ბუნებრივი გაზსაცავის მოწყობა აქტიურ ფაზაში გადადის. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის განვითარების, მეორე ფაზის ფარგლებში, სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოზე ორი ახალი ჭაბურღილის გაბურღვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.
გაზსაცავის პროექტის განვითარების პირველი ეტაპის დროს ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა შესწავლამ დაადასტურა, რომ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე. ეს ითვალისწინებს ამ საბადოზე ორი შემფასებელი ჭაბურღილის ბურღვას, დაახლოებით, 2500 მეტრამდე სიღრმეზე.
ზემოაღნიშნული სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოლოგიურ მონაცემთა ლაბორატორიულ ანალიზსა და სხვა კომპლექსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კორპორაციის კონსულტანტი ფრანგული საინჟინრო კომპანია „ჯეოსტოკი“ 2017 წლის ბოლომდე მოხდენს გაზსაცავის საბოლოო საინჟინრო-საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებას.
გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის დასაწყისში, დასრულება კი - 2020 წლისთვის იგეგმება, ანუ იმ დროისთვის, როდესაც საქართველოს მიერ შაჰ-დენიზის გაზსადენიდან მისაღები გაზის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დამუშავებულ ნავთობის საბადოზე აშენდება და იქ 300 მლნ კბ/მ-მდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. ეს ქვეყნის დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ია.
გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად ამაღლდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, რადგან ბუნებრივი გაზის ქვეყნის გარედან მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მომხმარებლებისათვის გაზსაცავიდან გაზის მიწოდება; ასევე გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირება და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილება.
გაზსაცავის მშენებლობის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შიდა წყაროებიდან, ასევე საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხებით. აღნიშნულ საკითხზე კორპორაცია აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან, მათ შორის, კომპანია „სოკართანაც“. დაფინანსების ერთ-ერთ საშუალებად აგრეთვე განიხილება ევრობლიგაციების განთავსება საფონდო ბირჟებზე.
მიწისქვეშა გაზსაცავის აშენებით საქართველოს გაუჩნდება ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვი. როგორც გაზსაცავის პროექტის კოორდინატორი და კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ გოჩიტაშვილი ამბობს, რეგიონის ყველა ქვეყანას, საქართველოს გარდა, აქვს ასეთი საცავი.
„ჩვენ რეგიონში ასეთი 47 გაზსაცავია, რომლებიც განთავსებულია ირანში, აზებაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, უკრაინაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და თურქეთში. საცავის მშენებლობის მიზანია სტრატეგიული რეზერვის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება მოსახლეობისა და ენერგეტიკული ობიექტებისათვის გაზმომარაგების უწვეტად მიწოდებისთვის ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურული ავარია, პოლიტიკური საბოტაჟი ან კონფლიქტი“, - აცხადებს გოჩიტაშვილი.
მისი ინფორმაციით, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს სასარგებლო მოცულობა 210-280 მილიონი კუბური მეტრია. რეზერვუარად შერჩეულია დაცლილი საბადოს ფორები და ნაპრალები, სადაც ამოღებამდე ნავთობი იყო. სწორედ აქ დამარაგების მიზნით დაიჭირხნება ბუნებრივი აირი.