასალები არ კონტროლდება, შესაბამისად, უხარისხო მასალებით აშენებული შენობების დანგრევის საფრთხეც გამორიცხული არ არის.
„რეგლამენტით ადრე იყო ასე, რომ როდესაც ბეტონი მოდიოდა ბეტონის გადამზიდი მანქანით სამშენებლო ობიექტზე, მშენებელი ვალდებული იყო ბეტონი მიეტანა ლაბორატორიაში და გამოეცადა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუ როგორ მიდიოდა მარკირების პროცესი, ანუ იყო თუ არა ის მარკა, რაც დაუკვეთა. დღეს სამშენებლო მოედანზე ასეთი მოთხოვნა აღარ არის, კონტროლის მექანიზმი ორმხრივი არაა“, - ამბობს ნიკოლოზ აბაშიძე.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ახორციელებს მშენებლობის პროცესის უსაფრთხოების კონტროლს. პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს განსაზღვრავს „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, ხოლო საჯარიმო სანქცია დადგენილია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 49-ე მუხლით. რაც შეეხება მასალების ხარისხის კონტროლს, ეს მერიას არ ევალება.