გამოცანა: 150 ახალი საავადმყოფოდან რამდენი დაიკეტება გახსნიდან მეორე დღესვე?

გამოცანა: 150 ახალი საავადმყოფოდან რამდენი დაიკეტება გახსნიდან მეორე დღესვე?

[გიორგი ბექაური]

საქართველოში 2012 წლის ბოლომდე მთავრობა 150 ახალ საავადმყოფოს გახსნის. მთავარია, რომ გახსნის, შემდეგ რა მოხდება ეს უკვე აღარავის აინტერებს, განსაკუთრებით კი „სახელმწიფო ტელევიზიებს“. უკვე არსებული პრეცედენტების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ მრავალრიცხოვანი ახალი საავადმყოფოებიდან ბევრი გახსნიდან მეორე დღესვე დაიკეტება, ბევრს მალევე რემონტი დასჭირდება, კიდევ უფრო მეტი კი პაციენტებისგან დაცარიელებული იქნება, რადგან ახალ კლინიკებში „ახალი ფასები“ დაიდებს ბინას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე თავმომწონედ განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში 150-მდე ახალი კლინიკა და საავადმყოფო გაიხსნება.

„ყველას გახსოვთ, რომ საზოგადოებას რამდენიმე თვის წინათ ქვეყნის დასაქმებისა და მოდერნიზაციის 10 პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა წარვუდგინეთ. ის, რასაც ახლა ჯანდაცვის სისტემაში ვახორციელებთ, სწორედ ამ გეგმის ნაწილია. რამდენიმე თვეში ნახავთ, რომ 60-ზე მეტი ახალი კლინიკა და საავადმყოფო გაიხსნება, ჯამში კი მომავალ წლს საქართველოს მასშტაბით 150-მდე ახალი კლინიკა გვექნება.

იქნება მცირე და საშუალო ზომის საავადმყოფოები როგორც რეგიონებში, ისე დიდ ქალაქებში. კერძოდ, რეგიონებში 15-20-საწოლიანი კლინიკები გვექნება, ქალაქებში კი - 70-100-საწოლიანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ხობის ახალი საავადმყოფო ნამდვილად იმ 60 ახლადგახსნილ საავადმყოფოების ნუსხაშია, რომელიც გილაურმა მთავრობის სხდომაზე იგულისხმა. არადა, ამ ჩვენი პრეზიდენტის მიერ პომპეზურად გახსნილ კლინიკას ერთი დღეც არ უმუშავია. კლინიკა პრეზენტაციის დასრულებისთანავე გაურკვეველი ვადით დაიკეტა. 

საავადმყოფოს პრეზენტაცია სულ ახლახან ზარზეიმით აღინიშნა. მისი გახსნა თავად სააკაშვილმა ითავა და ხობის საავადმყოფო რეგიონში საუკეთესო, თითით საჩვენებელ ცენტრად დაასახელა.

„ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრის კახა მიქაიას განმარტებით კი, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 7 აპრილს გახსნილი ხობის ახალი საავადმყოფო ამჟამად დაკეტილია და პაციენტებს არ იღებს.

„სპეციალურად წავედი სანახავად. კარი დაკეტილი დამხვდა.  საავადმყოფოში არცერთი ავადმყოფი არ იყო. ცარიელ საავადმყოფოში მყოფმა რამდენიმე თანამშრომელმა განმიცხადა, რომ საავადმყოფოს ჯერ არცერთი დღე არ უმუშავია და არც ის იციან, საერთოდ, იმუშავებს თუ არა.

მე მოვითხოვე, ეჩვენებინათ ის სამედიცინო აპარატურა, რითაც თავს იწონებდა პრეზიდენტი, მაგრამ მათ დაკეტილი ოთახები არ გამიღეს. „მაესტროს“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ვეწვიე ხობის საავადმყოფოს, მაგრამ მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლისა და დაცვის გარდა, არავინ დამხვდა.

გვითხრეს, რომ საავადმყოფომ მხოლოდ ერთი დღე იარსება. ამასთან, განმარტეს, რომ მიმდინარეობს რეაბილიტაცია და მედდის კვალიფიკაციის ამაღლება.

საქმის მიმართ არასერიოზული მიდგომაა, ხომ შეიძლებოდა, ეს პრობლემები მოეგვარებინათ და შემდეგ გაეხსნათ საავადმყოფო. შენობის გვერდით ძველი საავადმყოფოა, 25 ადამიანი აიყვანეს იქიდან და ახალი კლინიკის „გახსნას“ დაასწრეს. სამედიცინო აღჭურვილობა კი იმ დღესვე გაქრა იქიდან. ზუგდიდიდან, სენაკიდან და ფოთიდან საჩვენებლად ჩამოტანილი აპარატურა უკანვე დააბრუნეს“, - აცხადებს კახა მიქაია.

მისი თქმით, ხობში ექიმები დაშინებული ჰყავთ და დიდი მცდელობის მიუხედავად, არცერთი მათგანი ინტერვიუს არ იძლევა.  უკმაყოფილო ხალხი ამბობს, რომ რაიონში „დუმილის პოლიტიკაა“.