„გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად“

„გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად“

„გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად“- ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) ერთ-ერთი სლოგანია. ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს საქართველოც უერთდება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ანტიბიოტიკების არასწორ გამოყენებას გლობალური ჯანმრთელობისთვის უზარმაზარ გამოწვევად მიიჩნევს. 

მისი თქმით, ანტიბიოტიკების აღმოჩენამ მედიცინაში უზარმაზარი გადატრიალება მოახდინა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ არასწორმა და ზედმეტმა გამოყენებამ კაცობრიობა მეორე უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. საუბარია იმაზე, რომ მთელ რიგ ანტიბიოტიკთა მიმართ რეზისტენტულობა განვითარდა. ეს კი ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი ვეღარ მოქმედებს მიკრობზე და ხშირად დაავადების გართულებისა თუ ავადმყოფის დაღუპვის მიზეზი ხდება. ამიტომ ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, ანტიბიოტიკები ძალიან ფრთხილად დაინიშნოს და არ გამოიყენონ ყველანაირი ინფექციისა თუ ვირუსული გრიპის დროს, ვინაიდან ისინი ვირუსებზე არ მოქმედებენ. 

საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელი მარიან ივანუშა აცხადებს, რომ, თუკი ანტიბიოტიკები ძალას დაკარგავენ, მაშინ შეუძლებელი იქნება საბაზისო ინფექციებისგან განკურნება და ბევრი ადამიანი დაიღუპება. 

ჯერ კიდევ 2013 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღიარებდნენ, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში ანტიბიოტიკები არასწორად ინიშნებოდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე მარიამ ჯაში ამბობდა, რომ იმერეთში ჩატარებული პილოტური კვლევის თანახმად, დანიშნული 10 წამლიდან 9 საერთოდ არ იყო საჭირო პაციენტისთვის. ანტიბიოტიკების ზედმეტად გამოყენების ერთ-ერთ მიზეზად მარიამ ჯაში ექიმების დაბალ კვალიფიკაციას ასახელებდა. ექიმების გარდა, სცოდავდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც თვითმკურნალობას მიმართავდნენ. ასეთების რიცხვი საქართველოში ბევრი იყო. სწორედ ამ თვითნებობის აღსაკვეთად გადაწყდა, რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ რეცეპტით უნდა გაყიდულიყო. 

ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მათი მოხმარება ბევრ ქვეყანაშია გახშირებული. უამრავი ანტიბიოტიკია დღეს სხვადასხვა მოქმედების მექანიზმით. ანტიბიოტიკის ხანგრძლივად მიღება კლავს ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიებს და არღვევს საჭმლის მონელების პროცესს. ზოგიერთი ანტიბიოტიკი მოქმედებს თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციაზე, იწვევს დიარეას და სხვა. 

ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ თოიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ანტიბიოტიკებთან მიმართებით აუცილებელია სამი მთავარი პირობის დაცვა. პირველი, ანტიბიოტიკი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არა ექიმის უბრალო ნათქვამით. მეორე, განსაზღვრულ ვადაზე მეტი ხნით ანტიბიოტიკის მიღება დაუშვებელია; მესამე, ანტიბიოტიკის ხშირი გამოყენებით რეზისტენტობა ვითარდება, მისი ეფექტი სუსტდება და იზრდება დაავადების მაჩვენებელი. ამიტომ ხელაღებით ანტიბიოტიკის გამოყენება დაუშვებელია. 

ოთარ თოიძის აზრით, ანტიბიოტიკების ჭარბად მოხმარების აღსაკვეთად რეცეპტის სისტემის შემოღება გამართლებული იყო. თუმცა ჩვენი მოქალაქეები მაინც ხშირად იღებენ ანტიბიოტიკებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პაციენტებს ანტიბიოტიკები არ სჭირდებათ, მე არ შემხვედრია პაციენტი, რომელსაც ანტიბიოტიკი რამოდენიმეჯერ არ ჰქონდეს გამოცდილი. ისეთი ჩვეულებივი დაავადებების დროსაც, როგორიცაა უბრალო გრიპი, ანტიბიოტიკს იყენებენ. არადა, გრიპის დროს ანტიბიოტიკი აბსოლუტურად არ მუშაობს, პირიქით, იგი სპობს ორგანიზმის დამცავ ფლორას, აქვეითებს მის ბრძოლისუნარიანობას და აძლიერებს ბაქტერიებს, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოდეს მათ“,-აღნიშნა ოთარ თოიძემ. 

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ანტიბიოტიკები ყოველდღიურად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გამოიყენება. ამიტომ ძნელია იმის თქმა, აზერბაიჯანში ან ჰოლანდიაში უფრო ნაკლებ ანტიბიოტიკს მოიხმარენ, თუ საქართველოში. 

„რატომღაც საქართველოში დაიწყეს აგიტაცია, გინდა თუ არა, ანტიბიოტიკი რეცეპტით უნდა იყოსო. ეს რეცეპტებიც საქართველოში ამ მიზნით შემოიღეს. არადა, ხანდახან სწორად ვიყენებთ ანტიბიოტიკს, ხანდახან -არასწორად. რაიმე განსაკუთრებული რეზისტენტობა საქართველოში არ დაფიქსირებულა“.