უკვე 14 ნოემბრიდან თბილისის აეროპორტში ხალხმრავლობაა, თვითმფრინავი თვითმფრინავს მიჰყვება, უამრავი ხალხი მოჰყავს ტაშკენტისკენ, მაგრამ „ოქროს მატჩზე" დამსწრეთა მსურველთა რიცხვი სულ უფრო მატულობს, თვითმფრინავის რაოდენობა კი არა. აეროპორტი ვერ იტევს ურიცხვ გულშემატკივარს, დრო არ ითმენს...
მაგრამ შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო - ძალაში რჩება და ბევრი, ძალიან ბევრი მოდის ტაშკენტისკენ მინერალურ წყლებზე, როსტოვზე, ბაქოზე გავლით - მატარებლით, ავტომანქანით, რითაც კი ჩაუსწრებ. სიშორეს, გზას რა მნიშვნელობა აქვს - მთავარია დაესწრო 28 წლის განმავლობაში ნაშენ და ნანატრ მატჩს. ბრინჯაოც გვინახავს და ვერცხლიც. სსრ კავშირის თასის ბევრ ფინალს მოვსწრებივარ. ოქროს გვერდით ვყოფილვართ, მაგრამ ასე ახლოს ოქროსთან არასოდეს მივსულვართ. ასეა თუ ისე, მგზავრები ბოლო წუთებშიც მოვიდნენ, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მატჩს ვერ მოუსწრეს და მარტო მისი დამთავრების შემდეგ გამოცხადნენ. სანანებლად მათ მრავალდღიანი წვალება კი არ ჰქონდათ, მხოლოდ გულნატკენები იყვნენ, რომ ვერ დაესწრნენ თავიანთი საყვარელი გუნდის „საუკუნის მატჩს".
ერთ-ერთი თვითმფრინავით 18-ში დილით ჩვენც ვესტუმრეთ უზბეკეთის დედაქალაქს. აეროპორტიდან ქალაქში მისვლა არც ისე იოლია, ტრანსპორტი ვერ ასწრებს ჩამოსულების გადაყვანას სანუკვარი ადგილისკენ. ტაქსის მძღოლი გვეუბნება: რამდენიც ჩაეტევით, იმდენს წაგიყვანთ, ისე კარგი გულშემატკივრები ყოფილხართ, რომ მეც თქვენს სასარგებლოდ ვარ განწყობილი და მინდა, რითაც შემიძლია, იმით დაგეხმაროთო.
რომ იტყვიან, ნანატრი ამინდია. არც ცივა, არც ცხელა, ცაზე ღრუბლის ნასახი არ ჩანს, ნიავიც კი არ ქრის. მატჩის დაწყებას ორი საათი უკლია. სტადიონის ტრიბუნები კი უკვე სავსეა გულშემატკივრებით. 80 ათასი მაყურებელი ორ ძირითად ბანაკად არის გაყოფილი. ამაზე მეტყველებს ტრანსპარანტები, რომლებიც სტადიონის თითქმის ყველა სექტორებზეა გაშლილი. რუსულ, ქართულ და უზბეკურ ენებზე დაწერილია: „ტორპედოელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს", „ტორპედო უგებს", „თბილისელები ოქროს წასაღებად ვართ ჩამოსული", „ტორპედოელებო, მხოლოდ ოქრო", „ჩემპიონობა მოსკოვიდან თბილისისკენ მიდის" და სხვა. ჰაერში უშვებენ კონებად შეკრულ მრავალფეროვან ბუშტებს, მათზე გამობმული თუნუქის ან მუყაოს ფირფიტებზე წარწერებია: „ტორპედო" იგებს 4:2, 2:1, 1:0, 3:0, თბილისელები იგებენ 3:2, 2:1, 1:0". როგორც ხედავთ, ჩვენი სურვილები შედარებით თავმდაბლიერია.
თამაშის დაწყებას წუთები უკლია. ველოდებით მოთელვაზე მოთამაშეთა გამოსვლას. დიქტორი აცხადებს, მატჩის დასაწყისი ნახევარი საათით არის გადატანილიო. როგორც იტყვიან, ჯანდაბას ჩვენი თავი, მაგრამ ფეხბურთელები გვეცოდებიან: ამდენი ფიქრი, უძილო ღამეები, ერთმანეთისგან დაფარული ნერვიულობა, ამხანაგის გამხნევება და კიდევ 30 წუთი?
გაიარა 20 წუთმა და მოთელვაზე ჯერ დინამოელები გამოვიდნენ. მათ რიგებში უკლებლივ ყველაა: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი.
მაგრამ ჩვენ ხომ „ტორპედო" გვაინტერესებს?! წინასწარ ლაპარაკობდნენ, აცხადებდნენ, რომ არ ითამაშებდნენ კავაზაშვილი, ბატანოვი და გუნდის თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი, ბომბარდირი ივანოვიო. აგერ ისინიც - კავაზაშვილისა და ბატანოვის გარდა ყველა მოედანზეა: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, სარაევი, ვორონინი, მეშჩერიაკოვი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი, შჩერბაკოვი და სერგეევი. მოთავდა მოთელვაც და მსაჯმა მიკელის რუბენისმა, გვერდითმა მსაჯებმა - სტრენცისმა და ტიტარენკომ - ლატვიელთა ბრიგადამ - დაიწყო დიდი ხნის ნანატრი მატჩი. მთელი ბრიგადის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს მეტად დაძაბული და საპასუხისმგებლო შეხვედრა წარმართეს იდეალურად, უშეცდომოდ. მინდა მკითხველმა სწორად გამიგოს და არ მიაწეროს ეს ამბავი იმას, რომ თამაში მოვიგეთ. აი, ორივე გუნდი ცენტრშია, მათ ალყა შემოარტყეს გაზეთების, რადიოს, ტელევიზიისა და კინო-ფოტოკორესპონდენტებმა. მრავალი თაიგული მასპინძლებისგან, გვირგვინები - სტადიონის სხვადასხვა კუთხიდან, ყვავილები, ყვავილები...
დამთავრდა ცერემონია, დაიწყო თამაში. ორივე გუნდს ეტყობა ნერვიულობა, ორ გადაცემაზე მეტი არ გამოდის. ეს გასაგებიც არის: იბრძვიან ტექნიკა, ტაქტიკა, გამძლეობა და ნერვები. ისინი შერწყმულნი არიან და თუ რომელიმე მათგანი გიღალატებს, მთლიანობა ირღვევა და დამარცხება უცილობელია.
პირველ ოთხ წუთს ტორპედოელები უტევდნენ და ჩვენს კარში რამდენჯერმე კიდეც ურტყამდნენ. თბილისელთა დაცვა ნერვიულობს, ბურთს უმისამართოდ იგერიებს, გადაცემები არაზუსტია. ნაწილობრივად გამოირჩევა გიორგი სიჭინავა.
...და სადღაც მეხუთე წუთზე გადავედით ტორპედოელთა ნახევარზე, რამდენიმე მარტივი, ადვილად გამოსაცნობი კომბინაცია - ვლადიმერ ბარქაია, სლავა მეტრეველი, ილია დათუნაშვილი. მიხეილ მესხი ჯერ არ ჩანს. ეს სულ რაღაც ერთ წუთს გაგრძელდა. შეტევაზე ისევ ტორპედოელები არიან, რამდენჯერმე სახიფათოდ ურტყამდნენ. სერგო კოტრიკაძე ადგილზეა. აი, გოლი თითქოს გარდაუვალია, მაგრამ კარიდან 8 მეტრის დაშორებით მდგომმა ივანოვმა დააგვიანა დარტყმა. ვახტანგ რეხვიაშვილმა მიუსწრო და ბურთი კუთხურზე გაგზავნა.
ჩვენი თავდასხმა ისევ პასიურია. მიხეილ მესხმა ბურთი პირველად მეცხრე წუთზე მიიღო და მაშინვე დაკარგა. 15-დან 20 წუთამდე თამაში ცენტრში მიმდინარეობს. 21-ე წუთზე ვორონინის დარტყმული ბურთი სერგო კოტრიკაძესაც გასცდა და მხსნელად ძელი მოგვევლინა. მოედნის ბატონ-პატრონები ტორპედოელები არიან. სახიფათოდ გადიან გარღვევაზე სერგეევი, სოლოვიოვი, ვორონინი. ივანოვი აწყობს თამაშს, მისი დირიჟორია. სერგო კოტრიკაძე არამც თუ შორიდან დარტყმებს იგერიებს, არამედ პირისპირ გასულებსაც თავგანწირვით უვარდება ფეხებში და ბურთს მკერდში იხუტებს.
31-ე წუთზე ჩვენ ვუტევთ, მარჯვენა მხრიდან კარგად გადის სლავა მეტრეველი. ჩაწოდება კარის გასწვრივ, სულ რაღაც ხუთიოდ მეტრზე. ბურთმა გაუარა კარს. ტორპედოელთა მეკარე და დამცველები ვერ მისწვდნენ, თითქოს ბურთი თხოულობს: თბილისელებო ფეხი დამიხვედრეთ და ბადეში მოვთავსდებიო, მაგრამ... ბურთი ასცდა ყველას და მარცხენა ფლანგზე აღმოჩნდა. იქ მიუსწრო ანდრეიუკმა და 32-ე წუთზე ისევ ტორპედოელები გვიტევენ. აქ კვლავ თავს იჩენს გიორგი სიჭინავა. იგი ართმევს ბურთს მოწინააღმდეგეს და სხვებივით უმისამართოდ კი არ გზავნის, არამედ ზუსტად აწვდის თანაგუნდელებს. თუმცა ამის შემდეგ შეტევა მაინც არ ვითარდება.
არა და არ ხერხდება თამაშის აწყობა. კიდევ ერთი ეპიზოდური შეტევა მარჯვენა მხრიდან, ისევ სლავა მეტრეველი, ისევ საგოლე მომენტი, მაგრამ დამასრულებელი არსად ჩანს: ნერვები, შიში... შოთა იამანიძეც ვერ ბედავს ჩვეულ რეიდებს, ვერ არჩევს შესაფერ მომენტებს.
როგორც სპორტსმენი, იმედს არ ვკარგავ, მაგრამ როგორც მაყურებელმა, თითქოს მეც დავყარე ფარ-ხმალი: პირველი ტაიმი გამარჯვების არავითარ იმედს არ იძლევა: სერგო კოტრიკაძე გმირულად იცავს კარს. მაგრამ დაცვა და ნახევარდაცვა ნერვიულობს. ჯერ ბურთის მიღების საშუალებას აძლევს მოწინააღმდეგეს და მხოლოდ ამის შემდეგ უტევს.
დასრულდა პირველი ტაიმი. ანალიზი გვეუბნება, რომ რახან ამდენჯერ გადავრჩით, შეიძლება ერთმა „ბრმა" ბურთმა გადაწყვიტოს მთელი წლის განმავლობაში დაძაბული ბრძოლებით მოპოვებულის ბედი. მაგრამ არა, წინ ჯერ კიდევ ხომ 45 წუთია.
დაიწყო მეორე ტაიმი. შემადგენლობებში ცვლილება არ არის. გვიტევენ ტორპედოელები. კარის ახლოს ჯარიმას ურტყამენ. სერგო კოტრიკაძე ისევ ადგილზეა. კიდევ შეტევა, მაგრამ ბორის სიჭინავას და ჯემალ ზეინკლიშვილს ამჯერად აუჩქარებლად, ზუსტი გადაცემებით გამოაქვთ ბურთი საჯარიმოდან. დამშვიდდნენ ვახტანგ რეხვიაშვილი და გურამ ცხოვრებოვი.
52-ე წუთზე შოთა იამანიძე ურტყამს. ბურთი ზემოდან გადასცდა კარს, მაგრამ დასაწყისისთვის არაუშავს. შედარებით ხშირად ვართ ტორპედოელთა საჯარიმოს მისადგომებთან და თვით საჯარიმო მოედანზეც. ახლა უკვე ტორპედოელები სცოდავენ. 53-ე წუთზე შაპოვალენკოსა და შუსტიკოვის შეუთანხმებლობის წყალობით ვლადიმერ ბარქაიას ეძლევა კარში დარტყმის შესაძლებლობა, მაგრამ უშედეგოდ.
54-ე წუთზე მარჯვენა მხრიდან ჩამოწოდებულ ბურთს შაპოვალენკო გამოედევნა, შეიქმნა საგოლე მომენტი. მეკარე 11-მეტრიანი დარტყმის წერტილთან აღმოჩნდა, კარში მოთამაშე ჩადგა, ბურთი გიორგი სიჭინავასკენ მიგორავს. იგი დაახლოებით 18 მეტრის მანძილზეა კარიდან. საჭიროა ძლიერი და დაბალი დარტყმა, და თუ დაბნეულ მცველთა ჯგუფსაც გასცდა, მაშინ... მაგრამ გიორგი სიჭინავა სიზუსტის დაცვის მიზნით ძლიერად არ ურტყამს. ბურთს ტორპედოელები ეუფლებიან და შეტევაზე გადმოდიან. შჩერბაკოვი ატყუებს ჩვენს სამ დამცველს. პირისპირ გადის სერგო კოტრიკაძესთან და ბადეში ათავსებს ბურთს. მეკარის გარდა ყველა ტორპედოელი კოცნის ბურთს, გოლის ავტორს...
ამ მარცხმა თითქოს გამოაფხიზლა მიხეილ მესხი, დააწყნარა ილია დათუნაშვილი, ვლადიმერ ბარქაიასთან ერთად ისინიც აგრესიულები გახდნენ. სლავა მეტრეველი კი თავიდანვე აქტიურობდა. ჩვენც რაღაც იმედი ჩაგვესახა. ისევ ვორონინი და ივანოვი ეძგერნენ ჩვენს კარს. ერთ-ერთი შეტაკებისას ივანოვს ტრავმამ შეუხსენა და 63-ე წუთზე მოედანი სიდოროვს დაუთმო. ვორონინი და მეშჩერიაკოვი კარგად „კვებავენ" თავიანთ თავდამსხმელებს, მაგრამ ჩვენი დაცვა თანდათან გაუვალი ხდება, შოთა იამანიძე და გიორგი სიჭინავა უფრო ხშირად ებმებიან თავდასხმაში. დინამოელები ზედიზედ ოთხ კუთხურს აწვდიან, გოლი კი მაინც არ ჩანს, თუმცა ვატყობთ, მისი საკითხი მწიფდება. მართალია ტორპედოელები თავგამოდებით იცავენ თავს, ეპიზოდურად თავდასხმასაც ახერხებენ და 69-ე წუთზე თავით ზუსტად დარტყმულ ბურთს სერგო კოტრიკაძე მშვენიერი ნახტომით იღებს. მყისვე ჩვენი კომბინაცია - ჯემალ ზეინკლიშვილი-შოთა იამანიძე-ვლადიმერ ბარქაია-სლავა მეტრეველი გიორგი სიჭინავას ძლიერი დარტყმით მთავრდება და მეტოქენი კუთხურით გადარჩნენ აშკარა გოლს.
უტევს მიხეილ მესხი, ურტყამს ძლიერად და მეკარე მუშტებით იგერიებს. მოედნის ბატონ-პატრონი ახლა მთლიანად ჩვენი გუნდია.
და აჰა, დადგა სანატრელი იმედისმომცემი 75-ე წუთი. ილია დათუნაშვილი აწვდის კუთხურს, „ჩვენებურ" მოჭრილ ბურთს და პირდაპირ კუთხურიდანვე თავსდება დათუნაშვილისათვის შორეულ მაღალ კუთხეში, იქ, გულშემატკივრები ცხრიანს რომ ეძახიან. 1:1!
ახლა ძალთა თანაფარდობა არამცთუ სათამაშო მოედანზე, არამედ ტრიბუნებზეც აღსდგა: პირველი გოლის გატანის შემდეგ „გადამდგარი" ადგილობრივი მაყურებლები ისევ დაგვიბრუნდნენ. იმატა შეძახილებმა, კვლავ გამოჩნდა ტრანსპარანტები. ტორპედოელთა შეტევები სულ უფრო ეპიზოდური ხდება. მალე მიიწურება ძირითადი დრო, დინამოელთა შეტევას კი შეტევა მოსდევს. თავგამოდებით იბრძვის ილია დათუნაშვილი, მაგრამ კარში არ ურტყამს. ალბათ, ფიქრობს: თუ დაარტყამ, უნდა გაიტანო კიდეც! ასეა თუ ისე, მეორე ტაიმი დამთავრდა, ანგარიში კი უცვლელია - 1:1.
დაინიშნა დამატებითი 30 წუთი. დაძაბულობამ კულმინაციურ წერტილს მიაღწია. ყველასთვის ნათელია - ასეთ სიტუაციაში პირველად გატანილი ბურთი უმეტეს შემთხვევაში გადამწყვეტი ხდება.
მესამე ტაიმი (15 წუთი) ისევ თბილისელთა შეტევით დაიწყო. მეორე წუთზე მიხეილ მესხს აქვს ბურთი. იგი საჯარიმოს მისადგომთან არის. ვლადიმერ ბარქაია და სლავა მეტრეველიც მომზადებული არიან ბურთის მისაღებად, მათ წინ 4 მცველია შეჯგუფული. ეს დაახლოებით 11-მეტრიანი დარტყმისა და საჯარიმო ხაზის შუა ხდება. მარჯვენა მხრიდან მთელი სისწრაფით ილია დათუნაშვილი მიექანება. მიხეილ მესხმა გადაწყვიტა მარჯვნივ გადასცეს და ასეც გააკეთა. მაგრამ არაზუსტად და ბურთი დამცველისკენ გაგზავნა. ილიამ მაინც განაგრძო რბენა. დაჟინებამ გაიმარჯვა! დამცველმა ბურთს ფეხი ააცილა და დათუნაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა. ძლიერი დარტყმა და 2:1!
აქ უკვე ჩვენი ყველა ფეხბურთელი შემოეხვია დათუნაშვილს, წააქციეს და კოცნა დაუწყეს. ეს ბედნიერება მარტო სერგო კოტრიკაძეს არ ხვდა წილად - მან არც ამჯერად მიატოვა საგუშაგო.
ვორონინის გარდა ტორპედოელები აღარ ჩანან. ჩვენები გამუდმებით უტევენ. და აი, კიდევ ერთი გოლი, რომელმაც სავსებით დაგვაწყნარა, ვლადიმერ ბარქაიას საუცხოო, გონივრული მიწოდებით მეკარის პირისპირ გასული მიხეილ მესხის დარტყმა უნაკლო იყო.
3:1 - ამ ანგარიშით დასრულდა დამატებითი დროის პირველი ნახევარი!
დაიწყო უკანასკნელი 15 წუთი. ისევ დინამოელთა შეტევები. ტორპედოელები თითქოს შეურიგდნენ დამარცხებას. ერთი დამცველი ძალისმიერ თამაშზეც გადავიდა. მოედნის ცენტრთან მარცხენა მხარეს უხეშად მოექცა შოთა იამანიძეს. თითქოს ჯარიმა უნდა დანიშნულიყო, მაგრამ იამანიძემ მოასწრო ბურთის გადაცემა და შეტევა მიხეილ მესხმა განაგრძო. მიკელის რუბენისმა ხელით ანიშნა, ითამაშეთო, თვითონ კი იამანიძესთან მიიჭრა, თან თამაშის მსვლელობას თვალს არ აშორებდა. ისეთი შთაბეჭდილებაც კი დაგვრჩა, რომ იგი დაშავებულ ადგილზე ხელის მოსმით ეფერებოდა იამანიძეს. მიხეილ მესხი კი ამ დროს მისგან მიღებული ბურთით შეტევას ანვითარებდა. აი, ჩააწოდა კიდეც საჯარიმო მოედანზე. ვლადიმერ ბარქაია წინ გაიჭრა, მაგრამ მცველმა ბურთი ხელით შეაჩერა. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა 11-მეტრიანი დარტყმა. გახარებული შოთა იამანიძე მყისვე წამოხტა. სლავა მეტრეველმა კი ზუსტად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და ანგარიში გაზარდა - 4:1!
ამის შემდეგ იყო კარის აღების რამდენიმე შესაძლებლობა, მაგრამ ხან დამცველმა, ხანაც მეკარემ, ორჯერ კი ძელმა იხსნა ტორპედოელები თითქოს გარდაუვალი გოლისგან.
არის! არის ნანატრი ოქროს მედლები! თბილისის „დინამო" სსრ კავშირის 1964 წლის ჩემპიონია!
რაღა მეთქმის: მოგილოცავთ! ნათქვამია, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო!..
გაიოზ ჯეჯელავა